Home » ცოდვები

ცოდვები

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. მაინტერესებს როგორ ვებრძოლო ფარისევლობას საკუთარ თავში? ვიცი, უნდა ვილოცო და ვიმარხულო და შევინანო. სინანულიც მაქვს ხოლმე, მაგრამ მაინც სულ იგივე ცოდვას ვიმეორებ და ამაზრზენად ვიქცევი, თან იმ დროს ვაცნობიერებ რომ ცუდად ვიქცევი, მაგრამ რაღაცნაირად თავიდან ვიგდებ ამ სწორ აზრს. მერე სასჯელსაც ვიღებ და ვიცი, რომ ეს დავიმსახურე და უფრო მეტად დასჯასაც ვიმსახურებ, ვიტანჯები, მაგრამ მერე ისევ იგივე მეორდება.]
გავიხსენოთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, აქ ფორმულა გვაქვს მოცემული, უნდა მივბაძოთ მეზვერეს, ქრიატიანობა არის საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი. სინანული უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ სინანული არაა საკმარისი, ეს საქმეში უნდა გამოიხატებოდეს, მეზვერესავით უნდა დავიმდაბლოთ თავი, შევეცადოთ ნაკლებად წარმოვაჩინოთ ჩვენი ცოდნა–განათლება, ნიჭი, სულ ბოლოს გამოვხატოთ საკუთარი აზრი. სწორი დამოკიდებულებაა საჭირო საკუთარ თავთან, უნდა ვაცნობიერებდეთ რომ ცოდვილები და უღირსები ვართ. მეზვერის ლოცვა გაითავისეთ და შინაგანად შეიგრძენით მეზვერის სულიერი მდგომარეობა.
[/DDET]

[DDET 2. მართლმადიდებელი ვარ, ტაძარში იშვიათად დავდივარ, მოძღვარიც მყავდა, მაგრამ აღსარება რამდენჯერმე მაქვს ჩაბარებული, ნაზიარებიც არ ვარ, თითქოს რაღაც მიშლის ხელს, ვერ ვახერხებ ეკლესიურად ცხოვრებას. ბოლო დროს საშინლად ვგრძნობ თავს, ვგრძნობ, რომ რწმენას ვკარგავ, თითქოს ეჭვი მეპარება, არსებობს თუ არა მართლა ღმერთი და საერთოდ რელიგია… თავს საშინლად ვგრძნობ, ასე თუ გაგრძელდა, ალბათ მალე ათეისტი გავხდები. რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვეწინააღმდეგები, საშინელი აზრები მაწუხებს, მოძღვარს ალბათ ვერ ვეტყვი ამ ყველაფერს, ძალიან მრცხვენია, არადა ვხვდები, ძალიან ცოდვილი ვარ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო ადრე, არ ვიცი, როგორ ვუშველო თავს, ან არსებობს კი გამოსავალი? საშინელ სიტუაციაში ვარ. ვიცი, ძალიან ცოდვილი ვარ და ღირსიც ვიქნები, რომ დავისაჯო ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თითქოს გაუცნობიერებლად ვაკეთებ ყველაფერს. ვიცი, რომ საშინელი ცოდვაა, მაგრამ მაინც ვაკეთებ. გამიგია, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ესაა… ღმერთო, რა ვქნა? ალბათ ღმერთი მსჯის ჩემი საქციელების გამო. ვგრძნობ, რომ ის ჩემთან აღარაა. მოძღვარსაც ვერ ვეუბნებოდი ყველაფერს, მინდა, ისეთი მოძღვარი მყავდეს, ვინც მომისმენს, დამარიგებს, მარტო ის ხომ არაა, ფურცელზე ჩამოვწერო ცოდვები და ასე მომეტევოს. ჩავაბარე ადრე აღსარება, მაგრამ არ მიგრძვნია მათგან გავთავისუფლდი თუ არა. ვერც ვხვდები, რა უნდა ვიგრძნო, არადა ასე ცხოვრება არ მინდა. ასეთი მართლა არ ვიყავი და ვერ ვხვდები, რა მემართება, იქნებ მირჩიოთ რამე… ბოლო დროს თავის მოკვლაზეც ვფიქრობ, თუმცა ვიცი, რომ ეს ყველაზე ცუდი გამოსავალია, მაგრამ ვერაფერს ვერ ვცვლი ჩემს ცხოვრებაში. ეკლესიაში სიარული რომ დავიწყო და მოვინანიო ყველაფერი, ღმერთი მიმიღებს ასეთს? მაპატიებს? ალბათ არა… მაპატიეთ, ჩემს საშინელ აზრებს რომ გახვევთ თავს, მაგრამ რასაც ვერავისთან ვერ ვამბობ, გადავწყვიტე, აქ დამეწერა… იქნებ რამე მირჩიოთ…]
აუცილებლად ეკლესიისა და მოძღვრის გარეშე სულიერი ხსნა არ იქნება არანაირ შემთხვევაში. ვთხოვ, კონკრეტულად ამ პიროვნებას, მოვიდეს უშუალოდ ჩემთან, ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, საკონტაქტო საშუალებით დაგვიკავშირდეს. ვპირდები, აუცილებლად მოვუსმენ და დავეხმარები. ეს ისეთი თემაა, ვერაფერს დავწერთ. ამ შემთხვევაში კონტაქტი თუ არ შედგა მოძღვარსა და აღმსარებელს შორის, არაფერი გამოვა.
[/DDET]

[DDET 3. 10 წლის წინ შემიყვარდა დაოჯახებული მამაკაცი. გრძნობა ორმხრივია. ეს არის პირველი და უკანასკნელი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში. ოჯახის დანგრევაზე არასოდეს უფიქრია. არც მე გამჩენია ეს აზრი არასოდეს. ვცოდავ?]
რა თქმა უნდა, სცოდავს, თან სცოდავს სამი ასეთი ცოდვით:
პირველი – სიძვის ცოდვით, რადგან ცხოვრობს ადამიანთან, რომელსაც ოჯახი აქვს; მეორე – მრუშობის. იმ მამაკაცის მხრიდან მრუშობად ითვლება, რადგან ოჯახს ღალატობს და მესამე – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ორ პიროვნებასთან. ეს თავისთავად საშინელებაა და არაქრისტიანული საქციელი. ჩვენი რჩევა ის იქნება, რომ ეს ადამიანი მივიდეს ეკლესიაში, აიყვანოს მოძღვარი, მოუთხროს დაწვრილებით თავისი ისტორია და ის მისცემს დარიგებას, თუ როგორ მოიქცეს.
[/DDET]

[DDET 4. გამარჯობა მამაო, რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე მართლმადიდბელური საიტები და თითქოს გულმა აქეთ მოიწია, მიბიძგა რომ უფრო გავთვიცნობიერებულიყავი ჩემს თავში, უფრო დავახლოვებდი უფალს. სიმართლე გითხრათ, მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის გულგრილი დამოკიდებულება მქონდა რელიგიისადმი და ქრისტიანული დღესასწაულებისადმი. ყოველთვის მეგონა რომ უფალი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა მაგრამ სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა და აი, უკვე რამდენიმე დღეა რაც სერიოზულად დავფიქრდი ჩემს ცხოვრებასა და საქციელზე. მივხვდი, შორს ვყოფილვარ ყოველივე სიწმინდისგან. გავანცობიერე რომ საშინლად ცუდი ადამიანი ვყოფილვარ, გულსა და გონებაში რაღაც გარდასახვა მოხდა, თითქოს გონება გამინათდა, ყოველივეს სხვა თვალით ვუყურებ. ახლაც კი როცა ამას ვწერ მეშინია რამე ღვთისათვის არასათნო არ დავწერო, ეშმაკი ხომ ყოველ წამს გვებრძვის. მამაო, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა და ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც კი ოდესმე შემიცოდავს. გულის სიღრმეში მართლაც მაქვს სინანული მაგრამ, სამწუხაროდ ამას ცრემლით ვერ გამოვხტავ. ყველანაირად ვცდილობ მაგრამ არ გამომდის, ამიტომ მეშინია რომ უფალი ჩემს ასეთ სინანულს არ მიიღებს და რა ვქნა, როგორ მოვიქცე? რას მირჩევთ, წინასწარ უღრმესი მადლობა.]
აუცილებლად მიიღებს ღმერთი სინანულს. გარეგნული ფორმა მთავარი არ არის – ვტირივართ თუ არ ვტირივართ. არც ის არის მთავარი – ადამიანი ამას გამოხატავს თუ არ გამოხატავს. მთავარია რომ თქვენში სინანული გულწრფელად აღიძრა.

ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ ეს არის მოძღვარი, ეკლესიური ცხოვრება, მონანიება, აღსარება და ზიარება. თქვენ მისული ხართ იმ ზღვრამდე, რომ დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ აუცილებლად. შემდეგ კი თავადვე იგრძნობთ აღსარებისა და ზიარების მადლს.
[/DDET]

[DDET 5. გთხოვთ, მოძღვრის დახმარებით აღგვიწეროთ, როგორ ვებრძოლოთ ლოთობის ცოდვას, როცა ამ სენით ოჯახის წევრია შეპყრობილი და სად ტარდება შეუსმელი ბარძიმის პარაკლისები ვაკის სამების გარდა?
შეკვეთილი წირვის გადახდა შეიძლება თუ არა ასეთ ადამიანეზე? ან რა საშუალებებია საჭირო, რომ გამოსწორდეს და ოჯახი არ დაინგრეს. გმადლობთ.]
შეკვეთილი წირვა არის განსაკუთრებული სამადლობელი უფლისადმი. თუკი ასეთი განსაცდელის მუხედავად ადამიანს შესწევს ძალა, მადლობა, ქება აღუვლინოს შემოქმედს (იმისათვის, რომ არსებობს ღმრთისაგან ბოძებული მარადიული სიცოცხლე, რომელშიც თავადაც არის მიწვეული), რა თქმა უნდა, შეიძლება და ეს საუკეთესო საშუალებაა ღმერთთან, როგორც სულისა და სხეულის მკურნალთან მისაახლოებლად. შეუსმელი ბარძიმის დაუჯდომელი შეიძლება ილოცოთ ნებისმიერ ტაძარში. რაც შეეხება ამ სენთან ბრძოლას, ეს სასაუბროდ დიდი თემაა. საჟურნალო პასუხად კი იქნებ ის გამოდგეს, რომ ოჯახის ყოველმა წევრმა დაავადებულისადმი თავგანწირული სიყვარულით, თავისი თავის სრული უარყოფით შესაძლებელია დაძლიოს ეს განსაცდელი. (მღვდელი გიორგი წეროძე)
[/DDET]

[DDET 6. მამაო, თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. ახლა წავიკითხე, ღმერთმა რომ ადამიანის ცოდვები დაფაროს, საჭიროა მან გაკეთებული კეთილი საქმის შესახებ სხვას არ განუცხადოსო. ნუთუ არის შანსი იმისა, რომ უფალმა, როდესაც მოხდება ადამიანის ცოდვების გაცხადება, ყველას წინაშე დაფაროს და არ გამოაჩინოს ეს ცოდვები?]
მეორედ მოსვლის დროს უფალი განიკითხავს ყველას მის მიერ გაკეთებული საქმის მიხედვით, სადაც ხილული იქნება როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ქმედება. ადამიანმა სიკეთე ფარულად უნდა აკეთოს, მას არ უნდა მიეცეს საიდუმლო ვაჭრობის სახე.
[/DDET]

[DDET 7. მინდა ერთი საშინელი ცოდვის შესახებ გითხრათ, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს. ბილწი ფიქრები და აზრები მიჩნდება გონებაში წმინდანების, სასულიერო პირების, ადამიანებისა და თავად უფლის მიმართ. როგორც კი მომდის გონებაში, იმ წამსვე ვცდილობ, განმეშოროს და აღმოვფხვრა ეს აზრები, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში ვარ და ძალიან განვიცდი. აღსარებაში რამოდენიმეჯერ ვთქვი, მაგრამ მოძღვარს ყურადღება არ გაუმახვილებია, ალბათ, ასეც არის საჭირო და საკუთარი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდე. ალბათ, ჩემი გონება და სული ბილწი და დაზიანებულია… როგორც კი მიჩნდება ეს ბილწი აზრები, იმ წამსვე ვცდილობ, განმეშოროს ეს სიძვის ეშმაკი (ასე შევარქვი), მაგრამ არ მცილდება და ეს, ალბათ, იმის გამოა, რომ ვერ ვითხოვ სათანადოდ და გულმოდგინედ. გთხოვთ მითხრათ, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში… არსებობს თუ არა ამ ბილწი აზრების გამფანტველი ლოცვა? თუ კი რამე არის შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ. შენდობას ვითხოვ.]
ბილწი აზრები ბოროტისაგან მომდინარეობს. ადამიანი რაც უფრო უახლოვდება უფალს, მით უფრო ძლიერდება მასში სულიერი ბრძოლები. გათავისუფლების ერთადერთი გზაა იესოს ლოცვა, ხშირი აღსარება, ზიარება და საერთოდ, ეკლესიური ცხოვრება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ შეიძლება, რადგან ბოროტი აზრები არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ თვით წმიდა მამებსაც აწუხებდათ.
[/DDET]

[DDET 8. დამლოცეთ, მამაო. ძალიან ცუდად ვარ და არ ვიცი, რა ვქნა… ვარ 19 წლის და მაწუხებს გული… ექიმმა თქვა, სერიოზული არაფერიაო, მაგრამ მაინც, ამ ტკივილებმა დამაფიქრეს ჩემს ცხოვრებასა და ცოდვებზე. ასე მგონია, რომ მოვკვდები. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ ჯოჯოხეთის – ძალიან და ასე მგონია, რომ იქ მოვხვდები. ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი… და ძალიან მინდა, რომ გამოვსწორდე, მაგრამ წინა ცოდვები არ მაძლევენ მოსვენებას. არასდროს მიცხოვრია ეკლესიური ცხოვრებით, ახლა კი, როცა მინდა ვიცხოვრო, სხვა ქვეყანაში ვარ, სადაც არაა მართლმადიდებლური ეკლესია და არ შემიძლია აღსარება ჩავაბარო. ამიტომაც ძალიან გთხოვთ მომისმინეთ. თავს საშინლად ვგრძნობ. 15-16 წლის რომ ვიყავი, უპატიებელი რამ ჩავიდინე. მიყვარდა ბიჭი და მას არ ვუყვარდი, სულ ვლოცულობდი, მაგრამ ღმერთი არ ისმენდა და ჩემი სისულელით ვთქვი, რომ ღმერთი არ არსებობს და თუ არსებობს – ცუდია. ასევე ვთქვი: ეშმაკო, სულსაც კი მოგყიდი იმისთვის, რომ ამ ბიჭს შევუყვარდე-მეთქი. მერე, რა თქმა უნდა, მოვინანიე და ისევ ღმერთის წინაშე ვლოცულობდი ყოველთვის. მერე ისე მოხდა, რომ ეს ბიჭი ახლა ჩემი ქმარია. ერთმანეთი გვიყვარს და ბედნიერები ვართ. მაგრამ ეს ღვთისგმობის ცოდვა თავიდან არ ამომდის, რადგანაც ბიბლიაში ხომ წერია, რომ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებაო?! იმისიც მეშინია, ჩემი ქმარი ეშმაკისგან არ იყოს, მაგრამ თავს იმით ვიწყნარებ, რომ ის მუსულმანი იყო და ბიბლიასა და ყურანს რომ ვუდარებდი და ბიბლიის სილამაზე და სიმართლე რომ ვაჩვენე, ჩემმა მეუღლემ მონათვლა გადაწყვიტა. ამის გამო არა მგონია, ის ეშმაკისგან იყოს… მაგრამ, მამაო, ძალიან გთხოვთ, მითხარით, არ მომეტევება ეს ღვთისგმობა??? მართლა ძალიან ვწუხვარ, იმდენად ვწუხვარ, რომ ამას ვერ გადმოვცემ. ახლაც კი, ამას რომ ვწერ, ვტირი. მართლა ცუდად ვარ ამის გამო. საქართველოში რომ ჩამოვალ, მინდა მოძღვარი მყავდეს. მინდა, რომ მისმინოს იმიტომ, რომ ძალიან მინდა ეკლესიურად ვიცხოვრო… მაგრამ მეშინია, არ მომეკიდებიან გაგებით… ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, გთხოვთ, პასუხი გამეცით, მართლა მჭირდება დახმარება და გთხოვთ, ილოცეთ ჩემს სულზე. სხვას ვერავის ვთხოვ. დიდი მადლობა…]
მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს, “რამეთუ მოწყალე არს უფალი”. რატომ გგონია, ვერავინ გაგიგებს?! სწორედაც ეგ აზრია ეშმაკისგან. სიცოცხლეში ყველა ცოდვის მონანიება შეიძლება. უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ ღვთის რწმენაა მთავარი, რომ არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, რაც დიდი ცოდვაა. რაც შეეხება თქვენს საქართველოში არყოფნას, შეგიძლიათ ნახოთ ქრისტიანი, “ღვთის მოშიში” პიროვნება და მასთან თქვათ აღსარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართეთ მოძღვარს. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
[/DDET]

[DDET 9. მე არ ვიცი, რატომ ვწერ აქ. არ ვიცი, რას ვეძებ, ისეთი დაბნეული ვარ. ათასი შეკითხვა მაწუხებს, რაზედაც პასუხების გაცემა მიჭირს, უფრო სწორად, როცა ამ შეკითხვებზე პასუხს ვეძებ, საყვედურით მევსება გული ღმერთის მიმართ და მერე მეშინია, არ დავისაჯო. ჩემი მთელი ცხოვრება ხან ღმერთს ვეძებდი და ხან ჩემივე ნებით ვშორდებოდი. ვერასოდეს მოვახერხე მოძღვართან გულახდილად საუბარი, რადგან მერიდებოდა ჩემი ცოდვების აღიარების. თუმცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც საშინელი ცოდვა ჩავიდინე და მაშინ არც კი მეგონა, რომ ეს ცოდვა იყო. როცა წამოვიზარდე, უკვე კომპლექსი გამიჩნდა მოძღვართან ამ თემაზე საუბრის და მერე ნელ-ნელა ვკარგავდი უფალს. სწორედ ეს არის ჩემი საყვედურის მიზეზიც, რატომ არ დამიცვა ღმერთმა მაშინ, როცა სრულიად პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო ცოდვა?! ხომ ამბობენ, რომ ღმერთი თუ არ დაუშვებს, სატანა ვერ აცდუნებს ადამიანსო? მაშინ რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ეშმაკს ბავშვი ეცდუნებინა? თუ ვუყვარდი, რატომ არ დამიფარა?როცა გავიზარდე იყო პერიოდები, როცა ძალიან მინდოდა უფალი მყვარებოდა, საკუთარი სურვილების წინააღმდეგაც წავსულვარ და ისეთი საქმეებიც გამიკეთებია, რაც ვიცოდი, ღმერთს გაუხარდებოდა, თუმცა როგორც კი ასე მოვიქცეოდი, მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა და პროტესტის გრძნობა მიქრებოდა. რა აზრი აქვს ღმერთი გავახარო, მან ხომ ბავშვობაშივე მიმატოვა და ეტყობა მაინც არ ვუყვარვარ-თქო. სულ ასე ჭიდილში ვიყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაცდელი შემემთხვა. ისეთი გულით ვევედრებოდი, ოღონდ ახლა არ მიმატოვო, რომ ვიგრძნო, გიყვარვარ-მეთქი. ეს არ გრძელდებოდა ერთი დღე. თვეების განმავლობაში ყოველ დღე ვტიროდი და ვესაუბრებოდი ღმერთს. ეკლესიაში სიარულიც დავიწყე ხანდახან, მამაოს შერჩევაც მინდოდა. თუმცა არაფერი შეცვლილა, ვგრძნობდი, თითქოს არც კი ესმოდა ჩემი ლოცვა უფალს და ამან გარდატეხა მოახდინა ჩემში. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ღმერთმა ჩემი ცოდვების გამო მიმატოვა. მე რასაც ვევედრებოდი, ის რომ ამსრულებოდა, ახლა ხომ არ ვიქნებოდი ასეთი დაბნეული?! პირიქით, იმის გამო, რომ ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მომცა, უბედნიერესი გავხდებოდი და აღარ დავშორდებოდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ღმერთსაც აღარ სჯერა ჩემი გამოსწორების და რაღა აზრი აქვს, როგორ მოვიქცევი-თქო და თითქოს ძალით ჩავდივარ ცოდვებს და აღარ ვფიქრობ გამოსწორებაზე. რატომ მიმატოვა ღმერთმა? რატომ ხდება ასე, რომ ზოგ ადამიანს ბავშვობაშივე განსაცდელი აქვს? იცით, როგორ ცუდად ვარ?!]
შენ უნდა ზრუნავდე საკუთარი სულის საცხონებლად და არა “ღმერთის გასახარად”, როგორც თავად ამბობ. მოვლენილი განსაცდელი არის იმისათვის, რომ დამდაბლდე. შენი თავი გაიხსენე, როცა სხვებზე ლაპარაკობ. “არ განიკითხო და არ განიკითხები”. შენ გაქვს თავისუფალი ნება და თავად იღებ გადაწყვეტილებას ცოდვის ჩადენისას, ამიტომ შენ იცოდი, რასაც აკეთებდი. უფალს შენი ცოდვებით ვერც შემატებ და ვერც დააკლებ ვერაფერს. უფალი უცვლელია, “სახიერი და კაცთმოყვარე”, ამიტომ შენი ფიქრები მხოლოდ ფიზიკური წარმოდგენებია. იქნებ ცდები ცოდვის სიმძიმის შეფასებისას?! უნდა დაასახელო, კონკრეტულად რა ცოდვაზე საუბრობ, მაშინ მიიღებ ზუსტ პასუხს. უმჯობესია მოძღვართან მისვლა. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
[/DDET]

[DDET 10. დამლოცეთ, მამაო. არც აღსარება მაქვს ნათქვამი, არც მიმარხულია და არც ნაზიარები ვარ, რაც ძალიან მაწუხებს. მინდა, მოძღვარი მყავდეს და ეკლესიურად ვიცხოვრო. იქნებ დამაკვალიანოთ და რჩევა–დარიგება მომცეთ, რადგან ძალიან დამძიმებული და შებოჭილი ვარ. მგონია, ჩემს გარშემო ყველა მამჩნევს, რომ ცოდვები არ მაქვს მონანიებული. ზოგჯერ თავს ყველასგან გარიყულად ვგრძნობ და ჩემს გარშემო მხოლოდ ერთფეროვნებაა. თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ, მგონია, ყოველთვის აჩრდილი დამდევს, მებრძვის და სურს, ბოროტება ჩავიდინო, ბოროტ ფიქრებს მაპარებს. მე სულ ვცდილობ, ამ ყოველივეს არ მივაქციო ყურადღება. ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დავიწყო და გავყვე ეკლესიურ ცხოვრებას.]
მართმადიდებლური სწავლება ორ ძალას აღიარებს – ღვთისა და ეშმაკის. როდესაც უფლის სიყვარული არ არის ისეთი ძლიერი ჩვენს გულში, მის ადგილს ბოროტი იკავებს. ჭეშმარიტი მართმადიდებელი ქრისტიანი აღიარებს სულის უკვდავებას, მარხულობს და ეზიარება. ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება, განვდევნოთ ბოროტი.
[/DDET]

[DDET 11. ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. მგონია, რომ ღმერთმა მიმატოვა. მე ვეღარც კი გავბედავ ვთქვა, რატომ–მეთქი, რადგან სულ ვანაწყენებდი უფალს ჩემი ცოდვებით. გამოსწორება როდესაც ვცადე, მივხვდი, უკვე გვიანი იყო. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მისთვის სულ ერთია რას ვიზამ. თავად ვგრძნობ ჩემი ცოდვებისადმი ზიზღს, მაგრამ ჭაობიდან ვერ ამოვდივარ, რადგან მგონია ღმერთს არ ვუყვარვარ.]
ღვთის მფარველობის მოკლება, ღმერთთან დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას ვძულვართ. უფალი ზოგჯერ განსაცდელს შეგვამთხვევს, რათა გაციებული გულები გაგვითბოს და მისკენ მიგვაბრუნოს. ეს ყოველივე უფლის მადლით ხდება. მთავარია, რომ ჩვენ ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და მივყვეთ მის გზას.
[/DDET]

[DDET 12. გთხოვთ გამარკვიოთ, რატომ ეკრძალება “სიზმარში დაცემულ” ადამიანს სიწმინდეებთან მიახლოვება, მისი შეკვეთით ხომ არ ხდება ამ სიზმრის ნახვა? სიზმარი ხომ ეშმაკისაა და არ უნდა დავიჯეროთ და მივაქციოთ ყურადღება? თუ ადამიანი ფიქრობს ეროტიკაზე და ტვინის უჯრედები აღგზნებული რჩება, რისი გამოვლინებაც მეცნიერულად არის სიზმარი, მაშინ მესმის, ცოდვად ჩაეთვალოს, მაგრამ თუ არ უფიქრია და უნებლიედ დაესიზმრა, რატომ ეთვლება ცოდვად?]
ეშმაკი ადამიანს კი არ აფრთხილებს, როდის ჩავარდება ცოდვაში და მერე მოდის ეს ცოდვა, არამედ მოულოდნელად ხდება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იგი ხდება ძილსა თუ ცხადში. ამიტომ არის განკანონება ისევ და ისევ მსუბუქი, თორემ ჩვენ, ადამიანები რასაც ვიმსახურებთ იმას რომ ვიღებდეთ უფლისგან, ალბათ, ძალიან ბევრი დავისჯებოდით. ჩვენდამი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა ის, რომ უფალი წმიდა მამების განკანონებაში მადლს გვაძლევს, რომ ჩვენ, შვილები დავსაჯოთ იმიტომ კი არა, რომ ისინი ჩვენ გვეჯავრება, არამედ იმიტომ დავსჯით, რომ გვსურს, უკეთესები იყვნენ, რაც ჩაიდინეს, აღარ გაიმეორონ. ეს სასჯელიც არ არის. ნებსით თუ უნებლიედ შეცოდებაა: ეს მე არ მინდა, მაგრამ მოხდა. პატიება უნდა ვითხოვო, მაგრამ ეს თუ ყოველ დღე ხდება, ე.ი რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც დროზე უნდა ვუწამლოთ. აქედან გამომდინარე, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ეს არ შეიძლება, ნებსით თუ უნებლიედ ცოდვაა. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
[/DDET]

[DDET 13. მამაო, რომელი სახის საქმიანობა, პროფესია ითვლება ცოდვად? ითვლება თუ არა კოსმეტიკის, პარფიუმერიის ხმარება ცოდვად?]
ცოდვად ყველაფერი შეიძლება ჩათვალო. გააჩნია, რა კუთხით შეხედავ. ამიტომ ძნელია ასე თქმა. თავის მორთვა ქრისტიანობაში არ შედის, თავის გალამაზება კი არ არის ცოდვა. თავის მოწონების მიზნით პარფიუმერიის გამოყენებაა ცოდვა. რაც შეეხება კოსმეტიკას, დასაშვებია, თუკი საექიმო ჩარევით გჭირდებათ. *
[/DDET]

[DDET 14. დამლოცეთ, მამაო! გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვებრძოლო ამპარტავნების ცოდვას? სულ სხვას ვაკრიტიკებ, განვიკითხავ, ვმრისხანებ, მგონია, რომ თავმდაბალი ვარ, მაგრამ ასე რომ ვიქცევი მერე ვხვდები, რომ ძალიან ამპარტავანი ვარ და ვერ ვხედავ ცოდვებს. ხშირად ვიგლოვ ხოლმე ჩემს ცოდვებს, იმ წუთში მზად ვარ უფლისთვის მოვკვდე, მაგრამ მოვა მეორე დღე, ან თუნდაც ერთი საათი გავა და ისევ ისე ვიქცევი. გთხოვთ მირჩიოთ, რა გავაკეთო?! გმადლობთ.]
ამპარტავნება არის ყველაზე დიდი ცოდვა. ღმერთმა ადამიანი მის მსგავსად და ხატად შექმნა. ამიტომ როდესაც ვინმეს აკრიტიკებ, გახსოვდეს, ამით ღმერთს უარყოფ. ეს მარტო განკითხვის ცოდვა არაა, ეს ღვთის განკითხვა, ღვთის გმობაა. მაგრამ განკითხვა და მხილება არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში. შეიძლება ცუდ საქციელს ჩადიოდეს პიროვნება, რაზეც უნდა მიუთითო აუცილებლად. ზურგს უკან ამაზე საუბარი ცოდვაა. გახსოვდეთ, რომ განკითხვა არის დამღუპველი. ამიტომ უნდა ევედროთ ზეციურ მამას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, აგარიდოთ ეს ცოდვა. ღმერთმა დაგლოცოთ. *
[/DDET]

[DDET 15. დამლოცეთ, მამაო! როდესაც გიყვარს ადამიანი და მას ეფერები, ეს უდიდეს ცოდვად ითვლება? იგივე მრუშობაა? როგორ ვებრძოლოთ ამ ცოდვას? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.]
ხორცით ხორცთან შეცოდოს ადამიანმა, ეს, რა თქმა უნდა, ცოდვაა, მაგრამ სულიერი მოფერება – არა. თუმცა არ უნდა აგერიოთ, თუკი ნებაა ორივესი, გიყვართ ერთმანეთი, მჭიდრო კავშირში ხართ სულიერად და ხორცილად, ეს უკვე უფლის ნებაა. მოფერება მხოლოდ გართობის, ხორციელი ტკბობისათვის არის ცოდვა. *
[/DDET]

[DDET 16. მამაო, ადამიანი როცა ამოვარდება კალაპოტიდან, ანუ როცა ცოდვებში ჩავარდება, როგორ უნდა ამოვიდეს ამ ჭაობიდან და როგორ უნდა დაუბრუნდეს ძველ მდგომარეობას? გთხოვთ, ვრცლად მიპასუხოთ და სიღრმისეულად. კარგი იქნება, თუ რამოდენიმე მაგალითს მეტყვით წმიდანთა ცხოვრებიდან.]
ლოცვით, მარხვით, აღარებით,სინანულითა და ზიარებით. თუ სიღრმისეული პასუხი გნებავთ, შეგიძლიათ პატერიკები წაიკითხოთ. (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
[/DDET]

[DDET 17. დამლოცეთ, მამაო. სამსახურში თანამშრომელმა ვითომდა “ბავშვურად იმაიმუნა” და ჩემი თანხმობის გარეშე ჭიქაში ჩასხმულ წყალზე თავისივე ბეჭდის ქანაობით მითხრა, თუ რამდენ წელში გავთხოვდებოდი. ვუთხარი ცოდვას ჩადიხარ, მე არ მჯერა ეგეთი რაღაცების და არ მინდა-მეთქი! არ მომისმინა. მე კი ძალიან განვიცდი. ცოდვაში ხომ არ ჩავვარდი?]
მკითხაობა, ჩვენი ბედის წინასწარ გამოცნობის სურვილი და ამის გამო ყველანაირი საშუალების გამოყენება, კერძოდ კი, ჭიქაში ჩახედვა, ცოდვაა. ამას უნდა გაურბოდეს ქრისტიანი, რადგანაც ამ შემთხვევაში მკითხავი “მაიმუნობს”, უარეს შემთხვევაში, ეშმაკი “წინასწარმეტყველებს”. ორივე შემთხვევა ადამიანისთვის საშიშია, მავნებელია, მაგრამ თუ სხვამ ჩემდაუნებურად, ჩემს დაუკითხავად რაღაც “იმაიმუნა” და მე ამას შევეწინააღმდეგე, არ მივიღე, ეს მე ცოდვად არ მეთვლება. გიმეორებთ, თუ არ მივიღე და არ მოვიწონე. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 18. როდის არის ტყუილი ცოდვა და როდის – არა? რა განსხვავებაა ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის?]
ტყუილი ყოველთვის ცოდვაა, მაგრამ არის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის განსხვავებაა. თუ სიმართლე საიდუმლოცაა, მაშინ მისი დამალვა აუცილებელიც ხდება ხოლმე. მაგ.: ქრისტიანობის დევნის დროს, ან საქართველოში უცხო დამპყრობლის შემოსვლის დროს წმ.მოწამეები არ ამჟღავნებდნენ თავიანთი მოძმეების ადგილ-სამყოფელს, ან სხვა საიდუმლოს, რომელიც რწმენის ან სამშობლოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია წმ.თევდორე მღვდელი გავიხსენოთ. თუ ტყუილი ჩვევად გვექცა, შეიძლება მაშინაც მოვიტყუოთ, როცა არ გვინდა მოტყუება. ამიტომ თუ ტყუილის თქმა არ გვინდა და სიმართლის თქმაც არ შეგვიძლია, სჯობს, სულ გავჩუმდეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 19. მამაო, იქნებ მიპასუხოთ, შარვლის ჩაცმა მართლმადიდებელი ქრისტიანი ქალისათვის მძიმე ცოდვაა? უღრმესი მადლობა.]
ცოდვა ისაა, კაცი ქალს რომ დაემსგავსება და ქალი – კაცს გარეგნულად. ეს შეჩვენებას ექვემდებარება. მაგრამ ის, რომ ადამიანი მოვა ეკლესიაში, გამოეკიდო და გააგდო, ეს არ არის სწორი ფორმა. მას უნდა აცადო, ის უნდა მიაჩვიო საღვთო საიდუმლოს, საღვთო მცნებას, დაითანხმო, ესაუბრო და თვითონ უნდა მიხვდეს არასწორ საქციელს. ძალდატანება არ შეიძლება. მე უფრო მეტად ის მიმაჩნია ცოდვად, კაცი რომ ქალს ემსგავსება, რადგან კაცები ჭირს დღეს საქართველოში. *
[/DDET]

[DDET 20. მე ცოდვა მაქვს და მინდა მოვიშორო, ღმერთი ტყუილზე რომ დავიფიცე, ვიცი, ცუდია. ძალიან ცუდ რაღაცებს ჩავდიოდი და მინდა ეს მომიტევოთ.]
საერთოდ, ფიცი არ არის ქრისტიანული, არც – კაცური და არც – ადამიანური. პირველ რიგში, შენს თავს აყენებ შეურაცხყოფას, როცა ვინმესთან იფიცებ, მერე – ღვთის განგებასა და ნებას. გონებაში გგონია, რომ მას არ სჯერა შენი. სახარებაში წერია: შენი სიტყვა იყოს ჰო – ჰო და არა – არა. ამას დაგიჯერებენ თუ არა, ეს არ უნდა გადარდებდეს. ნება მისია. *
[/DDET]

[DDET 21. გამარჯობა. მაინტერესებს, თუ შეიძლება მაიკლ ჯექსონის სიმღერების მოსმენა, არის ეს ცოდვა თუ არა? გთხოვთ მიპასუხოთ.]
ამ შემთხვევაში უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს. არა მარტო მაიკლ ჯექსონის, არამედ მძიმე როკის მოსმენაც არ შეიძლება. ყველა იმ სიმღერის მოსმენა, რომელიც სატანურია და სატანასთანაა წილნაყარი, ბუნებრივია, არ შეიძლება. ეს ჩვენ სულს ავნებს. უფალს ცეკვითა და თამაშით არ უქადაგია. არც მოციქულები მოქცეულან ასე. ისინი ქადაგებდნენ ჯვარცმით, ფეხშიშველნი და მწყურვალნი. ყველაფერი აკლდათ. ქრისტიანმა კი ქრისტესგან უნდა აიღოს მაგალითი. თუ მაინც გინდათ მოუსმინოთ მუსიკას, მოუსმინეთ ქალაქურ სიმღერებს, საგალობლებს და ა.შ. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
[/DDET]

[DDET 22. დამლოცეთ, მამაო. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ხატზე დავიფიცე, რომ მართალი ვიყავი. მეთვლება თუ არა ცოდვად?]
საერთოდ, ქრისტიანობაში ჰო უნდა იყოს ჰო და არა – არა. დაფიცება არასწორია, მაგრამ არც არაფერი დაგიშავებიათ. *
[/DDET]

[DDET 23. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, რამდენად მძიმე ცოდვაა აბორტი?]
საერთოდ, როცა აღსარებას ვიბარებთ სასულიერო პირები და მე, პირადად, თავად ვუსვამ ადამიანებს კითხვებს, ვეკითხები, კაცი თუ ჰყავს მოკლული და რა თქმა უნდა, ჯვარი წერია ყველას, უმეტესობა შეიცხადებს ხოლმე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აბორტი კაცის მკვლელობაზე აღმატებული ცოდვაა. საკუთარი შვილისთვის ვქირაობთ ქილერს და ვაკვლევინებთ. შენ იმ ნაყოფს შვილად ვერ აღიქვამ და ვერ ხედავ. ეს არასწორია. როცა თომა მოციქულმა თქვა, სანამ უფალს ჩემი თვალით არ ვიხილავ, არ ვირწმუნებო, გამოეცხადა მას უფალი. თომა მოციქულმა დაიჩოქა მის წინაშე და აღიარა მაცხოვარი. მაშინ იესომ თომა მოციქულს უთხრა: შენ მიხილე და ისე იწამე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და ისე მირწმუნაო. სწორედ პარალელის გავლება შეიძლება ამ შემთხვევასთან , რადგან საკუთარ შვილს ისე ყელს არავინ გამოსჭრის. მაგრამ რადგან არ ხედავ, გგონია, რომ ეს ზედმეტია და ცხოვრების სამომავლო გეგმებში ხელს შეგიშლის. ეს არის უდიდესი და უმძიმესი, კაცის კვლაზე აღმატებული ცოდვა. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 24. ეკლესია გვასწავლის, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს ყველა ადამიანს ყველას წინაშე ყოველი ჩადენილი ცოდვა მოეკითხება და ასე განისჯება. ცოდვები, რომლებიც აღსარებაში მოვინანიეთ, მოგვეკითხება?]
აღსარება გახლავთ საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ინანიებს თავის ცოდვებს. აღსარება არის სინანული. ადამიანი, რომელიც სინანულით აბარებს აღსარებას და ნანობს თავის ცოდვებს, რა თქმა უნდა, მიეტევება. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 25. დამლოცეთ, მამაო. რამდენიმე დღეა, ცდუნებას ვერ გავუძელი და შევცოდე ბილწი აზრებითა და ჩუკენობით. ძალიან განვიცდი, მოძღვარი მყავს, მაგრამ თქმას ვერ ვბედავ. როგორი ფორმით უნდა გავანდო აღსარება? გთხოვთ დამეხმაროთ.]
მოძღვარი შენი მეგობარია, შენი მამაა. რასაც საკუთარ მამას ვერ გაუმხელ, მოძღვარს უნდა უთხრა. თუ ასეთ ცოდვაში ხშირად ვარდებით, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ყოველთვის არსებობს ლოცვები, რომ თავი აარიდო ცოდვას: ღვთისმშობელს შეევედრო, 50-ე, 90-ე ფსალმუნი ბრძანო. როდესაც უფალი ხედავს, რომ გსურს ცოდვისგან თავის დაღწევა, წყალობას მიიღებ და გათავისუფლდები ცოდვისგან. ამიტომ ხშირად უნდა ვილოცოთ. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
[/DDET]

[DDET 26. გამარჯობა. მაინტერესებს, რამდენად ცოდვად მეთვლება, როცა ჩემს მამაოს ისეთ რამეს ვერ ვეუბნები, რისიც ძალიან მრცხვენია, თუმცა ამას მთელი გულით ვინანიებ?]
არ შეიძლება. აღსარების ჟამს მოძღვარი გამოდის და კითხულობს ლოცვას თავისთვის და ასე იწყებს აღსარების მიღებას, სადაც წერია: თუ რაიმე დაფარო ჩემგან, სანაცვლოდ გიქმნების მრჩობლი ცოდვაო. მრჩობლი არის ორმაგი. ადამიანი, რომელიც დაფარავს ცოდვას, ის ორმაგად დააწვება მას კისერზე. გასაგებია, რომ ნანობ, სინანულში ხარ, მაგრამ მერწმუნე, სჯობს საკუთარი ამპარტავნება გადალახო და აუცილებლად უთხრა მოძღვარს. უფრო სირცხვილი არ იქნება, უფლის წინაშე რომ წარსდგები და უფალი ამაზე პასუხს მოგთხოვს?! არც ერთმა ადამიანმა არ იფიქროს, რომ თავისი ცოდვებით გააკვირვებს მოძღვარს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 27. მამაო, გთხოვთ მითხარით, როგორ დავძლიო მამათმავლობა?]
ეკლესიასთან სიახლოვეში. მიდი მოძღვართან, აღსარება თქვი და რასაც მოძღვარი გეტყვის, ისე მოიქეცი. ეს რომ ცუდია, არ არის სწორი და ღვთის საქმე, მემგონი თავადაც ხვდებით. სჯობს, ღვთის სათნო საქმით დაკავდე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 28. დამლოცეთ, მამაო. ერთი კითხვა მაქვს: დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც ეკლესიაში არ დავდიოდი და არც მოძღვარი მყავდა, დიდ ცოდვაში ჩავვარდი, რადგან ფული მეგონა ამქვეყნად ყველაფერი. კერძოდ, ის, რომ შეყვარებული ვიყავი ერთ გოგოზე და ძალიან მინდოდა, მასთან ერთად მეცხოვრა და ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ კი ფული მეშოვნა. ამის გამო ასეთი სისულელე ჩავიდინე: ოთახში განვმარტოვდი და ვუხმობდი ბოროტს, რომ მოეცა ჩემთვის ფული და დიდება ჩემი სულის სანაცვლოდ (რამე რიტუალი არ ჩამიტარებია, უბრალოდ, ჩემი სიტყვებით ვთხოვდი) და ამ ამბის შემდეგ არ იყო დიდი ხანი გასული, რომ საშინელ განსაცდელში ჩავვარდი და დიდი გაჭირვება დაატყდა ჩვენს ოჯახს თავს, ლამის შიმშილამდე ვიყავით მისულები. დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა ეს ყველაფერი. შემდგომ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში დავიწყე სიარული და როცა მივხვდი, რა ჩავიდინე, ძალიან ვინანე და დღემდე ძალიან ვნანობ. არ მასვენებს სინდისის საშინელი ქენჯნა, შიში და ღმერთს მადლობა, სინანულის გრძნობა მეუფლება. ორჯერ ვთქვი ეს ცოდვა ჩემს მოძღვართან აღსარებაში, მაინც არ მასვენებს, ასე მგონია, რომ უფალი არ შემინდობს და სიკვდილის შემდეგ გეენა მელის და თუკი ჩემი სინანული აღსარების დროს ჭეშმარიტი იყო, შეიძლება არ შემინდოს უფალმა ეს ცოდვა? მიუტევებელი ხომ მხოლოდ სულიწმიდის გმობაა?]
რატომ ფიქრობ, რომ არ შეგინდობს უფალი?! გასაგებია, განცდა “თვისთა ცოდვათა“ უნდა გქონდეს, ეს კარგია, მაგრამ გამუდმებით ამაზე ფიქრი და შიში უსაფუძვლოა. მოიქეცი ისე, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორო. ცოდვა, რომელიც გულს უმძიმებს ადამიანს, შეიძლება კიდევ აღიაროს და მერე ნელ-ნელა მოეხსნება ეს. მესმის, ვერ ივიწყებ, მაგრამ სანამ დაივიწყებ, შეგიძლია ყოველთვის თქვა აღსარებაში და უფალი გაპატიებს, რადგან შენი სინანული გულწრფელია. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 29. ამ ბოლო დროს თავს მახსენებს ჩუკენობის ცოდვა. ეკლესიაში დავდივარ და მონანიებული მაქვს კიდეც, მაგრამ რატომღაც მაინც ჩავიდინე მიუხედავად იმისა, ვიცოდი, ვცდებოდი და ვინანებდი. ახლაც ვნანობ და საშინლად მეშინია, კვლავ არ განმეორდეს. ვიცი ამ ცოდვის უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთმა წამმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. მამაო, როგორ დავიხსნა თავი ამ საშინელი ცოდვისაგან?]
ჩუკენობა მომაკვდინებელი ცოდვაა, აუცილებლად უნდა დაძლიოთ ეს. როცა თავს შეგახსენებთ, აიღეთ ლოცვის წიგნი და ბევრი ილოცეთ *
[/DDET]

[DDET 30. გამარჯობა. ჩემი და 40 წლის წინ გარდაიცვალა, თვეების იყო და ვერც მონათვლა მოასწრეს. შემიძლია თუ არა მისი სულისათვის ვილოცო და სანთელი დავუნთო? რა მოსდის მოუნათლავ სულს და რით შემიძლია დავეხმარო? გმადლობთ.]
პირად ლოცვაში შენი სიტყვებით შეგიძლია მოიხსენიო. არანაირ კანონსა და ეკლესიაში არ დაიშვება მისი მოხსენიება. დედას შეუძლია მოწყალების გაცემით დაეხმაროს მის სულს. მეტს ვერაფერს გააკეთებთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 31. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა თვითმკვლელმა ადამიანმა დაიმკვიდროს სასუფეველი? და თუ შეიძლება, როგორ? ]
არავითარ შემთხვევაში, თუ ის ფსიქიკურად არ იყო შეშლილი. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 32. დამლოცეთ, მამაო… მაპარული ნივთი შევიძინე (ვიცოდი, რომ მოპარული იყო) და მეც ქურდობის მონაწილე ვხდები? უნდა ვთქვა აღსარებაში? გმადლობთ.]
თუ ვიცით, რომ ნივთი მოპარულია და მაინც ვეძებთ, რა თქმა უნდა, მონაწილე ვხდებით ქურდობის, ამიტომ აღსარებაშიც უნდა ვთქვათ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 33. დამლოცეთ, მამაო, ქრისტიანისთვის არსებობს კანონი, რომელიც უნდა შეასრულოს ძილსა შინა დაცემის შემდეგ. მაინტერესებს, ქრისტიანმა რაიმე კანონი თუ უნდა შეასრულოს ხელით დაცემის (ჩუკენობის) შემდეგ?]
ხელით დაცემის შემდეგ სასჯელის ზომა და ფორმა უნდა განსაზღვროს მოძღვარმა. ეს ცოდვა ძილში დაცემაზე უფრო სერიოზული და მძიმეა. საზოგადოდ კი ისჯება რამოდენიმე დღით უზიარებლობით, მეტანიებითა და მოძღვრის მიერ დაწესებული ლოცვითი კანონით. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 34. გამარჯობა! ამ ბოლო დროს ძალიან დავიბენი. როცა ადამიანი ცოდვას სჩადის, თავისთავად ცოდვილია და ცოდვაშია, თუ კარგ საქმეს აკეთებს, მაშინვე თავმოწონება იჩენს ამის გამო თავს და მაინც ცოდვაშია. ანუ გამოდის, რომ ადამიანი სულ ცოდვაში იქნება, რაც არ უნდა გააკეთოს. ასე მგონია, ამპარტავნების ცოდვა არასდროს მისცემს ადამიანს მშვიდად ყოფნის საშუალებას და ეს ცოტა არ იყოს, უსასოობაში მაგდებს. ბოლო ხანია, რაღაცეებს ვკითხულობ ქრისტიანობის შესახებ და სხვა თვალით დავინახე ბევრი რამ. ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ მომწონს ჩემში ეს განვითარების პროცესი და მიხარია. ესეც ამპარტავნებაა და არასწორია? ზოგადად ვიცი, რომ მხოლოდ ღვთისაკენ სწრაფვაა ყველა ცოდვის წამალი, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ, მირჩიოთ რამე. გმადლობთ წინასწარ!]
ჩვენ სიკეთე უნდა ვაკეთოთ შეძლებისდაგვარად და ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ ამპარტავნებას. ეს ორი პარალელური პროცესია. როდესაც რაიმე კარგ საქმეს გავაკეთებთ, მადლობა გადავუხადოთ ღმერთს იმისთვის, რომ მოგვცა სიკეთის ქმნის საშუალება. როგორც კი სიკეთეს საკუთარ თავს მივაწერთ, ფასი დაეკარგება.ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა და ადამიანებს, რომლებიც ღებულობენ ჩვენს სიკეთეს. უნდა მივემსგავსოთ ისეთ მოსწავლეს, ვინც იმის გამო კი არ სწავლობს, სხვებს აჯობოს, თავი გამოიჩინოს და ქება დაიმსახუროს, არამედ იმიტომ, რომ ცოდნა მოიხმაროს საკუთარი თავისა და სხვების სასიკეთოდ. სარწმუნოებაში ეს ასე გამოიხატება – შენი ცოდნა და ენერგია გამოიყენე ღვთის სადიდებლად, სხვებისა და საკუთარი თავის საკეთილდღეოდ. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 35. მამაო, ძალიან ცუდად ვარ იმიტომ, რომ დიდი ცოდვა ჩავიდინე. მე და ჩემს შეყვარებულს ქორწინებამდე გვქონდა ურთიერთობა და ვმალავდით. ჯვარი ისე დავიწერეთ, მოძღვრისთვის სიმართლე არ მითქვამს. ჯვრისწერისას გვკითხა, ახლა ხდებით ცოლ-ქმარიო? და კი-თქო, მოვატყუეთ. თავს საშინლად ვგრძნობ. მინდა მივიდე, აღსარება ვუთხრა, მაგრამ ძალა არ მყოფნის. ვგრძნობ, დღითიდღე ვშორდები ეკლესიასა და უფალს და ძალიან მეშინია. სულის სიღრმეში მინდა ღმერთთან ყოფნა, მაგრამ ცოდვებს ვერ ვძლევ. ბევრი რამ დავუმალე მამაოს და ახლა ამ ყველაფრის თქმა ისე მეძნელება, რომ ვერ მივსულვარ ტაძარში. როგორ მოვიქცე კი ვიცი, აღარ უნდა გადავდო მოძღვართან საუბარი, მაგრამ რა ვქნა, რომ დღეები გადის და როცა შემეშინდება, მარტო მაშინ მახსენდება უფალიცა და აღსარებაც. დამლოცეთ, მამაო და რამე მირჩიეთ, გთხოვთ, მეშინია, რომ მალე ტაძარში მისვლის სურვილიც გამიქრება და შიშის გრძნობასაც დავკარგავ. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.]
ადამიანი მუდმივად სცოდავს ნებით (შეგნებით), ან უნებლიედ (შეუგნებლად). სირცხვილის გრძნობას თუ არ ვაჯობეთ და არ ვაღიარეთ ხმამაღლა ჩვენი შეცდომები, მაშინ ამას ბოროტი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ მიდით მოძღვართან, მოუყევით ყველაფერი და ვაჟკაცურად აიტანეთ მისი “გულისწყრომა”. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 36. გამარჯობა! როგორც ვიცი, მშობლისადმი დაუმორჩილებლობა ცოდვაა. ეთვლება თუ არა შვილს ეს ცოდვად იმ შემთხვევაში, როცა მშობელს ესა თუ ის საქციელი მიაჩნია ზნეობრივად არასწორად და შესაბამისად, შვილს უკრძალავს ამის ჩადენას, მაგრამ ასეთი საქციელი არაფრით არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებასა და მცნებებს? მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი ასეთი საქციელი: მამრობითი სქესის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს მისი გადაკოცნა. გმადლობთ წინასწარ!]
სამწუხაროდ, ადამიანებს ზნეობაზე სხვადასხვა შეხედულება აქვთ. რაც ერთისთვის უზნეობაა, სხვისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუ ქუჩაში ხვდებით მეგობარს და მიესალმებით კოცნით, ამაში უზნეო, ალბათ, არაფერია, მაგრამ თუ მშობელს ეს არ მოსწონს, მის თვალწინ მაინც ნუ გააკეთებთ ამას. გაუფრთხილდით მშობელს. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 37. დამლოცეთ, მამაო. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ერთხელ ჩემი ფეისბუქით ერთ-ერთ ქართულ მართლმადიდებლურ გვერდზე ვნახე იაღოველის კომენტარები, რომელიც ხალხის გადაბირებას ცდილობდა შელამაზებული სიტყვებით და ამბობდა, რომ მხოლოდ მათი რელიგია იყო ჭეშმარიტი. მას ზედმეტები მოუვიდა და ასაკოვანი ქალის გადაბირებას შეეცადა, მე კი სხვა (ბიჭის) სახელით მივწერე იაღოველს, ის გვერდი დაეტოვებინა და რომ მრცხვენოდა, ის ქართველი იყო. მე დავიცავი ჩვენი სარწმუნოება ჩემი სიტყვებით. ის ქალიც მე მომემხრო და დამლოცა… დამლოცა, როგორც სხვა. ამან ძალიან შემაწუხა და ახლაც ამაზე ვფიქრობ. სხვა დროსაც გამომიყენებია სხვა სახელი. მაინტერესებს, რამდენად მძიმე ცოდვაა ეს და უნდა მოვინანიო თუ არა მამაოსთან? ბოდიშს გიხდით თუ სულელურად გამომივიდა, მაგრამ მაწუხებს ჩემი საქციელი.]
იმ იაღოველისთვის, ალბათ, არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა თქვენი ნამდვილი სახელისა დ გვარის ცოდნას. ბევრი საერო მწერალი თუ პუბლიცისტი ბეჭდავდა თავის წერილებს ფსევდონიმით. მთავარია, ჩვენი აზრი და სიტყვა იყოს მართალი და ისინი მივმართოთ არა ადამიანის შეურაცხყოფისკენ, არამედ მის დასარწმუნებლად ჭეშმარიტებაში. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 38. დამლოცე, მამაო და მომიტევე, თუ რაიმეს ისე ვერ ვიტყვი, საქმე ჩემს მეუღლეს ეხება. მისი ცხოვრების წესი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. იშვიათად მუშაობს, ბევრს სვამს, მასთან საუბარი მიჭირს, რადგან ფხიზელი იშვიათადაა, შედეგს ვერ ვაღწევ და მისგან შეურაცხყოფილი ვრჩები. ორი ბიჭი მეზრდება და ძალიან ითრგუნებიან, მამას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავენ, ხშირად ნასვამსა და აგრესიულს. ჩემს მოძღვარს ვესაუბრე, მოთმინება და მეუღლის ტაძარში მიყვანა მირჩია. ძალდატანებით ვერაფერს ვხდები და როგორ მოვიქცე, არ ვიცი. ძალიან დავიღალე, ხანდახან სიცოცხლეც მძულს, ვეღარ ვუძლებ. არც ოჯახის დანგრევა მინდა. უბრალოდ, მსურს, ჩვენზე იფიქროს, მზრუნველ მეუღლედ და მამად იქცეს, ფხიზელი თვალით შეხედოს ცხოვრებას. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.]
ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრების ჯვარი, თავისებური სიმძიმე აქვს საზიდი. თქვენი ჯვარი ასეთი მეუღლის ატანაში გამოიხატება. მართალია რთულია, მაგრამ უნდა მოითმინოთ. დადგება დრო, ეს მოთმინება გამოიღებს ნაყოფს და თქვენი მეუღლე ფხიზელი თვალით შეხედავს ცხოვრებას. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 39. მაქვს ისეთი ცოდვები, რომლის თქმაც აღსარებაში მრცხვენია და როგორ მოვიქცე?]
აუცილებლად უნდა გადალახოს ეს სირცხვილის გრძნობა ადამიანმა და აღიაროს ცოდვები. მოძღვრის კი არა, უმჯობესია, უფლის გრცხვენოდეს, როდესაც იმ ცოდვას სჩადიხარ. არ ვიცი, რა ცოდვაზეა საუბარი, მაგრამ რისიც გრცხვენია, იმ ცოდვას მიაქციე ყურადღება, რომ აღარ ჩაიდინო ღვთის წინაშე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 40. მშვიდობა, მამაო, წარსულში ჩადენილი ცოდვები, რომლებიც მოვინანიე აღსარებაში, შეიძლება, რომ მეუღლეს არ გავუმხილო, თუ ეს ჩვენს ურთიერთობას დაანგრევს?]
ცოდვები, რომლებიც ვაღიარეთ და მთელი გულით მოვინანიეთ, არ მოგვეკითხება, მაგრამ ზოგჯერ ცოდვა ცუდ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე და შესაძლოა, ამის გამო გაგვიჭირდეს სულიერი წარმატება. საერთოდ, ზოგიერთი, ძალიან პირადული ცოდვა უმჯობესია, რომ მხოლოდ აღსარებაში ითქვას და მეუღლემ მათ შესახებ არ იცოდეს, თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვართ, რომ მას ამის დატევა და გააზრება შეუძლია. ოჯახი დანგრევის საფრთხის წინაშე არ უნდა დავაყენოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 41. მშვიდობა, მამაო. ძალიან ხშირად ვფიქრობ ჩემს ცოდვებზე და მაწუხებს, რაც უკვე აღსარებაში მოვინანიე. ყველაზე უღირსად ვთვლი თავს და მგონია, რომ მაინც მომეკითხება. გაცხადდება და მომეკითხება ეს ცოდვები? გმადლობთ.]
ღმერთი ძალიან მოწყალეა, ის ყოველთვის პატიობს ადამიანს გულწრფელად მონანიებულს. ძალიან კარგია ის, რომ სინანული აღსარების შემდეგაც დარჩა, მაგრამ გააჩნია, რა დოზით. სულ ძველ ცოდვებზე ფიქრით მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 42. მამაო, სულ ვწუხდი, აბორტის ცოდვა და საშინელება რომ მესმოდა, მაგრამ ასეთ სულიერ დატვირთვას არ ვაძლევდი, რადგან 80-იან წლებში ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ახლა როცა ცხოვრებამ ეკლესიისკენ მიმახედა, ვინანიებ ცრემლით, აღსარებით. სხვა რა შემიძლია, გთხოვთ, მითხარით, თუ არის სხვა გზაც, რომ თავი დავაღწიო ამ ცოდვას? ნუთუ არაა ხსნა? დამეხმარეთ.]
ხსნა არის სინანულში. ზოგიერთ მძიმე ცოდვას აღსარება მთლიანად არ წარხოცავს, მთელი შეგნებული გონებით უნდა გახსოვდეთ და შენდობას ითხოვდეთ მათ გამო, მაგრამ უკიდურესობაშიც არ ჩავარდეთ და აბორტზე ფიქრით სხვა მნიშვნელოვან ცოდვებს ყურადღება არ მოაკლოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 43. დამლოცეთ, მამაო. ერთი ძალიან ცუდი რაღაც ხდება ჩემს თავს. მოკლედ, რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის და რაც ძალიან მაწუხებდა, ვუთხარი ჩემს მოძღვარს და გულზე მომეშვა. მაგრამ სულ ახლახან იგივე გავიმეორე. ძალიან ვნანობ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს ვერ ვეტყვი მამაოს (ლაპარაკია ჩუკენობაზე, სამწუხაროდ). ძალიან მრცხვენია. და მაინტერესებს, თუ არის რამე საშუალება, რომ სხვანაირად მოვინანიო ეს ცოდვა, ან სხვანაირად ვუთხრა, მაგალითად, წარსული ცოდვები გავიმეორე-თქო. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. ეს ცოდვა ძალიან მაწუხებს და ვერ გავძლებ ასე დამძიმებული. რატომ ვაკეთებ, თვითონაც არ ვიცი… და ამიერიდან მართლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარ გავიმეორებ, მაგრამ მინდა მოვინანიო. მირჩიეთ რა ვქნა?]
სხვა გზა არ არსებობს, აუცილებლად უნდა მოინანიოთ აღსარებაში. გახსოვდეთ, რომ მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც თქვენი გაგება შეუძლია. ნურც იმას იტყვით დარწმუნებით, რომ ამას აღარასდროს გაიმეორებთ. ნებისმიერი შეიძლება შეცდეს. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 44. დამლოცეთ, მამაო, ცუდად ვგრძნობ თავს, ვიცი, დანაშაულს ჩავდივარ და ძალიან განვიცდი. ვცხოვრობ კაცთან, რომელიც ჯვარდაწერილია, მაგრამ გაშორებულები არიან. ჩვენ ერთად ვართ დიდი ხანია და დაოჯახებასაც ვგეგმავთ. ბევრი ტანჯვა გვაქვს ერთად გადატანილი, ბევრი ცრემლი და სიმწარე. მინდა მამაოსთან მივიდე და ცოდვები მოვინანიო, მაგრამ მეშინია, როგორ ჩავხედო მას თვალებში და როგორ მოვუყვე ყველაფერი, დედ-მამას თვალებში ვერ ვუყურებ. ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, მაგრამ ღვთის წყალობით ერთად დავძლიეთ, ჯერ 18 წლის ვარ.]
როდესაც ჯვარდაწერილ კაცთან გაქვს ურთიერთობა, მრუშობ. ეს დიდ ცოდვად ითვლება. ჯერ მან უნდა აიყაროს ჯვარი, შემდეგ დაიწეროთ ჯვარი და ამის მერე გაქვთ უფლება, იყოთ მასთან. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]

[DDET 45. მამაო, ძალიან ხშირად ვვარდები მრისხანებისა და ამპარტავნების ცოდვებში. რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემში აღმოვფხვრა ეს ორი ძირითადი ცოდვა?]
პირველ რიგში, ღმერთს უნდა სთხოვოთ, რომ ამ ცოდვების დაძლევაში დაგეხმაროთ, მაგრამ, ამავდროულად, თქვენც უნდა იშრომოთ ამ ცოდვის დასამარცხებლად. უმჯობესია, მოძღვრამდე თავად მიხვიდეთ, გაესაუბროთ და ის უკვე შეძლებს, კონკრეტული რჩევები მოგცეთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 46. მაინტერესებს, რატომ ითვლება ცეკვა, საკრავებზე დაკვრა ცოდვად? ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ამ სფეროში და ეს ნიჭი უფლისგანაა?]
ცეკვა და საკრავებზე დაკვრა ცოდვა არ არის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ეს არ უნდა იყოს აღვირახსნილი. უნდა ვიცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა – მეორეხარისხოვანი. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 47. დამლოცეთ, მამაო, რაც გავთხოვდი და შვილი მეყოლა, მარხვებს ვეღარ ვიცავ. ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე. მეთვლება ცოდვაში მარხვის დაუცველობა? გმადლობთ.]
ძუძუთი კვებით დროს შეგიძლიათ არ იმარხულოთ, რადგან ამ დროს აუცილებელია ჯანსაღი კვება თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც. საერთოდ, მარხვა მხოლოდ ჭამაში არ გამოიხატება. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 48. დამლოცეთ, მამაო, რატომ ითვლება ოცნება ცოდვად და რამდენად მძიმე ცოდვაა?]
გააჩნია ოცნებას. ჩვენ ყველანი რაღაც დოზით ვოცნებობთ ხოლმე. მთავარია ამან არ მიიღოს სისტემატური ხასიათი. უმჯობესია, ვიშრომოთ და ნაკლები ვიოცნებოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
[/DDET]

[DDET 49. დამლოცეთ, მამაო, მხოლოდ სინანული საკმარისია ცოდვის მოსანანიებლად? აბორტის ცოდვის მონანიება შესაძლებელია საერთოდ? რაღაც ეჭვი მეპარება. ]
აბორტი, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა, მაგრამ თუ ადამიანს სინანული გააჩნია, შეიძლება მოინანიოს. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 50. მოგესალმებით! აღსარებაში, ცოდვათა ჩამონათვალში მითითებულია ცეკვა და საკრავებზე დაკვრა. რატომ ითვლება ეს ცოდვად? ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ამ მხრივ?]
აღსარების საიდუმლოში პირდაპირ წერია – როკვა და ამას უარყოფს ეკლესია და არა ცეკვასა და სიმღერას, რითიც გავითქვით სახელი დიდი ტრადიციების მქონე ერმა. იოანე ნათლისმცემელს თავი რომ მოჰკვეთეს, სალომია იყო ასეთი, რომელმაც როკვის დროს ექსტაზში ჩააგდო მეფე და იქ მყოფნი. ეს არის მიუღებელი. ეკლესია უარყოფს ჯაზსა და როკს. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 51. არის თუ არა ცოდვა და ამპარტავნება, ადამიანმა შესთხოვოს უფალს, მიანიჭოს მას თავდაჯერებულობა, როდესაც იგი დაკომპლექსებულია, აკლია რწმენა საკუთარი თავისადმი და იტანჯება რაიმე საქმის წამოწყების შიშით, თვლის, რომ ყველა მას სჯობს და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. ამის გამო იგი სასოწარკვეთილია, აქვე დავძენ, რომ ეს კომპლექსი შეიძლება აწუხებდეს სრულიად განათლებულ და გარკვეული პოტენციის მქონე ადამიანს. საერთოდ, ასეთი მერყეობა და მიდგომა ცხოვრებისადმი მოდის თუ არა ბოროტი ძალისაგან?]
რასაკვირველია, ბოროტისგან მოდის. ამაში დიდი წვლილი ოჯახსაც მიუძღვის. ამიტომ ბავშვები უნდა გავზარდოთ ისე, რომ თვითდინებას მიჰყვნენ, მაგრამ, ამავდროულად, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ცუდი საქმეები არ გააკეთონ. არ უნდა დააკომპლექსო ბავშვი, არც ის უნდა უთხრა, რომ ძალიან ლამაზია, რადგან ამპარტავნებაში არ ჩავარდეს. ამპარტავნება კი დიდი ცოდვაა. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 52. დამლოცეთ, მამაო! ვმუშაობ სამშობლოს გარეთ. აქ არ არის მართლმადიდებლური ეკლესია, ამიტომ მოგმართავთ დახმარებისათვის, თუმცა მრავალჯერ ვეზიარე, მაგრამ სული მძიმედ მქონდა აბორტის ცოდვით. აქ კომპიუტერში ვიპოვე დაუჯდომელი აბორტის ცოდვით დაცემულ დედათათვის, შემიძლია თუ არა ვიკითხო მოძღვრის კურთხევის გარეშე, თუმცა მიწერილი აქვს, ყოველდღე იკითხეთო და დედათა ლოცვაში მითითებულია ლოცვა იგივე ცოდვისთვის. მადლობა… ბოდიში.]
დაუჯდომლის ლოცვა კურთხევის გარეშე არ შეიძლება. ვინაიდან თქვენთან მართმადიდებლური ეკლესია არ არის, შეგიძლიათ იკითხოთ. ევედრეთ წმ. იოანე ნათლისმცემელს აბორტის ცოდვის მიტევება. იოანე ნათლისმცემლის დღე არის სამშაბათი. კითხვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ამ დღეს უმჯობესია. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 53. პატარა რომ ვიყავი, ჩავიდინე ისეთი ცოდვა, რომელსაც ახლა ძალიან ვნანობ. მოძღვარს ვერ ვეუბნები, რადგან მას ხშირად ვხვდები და ამის თქმის შემდეგ ასე მგონია, ისეთი აღარ იქნება ჩემ მიმართ. რა ვქნა?]
აუცილებლად უნდა უთხრა მოძღვარს, მოინანიო და აღარ გაიმეორო. უფალი აუცილებლად შეგინდობს. ეს არის ეშმაკისგან მოწოდებული აზრი, რომ ისეთი აღარ იქნება შენ მიმართ, პირიქით. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 54. დამლოცეთ, მამაო. თუ შეიძლება, განმიმარტეთ, თუ ისე მოხდა, რომ ღამე განვიცადე “ძილსა შინა დაცემა”, რა მეკრძალება ან არ მეკრძალება იმ დღეს? მაგალითად, ვიცი, რომ არ შეიძლება ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის მიღება, სახარების წაკითხვა. და თუ მიწევს ამ დღეს დაუჯდომელის ან დავითნის წაკითხვა, შეიძლება წავიკითხო? ან ეს აკრძალვა ამავე დღის საღამომდეა, თუ მომავალ დილამდე? თუ მედავითნეს დაემართა ეს და სწორედ იმ დღეს უწევს ტაძარში კითხვა, ვერ წაიკითხავს? ამის შესახებ რატომღაც თითქმის არსად არაფერია ნათქვამი. წინასწარ მადლობა, მამაო.]
აკეთებ 50 სრულ მეტანიას (თუ მსგეფსი არ არის) ხატების წინაშე სიტყვებით: “ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე სახელისა შენისათვის წმიდისა”. და კითხულობ ერის კაცის ძილში დაცემის ლოცვას, ამის შემდეგ ვამბობთ აღსარებაში. იმ დღეს არ ეხებით სიწმინდეებს მეორე დილამდე, ჯვარს, ხატებს. დაუჯდომელიც და დავითნიც არ იკითხება. თუ მედავითნეს დაემართა, იგი იმ დღეს ვერ წაიკითხავს (უმჯობესია, უთხრას მამაოს და როგორც აკურთხებს ის, ისე მოიქცეს). (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 55. ადამიანი, რომელიც 8 წელია ეკლესიურად ცხოვრობს და ებრძვის ვნებას (ბილწიერს), მაგრამ სულიერად ვერ იზრდება, მაშინ რა გამოდის? ეს ცოდვაა, რომლისგანაც გათავისუფლება შეიძლება? თუ მისი ჯვარია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს?]
ცათა სასუფეველი იიძულების და რომელმან არა აიძულოს, მან არა მიიტაცოს იგი, – ბრძანებს უფალი. თუ უნდა ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს ადამიანმა, უნდა აიძულოს საკუთარი თავი, შეასრულოს ყოველივე, რასაც მოძღვარი ეუბნება და ეკლესია ქადაგებს. არ შეიძლება მოხვიდე ეკლესიაში, ხატებთან იდგე, ლოცულობდე და გარეთ გასვლის შემდეგ საწინააღმდეგოდ მოიქცე. ეს არ არის სწორი, თვალთმაქცობაა. შეიძლება მოძღვარი მოატყუო, მაგრამ უფლის მოტყუებას ნუ ეცდები, სასჯელი რომ არ მიიღო. ჯობს, მაგ ცოდვას დროულად განერიდო. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 56. მგონი საშინელი რაღაც გავაკეთე. დიდმარხვის პირველ კვირას ზიარებისათვის საგანგებოდ ვემზადებოდი, აღსარებაც ჩავაბარე და იმ ღამეს დამესიზმრა უაზრო ბილწი სიზმარი. ჩემგან არ იყო ის, მე ამას არასოდეს ვიფიქრებ. მინდოდა, სანამ ზიარება დაიწყებოდა, მოძღვარს დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძალიან მაწუხებს ეს და რა გავაკეთო? მოძღვრისაც მცხვენია და მეშინია. საერთოდ, როგორ დავიცვა თავი მსგავსი შემთხვევისაგან? ფხიზლად არ ვფიქრობ ასეთ რაღაცებს და ძილში რატომ მერევა? მერიდება უკვე აღსარებაში ამის თქმა. ახლა კი ზიარების წინაც.]
ყველაზე მეტად ღამე იბრძვის ბოროტი, ამიტომაც არის შუაღამეს წაკითხული ლოცვა ყველაზე ძლიერი. გათავისუფლებული ხარ ყოველგვარი ფიქრებისგან, ემოციებისგან, ზრუნვისგან და ამ დროს გულით ლოცულობ. მიდით მოძღვართან და აღსარება უთხარით, ამის არც დაზარება შეიძლება და არც მორიდება. რაც უფრო მეტს აღიარებ, მით უფრო მეტად გათავისუფლდები ბოროტისაგან. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 57. მამაო, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. წლების წინ მეუღლეს დავშორდი, რადგან იგი მრუშობდა. ძალიან განვიცდი, მასთან ურთიერთობა მიჭირდა, ყველაფერში მადანაშაულებდა, არ მქონდა მასთან სრულფასოვანი ურთიერთობა. ასეთი დაძაბული მდგომარეობის გამო მან ცოლი მოიყვანა, როდესაც მე ვყავდი პარალელურად. ვერ ვაპატიე და ვთხოვე, ოჯახიდან წასულიყო, ამჟამად ნანობს, მაგრამ მე მასთან ურთიერთობა აღარ შემიძლია. მამაო, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?]
ეს ხშირი შემთხვევაა. ბოროტის ბრძოლაა და თქვენი გადასატანია, შეიძლება უფლის გამოცდაა. თქვენს მოძღვარს დაელაპარაკეთ და ის დაგარიგებთ, როგორ მოიქცეთ, მან უნდა გაარკვიოს, სათნოების რა დონეზე ხართ ორივე. ანგარებიანია ადამიანი. დაივიწყა სიყვარული, ამდენი ცოდვა იმიტომ ტრიალებს მის გარშემო. სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. ბოროტი მძვინვარებს და ჩვენს სიკეთესა და სიყვარულს თავის სასარგებლოდ იყენებს. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 58. მამაო, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რადგანაც სირცხვილის გამო ვერ ვუთხარი მოძღვარს ცოდვა და ვეზიარე ამ ცოდვის მოუნანიებლად. მე ის შეცდომაში შევიყვანე. ამის გამო დათრგუნული ვარ და ვეღარ მივდივარ ტაძარში. ასე მგონია, ვერც ცოდვას ვაღიარებ და ვერც ეკლესიაში წავალ.]
აუცილებლად უნდა მიხვიდე, შენდობა სთხოვო მოძღვარს და რა სასჯელსაც მოგცემს, მადლობით მიიღო. ასეთი რამ ხდება. ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, მაგრამ განგებ ცოდვის დამალვა არ შეიძლება, ცოდვაა. გამოდის, რომ ცოდვას კიდევ ცოდვას ვუმატებთ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 59. ვარ მგალობელი გოგონა. თანდათან ვატყობდი საკუთარ თავს, რომ რწმენაში ვსუსტდებოდი. მრუშობის ცოდვამდე დავეცი. ამას თავს ვერ ვპატიობ. მოძღვართან ვცადე აღსარების ჩაბარება, მიმიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ იმ დროს არ ეცალა აღსარებისთვის. ახლა სირცხვილით ვერ მივდივარ მასთან. ვიცი, რომ ჩემისთანა უღირსი პიროვნების მსახურებაზე გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენი ტაძრის მგალობლებს ძალიან მძიმე პერიოდი აქვთ და მათი მიტოვება არ შემიძლია. ვერც მოძღვარს ვეუბნები ვერაფერს და როგორ მოვიქცე, არ ვიცი.]
აუცილებლად მიდით მოძღვართან. არ შეიძლება ასე, ეს ამპარტავნებაში გადავარდნაა უკვე. აუხსენით ყველაფერი და ის დაგარიგებთ. მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს, თუ გულით მოინანიებ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 60. თუ უფალს შვილს ევედრები იმ ადამიანისგან, რომელიც დაოჯახებულია და წლების განმავლობაში გიყვარდა, დებ აღთქმას, რომ მას უფლისათვის გაზრდი, მას მიუძღვნი, ეს ცოდვაა?]
ძალიან დიდი ცოდვაა. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 61. ჩემს მამაოს მატერიალურად უჭირს, ეკლესია ორი წლის აშენებულია ჩემს უბანში და ბევრი რამ გასამართი და გასაკეთებელია, ამის გამო რამდენჯერმე ვინატრე ფული მამაოსა და ეკლესიის დასახმარებლად. ეს ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება?]
ზოგადად ფუჭი ოცნება ცოდვაა, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კეთილი განზრახვითაც არის ეს გაკეთებული, მაგრამ ასეთ ოცნებას სჯობს, ადამიანმა ფიზიკურად გააკეთოს რაღაც. მაგალითად, მიხვიდეთ და ტრაპეზის მომზადებაში დაეხმაროთ, ან ეკლესიის მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა, ეს უფრო მეტი სიკეთე იქნება. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 62. მყავდა შეყვარებული, ძალიან მიყვარდა, მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა, შემდეგ ის დამშორდა. მითხრა, რომ ეს ჩემთვის გააკეთა, რადგან მას ცოლის მოყვანა არ უნდოდა, მომავალი არ ჰქონდა. – შეგიყვარდება სხვა, ვისთანაც ბედნიერი იქნებიო. ძალიან დეპრესიული ადამიანია. გავიდა დრო და მართლაც შემიყვარდა სხვა და გავთხოვდი. მომიწია დროებით მამიდასთან ცხოვრება თბილისში. მეუღლე სოფელში მუშაობს. მე ვერ გავუძელი ცდუნებას და ყოფილ შეყვარებულს ვაკოცე. მერე ეს მოვინანიე, მაგრამ 2 თვე გავიდა და დღეს ისევ ისე დამემართა, ისევ შევცოდე. ქმარი მიყვარს, მაგრამ ამ ბიჭის სიახლოვეზე რაღაც მემართება.ის არაფერს მაძალებს და მეუბნება: შენს აზრს პატივს ვცემ, მიყვარხარ მაინც ჩემებურად და თუ საერთოდ არ გინდა ჩემთან არანაირი ურთიერთობა, ჩემგან პრობლემა არ შეგექმნებაო. ახლა ძალიან ვნანობ და მეშინია, რომ ეს არასოდეს მეპატიება. ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს მეუღლესთან. მინდა ვაღიარო მის წინაშე და დავისვენო, მაგრამ არ მაპატიებს და უმისოდ ყოფნა არ შემიძლია. ოდესმე მაპატიებს ამას უფალი? დამეხმარეთ, გთხოვთ.]
უფალი აუცილებლად გაპატიებს, თუ გულით მოინანიებ. იგი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. თუ მარტო კოცნა იყო, საგანგაშო არაფერია, უბრალოდ უნდა მოერიდო იმ ადამიანს. იმას არ ვამბობ, რომ შეიძულო, მხოლოდ თავი აარიდე მასთან ყველანაირ ურთიერთობას და თუ დარჩები მეუღლის ერთგული, ძალიან კარგი იქნება. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 63. მამაო, შეიძლება, რომ უფალს ან რომელიმე წმინდანს ჩვენს კითხვაზე პასუხის მინიშნება შევთხოვოთ? ეს ცოდვაა?]
ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია და ძალიან ჰგავს უფლის გამოცდას. გარდა ამისა, ამგვარი აზრები დამწყებ, არასერიოზულ და სარწმუნოებაში არამყარ ადამიანებს მოსდით. თუმცა არცთუ იშვიათად ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება ხიბლიც იმალებოდეს. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
[/DDET]

[DDET 64. არის თუ არა თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვა?]
თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი აკეთებს ამას. მაგრამ თუ ავადმყოფია, მასზე წესის აგება შეიძლება. თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობაა. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]