იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მორწმუნეების შეხვედრისას იურისტმა ლევან ბოძაშვილმა (კიბერსამართლის ცენტრის დირექტორი) ID ბარათის უალტერნატივობის სამართლებრივი ასპექტის შესახებ ისაუბრა:
“ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესი შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ მრავალი ალტერნატივა, მაგალითად სინდისისმიერი წინააღმდეგობის უფლება, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო, რეგიონალური და ქართული კანონმდებლობით, ნათელი მაგალითია ასეთი ალტერნატივის არსებობის აუცილებლობისა. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც შემოიღეს ელექტრონული პირადობის მოწმობები, ადამიანებს არჩევანის უფლება ენიჭებათ და მათ სახელმწიფო, ალტერნატივის სახით, ჩვეულებრივი მოწმობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
მსურს თქვენი ყურადღება მივაქციო, არა იმას, თუ რამდენად პოტენციურ საფრთხეს შეიცავს მნიშვნელოვანი პიროვნული ინფორმაციის სრულად ერთ სისტემურ კოდზე მიბმა მისი სავარაუდო ხელყოფის საშიშროებით, არც იმას თუ რამდენად ასეთი ბარათები ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს თავისი შინაარსისა თუ ტექნოლოგიურად, არამედ იმას, რომ კონკრეტული პიროვნების რწმენის თავისუფლება პირდაპირ უნდა ჩაითვალოს დარღვევად ალტერნატიული საშუალების არ არსებობის გამო, გამომდინარე კონკრეტული პირის უშუალო რელიგიური რწმენიდან და აღმსარებლობის თავისუფალი განხორციელების უფლებიდან.
ამავე დროს მსურს გავიხსენო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის 2 პუნქტი რომელიც ამბობს: “რელიგიის ან რწმენის გამოვლენის თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.” ჩნდება კითხვა, ალტერნატივის არ არსებობა, გამოწვეულია თუ არა ამ პუნქტის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, არის თუ არა იგი მიმართული დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად?
პასუხი ცალსახაა, – არა. რადგან ელექტრონულ ბარათზე დატანილი და შენახული ინფორმაცია პოტენციურად უფრო მეტად ხელყოფადია დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ვიდრე რეალური, არავირტუალური. ცნობილი ანტივირუსის, კასპერსკის შემქმნელის, ეუჯინ კასპერსკის მიხედვით პირადულობის, იდენტურობის მოპარვა და მართვა 21-ე საუკუნის ყველაზე მზარდ და საშიშ დანაშაულადაა მიჩნეული. ბუნებრივია, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე არგუმენტი რომ მხოლოდ ამჟამად არსებული სისტემა შესთავაზოს თავის მოქალაქეებს ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე კონვენციის ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარეც კი. მეტიც, სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს ასეთი ალტერნატივის არსებობით, რათა პოტენციური კიბერშეტევის დროს დაცული ჰქონდეს სამოქალაქო და საჯარო მონაცემები.
ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში გარდა რწმენის თავისუფლებისა, ბიომეტრიული პასპორტები და აიდი ბარათები არღვევენ პირადი ცხოვრების უფლებასაც. ამ კონტექსტში ამ უფლებასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ცალკეული ევროპული ქვეყნების ეროვნულ სასამართლოთა გადაწყვეტილებები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის ცნობილი გადაწყვეტილება S. and Marper v. the united kingdom, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ თითის ანაბეჭდებისა და დნმ-ის ხანგრძლივი შენახვა მიიჩნევა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევად. ცნობისათვის, ნიდერლანდების უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოქტომბერში მიმართა ევროპული კავშრის მართლმსაჯულების სასამართლოს მოთხოვნით, დაადგინოს აღრვევს თუ არა თითის ანაბეჭდების მოთხოვნა დოკუმენტის გაცემისას ადამიანის უფლებას პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.
როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს ორი ფუნდამენტური უფლების – რწმენის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის – დარღვევა მიუხედავად არასაკმარისი საზოგადოებრივი აუცილებლობისა და საჯარო ინტერესის არსებობის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან. თუ ეს ინტერესი საზღვარგარეთ სამგზავრო დოკუმენტის შემთხვევაში გარკვეულწილად გამართლებულია, შიდა მოხმარების დოკუმენტების გაცემისას ალტერნატივის არ არსებობა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ნების აშკარა უგულებელყოფაზე მიუთითებს.”

თქვენ გაიხარეთ ბატონო ლევან.
მოკლედ აიდი ბარათები ანუ ადამიანთა მართვის ბარათები არ გვინდა!