Home » ქორწინება

ქორწინება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?]
ჯვრისწერა, ანუ ქორწინება ღვთის კურთხევაა იმ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იწყება მათი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. წმ. ეკლესიას უფლისგან მინიჭებული აქვს რა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, ქორწინების საიდუმლოებაში ერთ არსებად (სამარადისოდ) ადუღაბებს ორ პიროვნებას და უფლისმიერ მოითხოვს, რომ ღვთისაგან შეერთებულებს კაცნი ნუ განაშორებენ. ამიტომაც განქორწინება ღვთის საწინააღმდეგო და არაბუნებრივი ქმედებაა.
განქორწინება (ჯვრის აყრა) განსაკუთრებული ღვთისმსახურების გარეშე ხდება: ეპისკოპოსი ღვთისაგან მინიჭებული ძალაუფლებით, სიტყვიერად გახსნის ცოლ-ქმარს, რის შედეგადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხდებიან.
განქორწინება დიდი ცოდვაა და იგი ისეთ უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, შვილიერების უუნარობა (სექსუალური დარღვევები), ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახში უზნეობის დამკვიდრების სურვილი, ან მეუღლის იძულება არასწორ რელიგიურ ცხოვრებაზე, სადიზმი და მსგავსი არაჯანსაღი გამოვლინებები.
[/DDET]

[DDET 2. მაინტერესებს, ოჯახის შექმნისთვის რომელი წმინდანების დაუჯდომლები უნდა წაიკითხოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა?]
ღვთისმშობელს ევედრეთ, მოწამე პროკოფის, და რა თქმა უნდა, უფალს ევედრეთ, რომ სწორი გზა გამოგიჩინოთ, არსებობს ორი სახის ქორწინება, როდესაც ქალი და მამაკაცი იწერს ჯვარს და სულიერი ქორწინება უფალთან, როდესაც ადამიანი ტოვებს საერო ცხოვრებას და ეკლესიის წიაღში იწყებს მოღვაწეობას. უფალს უნდა ევედროთ, რომ თქვენი სულისათვის საცხონებელი გზა დაგანახოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი (სამთავისისა და გორის ეპარქია)
[/DDET]

[DDET 3. ვარ 23 წლის და 5 წელია გვერდით მყავს ადამიანი,რომელსაც მართლა ვუყვარვარ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გრძნობებში (ისიც 23 წლისაა) და დიდი სურვილი გვაქვს ოჯახი შევქმნათ,მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ჩვენ ფინანსურად დამოუკიდებლები არ ვართ და უპასუხისმგებლოდ ვერ ვეკიდებით ასეთ მნიშვნელოვან საკითხს. ის ძალიან კარგი პიროვნებაა. ამ ხნის განმავლობაში არასწორად არასდროს მოვქცეულვართ, ყოველთვის თავშეკავებულად ვიქცევით. ორივე ბავშვობიდან ვფიქრობდი რომ ჯვრისწერამდე არასოდეს შევეხებოდი სხვის ბაგეს და მას არც კი უცდია ასეთი რამ გაეკეთებინა. მას არასოდეს უმრუშია, ანუ არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ქალთან, თუმცა ის დროდადრო ჩუკენობს (მგონი სწორად ვწერ ამ ტერმინს). მას განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს ესე ცხოვრება და აღარც ასე გაგრძელება შეუძლია.
მე ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ექიმები მეუბნებიან, რომ ჩემთვის უმჯობესია ოჯახი შევქმნა. მშობლებმა არაფერი დამაკლეს, მაგრამ წამლებმა ვერაფერი მიშველეს. მკერდზე ჰორმონალური დარღვევების გამო განმივითარდა კვანძოვანი მასტოპათია. მამაო, ვიცი, რომ უსაშველოდ ცოდვილი ვარ, რადგან მეც ჩავდივარ ბოლო პერიოდში იმ ცოდვას (უკვე ნახევარიწელია) და ასე გაგრძელება აღარ მინდა, ეს ჩემს სულზე ცუდად აისახება. მამაო, არ გვინდა ვიმრუშოთ, ეს რომ გვდომებოდა ამ დროის მანძილზე ერთხელ მაინც შევცდებოდით. თუმცა, ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. მან იცის მე როგორი ცოდვილი ვარ, მას არაფერს ვუმალავ, რა რთული სათქმელიც არ უნდა იყოს ეს და ისიც ყველაფერს მეუბნება. მქონდა აზრი, რომ ფარულად დაგვეწერა ჯვარი, მაგრამ ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ მხოლოდ ამ ურთიერთობის გამო არ უნდა შევქმნა ოჯახი.
გევედრებით მიპასუხეთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და დაგვეხმარეთ, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. მოუთმენლად ველით თქვენს რჩევას და აზრს. დაგვლოცეთ მამაო, იმედია არაფერი შეგვეშლება, უსაზღვრო მადლობა წინასწარ თუკი მცირე დროს გამონახავთ ჩვენთვის. მოგვიტევეთ.]
ღმერთმა დაგლოცოთ შვილო, ეს ცოდვა, ანუ ჩუკენობა, იგივე მრუშობაა, ფიქრით, წარმოსახვით და სხეულებრივადაც ხორციელდება ბოლოს. ამ ცოდვას ისევე მკაცრად უდგება ეკლესია, როგორც მრუშობის ცოდვას.
თანაც, დიდი ხნის ურთიერთობა როდესაც არის, და ადამიანები ვერ ახორციელებენ ამ სიყვარულს ხორციელად, ეს ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს, ადამიანები დეგრადაციას განიცდიან როგორც ხორციელად, ასევე სულიერად. ამიტომ ჯობია ოჯახი შეიქმნას დროულად, უფლის იმედად უნდა იყოთ და ფინანსურმა მდგომარეობამ არ უნდა დაგაბრკოლოთ, უნდა შეეცადოთ სამსახურები ნახოთ, უიმედობში არ უნდა ჩავარდეთ, არც სამსახურის ძებნისას არ უნდა იყოთ წუნიები, მშრომელ ადამიანს უფალი შეეწევა.
რაც შეეხება ოჯახის შექმნის მიზეზებს, იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს რომ, ოჯახის შექმნის ერთ–ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებაა. ადამიანი მრუშობაში რომ არ ჩავარდეს, იგი ქმნის ოჯახს სასურველ პარტნიორთან.
ფარულად ჯვრისწერას რაც შეეხება, ეს მართებულდ არ მიმაჩნია, რადგან, ოჯახის შექმინსას მშობლების ლოცვა-კურთხევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ნუ შეგაშინებთ ფინანსური პრობლემა, იშრომეთ და ოჯახი შექმენით. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. ასე გაგრძელება არ შეიძლება, როგორც თქვენი წერილიდანაც ჩანს, ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს თქვენს მდგომარეობას როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
[/DDET]

[DDET 4. მინდა ვიცოდე რამდენად შესაძლებელია ჯვრის აყრა, როდესაც ცოლქმარი ერთად აღარ ცხოვრობს მამაკაცი აპირებს მეორედ დაქორწინებას მაგრამ მეუღლე ხელს არ უწერს საპატრიარქოში აღებულ ფორმას თანხმობაზე, მეორე მეუღლის შერთვის დროს პირველი ქორწინება ანულირდება თუ არა, ან მეორე თუ იქნება კანონიერი იმის მიუხედავად რომ ხელი აქვთ მოწერილი?]
თუკი ადამიანებს შორის ურთიერთობა უკვე დასრულებულია, გაუგებარია რაღატომ აკავებენ? მითუმეტეს როდესაც ახალ ოჯახს ქმნის. ამ პროცესის ხელოვნურად შეკავება შეუძლებელია. მიეცით თავისუფლება და დაიწეროს ჯვარი მეორედ, რა საჭიროა ერთმანეთის გამწარება.
რაც შეეხება ჯვრის აყრის საქმეს, ეს ეპისკოპოსის გადასაწყვეტია და მას უნდა მიმართოთ.
[/DDET]

[DDET 5. დამლოცეთ მამაო. მე ერთი დიდი პრობლემა მაქვს, 2 თვეა გავიგე რომ ქმარმა მიღალატა, ამ ხნის განმავლობაში მთელი ძალით ვცდილობ შევძლო პატიება და ყოველივეს დავიწყება, მაგრამ არ გამომდის,ზიზღი მაქვს და ვერ დავძლიე, ამ საიტზე წავიკითხე შემდეგი: “საღმრთო კანონი ერთადერთ მიზეზს გვისახელებს, როცა ოჯახის დანგრევა შესაძლებელია. ეს არის ცოლის ან ქმრის მხრიდან ღალატის შემთხვევა”. მე ვხვდები რომ ამ ადამიანთან ცხოვრებით მხოლოდ ვიტანჯები და ყოველ წუთს ჩემდაუნებურად ამაზე ვფიქრობ და გული უკვე გაუსაძლისად მტკივა, მუდამ ვტირი, ვერ აღვიქვამ ამას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, გთხოვთ მითხრათ მას თუ გავეყრები ეს ცოდვად დამედება? უბრალოდ ასე ნერვოზი გამიჩდა და შეიძლება გავგიჟდე, ნუთუ ბავშვის გამო ვალდებული ვარ დავითმინო ეს ტკივილი? არა მგონია დრო იყოს მკურნალი. ცდით კი მაქსიმალურად ვეცადე. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ მოვიქცე. უღრმესი მადლობა წინასწარ.]
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
როდესაც ადამიანი ძალიან სერიოზული დილემის წინაშე დგას და ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს, უნდა დამშვიდდეს და იხელმძღვანელოს უფლის ნებით. არსებობს უფლის ნება და არსებობს ჩვენი, ანუ ადამიანის ნება, ადამიანის ნებით შესაძლოა ისარგებლოს ეშმაკმა და დამღუპველი არჩევანი გაგვაკეთებინოს.
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვირჩევს, როდესაც მძიმე პრობლემის წინაშე ვდგავართ, უნდა ვილოცოთ რომ უფალმა ჩვენს მოძღვარს გონება გაუნათოს, შემდეგ მივიდეთ ჩვენს მოძღვართან, ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა და რასაც გვირჩევს სწორედ ის იქნება უფლის ნება და უნდა მივენდოთ ამ რჩევას თუ გვსურს სულიერი სიმშვიდე.
ეშმაკი ხშირად უგებს ხაფანგს ადამიანებს, მას ოჯახების დანგრევა სურს. გახსოვდეთ : ” უ ფ ა ლ ი ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ს, ხოლო ეშმაკი განაშორებს და ყოფს.”
[/DDET]

[DDET 6. გამარჯობა, გთხოვთ, იქნება თქვენ დამეხმაროთ და მომცეთ რჩევა. ძალიან მძიმე განსაცდელში ვარ, ოჯახი 3 წელია შევქმენი და 2 წლის პატარა ბიჭი მყავს. ოჯახური თანაცხოვრება მეუღლესთან მარტივი არ გამოდგა, სამწუხაროდ, ხშირად მღალატობს. დაახლოებით ერთი წლის წინ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან, რომელიც ატყუებდა. ტყუილის გამოაშკარავების შემდეგ ჩემი მეუღლე მიხვდა შეცდომას და პატიება მთხოვა. მეც ვაპატიე… ახლა ისევ მსგავსი სიტუაცია განმეორდა, ამჯერად სხვა პიროვნებასთან და ვგრძნობ უკვე, რომ ძალას ვერ ვპოულობ პატიებისთვის. არადა, ჩემს შვილს რომ ვუყურებ, საშინლად განვიცდი, როცა წარმოვიდგენ, რომ უმამოდ მოუწევს გაზრდა, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ, ვიცხოვრო იმ ადამიანთან, რომელსაც ღალატი ასე ადვილად შეუძლია. მასხენდება რა გავიარე ერთი წლის წინ, რამდენი ცრემლი ვღვარე და როდესაც ვაპატიე, მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკან დარჩა. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, მე რომ გადავდგა ეს ნაბიჯი და ოჯახი დავანგრიო, ჩემი შვილი რას მეტყვის წლების შემდეგ, ან როგორი ფსიქიკით გაიზრდება, ან მეორე მხრივ, ვიცხოვრო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ხშირად მტკენს გულს და თავს შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს. მე არ მყავს მამა, ჩემი მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და მთელი ბავშვობა განვიცდიდი და ვნერვიულობდი ამას, ხშირად ვიტყუებოდი, რომ ასე არ იყო და ვოცნებობდი, ერთხელაც მოსულიყო მამა ჩვენთან და მოსიყვარულე ოჯახი ვყოფილიყავით… არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იგივე განიცადოს, რა გავაკეთო ამისთვის, როგორ მოვიქცე აღარ ვიცი. თან ჩემი ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს და იქ რომ წავიდე, ტვირთად დავაწვები ჩემებს და ესეც მაბრკოლებს. გთხოვთ, დამეხმაროთ რჩევით. რას ფიქრობს მოძღვარი და რას მეტყვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მყავს ჩემი მოძღვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, მასთან ვერ ვბედავ გულის გადაშლას…
დიდი მადლობა წინასწარ.]
ღმერთმა დაგლოცოთ. აუცილებლად უნდა დაძლიოთ წინააღმდეგობა და გულახდილად ესაუბროთ თქვენს მოძღვარს ამ თემის შესახებ. სულიერი მოძღვარი ღვთისაგან იმიტომ ეძლევა ადამიანს, რომ მან ყველაზე კარგად იცის თავისი სულიერი შვილის სულიერი მდგომარეობა. შესაბამისად, მას შეუძლია, ყველაზე კარგი რჩევა მოგცეთ. ღალატი კი ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვაა. ალბათ, თქვენი მეუღლე ეკლესიურად არ ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ გააკეთებდა და ცუდია, რომ ასე იქცევა.

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა მოწამეთა – გური, სამონ და აბიბოსი. მათ ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისათვის. მტკიცდება და ლაგდება ურთიერთობები მეუღლეებს შორის.
[/DDET]

[DDET 7. რელიგიურად დაუშვებელია ქორწინებამდე თანაცხოვრება. ეს ვიცი და მეც ვეთანხმები ამას, მაგრამ არის ბევრი ოჯახი, რომელიც ინგრევა ცოლქმრული შეუთანხმებლობის გამო, ალბათ, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ. მისვამენ ხოლმე კითხვას, რომელსაც ვერ ვპასუხობ: თუ ერთმანეთთან არ იქნებიან წინასწარ, როგორ გაიგებენ, ეწყობიან თუ არა ისინი ერთმანეთს? ოჯახის დანგრევაც ხომ ცოდვა არის? გთხოვთ, მიპასუხოთ. დიდი მადლობა წინასწარ.]
თუ ადამიანს რაიმე ფიზიკური ნაკლი არ აქვს (ეს საკითხი ცოლქმრობამდე უნდა იქნას გამჟღავნებული), თუ ქალსა და მამაკაცს შორის არის ის მინიმალური სიმპატია და ურთიერთგაგება, რაც ოჯახის შექმნისათვისაა საჭირო, სხვა ყველაფერი (პირადი, ინტიმური ურთიერთობების ჩათვლით) მათი სამომავლო ურთიერთობების ასპარეზია. ქმარი და ცოლი უნდა შეიქმნენ ერთხორცი და ეს დანიშნულებაა და არა მოცემულობა. ურთიერთდათმობის, მოთმინების, ზოგადად ქრისტიანული საზომით პიროვნული განვითარების პირობებში ეს საკითხებიც თავის ნორმალურ სახეს ღებულობს. ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცოლქმრული ურთიერთობები სიბილწე და ცოდვა არ არის (პათოლოგიების გარდა), არამედ მათი შვილიერებისა და ერთხორცად გახდომის საშუალება, ან ფორმაა. (მღვდელი გიორგი წეროძე)
[/DDET]

[DDET 8. დამლოცეთ მამაო… მე სულიერი მოძღვარი მყავს, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე მასთან საუბარი, თან ძალიან მიჭირს პირისპირ, რადგან ასე მგონია, რომ ჩემი მოძღვარი არ მოელის ჩემგან ასეთ ქცევას… საქმე იმაშია, რომ ერთი ადამიანი შემიყვარდა, ის არ ცხოვრობს ათი მცნების დაცვით, იპარავს… მპირდება, ცოტა ხანი და აღარ ვიზამ ამასო და მართლა გულით ვგრძნობ, რომ აღარ უნდა ეგეთი ცხოვრება. მე კიდევ ძალიან მინდა ეკლესიაში მივიყვანო და ნორმალური ცხოვრებით ვაცხოვრო. რას მირჩევთ, გავაგრძელო ასეთ ადამიანთან ურთიერთობა? ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პასუხი ჩემთვის. ამ თემაზე ჩემს მოძღვარს აუცილებლად დაველაპარაკები. იქნებ მირჩიოთ.]
მე გირჩევთ, ასეთ ადამინთან ოჯახის შექმნაზე ნუ იფიქრებთ. ცოდვის გამოსწორებაში კი დაეხმარეთ. (მღვდელი გიორგი წეროძე)
[/DDET]

[DDET 9. გთხოვთ, მიპასუხოთ და მირჩიოთ… მიყვარს ადამიანი, რომელიც, გავიგე, რომ მეკუთვნის ნათესავად… პაპაჩემის ყოფილი ცოლის ბიძაშვილის შვილია… რა ვქნა, რას მირჩევთ? ცხოვრება თავზე გვენგრევა.]
საპატრიარქოში მეორე სართულზე, არის გამოკრული სქემა, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ ნათესაურ კავშირს. (მამა ლევან (კუტივაძე) – ტაბახმელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 10. დამლოცეთ, მამაო. თუ შეიძლება მიპასუხეთ, როგორ უნდა გავიგო ადამიანი, რომელთანაც ოჯახი შევქმენი ღვთის რჩეულია? წინასწარ ამას როგორ უნდა მივხვდე, თუ ეს შეუძლებელია?]
ღმერთმა დაგლოცოს. რა თქმა უნდა, სიყვარულით. თუ გიყვარს, ე. ი. ღვთის რჩეულია. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
[/DDET]

[DDET 11. გამარჯობა, მამაო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საიტი იმის საშუალებას იძლევა, რომ დაუფარავად ვთქვათ ხმამაღლა ყველაფერი. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მთლად ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ შეძლებისდაგვარად დავდივარ ტაძარში, ვაბარებ აღსარებას და ვესწრები წირვას. თუმცა როცა ძალიან მიჭირს, მხოლოდ მაშინ მივდივარ ტაძარში და ღმერთს დახმარებას ვთხოვ. ვიცი, რომ მხოლოდ გასაჭირში არ უნდა გვახსოვდეს ჩვენი სულიერი მოძღვარი და უფალი, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატან. ხშირად დამიგეგმავს, რომ დილით ავდგე, წავიდე ტაძარში, თუმცა ყოველთვის რაღაც გამოჩნდება, რაც ხელს მიშლის, ან ცუდად ვხდები ხოლმე. ჩემი მეუღლე არ არის მორწმუნე. რწმენით როგორ არ სწამს, მაგრამ აღსარებაზე ვერ მივიყვანე ვერანაირად. ძალიან ხშირად სვამს. როცა მომიყვანა მაშინ გავიგე, რომ წამალსაც იკეთებდა. უკვე გვიან იყო და ოჯახის დანგრევას ისევ მასთან დარჩენა და დახმარება ვამჯობინე. ვიცი, ეკლესია უშველის, მაგრამ ვერანაირად მიმყავს იქამდე. ამჟამად აღარ იკეთებს წამალს, მაგრამ მაინც მაქვს შიში და ეჭვი. ბედნიერი ცხოვრების გარანტია არ გამაჩნია მის ხელში. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, მამაო. წინასწარ გიხდით მადლობას.]
ოჯახი თუ გატაცებით არ შედგა, თუ ნებაყოფლობით არის შექმნილი, დიდი ძალა აქვს, მაგრამ დღევანდელ ყოფით ცხოვრებაში ამას არც ეკლესია აქცევს ყურადღებას და არც საზოგადოება. მაგალითად, შაბათს ჯვრისწერა არ შეიძლება, რადგან ყოველი შაბათი არის მიცვალებულთა დღე. შაბათს შესრულებული ჯვრისწერა არ იქნება მყარი. ამას არ აქცევენ ყურადღებას. “ვინც სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდეს”, ამიტომ თქვენ უნდა ამოუდგეთ მხარში თქვენს მეუღლეს, უნდა დაითმინოთ, შეუწყოთ ხელი, რათა გამოსწორდეს. ადამიანი, რომელიც ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, მიდის თვითმკვლელობისკენ, რაც დიდი ცოდვაა, ამიტომ იგი თავისთავად ღმერთის უარყოფაშიც ვარდება. დაღუპვა კი არ გახლავთ პრობლემა, არამედ გამოსწორება. თქვენ თუ შეძლებთ მის ფეხზე დაყენებას, დიდი მადლს მოიპოვებთ, მაგრამ თუ ამაო იქნება მცდელობა და თავადაც გავნებთ, მაშინ სჯობს შეეშვათ ერთმანეთს, რადგან “ბრმა ბრმის წინამძღვრად ვერ გამოდგება”. უმჯობესია მიხვიდეთ მოძღვართან, რომ დაგაყენოთ სწორ გზაზე. თუ გნებავთ, ჩემთან მობრძანდით. *
[/DDET]

[DDET 12. დამლოცეთ, მამაო! მყავს შეყვარებული, რომელიც არ არის ეკლესიური და შესაბამისად, ისეთი ცხოვრება აქვს, რომ ჩემ ირგვლივ ახლობლებს, მეგობრებს, არავის მოსწონს. ბევრს სვამს, არ სწავლობს, არ მუშაობს და სულ გართობაზე ფიქრობს. არაფერი გამომდის, რომ გამოვასწორო, თანაც ხშირად მატყუებს … ნდობაც დაკარგული მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს და არ მინდა განშორება. მეცოდება, რომ ცოდვებშია ჩაფლული და ვერ ხვდება. სულ თავს იმართლებს, რაც არ უნდა ვუთხრა, მპირდება ბევრს, მაგრამ საბოლოოდ არაფერს ასრულებს. რა გავაკეთო არ ვიცი, მინდა, რომ მორწმუნე გახდეს და ცხონდეს, ძალიან მიყვარს, არ მსურს დაიღუპოს… გთხოვთ მირჩიეთ, რა გავაკეთო?… ჩემი მშობლები მასთან შეუღლების ნებას არ მაძლევენ, ან საერთოდ ღირს კი ასეთ ადამიანთან ცხოვრება? რამდენად სახიფათოა ჩემი სულისთვის მასთან კავშირი? მადლობა წინასწარ.]
ერთი უნდა გიყვარდეს – ღმერთი ზეცაში და ღვთით უნდა შედგეს ყველა ოჯახი. ოჯახი უნდა შეიქმნას, პირველ რიგში, მშობლების თანხმობით, მათი ლოცვა-კურთხევით, ზეაღმატებული პატივისცემით, ურთიერთგაგებით, წინდობით, ნიშნობით, შემდეგ ხდება ქორწილი და შეუღლება. ადამიანი, რომელიც თავს ვერ გადაირჩენს, სხვას როგორ გადაარჩენს?! მორწმუნე შეიყვარე. მშობლებს დაუჯერე. ღმერთმა დაგლოცოს! *
[/DDET]

[DDET 13. მოგესალმებით გერმანიიდან. თქვენი დახმარების იმედი მაქვს. წელს დავოჯახდი, ქორწინების სახლში უკვე ხელი მოვაწერეთ. ჩემი მეუღლე კათოლიკეა, დედა მართლმადიდებელი ჰყავდა, მაგრამ თავად კათოლიკედაა მონათლული. ამ წუთას დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. ჩემი მეუღლე ამბობს, ჯვარი უნდა დავიწეროთ კათოლიკურად, რადგან თავად მამაკაცია, მე კი, რა თქმა უნდა, ეს არ მსურს. თავიდან ვეცადეთ, რომ კომუნალური (შერეული) ჯვრისწერა გაგვეკეთებინა, მაგრამ მამაომ უარი თქვა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან: შეიძლება ორივე ცერემონიის ჩატარება? კათოლიკური – აქ, გერმანიაში და მართლმადიდებლური – საქართველოში? თუ ეს დიდი ცოდვაა? თქვენი დახმარების იმედი მაქვს. უღრმესი მადლობა წინასწარ. პატივისცემით ნათია.]
არა, არ შეიძლება მართლმადიდებელიც იყო და მართლმადიდებლობის უარმყოფელიც (კათოლიკე). (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
[/DDET]

[DDET 14. სავალდებულოა თუ არა, ჯვრის აყრის შემთხვევაში, ორივე მხარის დასწრება (ცოლის, ქმრის)?]
დიახ, სავალდებულოა ორივე მხარის დასწრება. (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
[/DDET]

[DDET 15. დამლოცეთ, მამაო. გთხოვთ მიპასუხეთ, რატომ არ შეიძლება ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება, ჯვრისწერა? საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე საეკლესიო პირის მიერ დაწერილიც წავიკითხე, სადაც ამბობს, რომ ასეთი ქორწინება არაა აკრძალული. მოგეხსენებათ, ეს ყოველივე საკმაოდ დამაბნეველია! გთხოვთ მიპასუხოთ ამომწურავად და მომცეთ რჩევა, ვისთან შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრო პირადად, ვინ არის ამ საკითხში ყველაზე მეტად კომპეტენტური და არის თუ არა შანსი იმისა, რომ დავიწერო ასეთ ადამიანთან ჯვარი, რადგან მსურს მასთან ლამაზი, ქართული, მართლმადიდებლური ოჯახის შექმნა და ამავდროულად, არ მსურს, რომ ჯვარდაუწერელი ოჯახი მქონდეს!]
ერთი ბავშვის ნათლიები – მამაკაცი და ქალბატონი ითვლებიან ერთმანეთისთვის და-ძმად. ამდენად, მათ შორის ხორციელი კავშირი დაუშვებელია. უფრო ზუსტი პასუხისთვის მიმართეთ საპატრიარქოს, პატრიარქის ქორეპისკოპოსს მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 16. გამარჯობა, მამაო. ჩემს ახლობელ გოგოს შეუყვარდა აზერბარჯანელი ბიჭი. ერთმანეთი უყვართ და მოსწონთ. შეიძლება თუ არა მათ შორის ქორწინება? მე ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ თქვენგან მინდა გავიგო სწორი შეხედულება და პასუხი ამ საკითხისადმი. წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთმა კარგად და ჯანმრთელად გამყოფოთ.]
არ შეიძლება , რადგან სხვადასხვა სარწმუნოების არიან და დიდი ცოდვაა. უნდა მოიქცნენ ერთ რჯულზე. მაშინ უნდა მოინათლოს, ქრისტიანი გახდეს და მერე შეიძლება. (ნახალოვკის ივერიის ღვთიმშობლის სახელობის ტაძრის სქემარქიმანდრიტი გრიგოლი აბაშიძე).

[/DDET]

[DDET 17. დამლოცეთ, მამაო. 12 წლის წინ მყავდა შეყვარებული. ერთხელ ერთ-ერთ ეკლესიაში ვიყავით და მითხრა, მამაოს ვთხოვ, რომ დაგვლოცოსო და მართლაც, დაგვლოცა, რაღაც ლოცვა წაიკითხა (რაც არ მახსოვს) და ჩვენი სახელებიც ახსენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საუბრისას ჩემმა შეყვარებულმა ხუმრობით მითხრა: ჩვენ ხომ მაშინ ჯვარი დავიწერეთო. მე ამ ხუმრობაზე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა რატომღაც დამაფიქრა ამ ფაქტმა. როგორც გაირკვა, ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემამდე 4-ჯერ იყო ქორწინებაში. ჩვენ დავშორდით 12 წლის წინ. დაახლოებით სამი წელია, რაც გავიგე, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა. ამიტომ ვეღარ გავარკვევ, მან ჯვრისწერასთან დაკავშირებით იხუმრა, თუ ჩემი ნებართვის გარეშე შეუთანხმდა მოძღვარს. მაინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ეს ჯვრისწერა, თუ მოძღვარს ამ დალოცვის პროცესში ჩემთვის არაფერი უკითხავს, არც მოწმეები გვყოლია და არც ბეჭდები გაგვიცვლია… გმადლობთ ყურადღებისთვის.]
შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ეს ჯვრისწერა არ არის. ჯვრისწერისას ორი სიყვარულით აღსავსე ადამიანი თავის სარწმუნოებას, თავის გულს, სიყვარულს, მომავალს ერთმანეთს უკავშირებს, რაც ეკლესიურად გარკვეული რიტუალით ტარდება. ქორწინება, რა თქმა უნდა, ღვთისგან კურთხეულია. ასე რომ, შეიძლება დაგლოცათ, მაგრამ არავითარი ჯვრისწერა არ ჩაუტარებია. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
[/DDET]

[DDET 18. დამლოცეთ, მამაო. შეიძლება თუ არა, ჯვარი დავიწერო დეიდაშვილის მოგვარეზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოვიკითხეთ და ამ ორ გვარს შორის ვერანაირი ნათესაური კავშირი ვერ აღმოვაჩინეთ წინაპრებშიც კი. მაინც ძალიან მაწუხებს აღნიშნული ფაქტი. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას პასუხისათვის.]
დღეს ბევრი იცვლის გვარს, ამიტომ თუ მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ ერთმანეთში, შეიძლება ჯვრის დაწერა. *
[/DDET]

[DDET 19. დამლოცეთ, მამაო! უკვე 15 წელია, დაშორებული ვარ პირველ მეუღლეს. შევქმენი მეორე ოჯახი, მაგრამ პირველ ქმართან არ ვარ განქორწინებული. გადავწყვიტე ჯვრის აყრა, მაგრამ ველოდები ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას. მაინტერესებს, ჩემს ყოფილ მეუღლეს აქვს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ, მიუხედავად იმისა, მე ჯვარი ჯერ არ მაქვს აყრილი, დაიწეროს ჯვარი თავის მეუღლესთან, ანუ ეშლება თუ არა ხელი ჩემ მიერ?]
ჯვრისწერა არის ერთ-ერთი საიდუმლო შვიდ საიდუმლოთაგან, რომელსაც ეკლესია ცნობს. ჯვრის აყრა – ასეთი საიდუმლო არ არსებობს. თუ დიდი დროა გასული, თქვენს ყოფილ მეუღლეს შეუძლია დაიწეროს ჯვარი. ხელი არანაირად ეშლება. *
[/DDET]

[DDET 20. მაინტერესებს, განქორწინების შემთხვევაში, როდესაც ეპისკოპოსის მიერ არ არის კურთხევა ჯვრის აყრაზე და ქალი გათხოვდა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, რა ელის კაცს ან ქალს?]
რაიმე სულიერი სასჯელი არ ელის არც კაცს, არც – ქალს. ზოგი ადამიანი მოდას არის აყოლილი და ჯვარს იმიტომ იწერს. უნდა ვიცხოვროთ ეკლესიურად და ჯვრისწერასაც მაშინ ექნება აზრი. *
[/DDET]

[DDET 21. გამარჯობა, მამაო. მაინტერესებს, თუ შეიძლება ჯვარდაწერილი ბეჭდის გადადნობა, ახლის გაკეთება და სიძისთვის მიცემა? გმადლობთ.]
ჯვარდაწერილი ბეჭდის გადადნობა და სხვისთვის მიცემა არ შეიძლება. ის ვისაც ეკუთვნის, იმას უნდა ჰქონდეს ბოლომდე. *
[/DDET]

[DDET 22. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ჩემი ნათლია იყოს აგრეთვე ჩემი მეჯვარე?]
შეძლებით შეიძლება, მაგრამ რეკომენდებული არ არის მაინც. ხალხის მეტი რა არის, რომ მაინცდამაინც ნათლია იყოს მეჯვარე?! *
[/DDET]

[DDET 23. დამლოცეთ, მამაო! თუ შეიძლება ერთი გვარის წყვილთა ქორწინება და სად გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა ნათესაური კავშირი?]
საერთოდ, ერთი კაცის შვილებიც რომ იყვნენ, ერთი წინაპარი რომ ჰყავდეთ და ხუთი თაობა გავიდეს, მეექვსეზე შეიძლება ქორწინება. მაგრამ გოგოს, ან ბიჭს არ გაქვთ ამის პრობლემა? ეს თქვენი გადასაწყვეტია. თქვენს გენეალოგიაში ჩაიხედეთ და გაარკვიეთ. ხუთი თაობის შემდეგ შეიძლება, მაგრამ ცოტა უხერხულია ეროვნულობიდან გამომდინარე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 24. გამარჯობა. მაინტერესებს თქვენი აზრი… დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე ყველა ქართული ტრადიციის თანახმად, მხოლოდ ერთი რამ ვერ შევასრულე – ჯვრისწერა და ამაზე ძალიან მტკივა გული, რადგან მე ქრისტიანული რელიგიით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე კი მუსლიმანია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, იდეალური ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ჩემი მეუღლე არ ინათლება. რა ვქნა,როგორ მოვიქცე?]
ჯვრისწერით იწყება ყველაფერი, ამიტომ მანამდე უნდა დაფიქრებულიყავით. თუ მონათლავთ, თქვენთვისვე იქნება კარგი. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 25. გთხოვთ მიპასუხოთ. თუ შეიძლება ერთი და იგივე გვარის ახალგაზრდების დაქორწინება, თუ ისინი სხვადასხვა შტოდან არიან და არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ?]
თუ არანაირი კავშირი არ აქვთ, შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, მაინც არ იქორწინოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 26. მამაო, ჯვრის აყრას არ დავსწრებივარ, რადგან საპატრიარქოდან მოტანილ ბლანკს ხელი რომ მოვაწერე, მეუღლემ ერთ საათში დამირეკა და მაცნობა, ჯვარი აყრილი გვაქვსო. მეორე დღეს საპატრიარქოში რომ მივედი, მითხრეს, არ იყო აუცილებელი ჯვრის აყრას შენ დასწრებოდიო. ვიცი, რომ მას იქ ჰყავდა ნაცნობი, რომელმაც მოახერხა ერთ საათში ჯვრის აყრა. სად გავიგო, მაქვს თუ არა აყრილი ჯვარი?]
იგივე საპატრიარქოში მიბრძანდით და ვინც აგყარათ ჯვარი, იმას კითხეთ. ისე, ჯვრის აყრა დაუსწრებლად შესაძლებელია. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 27. შეიძლება თუ არა, რომ ჯვარი დავიწერო ჩემი ძმისშვილის ნათლიაზე?]
ქრისტიანული მცნებებით ეს არ შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 28. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვიმყოფებით საბერძნეთში, გადავწყვიტეთ ჯვრის აყრა, რადგან ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლება. ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი. შესაძლებელია თუ არა ჯვრის აყრა საბერძნეთში (კერძოდ ათენში)? აქ ხომ არსებობს ქართული ეკლესია?! ძალიან გთხოვთ მირჩიოთ, რა ვქნა?]
ჯვრის აყრა არის მღვდელმთავრის კომპეტენცია. მღვდელმთავარს ან ქორეპისკოპოსს მიაკითხეთ, ის დაგიბარებთ, ორივე მხარეს გაესაუბრება და იქიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, უმჯობესია ერთმაც და მეორემაც იზრუნოთ ოჯახის შენარჩუნებაზე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 29. შეიძლება თუ არა ჯვარი დაიწერონ (დაქორწინდნენ) ქალმა და მამაკაცმა, თუ მამაკაცი არის ქალის დეიდის ქმრის ბიძაშვილის შვილი? ხომ არ ითვლებიან ისინი ნათესავებად? გმადლობთ.]
მე, მაგალითად, არ მიმაჩნია სწორად. თუ ნათესავად მიიჩნევ, თუნდაც შორეულად, რატომ უნდა მოიყვანო ცოლად ?! მგონი ცოტა უხერხული მომენტია. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 30. დასაშვებია თუ არა ქორწინება გოგოსა და ბიჭს შორის, თუ გოგოს დედა და ბიჭის ბებია (დედის დედა) მოგვარეები არიან? შენიშვნა: ბიჭის ბებია რომელ რაიონშიც ცხოვრობს, იმ რაიონიდან წარმოიშვა გოგოს დედის გვარი. ოღონდ დიდი ხნის გადმოსახლებულები არიან ამ რაიონიდან, ნათესაობას არც კი იცნობენ.]
ცნობა, არ ცნობა მთავარი არაა. დასადგენია, არიან თუ არა სისხლით ნათესავები, თუ არ არიან – შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 31. ვარ პირველ მეუღლესთან ოფიციალურად გაყრილი, მაგრამ ჯვარი არ ამიყრია. ახლა ვცხოვრობ საზღვარგარეთ მეორე მეუღლესთან ერთად. გვყავს ორი შვილი, ბავშვების მონათვლა გვინდა და თავს ვიკავებთ, რადგან ჯვარდაწერილები არ ვართ. გთხოვთ, ამიხსნათ, თუ შეიძლება აქედან როგორმე ავიყარო ჯვარი ყოფილ მეუღლესთან. საქართველოში ჩამოსვლა არ შემიძლია. ითვლება თუ არა ჯვრისწერა ბათილად, თუ ყოფილი მეუღლე იაღოველია?]
რაც შეეხება შვილების ნათლობას, არანაირი პრობლემა არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, მშობლები ჯვარდაწერილები არიან თუ არა, ბავშვი დამოუკიდებელი ადამიანია და მასზე ნათლობის საიდუმლო აუცილებლად უნდა შესრულდეს. ხოლო ჯვრისწერასთან დაკავშირებით გეტყვით, მისი გაუქმება შეუძლებელია, უბრალოდ, ადამიანს საშუალება და უფლება ეძლევა იმისა, რომ მეორედ იქორწინოს. თუ ორივე მხარე თანახმაა, დაუკავშირდით საპატრიარქოს ორგანოს, რომელიც ამ საკითხებს კურირებს და ყველაფერში გაგარკვევენ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 32. ერთი ცნობილი ადამიანის ნათქვამიდან ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: “ღმერთო, რატომ ხვდებიან და უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი, თუ მათ ერთად ყოფნა არ უწერიათო”, გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? და მეორე, შესაბამისად, დავუკავშირე ეს ფრაზა ჩვენს ყოველდღიურ რეალობას, ვგულისხმობ წყვილებს, რომლებსაც ცალ-ცალკე ოჯახები აქვთ, მაგრამ ძველ გრძნობას ერთმანეთის მიმართ ვერ ივიწყებენ. ამ დროს, ხომ არ გამოდის, რომ ისინი არ არიან გულწრფელნი მეუღლეების მიმართ (თუნდაც ამას შეგნებულად არ აკეთებდნენ და იციან, რომ ამ ქმედებას გამართლება არ აქვს)? ეს თვალთმაქცობაა? ღირს ასეთი ცოლქმრული თანაცხოვრება?]
მართლმადიდებლობაში ასეთი რამ არ ხდება, მიუღებელია. თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს ცხოვრების ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახები ინგრევა. როგორ იქნება ადამიანი გულწრფელი მეუღლის მიმართ, თუ გონებით ღალატობს? ე.ი. არ არის ეს ჭეშმარიტი, ქრისტიანული ოჯახი. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 33. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, ბიჭმა რა ასაკში უნდა შექმნას ოჯახი? ერთი მეგობარი მყავს,რომელიც 30 წლისაა და ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა. ამბობს,რომ კაცმა თუ 30 წლამდე არ შექმნა ოჯახი, ის მონასტრის გზას უნდა დაადგეს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას?]
ადამიანმა უნდა იცხოვროს ეკლესიურად და აღასრულებდეს თავისი სულიერი მამის მორჩილებას და ყველაფერი ეს უნდა მიიღოს ცხოვრების წესად. ამის შემდეგ გამოჩნდება უფლის ნება (სულიერი მოძღვრის კურთხევით), მან ოჯახი უნდა შექმნას, თუ მონასტერში წავიდეს. ასაკს აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 34. მაინტერესებს, თუ ადამიანი ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებს, რამდენად სწორია, რომ ის დაქორწინდეს სხვა პიროვნებაზე? ოჯახი ხომ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს?]
რა თქმა უნდა, ოჯახი სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. იქნება კი მყარი ასეთი ოჯახი, იყო ერთთან და მეორეზე ფიქრობდე?! ოჯახი მარტო სიყვარული არ არის – ვალდებულება და მოვალეობაა. ამიტომაც არსებობს ოჯახის დანგრევის მაგალითები, როდესაც აცნობიერებენ, რომ ვალდებულებები და მოვალეობები აქვთ, მათ კი არ სურთ ამის შესრულება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 35. მამაო, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. ადრე მყავდა შეყვარებული, რომელიც მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. ერთ დღეს უნივერსიტეტთან დამხვდა და გამომიცხადა, რომ ჩემი ცოლად მოყვანა არ შეეძლო, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელება სურდა. მე უარი ვუთხარი და დავშორდით. მას მერე ბევრი დრო გავიდა, აღარ შევხვედრილვართ, მაგრამ მის მიმართ საოცარ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ. თუ რაიმე მიჭირს, ფიქრში ვეკითხები და რასაც მისი ხმა მეუბნება, ყოველთვის მართლდება. როგორც კი სხვაზე ფიქრს ვიწყებ, ისევ ის მახსენდება. ვერ ვწყვეტ ოჯახის შექმნას. მაგრამ მარტო დარჩანაც არ მინდა. თუ შეიძლება, უსიყვარულოდ სხვას გავყვე, რომ შვილი მყავდეს? იქნებ შეცდომას ვუშვებ?]
ეს ისეთი საკითხია, მამაოს პირისპირ უნდა ესაუბროთ, რომ სრულად წარმოჩინდეს თქვენი პრობლემა. ზოგადად, თუკი ადამიანს ვინმეს ცოლად მოყვანა არ უნდა, ე.ი. რისთვის სჭირდება? უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა რას ნიშნავს? გააჩინო ბავში და შემდეგ გაშორდე? (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
[/DDET]

[DDET 36. მამაო, თუ შეიძლება დაბადების დღეზე ჯვრის დაწერა?]
შეიძლება. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
[/DDET]

[DDET 37. შეიძლება თუ არა ცოლად გავყვე იმ ადამიანს, რომელიც ჩემი ნათლიის მოგვარეა?]
შეიძლება. თუ სისხლისმიერი ნათესაობა, ან რამე ნათესაური კავშირი არ არის დადგენილი მეშვიდე მუხლამდე, გვარს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 38. მართლმადიდებელი გოგო უყვარს სომეხ გრეგორიანელ ბიჭს. თუ მისცემენ ბიჭს კურთხევას, გადანათვლის გარეშე ჯვარი დაიწეროს მართლმადიდებლურად?]
ეროვნება არ განსაზღვრავს რწმენას. რწმენას განსაზღვრავს ის, თუ რომელ მიმდინარეობას, რომელ კონფესიას მიჰყვება ადამიანი. სჯულის კანონით, ყველა ადამიანი, ვინც ჯვარს იწერს, უნდა იყოს მართლმადიდებელი აუცილებლად, ამიტომ სავალდებულოა, მოინათლოს ეს პიროვნება და შემდეგ დაიწერონ ჯვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მიეცემათ კურთხევა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 39. მამაო, ჩემმა დედამთილმა, რომელსაც მეუღლე 30 წლის ასაკში დაეღუპა, მომცა თავისი ჯვარნაწერი ბეჭედი და მაინტერესებს, ცუდი ხომ არ არის მას რომ ვატარებ? შეიძლება ამ ბეჭდით დავიწერო ჯვარი?]
თუ გული დამძიმებული გაქვთ ამის გამო, შეგიძლიათ მიიტანოთ ეკლესიაში, აკურთხებინოთ თქვენს სახელზე და შემდეგ ატაროთ თავისუფლად. შესაბამისად, შეგიძლიათ ჯვარიც დაიწეროთ ამ ბეჭდით. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 40. 13 წლის წინ შევქმენი ოჯახი, ჯვარი დავიწერეთ, სამწუხაროდ, ჩვენი ქორწინება დაინგრა 2 წელიწადში. ჩემი მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი აღმოჩნდა და ძალიან ცუდ დღეში გვაგდებდა მე და ჩემს შვილებს, ამის გამო ოჯახიდან წამოვედი, მშობლებმა გვიპატრონეს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, შარშან შემიყვარდა კაცი, რომელიც კეთილშობილი დ მზრუნველია, ჩემს შვილს უწევს მამობას. უკვე ერთი წელია შევქმენით ოჯახი და გვინდა ჯვარი დავიწეროთ, მაგრამ ჩემი ყოფილი ქმარი საქართველოში არ იმყოფება. თუ შეგიძლიათ მითხრათ, როგორ უნდა მოხდეს ჯვრის აყრა, როდესაც მხოლოდ მე ვარ საქართველოში?]
უნდა მიბრძანდეთ თქვენს მოძღვართან, უნდა დაურეკოთ იმ პიროვნებას, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და თუ ის განაცხადებს სიტყვიერ თანხმობას, ამას მოძღვარი მოისმენს და ჩაწერს განაცხადში, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას საპატრიარქოში. ამის შემდეგ, ჯვრის აყრა მოხდება პრობლემის გარეშე. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 41. ჯვრის აყრა შესაძლებელია თუ არა იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მეუღლე არ იმყოფება საქართველოში (იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის გამო), იძლევა თანხმობას, მაგრამ ვერ ვადასტურებ ამას. ვიმყოფები სამოქალაქო ქორწინებაში უკვე 3 წელია და ვერ ვიწერ ჯვარს ამ მიზეზით. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?]
უნდა მიბრძანდეთ თქვენს მოძღვართან, უნდა დაურეკოთ იმ პიროვნებას, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და თუ ის განაცხადებს სიტყვიერ თანხმობას, ამას მოძღვარი მოისმენს და ჩაწერს განაცხადში, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას საპატრიარქოში. ამის შემდეგ, ჯვრის აყრა მოხდება პრობლემის გარეშე. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 42. მამაო, არ შეიძლება ერთი ბავშვის ნათლიების დაქორწინება? არ არსებობს გამოსავალი?]
არ შეიძლება და არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ნათლიები ხდებიან სულიერი მშობლები და როცა ნათლია ნათლიას უკავშირდება, როგორც ცოლ-ქმარი, ეს ყოვლად დაუშვებელია. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 43. მამაო, ერთი დიდი პრობლემა მაქვს. ვარ 20 წლის. მე და ჩემმა მეუღლემ ერთი წლის წინ ჩუმად დავიწერეთ ჯვარი, თუმცა ჩემი მხრიდან ბებიამ იცოდა ყველაფერი. ჩვენ ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ დღემდე ოჯახი არ შეგვიქმნია. ჯვრის დაწერამდე გვქონდა ურთიერთობა და ამის გამო გადავწყვიტეთ შეუღლება. ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციულია და ეს რომ გამიგონ, არ მაპატიებენ. ოჯახს ვერ ვქმნით უსახსრობის გამო. ჩემი მეუღლე ძალიან მშრომელია,რაც სკოლა დავამთავრეთ, მას მერე მუშაობს. სახლში ჰყავს მამინაცვალი,რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა და ამიტომ არ სურს, რომ მასთან ერთად მაცხოვროს. მე კიდევ ასე ყოფნა აღარ შემიძლია. ამის გამო ჯანმრთელობა საშინელ მდგომარეობაში მაქვს. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, მოუთმენლად გელოდებით.]
რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ასე ცხოვრობთ და არ გაქვთ პირობები. უფალი მოწყალეა და მას უნდა, რომ ადამიანებში სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული. მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ და ერთმანეთს არ ღალატობდეთ. იმედი მაქვს, რომ შეეცდებით, იშრომებთ და ბინასაც შეიძენთ, რათა შეძლოთ ერთად ცხოვრება. ჯვრისწერამდე ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჯობს, ჯვრისწერის შემდგომ, მაგრამ თუ ეს მოხდა და წარსულს მიეკუთვნება, ამისთვის არსებობს მოძღვარი, რომ მიხვიდეთ და შენდობა ითხოვოთ ღვთის წინაშე. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 44. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ნათლისღების დღეს, 19 იანვარს ჯვრისწერა?]
შობის მარხვის 7 იანვრის შემდგომ ხსნილია, მაგრამ შობიდან 19 იანვრამდე, ანუ ნათლისღებამდე არის მსგეფსი. ამ პერიოდში სხვა ტაძრები არ წერენ ჯვარს, მაგრამ სამების ტაძარში ვინც ვმსახურობთ, პატრიარქის კურთხევით, ვასრულებთ ჯვრისწერის რიტუალს 19-შიც და სხვა დღეებშიც. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 45. შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრის დაწერა? მაგალითად, 17 დეკემბერს?]
სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვანაირი წესი აქვთ. რადგან 7 იანვრამდე მარხვა არის, ჩვენთან არ ვწერთ ჯვარს. მაგ.: საბერძნეთის ეკლესიაში მხოლოდ დიდ მარხვაში არ იწერება ჯვარი. თუმცა ჩვენთან ყოფილა შემთხვევები, რომ საზღვარგარეთ წასულან და კურთხევა აუღიათ. როდესაც იქიდან ვიღებთ კურთხევას საბუთის სახით, მაშინ მარხვაშიც ვწერთ ჯვარს. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 46. ვარ მართლმადიდებელი. ჩემი შეყვარებული კათოლიკეა. ნებას დაგვრთავენ, რომ ჯვარი დავიწეროთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში?]
თუ ჯვრის დაწერა გინდათ, ის ადამიანი, რომელიც კათოლიკეა, უნდა გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. სხვა შემთხვევაში საქართველოს ეკლესიებში ვერ დაიწერთ ჯვარს. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 47. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა წყვილმა მეჯვარეების გარეშე დაიწეროს ჯვარი და მათი სახელი უბრალოდ მიეთითოს ჯვრისწერის მოწმობაში?]
არ შეიძლება, რადგან მოწმეების, ანუ მეჯვარეების დასწრება აუცილებელია. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 48. მაინტერესებს, ნათლიაჩემის დის შვილთან თუ შემიძლია ქორწინება?]
იგი ნათესავად არ გერგებათ, მაგრამ უმჯობესია, ასეთი საკითხები გაარკვიოთ საპატრიარქოში ქორეპისკოპოსთან. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
[/DDET]

[DDET 49. შეიძლება მეჯვარედ წავიყვანო ისეთი ადამიანი, რომლის მამის ნათლიაა ჩემი მეუღლის ბაბუა? ]
მისი მეჯვარედ წაყვანა შეიძლება. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]

[DDET 50. ხუთი წელია გვიყვარს ერთმანეთი და გვაბრკოლებს ის, რომ ჩემი დის ქმრის მოგვარეა მხოლოდ, არც კი იცნობენ ერთმანეთს. შეიძლება თუ არა ჯვრის დაწერა, ქორწინება?]
თუ დის ქმრის მოგვარეა მხოლოდ და არანაირი სისხლისმიერი ნათესაობა არ არსებობს მათ შორის, მაშინ პრობლემა არ არის, შეიძლება ჯვრისწერა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 51. ჩემი მეზობელი დაქორწინდა, მაგრამ მეჯვარემ ვერ მოახერხა ჩამოსვლა და მისმა დამ გაუწია მეჯვარეობა, თუმცა მოწმობაში იმ გოგოს სახელი და გვარი ჩაიწერა. ითვლებიან ჯვარდაწერილებად?]
ჯვარდაწერილებად ითვლებიან, ხოლო მეჯვარე არის და, ვინც ჯვრისწერაზე იდგა პატარძლის გვერდით. საერთოდ, სხვისი სახელისა და გვარის ჩაწერა არასწორია. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 52. ოთხი წელია ვცხოვრობ ადამიანთან ერთად, რომელსაც ჩემამდე ჰყავდა ცოლი და მასთან ჯვარი აქვს დაწერილი დღემდე. მინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს შეეფერებათ. თუმცა არ ვიცი, სწორი არის თუ არა ჩემი მხრიდან მოთხოვნა ჯვრის აყრისა. თვითონაც ძალიან განიცდის ამ ამბავს. ვხვდებით, რომ ძალიან დიდ ცოდვას ჩავდივართ. ეკლესიაში ვერ მივდივარ, მეშინია მამაოსთან საუბრის. იქნებ დაგვაკვალიანოთ.]
ზოგადად, ჯვარდაუწერელი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის არის მრუშობა და დიდი ცოდვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეკითხვას, 4 წელია ცხოვრობენ, ყოფილ ცოლთან ჯვარი აქვს დაწერილი და ჯვარს არ იყრის, ეს უკვე უმართებულოა. თუ ყოფილი ცოლიც თანახმაა გაყრისა და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დამოუკიდებლად, მაშინ უმჯობესია, აიყაროს ჯვარი პირველ ცოლთან. ამის შემდეგ შეძლებს ჯვარი დაიწეროს იმ ადამიანზე, ვისთანაც 4 წელია ცხოვრობს. რაც შეეხება ჯვრის აყრის წესს, იგი არის შემდეგნაირი: ადამიანი მიდის მოძღვართან, რადგან ყველაზე კარგად მან იცის მისი სულიერი მდგომარეობა, უხსნის იმ სიტუაციას, რატომაც აპირებს ჯვრის აყრას და თუ მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იქნება, დაეთანხმება ამას, შემდგომ მოძღვარი აძლევს რეკომენდაციას საპატრიარქოში წასაღებად, სადაც პატრიარქის ქორეპისკოპოსი წაუკითხავს მცირე ლოცვებს ჯვრის აყრისა და ამ რეკომენდაციის საფუძველზე მას ჯვარი აეყრება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 53. მამაო, 18 წლის ვარ და შემიყვარდა 36 წლის მამაკაცი. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. შესაძლებელია თუ არა ჩვენი ერთად ყოფნა? მირჩიეთ, მამაო, გთხოვთ. მთელი გულით გვიყვარს ერთმანეთი.]
ეს ძალიან პირადული საკითხია. ერთი მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი შეხედულებები, ტრადიციები, მეორე მხრივ კი – სიყვარულის გრძნობა, რომელსაც ხელს ვერ ვკრავთ ვერანაირად. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საკუთარ სულიერ მოძღვართან უნდა გადაწყვიტოთ, მასთან და მშობლებთან შეთანხმებით. საბოლოოდ, შესაძლებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევაც მიიღოთ და მშობლების ნებართვაც, თუ ეს სიყვარული გულწრფელია ორივე მხრიდან. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 54. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, რომ ბავშვის ნათლიებს ერთმანეთი უყვარდეთ და დაქორწინდნენ?]
არ შეიძლება, იმიტომ რომ, ისინი ითვლებიან სულიერ მშობლებად და სულიერი მშობლობა ზეაღმატებულია ხორციელ ურთიერთობაზე და ნათლობის მადლს ჯვრისწერის მადლი ვერ ჩაანაცვლებს. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]