12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაგზა ეკლესიამდე

გზა ეკლესიამდე

გზა ეკლესიამდეადამიანებს ეკლესიურად ცხოვრების სურვილი ხშირად მაშინ უჩნდებათ, როდესაც ძალიან უჭირთ, ეს ხდება ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ა.შ. ვიდრე რაიმე განსაცდელში არ ჩავარდება, მანამდე ადამიანი თითქოს არც კი ფიქრობს ცხონებაზე. არავინ იცის, როდის მოვა ჟამი, როდესაც ჩვენ უფლის წინაშე წარვდგებით. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივაგებთ უფალს, რომ მან ცათასასუფეველი დაგვიმკვიდროს.

გთავაზობთ მოძღვრის რჩევას და პატიმრობისას მოქცეული პიროვნების წერილს, რომელიც მან საკუთარ მოძღვარს მისწერა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი: “ალბათ, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა, რომ როცა ძალიან უჭირს, საკუთარ სულში მაშინ იხედება, ეკლესიაში წასვლის გადაწყვეტილებას იღებს და ქრისტეს ძიებას იწყებს.

როდესაც ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს და მისი მოქცევა რიგით ადამიანს სურს, ასეთ დროს ის მოუწოდებს ეკლესიურობისკენ, შესაძლოა, ამან გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ადამიანებს ვურჩევ, თავი შეიკავონ ასეთი მოწოდებისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოწოდება, როდესაც დარწმუნებულია, რომ მას დაუჯერებენ და ეს ადამიანი ეკლესიური მისი რჩევით გახდება.

მორწმუნე ადამიანებს ხშირად უჩნდებათ პრობლემები ოჯახში, რადგან თუ ოჯახის უმრავლესობა არაეკლესიურია, აქედან გამომდინარე ხდება უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის.

სამღვდელო პირებს გვაქვს ხელმწიფება, ვიქადაგოთ და მოვუწოდოთ ადამიანებს ეკლესიისკენ. ხშირად ადამიანებს არ აქვთ ცოდნა ეკლესიის შესახებ და ისინი აპრიორი აკეთებენ დასკვნას, რომ ეკლესიურად ცხოვრებას ვერ შეძლებენ. მე ვურჩევდი, მივიდნენ ეკლესიაში და დააკვირდნენ ეკლესიის გულისცემას და რიტმს”.

* * *

დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც ჩემი გული და სული შეძრა. უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც მე ასე მჭირდებოდა“.

“ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ!.. მინდა გაგიმხილოთ ის, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამოვნებებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული.

ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი, ჩემს ახლობლებს გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილების მიმართ. მე ისევ ძველ გზას დავადექი.

პეტრე-პავლობის მარხვა მოდიოდა, როცა ციხის საკანში საეკლესიო ჟურნალის რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და დროის მოკვლის მიზნით ამ ჟურნალებისთვის თვალის გადავლება დაგავწყვიტე. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც ჩემი გული და სული შეძრა… უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც მე ასე მჭირდებოდა. მარხვა დავიწყე, მოწევას თავი დავანებე და ვლოცულობდი. არ სჯეროდათ, რომ მართლა გულით ვლოცულობდი… ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა ჩემი განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა ჩადენილი უკეთურობების გამო. ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს, დედას, რომელიც დარსა და ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რომ რაიმე შემოეგზავნა. მე, ცოდვილს, კი სხვისი ტანჯვისა და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე როგორ ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ – რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ალბათ, ესეც უფლის ნება იყო და ამიტომ ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და დღევანდელი გადასახედიდან შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო.

პირველად პეტრე-პავლობის მარხვაში შეგხვდით. თქვენ დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება, ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის, გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო… ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე, უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბად ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება.

ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა საეკლესიო ჟურნალის რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და ჩემთვის გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, აქ წავალ-მეთქი. მე პატარა არ ვარ, ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე. ეს გადაწყვეტილება ვინმეს აყოლით არ მიმიღია. კარგად ვიცი, რომ ეს ჩემთვის მძიმე ჯვარი იქნება. ამიტომ ძალიან მინდა, ეს დრო, ვიდრე ციხეში ვიმყოფები, უფლის შეწევნითა და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც შემდეგ მონასტერში ცხოვრებისას გამომადგება.

მე ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ თქვენ ხშირად ვერ ახერხებთ ჩემთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში მოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს და ყურადღება მეფანტება, მაგრამ თქვენს დარიგებას ვიხსენებ და თავს შევუძახებ ხოლმე – გაუძელი!

ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ტანჯვითა და ცოდვებით დამძინებული ჩემი სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი”!

წერილი მოგვაწოდა წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმასხურმა ზურაბ მჭედლიშვილი.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

12 COMMENTS

  1. ძალიან კარგი სტატიაა, ცრემლები ვერ შევიკავე. ღმერთმა ინებოს და ყველა პატიმარი ასე მოაქციოს ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. უფალი ეწეოდეთ ყველას!!

  2. მართალია დავიწყე წერილის კითხვა მაგრამ ერთი აბზაცის შემდეგ აღარ გამიგრძელებია. მაინტერესებს რამდენად არის დასაშვები ისეთი წერილის გამოქვეყნება რომელიფ ფაქტიურად აღსარების ტოლფასია და პირადად მოძვრისადმია მიწერილი. შეუძლია მოძღვარს ესეთი წერილების გამოქვეყნებაა? ან თუნდაც სხვას? ცოტა დავიბენი. გმადლობთ

    • გეტანხმები აგსარება მხოლოდ მოძღვარსა და ამღსარებელს შორის რჩება

  3. ნატო აქ ზუსტად ის წერია რაც უნდა ეწეროს. დიდი მადლობა მამა ზურაბს ასეთი საინტერესო წერილისთვის.

  4. მამა ზურაბი ჩემი მოძღვარია,დიდი ბედნიერებაა მისნაირ გულისხმიერ და თბილ პიროვნებასთან ურთიერთობა, ეს წერილი ავტორის ვინაობის დადგენას არ ემსახურება,უბრალოდ გადმოცემულია ის ემოცია რომელსაც ნებისმიერი ქრისტიანი უნდა განიცდიდეს სულიერი დაცემისას,სურვილი გამოსწორებისა. უბრალოდ სწორად გაგება და აღქმაა საჭირო.მადლობა ჩემს უსაყვარლეს მოძღვარს წერილის გამოქვეყნებისათვის.

  5. მართლა ძალიან კარგი სტატიაა, მაგრამ მეც მგონია რომ ეს წერილი აღსარებაა, რადგან თავიდანვე ამბობს ავტორი რომ უნდა გაუმხილოს მოძღვრს თავისი ცოდვები, და ჩამოთვლილიცაა გარკვეული ცოდვები. ზოგჯერ, მამაოსთან მისულ მრევლსაც არ ვიცნობთ მაგრამ არ შეიძლება როცა აღსარება გვესმის და მამაო ყოველთვის გვთხოვს უკან დახევას. მეც მაინტერესებს რამდენად შეიძლება ასეთი წერილების გამოქვეყნება?

  6. პატიმრის წერილი ბევრისთვის მაგალითი შეიძლება გახდეს, სტატიასაც ეს დანიშნულება აქვს ალბათ.

  7. უსაზგვროა უფლის მადლი… დიდება უფალს და შეეწიოს ამ პატიმარს რო ბოლომდე გაყვეს ეკლესიისაკენ სავალ გზასს… უფალი შეეწიოს ყველაპატიმარს დასრულიად მართმადიდებლურ სამყაროს… ამინ

  8. ძალიან ამაღელვებელი წერილია. რაც მთავარია უდიდესი სინანული ჩანს. ღმერთმა გააძლიეროს! ამ წერილის გამოქვეყნებით კი ძალიან ბევრი სულიერ საზრდოს მიიღებს. უფალი გვფარავდეს ყველას!

    • დარწმუნებული ვარ, წერილი ავტორის ნებართვით გახდა საჯარო. აქ ხომ არაფერი წერია ისეთი, რაც აღსარების საიდუმლოს გასცემს. (ამას მეც კი ვხვდები, სრულიად უვიცი მსგავს რაღაცეებში.
      სწორედაც საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ადამიანი დაღუპვისგან იხსნის თავს დედაეკლესიის წყალობით.
      უფალი ფარავდეს ყველა დაბნეულს!!

  9. ღმერთმა ყველა მოკვდავს მოგვცეს ძალა, ამგვარად შევინანოთ ჩვენი ცოდვები. ღმერთმა გიშველოს, შეგეწიოს და გაგაძლიეროს, რათა ბოლომდე სწიო აღმსარებლის ჭაპანი. მოძღვარს კი მადლობა, რათა ეს წერილი შეიძლება გახდეს მაგალითი, ყველა დააფიქროს და თავისი თავი ამოიცნოს პატიმრის ადგილას. უცოდველი არავინ არ ვართ და მოახლიებული ბოლო ჟამისას ჩავუღრმავდეთ ჩვენი ცოდვის სიმძიმეს. გვეშინოდეს! ღმერთმა გიშველით.

  10. დიდება უფალს.უცრემლოდ ამის წაკითხვა შეუძლებელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები