წირვა-ლოცვა

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. მამაო დამლოცეთ! გთხოვთ, განმიმარტეთ კვეთებულის ლოცვის არსი და როდის იკითხება ეს ლოცვები? ზოგჯერ ჩემს თავს არ ვეკუთვნი და ცოდვებში ვარდები , თითქოს უფალს ვშორდები და მინდა რომ გავთავისუფლდე ამ ადამიანური ბუნებისგან, მაგრამ სურვილის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებ, ჩემს თავს ვერ ვცნობ, გთხოვთ, მომეცით რჩევა, რა ლოცვები ვიკითხო განსაცდელის ჟამს და როგორ ვებრძოლო ბოროტს, როგორ შევძლო სულიერი სიმაღლემდე ასვლა?]
ღმერთმა დაგლოცოთ შვილო. კვეთებულის ლოცვა ნიშნავს, როცა ადამიანში ბოროტია შესული და სასულიერო პირი, ვინც ამ ლოცვებს კითხულობს, ებრძვის მას. კვეთებულის ლოცვები ლახვრით იკითხება და ყველა ღვთისმსახურს არ შეუძლია ამ ლოცვების წაკითხვა, მას ბერ-მონაზონი კითხულობს ან რომელიმე მღვდელი, ვისაც კურთხევა აქვს.
რაც შეეხება თქვენს პრობლემას, პირველ რიგში, უნდა გყავდეთ მოძღვარი და იყოთ მაზიარებელი, უნდა გახდეთ ეკლესიის წევრი. თქვენ თვითონ უნდა მოინდომოთ საკუთარი თავის დახმარება, მხოლოდ კვეთებულის ლოცვები არ გიშველით, ისედაც თუ მოძღვარი არ გეყოლებათ, კვეთებულის ლოცვებსაც ვერ წაგიკითხავენ, რადგან საკუთარი მოძღვრისგან უნდა აიღოთ ამაზე კურთხევა.
რაც შეეხება ლოცვებს, პირველ რიგში, დილა–საღამოს ლოცვები იკითხეთ და 90–ე ფსალმუნი. ეშმაკი იდევნება ლოცვითა და მარხვით, ამიტომ აიყვანეთ მოძღვარი და ის დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ღმერთმა გაგაძლიეროთ. მღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი (სამთავისისა და გორის ეპარქია)
[/DDET]

[DDET 2. აღდგომის მარხვაში ვკითხულობდი ფსალმუნებს და არ დამისრულებია ყველა კანონის კითხვა, შეიძლება თუ არა ახლა გავაგრძელო და საჭიროა თუ არა მოძღვრის კურთხევა?]
შეგიძლიათ განაგრძოთ კითხვა, არ არის საჭირო კურთხევა.
[/DDET]

[DDET 3. მამაო დამლოცეთ. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. მეშინია, ეშმაკია ჩემში. არვიცი რავქნა, ვერ ვუშვებ ჩემი სხეულიდან, იმის მიუხედავად რომ სულ ვლოცულობ და ასე შემდეგ. მიშველეთ, გთხოვთ.]
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
თქვენ თქვით რომ ლოცულობთ და მარხულობთ, ეს იმას ნიშნავს რომ მოძღვარიც გყავთ, საჭიროა ხშირად თქვათ აღსარება და ხშირად ეზიაროთ. ამასთანავე აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ადამიანმა უნდა ისარგებლოს იმით რაც უფლისგანაა, ანუ ექიმიც და წამალიც უფლისგანაა.
მოძღვარი დაგეხმარებათ სულიერად გაძლიერდეთ, თუ საჭირო იქნება კვეთებულის ლოცვასაც წაგიკითხავენ, მაგრამ ხშირად გარდა იმისა რომ ადამიანში ეშმაკია ჩასახლებული, მას აქვს ასევე ჯანმრთელობის პრობლემაც. ამიტომ არის საჭირო რომ ექიმსაც მიაკითხოთ აუცილებლად. მოძღვრისა და ექიმის დახმარებით უფალი განგკურნავთ და მოგანიჭებთ როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას.
[/DDET]

[DDET 4. გთხოვთ მითხრათ, თუ რას ნიშნავს კვეთებულის ლოცვა, ვის მიერ და როგორ სრულდება იგი, სად შეიძლება ამ ლოცვაზე დასწრება?]
კვეთებულის ლოცვა ტარდება მაშინ როცა ადამიანს სატანა ეუფლება, ამ ლოცვას ყველა მღვდელი არ კითხულობს, კვეთებულზე დასწრებას მოძღვრის კურთხევის გარეშე არ გირჩევთ. კვეთებულს კითხულობს მეტეხის ტაძარში მამა აკაკი.
[/DDET]

[DDET 5. მაინტერესებს მედავითნეები რომელი ანბანით კითხულობენ, ასომთავრულით თუ ხუცურით?]
მედავითნეები კითხულობენ ხუცურით.
[/DDET]

[DDET 6. რა ლოცვა უნდა წარმოვთქვა, როცა საჭესთან ან ტრანსპორტში ვზივარ და ტაძართან ჩავივლი?]
უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ იესოს ლოცვა “ უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემოწყალე მე ცოდვილი”.
[/DDET]

[DDET 7. გარდა ყოველდღიური ლოცვებისა, რომელი ლოცვა უნდა წავიკითხო ფეხმძიმობისას?]
ლოცვები ღმერთთან, როგორც სიკეთესთან, ძალასთან, სიხარულთან მიახლოების საშუალებაა. არსებობს ამდაგვარი უამრავი საშუალება, როგორიცაა ფსალმუნების გასაგები, გააზრებული კითხვა, წმ. წერილზე, მოციქულთა საქმეებსა და წერილებზე “ინტელექტუალური მუშაობა”. კეთილი სიტყვა და საქმე, ღმერთზე ფიქრი და საკუთარ თავთან განმარტოება და მრავალი, მრავალი სხვა, რომელთა შორისაც გამოირჩევა წირვაში მონაწილეობა და ზიარება. (მღვდელი გიორგი წეროძე)
[/DDET]

[DDET 7. იქნებ გამარკვიოთ, შეიძლება თუ არა მოსახსენიებლში მოვიხსენიო ისეთი მიცვალებული, რომელიც სიცოცხლეში კათოლიკე იყო, მაგრამ მას მართლმადიდებელმა მღვდელმა აუგო წესი სიკვდილის შემდეგ? მოძღვრები სხვადასხვაგვარად მცემენ პასუხს. ზოგის აზრით, შესაძლებელია, ხოლო ზოგი კი სასტიკად მიკრძალავს ამ ადამიანის მოხსენიებას. მირჩიეთ, როგორ შეიძლება, რომ მოვიქცე. წინასწარ გიხდით მადლობას.]
თუკი კათოლიკეა, სხვა სარწმუნოების მიმდევარია, არ შეიძლება მართლმადიდებელმა სასულიერმა პირმა აუგოს ანდერძი და თუ აუგო, მისი ცოდვაა. ლოცვა და მოხსენიება შეიძლება. *
[/DDET]

[DDET 8. დამლოცეთ, მამაო. ბოლოს 2 წლის წინ ვეზიარე. ამის გამო ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვცდილობ, ლოცვის გარეშე არც ერთი ღამე არ დავიძინო და ასეც არის. თუმცა როგორც კი ლოცვას ვიწყებ, ფიზიურად ვხდები ცუდად – ან მუხლები ამიკანკალდება, ხან თითქოს ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, ხანაც თავი მტკივდება გაუსაძლისად. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ მიზეზი გადაღლილობაა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, რადგან მხოლოდ ლოცვის დროს იჩენს ეს ყველაფერი თავს. უკვე შეგუებული ვარ და ვიცი ლოცვის დაწყების წინ, რომ ცუდად გავხდები და მაპატიოს უფალმა და თავს ძალას ვატან, რომ დავიწყო ლოცვა. რამდენიმე კვირის წინ ძალიან ცუდად გავხდი, თვალები ამიჭრელდა და ასოებს ძლივსღა ვარჩევდი, მაგრამ მაინც არ დავანებე ლოცვას თავი. მერე ბებოს კივილმა გამომაფხიზლა და თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე, არაფერი მახსოვს, მაგრამ მეგონა, ტკბილად მეძინა და უსიამოვნო გრძნობა მქონდა, რომ მაღვიძებდნენ. ხშირად შიში მიპყრობს ლოცვისას, თითქოს ვგრძნობ, ჩემს გარდა ვიღაც არის კიდევ. ამ ბოლო დროს მშვიდად ვარ უფრო, მაგრამ თუკი ისევ განმეორდება მსგავსი რამ, ხომ ვერ მირჩევთ კიდევ რა ლოცვა წავიკითხო ლოცვის დროს გასაძლიერებლად? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.]
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღადგინოთ კავშირი მოძღვართან, თქვათ აღსარება და ეზიაროთ. ეზიაროთ არა ერთხელ, არამედ ხშირად. ამის შემდეგ ყველაფერი დარეგულირდება. შიში საჭირო არ არის, მითუმეტეს, ლოცვის დროს. ერთადერთი შიში, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს, არის ღმერთის შიში. დანარჩენი შიში არ არის სასარგებლო. თუ ადამიანი არ არის ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში, არ მარხულობს, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება და ამათ გარეშე ლოცულობს სახლში, ის, შეიძლება ითქვას, სახიფათო გზაზე დგას და შეიძლება ხშირად შეცდეს, ან შეითვისოს ლოცვის ისეთი სახე (რჩევა,წესი), რომელიც არასწორ შედეგამდე მიიყვანს, რაც არის ხიბლი, ჰალუცინაციები, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. ან პირიქით, არასწორი თვითგაგება და სინანული იმედის გარეშე. მიმართეთ მოძღვარს და მისი რჩევებით იხელმძღვანელეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 9. ძალიან მაინტერესებს, დედათა წესის დროს წირვაზე მისვლა თუ შეიძლება და საერთოდ, რა არის დაშვებული ამ დროს?]
დედათა წესის დროს მოსარიდებელია ტაძარში შესვლა, სიწმინდეებთან მიახლება. მაგრამ თუ მაინც მიხვალთ, შორს დადექით და უშუალო მონაწილეობას ნუ მიიღებთ ღვთისმსახურებაში. სახლში შეგიძლიათ ილოცოთ ჩვეულებრივად. სიწმინდეების მიღებას მოერიდეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 10. ძალიან ვცდილობ, არ გამეფანტოს ყურადღება ლოცვის დროს, მაგრამ არ გამომდის, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებ შედეგს, თუ პირველკლასელივით ძალიან ნელა და ასო-ასო წავიკითხავ. როგორც კი ჩვეულებრივად დავიწყებ კითხვას, მაშინვე თავში ათასი ფიქრი მომდის. გთხოვთ მირჩიოთ, რა გავაკეთო. პირველკლასელივით კითხვას დიდი დრო მიაქვს, ეს კი ცოტა რთულია ოჯახის ქალისთვის. სწორია თუ არა, ეს ფაქტი ყოველ აღსარებაზე ვთქვა, მაშინ გამოდის, რომ მრავალჯერადად ვიმეორებ ამ ცოდვას.]
უნდა ვილოცოთ ისე, როგორც შეგვიძლია, თუნდაც პირველკლასელივით. ლოცვისას რაოდენობა არ არის მთავარი, მთავარია გულით და გონებით ვილოცოთ. გულწრფელობა, რწმენა, სინანული, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოდ ლოცვის დროს. ამიტომ გულდამშვიდებულად ილოცეთ პირველკლასელივით. ილოცეთ ცოტ-ცოტა და ყურადღებით. გაანაწილეთ ლოცვის კანონი. თუ ზეპირად ისწავლით და საშინაო საქმეების დროს პარალელურად ილოცებთ, ყველაფერს მოასწრებთ. მაგალითად: საჭმელს ამზადებთ? ილოცეთ, აუთოვებთ? ილოცეთ და ასე შემდეგ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 11. დამლოცეთ, მამაო. მამაო, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მეკითხა შვიდგზის ლოცვა და რამოდენიმე დღეა მთელი გულით ვცდილობ, რომ წავიკითხო, მაგრამ როცა მოდის ლოცისთვის განკუთვნილი დრო, ხშირად მავიწყდება და შემდეგი საათისთვის ვანაზღაურებ გამოტოვებულს. მაინტერესებს, ასეთი წაკითხული ლოცვა ცოდვაა? მე თითქოს თავს ვიწყნარებ, რომ რამოდენიმე ხანში აღარ დამავიწყდება-თქო. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.]
ცოდვას არ ჩადიხართ, მაგრამ უფრო მეტი ყურადღებით იყავით. ეს საუკეთესოა თქვენი სულიერი ცხოვრებისთვის. საერთოდ, სულიერი ცხოვრება მეტ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
[/DDET]

[DDET 12. რა ლოცვების წაკითხვა შეიძლება ყოველდღიურად გარდაცვლილებისთვის და ასევე, თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ, კიდევ თუ შეიძლება მათი სულის დასამშვიდებლად რაიმეს გაკეთება?]
გარდაცვლილისთვის აუცილებელია პირველ, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს პანაშვიდების გადახდა. პირად ლოცვებს რაც შეეხება, უნდა კითხულობდეთ აუცილებლად ფსალმუნებს. ფსალმუნი უნდა ილოცებოდეს ორმოცი დღე ყოველმიზეზგარეშე. უნდა შეუკვეთოთ პანაშვიდები ხშირად. აუცილებელია წირვის გადახდა მეორმოცე დღეს. აგრეთვე უნდა გავცეთ მოწყალება მიცვალებულის სახელზე. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
[/DDET]

[DDET 13. დაგვლოცე, მამაო! შეიძლება დამჯდარმა ვიკითხო ლოცვები,ბიბლია ან ფსალმუნები? როცა ვზივარ, მიჩნდება ხშირად სურვილი, ლოცვა წავიკითხო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის]
თუ არ შეგიძლია ფეხზე დგომა (ან ფეხი გაწუხებს, ან დაღლილი ხარ), მაშინ შეიძლება, სხვა შემთხვევაში, არ არის სწორი საქციელი. *
[/DDET]

[DDET 14. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, მიცვალებულის მოსახსენებლად მისი სულისთვის როგორ უნდა ვილოცო? მითხრეს, რომ აუცილებელია პარაკლისის გადახდა ყოველ მესამე შაბათს და იქნებ გამარკვიოთ ამ ყველაფერში, რა უნდა ვქნა და როგორ?]
მიცვალებულთათვის გახლავთ არა პარაკლისი, არამედ პანაშვიდი. არის სულის შაბათი, რომელიც აღინიშნება მიცვალებულთა მოსახსენიებლად. ამ დროს ეკლესია მიცვალებულთათვის განსაკუთრებულად ლოცულობს. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ეკლესიაში, როცა მოგინდებათ და მოძღვარს მიცვალებულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა სთხოვოთ. სასურველია მიცვალებულისათვის, თუ წაიკითხავთ ფსალმუნებს. ეს მეფე დავითის ლოცვებია და ძალზე შეეწევა მის სულს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 15. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, როგორ უნდა წავიკითხო სახარება? აუცილებელია დღეში ერთი თავი ხატების წინ ფეხზე მდგომმა ვიკითხო? თუ სურვილი მაქვს, შეიძლება რამდენიმე თავი ერთად წავიკითხო? წინასწარ გიხდით მადლობას.]
ერთი თავი აუცილებლად, ამის კურთხევა ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მისცა ერს. თუ ორს წაიკითხავ, შენი ნებაა. სასურველია, რა თქმა უნდა, ხატების წინ ფეხზე მდგომმა, თუ შეგიძლიათ და ჯანმრთელობა არ გიშლით ხელს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 16. მამაო, რომელი ლოცვები შეიძლება ვიკითხო მიცვალებულთათვის და ისეთი ლოცვებიც თუ არის, რომ მიცვალებულებს ვთხოვო პატიება, ან რა შეიძლება ამისთვის გავაკეთო? მადლობას გიხდით წინასწარ.]
მიცვალებულისთვის პატიების თხოვნა არ შეიძლება. პატიება უნდა სთხოვოთ სიცოცხლეშივე. ბევრი უნდა ილოცოთ მიცვალებულთათვის, იკითხოთ ფსალმუნები. რაც ხშირად მოიხსენიებთ გარდაცვლილებს ლოცვებში, უფრო უკეთესია მათი სულებისათვის. *
[/DDET]

[DDET 17. ამ ბოლო დროს ერთი სურვილი ამეკვიატა და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. ლოცვაში ყოველთვის ზარმაცი ვიყავი, ახლა კი ისე გავაქტიურდი, ოღონდ უფალმა ეს თხოვნა შემისრულოს და აღარ ვიცი, რა წავიკითხო და სად წავიდე სალოცავად. გამუდმებით ამას ვევედრები და ხანდახან მეშინია, არ განმირისხდეს ღმერთი. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ცოდვაში ხომ არ ვარ?]
არ შეიძლება ღმერთი იმის გულისთვის შევაწუხოთ, რომ რამე სურვილი შეგვისრულოს. დაუშვებელია უფალს ვთხოვოთ, რომ ბევრი ფული ან ოქრო მოგვცეს, ეს მკრეხელობაა. *
[/DDET]

[DDET 18. გამარჯობა, მამაო. რა უნდა ვქნა წირვაზე მდგომმა, როცა გონება მეფანტება? ძალიან მინდა, რომ ლოცვას გულით მოვუსმინო, მაგრამ ფეხზე დგომით ვიღლები და გულიც მეღლება, გარეთ გასვლა მინდება ხოლმე. თან როდესაც საზიარებლად დგახარ ჭყლეტვაში და ვეღარ სუნთქავ, ერთი სული გაქვს, მარტო ეზიარო და გახვიდე, ეს დისკომფორტს მიქმნის და ძალიან მაწუხებს. მინდა, ერთხელ მაინც ისე ვეზიარო, რომ სულის კურნება ვიგრძნო. არ ვეზიარები ღირსეულად და სინანულით. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? და კიდევ ერთი შეკითხვა: რაღაც დროის განმავლობაში ლოცვებს ყოველ დილა-საღამოს ვკითხულობდი და ბოლო პერიოდში საერთოდ ამოვვარდი კალაპოტიდან. აღარც ვლოცულობ და ეკლესიაშიც აღარ დავდივარ, რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. არ მინდა, რომ ასე ვიყო. ტაძარშიც მინდა მისვლა, მაგრამ მგონია, აღარ ვარ ღირსი ეკლესიური ცხოვრების. სამი თვეა არ ვზიარებულვარ. როგორ მოვიქცე? გმადლობთ.]
ყველა ზიარებას წინ უნდა უძღოდეს ლოცვითი ღვაწლი. თავი უნდა აიყვანოთ ხელში. ეს ნელ-ნელა მოვა და მიეჩვევით. ზიარების წინ აუცილებლად აღსარება უნდა თქვათ. რაც შეეხება მეორე კითხვას, ეგ არის ბოროტი ფიქრი, მაგის თქმა არ შეიძლება. მაინც უნდა წახვიდეთ ეკლესიაში, ნახოთ მამაო და შეასრულოთ ლოცვა-კურთხევა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 19. დამლოცეთ, მამაო. შვიდგზის ლოცვების გარდა კიდევ რომელი ლოცვები ვიკითხოთ? ვიცი, დიდი ცოდვაა, რომ მოძღვარი არ მყავს?]
ეკლესიური ადამიანი კითხულობს, ან უნდა წაიკითხოს დილისა და საღამოს ლოცვები, ფსალმუნები და წმ. წერილი, უფრო მეტად – სახარების თავები. მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს საკითხავების რაოდენობა. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 20. დამლოცეთ, მამაო. ძალიან მაინტერესებს, თუ შეიძლება ადამიანი, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, გარკვეული დროის შემდეგ მოვიხსენიო პირად ლოცვებში? ამ ეტაპზე მითხრეს, რომ არაო (5 თვეა გასული, თან თავი სიმთვრალისას მოიკლა). ასევე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა სულის დახსნა ჯოჯოხეთიდან? გმადლობთ წინასწარ.]
ადამიანი თუ მონათლული იყო და თვითმკვლელობით არ დაასრულა სიცოცხლე, ამ დროს ჯოჯოხეთშიც რომ მოხვდეს, შეიძლება მისი დახსნა. მაგრამ თავის მოკვლის შემთხვევაში, არის რაღაც გარემოებები, რითაც ეპატიება ან არ ეპატიება. თუ ეპატიება, მაშინ შესაძლებელია მისი სულის დახსნა, თუმცა აუცილებელია მონათლული იყოს. პირად ლოცვებში მისი მოხსენიება შეიძლება, ეკლესიაში – არა, რადგან ეს მისი სულისთვის უარესი იქნება. მისთვის წესის აგება მღვდელმთავრის კომპეტენციაა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 21. მამაო, კვეთებულზე რამოდენიმე სტატია წავიკითხე და მაინტერესებს, შეიძლება ადამიანს ეშმაკი შეჩენილი ჰყავდეს, მაგრამ გარეგნულად არ ეტყობოდეს და ვერავინ ამჩნევდეს, შეტევები განმარტოებისას ემართებოდეს, სხვისი თვალისგან შორს?]
ეშმაკს ყველაფერი შეუძლია კეთილი საქმის გარდა. კვეთებულის ლოცვაზე დასწრება არ შეიძლება სულიერი მამის კურთხევის გარეშე. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 22. გამარჯობა! მამაო, შეიძლება თუ არა ფსალმუნისა და ახალი აღთქმის კითხვა მოძღვრის კურთხევის გარეშე?]
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფსალმუნის წაკითხვა შეიძლება გაცნობის მიზნით, ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ თუ გსურთ, ამას სისტემატიური ხასიათი და ლოცვითი კანონის სახე მისცეთ, მაშინ მოძღვრის კურთხევა აუცილებელია. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 23. ჩემი მეგობარი მიიჩნევს, რომ ჯადო აქვს გაკეთებული. მაინტერესებს, თუ შეიძლება კვეთებულის ლოცვებით მისი მოხსნა და ბოროტი ძალისგან გათავისუფლება?]
კვეთებულის ლოცვები სჭირდებათ მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფთ და ისიც ეპისკოპოსის კურთხევით. რაც შეეხება ჯადოებს, არასწორია, როცა ყველა განსაცდელს ამ სახელწოდებას ანიჭებენ. ბოროტ ძალას ადამიანი ხშირად თავად აძლევს მასზე ზემოქმედების მოხდენის საშუალებას. თუ ამ კითხვის ავტორი აღმსარებელი, მაზიარებელი იქნება და სწორად, ქრისტიანულად იცხოვრებს, “მთელი ქვეყნის ჯადოქრებიც” კი ვერაფერს დააკლებენ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 24. მაინტერესებს, თუ შეიძლება ხატების წინ შორტებით დგომა და ლოცვის წაკითხვა?]
ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: შორტების ჩაცმით უფლის მიმართ უპატივცემულობა არ გამოიხატება. უმჯობესია გრილად იყო და ლოცვაზე იფიქრო, ვიდრე იმაზე გეფანტებოდეს ყურადღება, თუ როგორ გცხელა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 25. დამლოცეთ, მამაო. შეიძლება თუ არა დედის ლოცვაში შვილის სახელთან ერთად მოვიხსენიო დისშვილის, ან მეგობრის შვილების სახელი?]
შეიძლება, ამით, უბრალოდ, დიდ სიყვარულს გამოხატავთ მათ მიმართ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 26. მყავს რვა თვის მარიამი, ძილის წინ “მამაო ჩვენოს” ვუგალობ და ტკბილად ეძინება. შეიძლება თუ არა? ]
არანაირი პრობლემა არ არის ამაში. შეიძლება. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 27. დამლოცეთ, მამაო. გთხოვთ, დამეხმაროთ, თუ არსებობს გონების მობილიზაციის ვარჯიში, მასწავლეთ, რათა დავძლიო ლოცვის დროს გონების გაფანტვა. რაც არ უნდა მოკლე ლოცვა ვთქვა, ყოველთვის, რაღაც მომენტში, ყურადღება მეფანტება, აღარ ვლაპარაკობ დიდ ლოცვებზე. ყველანაირად ვცდილობ ამის დაძლევას, ხან ვსჯი ჩემ თავს და დაჩოქილი ვაგრძელებ ლოცვას, ხან ცრემლები მომდის უსუსურობის გამო, მაგრამ შედეგს ვერასდროს ვაღწევ. ნუთუ გამოსავალი არ არსებობს? ყოველი ლოცვის შემდეგ პატიებას ვითხოვ გონებაგაფანტულობისათვის და უფალს ვთხოვ დახმარებას. აღსარებაშიც ქრონიკულად ვაღიარებ ამ ცოდვას, მაგრამ საშველი მაინც არ არის. მირჩიეთ რამე, გთხოვთ. წინასწარ გიხდით მადლობას.]
ადამიანში არსებობს გონება და გრძნობა. ეს ორი ფაქტორი უნდა იყოს ურთიერთკავშირში. ადამიანს მიდრეკილება აქვს სხვადასხვა ცოდვისკენ, დავუშვათ, ლოთობისკენ, სასმელ-საჭმლისკენ, მრუშობისკენ და ყველაფერი ეს გრძნობის კარნახით რომ წარიმართოს, მგონი კარგი არ იქნება. ის, რაც გრძნობიდან მომდინარეობს, უნდა იმართებოდეს გონებით. ამისათვის კი აუცილებელი ქრისტიანული ცხოვრებაა. ქრისტიანული ცხოვრება და ათი მცნება გვასწავლის ყოველივე იმას, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება. პიროვნება, რომელიც დადის ტაძარში, აბარებს აღსარებას, იცის, რომ ყველა გრძნობა გონებით უნდა იმართებოდეს, ასეთ ცოდვაში არ ჩავარდება. ამიტომ გონებისა და გრძნობის დამოკიდებულება ძალიან კარგად უნდა აისახებოდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომ არ გაასწროს გრძნობამ გონებას, თორემ ადამიანი ყოველთვის ჭაობში აღმოჩნდება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]

[DDET 28. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, ბიჭი, რომელიც მართლმადიდებლად არის მონათლული, მაგრამ დადის სხვა ეკლესიაში, სექტანტია (იაღოველი არ არის), შეიძლება თუ არა მისი ლოცვებში მოხსენიება? წინასწარ გიხდით მადლობას.]
მისი ლოცვებში მოხსენიება შეიძლება, რომ დავეხმაროთ, თავი დააღწიოს ამ ჯოჯოხეთურ საქმეს. ამ კუთხით შეიძლება ვილოცოთ მისთვის. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]

[DDET 29. სამწუხაროდ, სახარება არ მაქვს წაკითხული, შეიძლება თუ არა დავიწყო კითხვა მოძღვრის კურთხევის გარეშე და მჯდომარემ?]
თუ ინფორმაციული თვალსაზრისით კითხულობთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მჯდომარემაც კი. საერთოდ კი ლოცვა-კურთხევა უნდა აიღოთ სასულიერო პირისგან. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 30. დამლოცეთ, მამაო… რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოს იმ ადამიანის ოჯახის წევრმა, რომელმაც თავი მოიკლა? როგორ დავეხმაროთ ცოდვის შემსუბუქებაში?]
ოჯახის წევრებს რთავენ ხოლმე უფლებას, პირად ლოცვებში მოიხსენიონ. განსაკუთრებული ლოცვები არ არსებობს, შეგიძლიათ ფსალმუნებში მოიხსენიოთ, მაგრამ მოძღვრისგან მაინც აიღეთ ნებართვა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 31. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, როგორ ვებრძოლოთ გულგრილობას? ერთი ჩემი მეგობარი არ კითხულობს ლოცვას, მას მიაჩნია, რომ როცა არ უნდა ლოცვა, მაშინ რომ ილოცოს, ამით ფარისევლად იქცევა და მარტო მაშინ უნდა ილოცოს, როცა მას მოუნდება. გულით ვერ ვგრძნობ და ისე ვერ ვილოცებო. რა საშუალებით უნდა მოხდეს ამ გულგრილობის დაძლევა?]
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, შვიდგზის ლოცვები ვიკითხოთ ყოველდღიურად და რას ჰქვია, როცა მოესურვება?! დაზარება კიდევ სხვა რამეა, კი არ ეზარება, არ უნდა. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 32. დამლოცეთ, მამაო. დილის ლოცვების კითხვა ყოველდღიურად ტრანსპორტში შეიძლება? თუ აუცილებლად სახლში უნდა წავიკითხო?]
დილა-საღამოს ლოცვები იკითხება სახლში ხატების წინ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 33. დამლოცეთ, მამაო! ვცხოვრობ ევროპაში, საქართველოსა და ევროპას შორის საათობრივად 3 საათია განსხვავება, მაინტერესებს, შვიდგზის ლოცვების კითხვის დროს საქართველოს დროით უნდა წავიკითხო ლოცვა, თუ შესაძლებელია ევროპის დროითაც, რადგან ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: რადგან ამ დროს ერთიანდება მთელი ერი და ერთად ვლოცულობთ უფლის წინაშეო. უფალმა დაგლოცოთ და გააძლიეროს საქართველო! გმადლობთ.]
იქონიე მჭიდრო კავშირი დედა ეკლესიასთან, შვიდგზის ლოცვები შეასრულე ადგილობრივი დროით. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 34. შეგიძლიათ მითხრათ, 1-2 პატარა ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ლოცვის წაკითხვა თუ შეიძლება, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, საღამოს ლოცვის, კანონების ან დაუჯდომელი საგალობლის, სახარების? ანუ არა დათრობის შემდეგ, არამედ 1-2 ჭიქის მიღების შემდეგ?]
1-2 ჭიქის შემდეგ როგორ არ შეიძლება?! უბრალოდ, არ უნდა დათვრე, ეს არ შეიძლება არც მარხვასა და არც ხსნილში. გააჩნია ადამიანსაც. ზოგიერთი 3 ჭიქითაც შეიძლება დათვრეს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 35. როდესაც ეკლესიაში მოლაპარაკე ასაკოვანი ქალბატონები ისე მიშლიან ხელს ლოცვაში, რომ, ელემენტარულად, ეკლესიაში ყოფნას აზრი ეკარგება და არც არავინ არის იქ, რომ ასეთ შემთხვევებში ყურადღება მიაქციოს მათ და შენიშვნა მისცეს. როგორ მოვიქცე? შენიშვნის მიცემის უფლება მე არ მაქვს, ლოცვას ვერ ვისმენ, გამოდის, რომ ტაძარში მათ მოსასმენად მივდივარ. ასეთ შემთხვევაში გაჩუმება ხომ ყალბი დგომაა ეკლესიაში, რაც მე ცოდვაში მეთვლება, თანაც ფიქრს ვიწყებ იმ თემაზე, რასაც ისინი “მთავაზობენ”. არადა წირვა ისე ზეპირად იციან (იმიტომ, რომ დიდი ხნის მრევლი არიან), რომ მიუხედავად ლაპარაკისა, არ გამორჩებათ არც პირჯვრის გადაწერა, არც მეტანიის გაკეთება. რამდენჯერმე მივანიშნე და მერე აღსარებაში მოვინანიე. მაგრამ ხომ არ შეიძლება ასე უსაშველოდ გაგრძელდეს? რა ვქნა, აღარ ვიარო ეკლესიაში?]
ეკლესიაში საუბარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, წირვა-ლოცვის დროს, როცა მთელი ყურადღება იქით უნდა იყოს მიმართული. თუ საუბარი უნდა ადამიანს, გარეთ გამოვიდეს და იქ ისაუბროს. თვითონ სცოდავს და სხვასაც ცოდვაში ადგებს. აუცილებლად უნდა მიუთითოთ ამაზე, თქვენ თუ ვერ შეძლებთ, სტიქაროსანს უთხარით და ის ეტყვის. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 36. შეიძლება თუ არა ლოცვა საყვარელი ადამიანის გამოსწორებისათვის, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს?]
შეიძლება კი არა, ვალდებულნიც ვართ ასე მოვიქცეთ. ჩვენ მაცხოვარი მტრისთვის ლოცვას და მაწყევარის დალოცვას გვიბარებს. არა იმისთვის, რომ მტერი გაძლიერდეს თავის უგუნურებაში, არამედ მათ მოსაქცევად, ქრისტეს გზაზე დასაყენებლად. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
[/DDET]

[DDET 37. ძალიან მიჭირს ლოცვების კითხვა. ხშირად დაღლილს ლოცვაზე მეძინება. ყოველი აღსარების დროს ვინანიებ, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ ამ ცოდვისგან ვერ გავთავისუფლდი. როგორ მოვიქცე?]
ყოფითი საქმიანობა იმდენად არ უნდა გადავიტვირთოთ, რომ ლოცვისთვის ძალა არ შეგვრჩეს. მთავარია ზომიერება და ლოცვასაც შეძლებთ და თქვენს ლოცვას მადლიც ექნება. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
[/DDET]

[DDET 38. რამდენად მართებულია, როდესაც ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს მუხლს ვიდრეკთ?]
სჯულის კანონის მიხედვით, კვირა დღე არის აღდგომის სწორი. აღდგომის დღესასწაულზე რადგან მუხლმოდრეკა დაუშვებელია, ამიტომ განაჩინებს საეკლესიო კანონიკა იმას, რომ კვირაობით მუხლმოდრეკა არ შეიძლება. შესაბამისად, კვირაობითა და საუფლო დღესასწაულებზე არ უნდა ვასრულებდეთ მუხლმოდრეკას. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 39. როდის იკითხება სინანულის კანონი: “ვითარცა ხმელსა ზედა უფსკრულსა ზღვისასა მრავალი ისრაილ, მდევრისა მის ფარაონისა დაფლისა მხილველი, ღმრთისა მიმართ ძლევისა გალობისა მხმობელი ვღაღადებთ: მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე”?]
სინანულის კანონი ტიპიკონის (საეკლესიო განრიგი) მიხედვით, დიდ მარხვებში იკითხება. თუ გინდა, შეგიძლია ისე წაიკითხო, ამით არაფერი დაშავდება. თუმცა ჯობს, მოძღვრისგან აიღოთ კურთხევა. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 40. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ფსალმუნებისა და შვიდგზის ლოცვების კითხვა მოძღვრის კურთხევის გარეშე?]
ლოცვის წაკითხვა ყოველთვის შეიძლება და ყველას შეუძლია. სასურველია, რომ ადამიანს ჰყავდეს მოძღვარი და მისგან აიღოს კურთხევა. კითხოს, რომელი ლოცვა წაიკითხოს. თუმცა კურთხევის გარეშეც შეგიძლია წაიკითხო. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 41. მშობლებმა ძალით გამაკეთებინეს აბორტი. იქნებ მირჩიოთ, რა ლოცვები წავიკითხო, რომ მაპატიოს უფალმა.]
აბორტი, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ყოვლად მიუღებელი რამ არის. იგი მკვლელობასთან ასოცირდება, რადგან ნაყოფიც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ სრულად არ არის ჩამოყალიბებული. ყველაზე კარგი იქნება, მოძღვართან მიხვიდეთ, აღსარება ჩააბაროთ და იგი გირჩევთ, რა ლოცვები უნდა წაიკითხოთ ამ შემთხვევაში. შეგიძლიათ წაიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ან რომელიმე სხვა წმიდანის ლოცვები, არიან ქალწული წმიდანებიც. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 42. რატომ არ შეიძლება სხვა სარწმუნოების ადამიანის ლოცვებში მოხსენიება?]
პირად ლოცვებში შეგვიძლია მოხსენიება სხვა სარწმუნოების ადამიანისაც. ლიტურგიის დროს, როდესაც იწირება ქრისტეს სისხლი და ხორცი, მოიხსენიებენ მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მართლმადიდებელი და ეკლესიის წევრია, ხოლო ეკლესიის წევრი ვხდებით ნათლობის საშუალებით, ანუ მირონცხებით. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 43. მამაო, ლოცვის დასრულების შემდეგ სულ მაქვს ისეთი გრძნობა, რომ კარგად ვერ ვლოცულობ და ვერ ვაწვდენ უფალს ხმას. მგონია, ტყუილად ვკითხულობ.]
ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს უკმარისობის გრძნობა აქვს და ფიქრობს, რომ ისეთი მლოცველი არ არის, როგორიც საჭიროა. როცა ასეთი უკმარისობაა ადამიანში, ის უფრო მეტს ლოცულობს, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თავის თავს და ლოცვაც თავისთავად უკეთესი გამოვა. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]