Home » ზიარება

ზიარება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. მყავს ინვალიდი შვილი. მას აქვს მოუჩენელი დაავადება, ვცხოვრობ მაღალ სართულზე და ვერ დამყავს საზიარებლად, არის განერვიულებული, იწყევლება, არ ესმის დარიგება, არის 14 წლის. როგორ მოვიქცე?]
პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ ეკლესიური და მაზიარებელი. თქვენ უნდა ილოცოთ შვილისათვის. თუ ბავშვი ტაძარში ვერ მიგყავთ, მაშინ მოძღვარს თხოვეთ და სახლში მიიყვანეთ, არც ერთი მოძღვარი არ გეტყვით უარს, ბავშვს მოძღვარი გაესაუბრება, დაარიგებს და სახლში აზიარებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი (სამთავისისა და გორის ეპარქია)
[/DDET]

[DDET 2. მამაო, აუცილებელია ზიარების შემდგომი ლოცვის წაკითხვა?]
იუდას რომ ზიარებისას მადლობა ეთქვა, არ დაიღუპებოდა მიუხედავად იმისა, რომ გასცა უფალი. მადლიერების გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს, მით უფრო, როდესაც წმიდა ძღვენს ეზიარება. თუ გარკვეული პირობების გამო ვერ ხერხდება ზიარების შემდგომი ლოცვის წაკითხვა, სიტყვიერად მაინც უნდა შევწიროთ მადლობა უფალს.
[/DDET]

[DDET 3. რა სიხშირით უნდა ეზიაროს ადამიანი დიდ მარხვაში?]
დიდ მარხვასთან დაკავშირებით არის კურთხევა უწმიდესობისგან, რომ სასურველია ყოველ კვირას ეზიარებოდეს ქრისტიანი, თუ ამის საშუალება აქვს და ხელს არაფერი უშლის, მაგალითად, ქალებში ხელის შემშლელი არის დედათა წესი, ან შეიძლება იყოს რაღაც სხვა მიზეზი. სანამ ქრისტიანი ეზიარება, მანამდე აღსარება უნდა თქვას, ხოლო შემდეგ მოძღვარი დართავს ნებას ან – არა.
(დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
[/DDET]

[DDET 4. ძალიან გთხოვთ გვითხრათ, საჭიროა თუ არა ყოველი ზიარების წინ – “ზიარების”, აღსარების წინ კი “აღსარების” ლოცვების კითხვა?]
საჭირო კი არა, აუცილებელია. ლოცვა კი არ უნდა გადაიკითხოს ადამიანმა, არამედ უნდა გაიაზროს რას კითხულობს. მართალია, ხშირ შემთხვევაში ადამიანს ეფანტება გონება, მაგრამ უნდა შეძლოს, მოიკრიბოს ძალა, რადგან გულმოდგინედ წაიკითოს ის ლოცვა, რომელსაც მიეახლება. ლოცვის დროს პატიებას ითხოვს მისგან, განიცდის ცოდვებს, რაც ჩაიდინა, რასაც აკეთებს ნებსით თუ უნებლიედ. ყოველივე ეს უნდა გაითავისოს. ზიარების ლოცვებში სწორედ ის არის აღწერილი, თუ რა დიდ სიწმინდეს მივეახლებით, რასაც უფლის სისხლი და ხორცი ჰქვია. წირვის ჟამს კურთხევით პური და ღვინო გადაიქცევა ქრისტეს ნამდვილ სისხლად და ხორცად, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მივეახლებით. უფლის სისხლი და ხორცი არა მარტო საკურნებლად სულისა და ხორცისა გვეძლევა, არამედ თუ ჩვენ უღირსად მივეახლებით, როგორც თივა, ცეცხლში დავიწვებით. ამიტომ ადამიანი უნდა ფრთხილობდეს, განამზადოს თავი იმისათვის, რომ უფლის სისხლსა და ხორცს მიეახლოს, არა მარტო თვითონ განამზადოს საკუთარი თავი, არამედ მანამდე მოძღვარი უნდა ჰყავდეს, რომელიც მას დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ეს პიროვნება. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
[/DDET]

[DDET 5. მამაო, შეიძლება თუ არა ყოველ კვირას ვაზიაროთ ბავშვი, ან რამდენჯერ შეიძლება ბავშვის ზიარება თვეში? მადლობას გიხდით წინასწარ.]
შეგიძლიათ აზიაროთ ყოველ კვირას იმიტომ, რომ ცოდვითაა ქვეყანა დამძიმებული. შეგიძლიათ – თვეში ერთხელაც. როგორც მოგიხერხდებათ. *
[/DDET]

[DDET 6. დამლოცეთ, მამაო! ზიარების წინა საღამოს ძალიან ხშირად ბილწი სიზმრები მესიზმრება, რის გამოც მეორე დღეს აღარ ვეზიარები ხოლმე. მამაოსთან ამის თქმა ხშირად მერიდება. რა ვქნა, რა გავაკეთო? იმის შიში გამიჩნდა, უღირსად არ ვეზიარო და არ დავისაჯო. მამაოსგან კი ავიღე კურთხევა. მან აღსარებაზე მითხრა, წირვაზე შემეწოდებინა ფურცელი. მაინტერესებს, შენდობის ლოცვას მამაო საკურთხეველში კითხულობს?]
სიზმარი არსებობს რამოდენიმე სახის. ერთ-ერთია, როცა ბილწ რამეზე ფიქრობ, იგივე გესიზმრება. თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში ძალა უნდა მოიკრიბო და არ იფიქრო ცუდ რამეზე. ბევრი ილოცო და ამას აუცილებლად დაძლევ. შენდობის ლოცვა არ იკითხება საკურთხეველში. შენდობის ლოცვა აღსარების მერე უნდა წაუკითხოს მოძღვარმა პიროვნებას, ვინც ჩააბარა აღსარება. *
[/DDET]

[DDET 7. გამარჯობა. გწერთ კასპიდან. ჩვენს ეკლესიაში მოძღვარი არ აზიარებს იმ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ტირიან ზიარების დროს, ვგულისხმობ ჩვილი ასაკიდან 2 წლამდე. ჩემს მეზობელს ეუბნება, რა ატირებს, კბილს ხომ არ ვუღებო. უკვე ბევრ მშობელს აღარ უნდა ბავშვის მიყვანა ზიარებაზე იმის გამო, რომ მოძღვარი უყვირის ბავშვის ტირილის გამო. ვიცი, არ გვაქვს განსჯის უფლება, მაგრამ რამდენად სამართლიანად იქცევა მამაო ?]
მოძღვარმა ყველა უნდა აზიაროს, ბავშვიც და დიდიც. მე არავის განვიკითხავ, მაგრამ იმის თქმა, რასაც ეს მამაო ამბობს, არ შეიძლება. *
[/DDET]

[DDET 8. ვარ ორსული და მაინტერესებს,რომ ვეზიარო, როგორ უნდა მოვემზადო? საჭიროა თუ არა აღსარების ჩაბარება?]
აღსარების ჩაბარება აუცილებელია, მის გარეშე ზიარება არ შეიძლება. ზიარებას წინ აუცილებლად უნდა უსწრებდეს აღსარება, სინანული, თუ მარხვის დღეებია, თავისთავად – მარხვაც, მაგრამ ფეხმძიმეებისთვის არის გარკვეული შეღავათები. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]