მთავარი » საზოგადოება

ილია ჭავჭავაძისა და ნოე ჟორდანიას პოლემიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2017 | 7,002 ნახვა

ilia da noe „ივერიისა” და „კვალის“ ფურცლები იქცა ილიასა და მესამე დასის წარმომადგენლის -ნოე ჟორდანიას პოლემიკის მთავარ ამსახველ წყაროდ. სწორედ ამ გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა კრიტიკული წერილები, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სათავადაზნაურო ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თუ ქართველი ერის დახასითება.
„კვალის“ 1900 წლის მე-11 ნომერში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი, სადაც იგი მსჯელობს საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკზე. ამ სტატიაში ჟორდანია წერს რომ: „ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი ორ დედა-აზრზეა აშენებული: ერთის მხრით, ის არის დაწესებულება ბურჟუაზიულ-ფინანსიური, მეორე მხრით, ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი თავადაზნაურულ-წოდებრივიაო“.
სწორედ ამ წერილის საპასუხოდ ილიამ ახალმოსულის ფსევდონიმით „ივერიის“ 1900 წლის ნომერში დაწერა „უმეცრების ფართ-ფურთი“, რომელშიც ჩვეული სარკაზმით უპასუხა ნოე ჟორდანიას. შეიძლება ითქვას, რომ ეს წერილი „მესამე დასის“ მიმართ დაწერილ წერილთა შორის ყველაზე კრიტიკულია.
წერილში ილია ნოე ჟორდანიას შემდეგი სიტყვებით მოიხსენიებს: „უვიცთა და უმეცართა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბ-ნ ჟორდანიას, თავისი თავი ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისი თავის ქებითა, იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გაუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა“. ამ სიტყვებში კარგად სჩანს, თუ როგორ ადამიანად წარმოედგინა ილიას ნოე ჟორდანია და მის კრიტიკასაც არ ერიდებოდა.
ილიას ეს წერილი საინტერესოა იმითაც, რომ გვაძლევს გაზეთ „კვალის“ შეფასებას და ამბობს: “მთელი ეს მეთაური იმ აზრზეა აკინძული, რომ დაამტკიცოს „ივერიის“ კონსერვატორობა და უვარგისობა, მისი უთავბოლობა, ერთს აზრზედ დაუდგრომლობა, ილია ჭავჭავაძის უხეირობა“.
ილიამ ამ წერილში უპასუხა იმ ბრალდებებს, რომელიც ნოე ჟორდანიამ წაუყენა საადგილმამულო ბანკს. ეს ბრალდებები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თითქოს ბანკი „ფინანსიური დაწესებულებაა“. ილია უხსნის, რომ ბანკი არის საკრედიტო დაწესებულება და არა ფინანსიური. ამ მიმართებებს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორიც არის ზღვასა და ხმელეთს შორის. ილიას აზრით, ნოე ჟორდანიას ამ სიტყვების მნიშვნელობაც კი არ სცოდნია.

მეორე ბრალდებით, ვითომ ბანკი თავადაზნაურულ-წოდებრივიაო. ამაზე ილია შემდეგნაირად პასუხობს: ბანკის დაწესებულებას განაგებს და შეადგენს თავადაზნაურობასთან ერთად, ყველა წოდების კაცი, იქნება ეს გლეხი, ვაჭარი, თავადი, აზნაური თუ მღვდელი, ვისაც კი ვალი აუღია ბანკისაგან. ერთ-ერთ საბუთად იშველიებს იმას, რომ ბანკის გამგეობისა და ზედამხედველ კომიტეტის წევრად ყოფნა ყველა წოდების კაცს შეუძლია, თუ ამორჩეული იქნება.
ნოე ჟორდანიას ამ წერილში გაისმის შემდეგი ბრალდებაც: „ბანკის დამფუძნებელთ ეყიდებათ მამული და ღატაკდებიან“. ამ ბრალდებასაც ილია კრიტიკულად პასუხობს, ბანკს საქმე აქვს მხოლოდ იმასთან, ვისაც ბანკში მამული გირაოდ შეუტანია და ვალად ფული აუღია. ამისთანა კაცს კი ვალის ამღები ჰქვია და არა „დამფუძნებელი“. დამფუძნებელი ბანკის მხოლოდ დამაარსებელია და მას არავითარი ქონებრივი დამოკიდებულება არა აქვს ბანკთან. ბანკი იმათ უყიდის მამულს, ვინც დროზე ვერ დააბრუნა ფული და ასე რომ არ მოხდეს, ბანკი თავისი ხელით გაითხრის საფლავსო. ილიამ ნოე ჟორდანიას სიტყვის მნიშვნელობის უცოდინრობაშიც დასდო ბრალი.
წერილის დასასრულს ილია ჩვეული სარკაზმით ამბობს: “ბ-ნი ჟორდანია, უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია. ხუთი-ექვსი ფრაზა უსწავლია რუსულ-მარქსიზმისა, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თვითონ მარქსმა თქვა: “რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან“.
ნოე ჟორდანიას კრიტიკას ილია ისევ განაგრძობდან “ივერიის“ შემდეგ ნომრებზეც. „ივერიის“ 1900 წლის 65-ე ნომერში დაიბეჭდა ილიას წერილი სათაურით “პატარა საუბარი“. ამ წერილში წინა წერილის მსგავსად, ილია არ ერიდება ნოე ჟორდანიას დახასიათებას: “ამ უმეცრების ვეშაპს, შაქრის ქაღალდის ლახტი დაუჭერია და ჰგონია, რომ ამით ქვეყანა უნდა შევძრაო და მოპირისპირეები მოვიგერიოო, მას არ გააჩნია საკუთარი აზრიო“. ილია ჟორდანიას ბრალს სდებს იმაში, რომ მან „საქართველოს მოამბე-ში“ გამოთქმული აზრები დაიჩემა, მიისაკუთრა და თავის პროგრამად გამოაცხადაო.
ილია გარდა ზემოთხსენებული ბრალდებებისა, ნოე ჟორდანიას შემდეგ ბრალდებასაც უყენებს – ეს არის საკუთარი ნათქვამის გადათქმა. მაგ. „კვალის“ 1898 წლის პირველ ნომერში გამოცხადებული პროგრამა ჟორდანიას თქმით, თავისი ხელმოწერილი არ იყო, მაგრამ ილია ამტკიცებს, რომ „კვალის“ რედაქტორობაში ნოე ჟორდანიას ხელიც ურევიაო და მას საქვეყნოდ რომ ეღიარებინა, მე წილი არ მიდებს სარედაქციო წერილშიო, მისი თანამშრომლები დაინახავდნენ, თუ რა სანდო კაცი ყოფილაო.
„ივერიის“ 1900 წლის 84-ე ნომერში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას კრიტიკული წერილი ილიას მიმართ. სტატიის სათაურია “წერილი „ივერიის“ რედაქციის მიმართ”. ამ წერილში ნოე ჟორდნია ილია ჭავჭავაძეს ბრალს სდებს იმაში, რომ ილიამ ასერთ ქართველ მოსამსახურეს ნულები უწოდაო „თუნდა მართლა კირვალიძეები, მერკვილაძეები და მათი ამყოლი ასერთი კაცი ნულებად ჩამეთვალოს, რად გიკვირთ? თქვენ განა ის კაცი არ ბრძანდებით, რომელმაც თქვით რომ არამც თუ ასერთი კაცი, არამედ მთელი ერი, მთელი ხალხი უგუნურია“.
მართლაც, ნოე ჟორდანია წერილში „ინტელიგენცია“, რომელიც „კვალის“ 1898 წლის ნომერში დაიბეჭდა, წერდა: „გონიერება, საზოგადოდ იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო უგუნურება ყოველგან და ყოველთვის მისაგნებია. ცხადია, პირველის ჭურჭელი – ინტელიგენციაა, ძლიერ ცოტა, სულ ერთი მუჭა, მეორის კი მთელი ხალხი, მთელი ერი“. ილიას ამ ბრალდებას, თითქოს მთელ ხალხს უგუნური უწოდაო, ნოე ჟორდანიამ უარყო ბრალდება და ილიას ცილისწამება დააბრალა. იგი ამბობს: “მე თუ ეს მართლა ჩავიდინე, არა თუ მწერლობიდან, არამედ თვით საზოგადოებიდანაც გამოვირიცხავ თავს სამუდამოდ“.
მართალია, ნოე ჟორდანია პირდაპირ ერიდებოდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკას, მაგრამ მისი მისამართით მაინც აქვეყნებდა პოლემიკურ წერილებს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა 1898 წლის „კვალის“ 24-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საზოგადოების საყურადღებოდ“.
„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიმართ ნოე ჟორდანია წერს: “ეს 19 წელიწადია ჩვენში არსებობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ამ ხნის განმავლობაში მისი მოღვაწეობა ისე ნელი ნაბიჯით წარმოებს, რომ კაცს ჰგონია აღარც კი მოღვაწეობსო“. ამ წერილში ნოე ჟორდანია ბრალს სდებს საზოგადოების წევრებს იმაში, რომ ისინი გულგრილად ეკიდებიან საქმეს, რომ მათ არც საწევრო ფული შემოაქვთ. „საზოგადოებას“ უწუნებს გამგეობის მუშაობას, „გამგეობა დაწვრილებითი ანგარიშის მაგიერ ძალიან მოკლე, მშრალი ციფრებისგან შემდგარ „ანგარიშს“ აცნობებს წევრთა კრებას“. ამის მაგალითად მოჰყავს სენაკის სკოლის საქმე, სადაც მასწავლებლებსა და ინსპექტორებს შორის უსიამოვნება მოხდა. ეს ამბავი კი გამგეობამ კრებას დაუმალა. „კვალში“ რომ არ ყოფილიყო ამაზე დაწერილი, საზოგადოებას არ ეცოდინებოდაო ამის შესახებ, გამგეობა ვერ ახდენს ინფორმაციის გაჟღერებას და ცხრაკლიტულში ინახავს, შესაბამისად კრება ვერ ფუნქციონირებს“.
თუმცა ამ წერილის ბოლოს, ნოე ჟორდანია აღიარებს, რომ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ერთადერთი სასარგებლო დაწესებულებაა და თუ არ მიიღეს სათანადო ზომები სამუდამოდ გაქრებაო.
„კვალის“ 1898 წლის ნომერში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი, სადაც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას ბრალს სდებს იმაში, რომ არ შეუძლია ახალი იდეიის, აზრის მიღება. „ჩვენს საზოგადოებას აშინებს ახალი იდეა, აზრი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არსად ისე არ იდევნება ახალი აზრი, როგორც საქართველოში, და რომ მას უფლება ჰქონდეს, თითოეულ ასეთ მოაზრეს ისეთსავე კოცონზე გაგზავნიდა, როგორც ოდესმე რომის ღვთისმეტყველნი მოწინააღმდეგეთ ანადგურებდნენ ხოლმე“.
ამ წერილში ნოე ჟორდანია ახასიათებს ქართველ საზოგადოებას: “გასაშტერებელი მიუკარებლობა, გონებრივი თვითმპყრობელობა, თვისთავის გაკერპება და სხვისადმი მძულვარება, ეს არის თვისებები ქართული საზოგადოებისა. ეს არის ერთიანი ჯაჭვი, რომლის თითოეულ რგოლს, თითო ასეთი პირი შეადგენს და ასე გარსშემორტყმული აქვს მთელს ხალხს. ჩვენი საზოგადოების აზრის განვითარება და აღორძინება ამ ჯაჭვის მსხვრევას მოითხოვს.“ ასე წარმოუდგენია მას ქართული საზოგადოება.
მიუხედავად პოლემიკისა, ილია ჭავჭავაძეც და ნოე ჟორადნიაც აფასებდნენ ერთმანეთს და მათი ეს კრიტიკა ერთმანეთის მიმართ, არც შეიძლება ჩაითვალოს პირად დაპირისპირებად. ნოე ჟორდანია თავის მხრივ აღნიშნავდა კიდევაც, რომ მე ილიას კი არ ვებრძვი, არამედ მის იმ შეხედულებებს, რომელიც მოძველებულიაო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი