12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაგზა უფალთან ერთად ან მის გარეშე განსაცდელის ჟამს

გზა უფალთან ერთად ან მის გარეშე განსაცდელის ჟამს

იბადები „სახედ და ხატად ღვთისად“, სახელად ადამიანი გეწოდება. ბუმბულივით მსუბუქი სული გაქვს, ბავშვი ხარ, ანგელოზივით უცოდველი, სითბოთი და სიყვარულით სავსე, უდარდელი, გულმა არ იცის, რა არის მწუხარება, გონებამ – ბოროტი აზრი… მერე გადის დრო, იზრდები და იყენებ ნებას, მარტომყოფი აირჩიო ცხოვრების გზა. გზა ორია, გზა უფალთან ერთად სავალი ან – მის გარეშე. ეს გზები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

უფლის გზა მისი მცნებების მიხედვით ცხოვრებას, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იმედის ქონას, სიკეთეს, გულწრფელ სიყვარულს გულისხმობს. უფრო მარტივია ცხოვრება, როცა იცი, რომ ამქვეყნად ყველაფერი შენს სასიკეთოდ ხდება. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ უფალი იმაზე დიდ განსაცდელს არ მოგივლენს, რისი დათმენაც არ შეგიძლია. „თუკი უფალი რაიმეს არ გაძლევს, ეს ან იმიტომ ხდება, რომ გამოგვცადოს, ან იმიტომ, რომ ბოროტისგან დაგვიფაროს. მან იცის, როდის და როგორ დაეხმაროს თავის ქმნილებას, მისთვის საჭირო კონკრეტულ დროს“,- ამიტომ მთავარია, მოითმინო და მიენდო უფალს. „უფალო, იყავ ნება შენი“,- წარმოთქვი გულით, იმედით სავსემ და მიხვდები, რომ მარტო არ ხარ, იგრძნობ ძალას, რომელიც სიმშვიდეს, უდიდეს სიხარულს მოგანიჭებს. ეს იმედისა და იმედთან ერთად, წამებში გაჩენილი, მადლიერების გრძნობა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ არ არსებობს დაუსრულებელი ტკივილი, რომ ცა მუდმივად ღრუბლით დაფარული ვერ იქნება, რომ ავდარს დარი მოჰყვება, წვიმას – ცისარტყელა…

მამა პაისი „ოჯახურ ცხოვრებაში“ წერს, რომ სიხარულით უნდა შევხვდეთ ყოველგვარ განსაცდელს, რადგან ამქვეყნიური ტანჯვით ცოდვებისაგან წუთისოფელშივე ვიწმინდებით. უნდა გვიხაროდეს, რადგან თუ გვტკივა, ე.ი. უფალს ვახსოვართ, თუ გვტკივა „ჩვენთან არს ღმერთი!“… „უფალმა უკეთ უწყის, რაი არს ჩვენდა სარგებელ და რისი დატევება ძალგვიძს და რისი არა“,- არ არსებობს განსაცდელი, სიკვდილიც კი, რომელსაც ჩვენივე კეთილდღეობისთვის, ჩვენი სულის ცხონების მეტი შესაძლებლობისთვის არ შეგვამთხვევს უფალი. უნდა ვიმეორებდეთ იესოს ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ.“ მწუხარებას არ უნდა მივეცეთ და ვევედროთ უფალს, როგორც მეზვერემ: „ ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“,- და როცა გწამს, როცა იმედით ხარ სავსე, ყოველი მწუხარება მარტივი გადასატანი ხდება. როცა გვტკივა, როცა განვიცდით, როცა გვიჭირს: „თუკი ვითხოვთ საღვთო დახმარებას, ქრისტე თოკით მიგვიბამს თავის მადლთან და გვაკავებს. ქარი ხან ერთი მხრიდან ქრის, ხან მეორედან უბერავს, მაგრამ ჩვენ მიბმულნი ვართ და ხიფათი არ გვემუქრება. მაგრამ, როცა ადამიანს არ ესმის, ვის უკავია იგი, იხსნის თოკს, განეშორება ქრისტეს, ყოველი მხრიდან არყევს მას ქარი და იგი იტანჯება.“ განსაცდელის ჟამს გამოსავალს სწორედ ისინი ვერ პოულობენ, ვინც ეს თოკი აიხსნა, ვინც განეშორა ქრისტეს. ისინი, ვინც ქრისტეს გზას არ გაჰყვნენ, ისინი, ვინც მეორე, ქრისტეს გარეშე გზა აირჩიეს. დიდი მწუხარების დროს ასეთი ადამიანები იმედს კარგავენ, რადგან ხედავენ, რომ თავად არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და არც უფალთან არიან, რომ მას მიენდონ, მასთან სიახლოვეში ეძიონ ნუგეში, ამიტომ ისინი მეტად ითრგუნებიან, ვიდრე ქრისტეს სიახლოვეს მყოფნი, ქრისტეს მინდობილი ადამიანები.

რთულია, როცა გული მძიმე გაქვს, ლოდივით მძიმე და ამ ლოდის გადაგორების ძალაც არ შეგწევს, როცა სამყაროს ბნელ ფერებში აღიქვამ და შესაძლებლობასაც ვერ ხედავ, გაიფერადო სამყარო, ამ დროს გამოსავალი ერთია, მიენდო უფალს, რადგან: „კეთილი ღმერთი საუკეთესო სახით მოაწყობს ყოველივეს, მაგრამ აუცილებელია ბევრი მოთმინება და ყურადღება, რადგან ხშირად ხალხი ჩქარობს გახსნას აბურდული გორგალი და კიდევ უფრო მეტად ხლართავს მას. უფალი კი მოთმინებით ხსნის. ამიტომ მთავარია, არასოდეს დავკარგოთ იმედი, რწმენა იმისა, რომ: „იმას, რაც არამართებულია, უფალი განაგდებს ისევე, როგორც თვალიდან აშორებენ ცრემლები მტვრის ნამცეცებს.“

მთვარია, შევუშვათ უფალი ჩვენს გულში, ავირჩიოთ მისკენ სავალი გზა და მაშინ, ყოველგვარი განსაცდელი ნაკლებად მტკივნეული, უფრო ადვილად გადასალახი გახდება ჩვენთვის…

თეონა ფიცხელაური

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები