მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორე ქალის როლზე, ოჯახსა და შვილების აღზრდაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2014 | 3,625 ნახვა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში ქალის როლზე, ოჯახსა და შვილების აღზრდაზე საუბრობს:

„პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

ილია მეორე– აღდგომა

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ… ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!
ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე”-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, – არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა…; ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად – თეთრი, რა არის კარგი და რა – ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.
დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.
ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს,“ – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში (2014).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი