Home » აღსარება

აღსარება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. იცით, ერთხელ მამაოს ტყუილი ვუთხარი. მაგრამ მომდევნო აღსარებაზე ამის თქმა ვერ მოვახერხე და როდესაც მას ვუთხარი, რომ ვთქვი ტყუილები, შედიოდა თუ არა მოძღვრის მოტყუება ამაში? თუ ცალკე უნდა ვუთხრა ეს?]
წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ რაიმე ფიზიკური, სომატური დაავადების დაძლევას და ექიმთან სიმპტომებზე უნდა ილაპარაკოთ. თუ ამ დროს თქვენ არ იქნებით მაქსიმალურად მართალი, შედეგიც შესაბამისი იქნება. შეეცადეთ აღსარებას შეხედოთ, როგორც სულის განკურნების საქმეს და აღმოაჩინეთ, რომ ცოდვები, შეცდომები ხელს გიშლიან ცხოვრებაში. (მღვდელი გიორგი წეროძე)
[/DDET]

[DDET 2. დამლოცეთ, მამაო. შეიძლება თუ არა აღსარებაში გავიმეორო (ანუ ხელახლა ვაღიარო) ყველა ის ცოდვა, რაც ჩამიდენია ცხოვრების მანძილზე?]
ყველა ადამიანი პიროვნულად ინდივიდია და ყველაფერს თავის გადასახედიდან აფასებს. არიან პიროვნებები, რომელთაც აღსარების ჩაბარება შვებას ჰგვრის. ამით თავისუფლდებიან და ცოდვას უკვე გაურბიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც მონანიების შემდგომაც აწუხებთ მოძღვრისთვის გამხელილი ცოდვები. საერთოდ, ბოლომდე თუ არ გაიხსენი და არ თქვი, ეს ყოველთვის შეგაწუხებს. ამიტომ ხდება ერთი და იგივე ცოდვების განმეორება. საკუთარ თავსაც გავაწვალებთ და მოძღვარსაც. ადამიანმა უნდა შეაწუხოს სინდისი და თქვას ბოლომდე სათქმელი, რომ მიეტევოს უფლისგან. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
[/DDET]

[DDET 3. მამაო, როდესაც აღსარებას ვამბობ, მაინც მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი არ მომეტევება და უდიდეს ცოდვილად მივიჩნევ თავს. თითქოს ჩვევად მექცა აღსარების თქმა და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვქნა. პირველი აღსარება რომ ჩავაბარე, ის მინდა კიდევ ვუთხრა სხვა მღვდელს და არა ჩემს მოძღვარს. მაინტერესებს, შეიძლება?]
აღსარება – ეს არის საკუთარი ცოდვების გამო სინანულის გამოხატვა. აღსარებისკენ ადამიანს უბიძგებს ორი სულიერი მდგომარეობა: სინანული და იმედი ცოდვების მიტევებისა. თუ პიროვნებას არა აქვს სინანული და იმედი, რომ ღმერთი მოძღვრის საშუალებით მიუტევებს ცოდვებს, მაშინ აღსარება იქნება მხოლოდ ცოდვების ხმამაღლა წარმოთქმა და სხვა – არაფერი. გქონდეთ რწმენა, რომ ღმერთი გაპატიებთ სინანულით განწმენდილ ცოდვებს. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 4. როგორი უნდა იყოს სწორი აღსარება? მისაღებია თუ არა, ყოველთვის ლოცვების წიგნში ჩამოთვლილი ცოდვების მიხედვით შევადგინოთ აღსარება და ფურცელზე დავწეროთ ჩვენი ცოდვები?]
აღსარება ითქმება საკუთარი სიტყვებით. ჩამონათვალი ცოდვები შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოდვის გასახსენებლად, ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სიტყვებით ვერ ვხსნით და გამოვხატავთ ამა თუ იმ შეცოდებას. აღსარება ითქმება ზეპირადაც და წერილობითაც. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 5. დამლოცეთ, მამაო. ძალიან ცუდად ვარ. რამდენი წელია, აღსარება არ ჩამიბარებია, ცოდვილი გავხდი, მრცხვენია, მოძღვარს მოვუყვე ჩემი ცოდვები, არადა ისე ცუდად ვარ უკვე, ვეღარ ვძლებ, საშინლად მაწუხებს. რა გავაკეთო? იქნებ მირჩიოთ რამე.]
სირცხვილის გრძნობა უნდა დაძლიო, მიხვიდე მოძღვართან და თქვა აღსარება. როცა ადამიანი სცილდება ეკლესიას, იცლება იმ მადლისგან, რაც სულს ასაზრდოებს. როდესაც ეს გამოგელევა, შემდეგ სულიერი შიმშილი იწყება, როგორც უძღები შვილის კვირიაკეში არის. უძღებ შვილს რაც ეკუთვნოდა, მამამ ყველაფერი გაატანა, მაგრამ მან არასწორი ცხოვრებით იცხოვრა, ისევდაისევ განშორდა ეკლესიას, არ ივსებოდა მადლით და რომ გამოელია, დაემსგავსა პიროვნებას, რომელიც ღორების საკვებით იკვებება. ასე რომ, უნდა დათრგუნოს ადამიანმა საკუთარი თავი და მივიდეს ეკლესიაში, რადგან უფალთან სიახლოვეში იყოს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 6. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი, როდესაც ის ცხოვრობს საზღვარგარეთ წლების განმავლობაში და ვერ ახერხებს აღსარების ჩაბარებას მართლმადიდებელი ეკლესიის არარსებობის გამო. თუმცა გულწრფელად აქვს მონანიების სურვილი და განიცდის, რომ შეიძლება უფალმა დასაჯოს მოუნანიებელი ცოდვების გამო.]
საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე, მაშინ რომ თქვათ აღსარება და ეზიაროთ, კარგი იქნება. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
[/DDET]

[DDET 7. ძალიან ცუდად ვარ. რამდენი ხანია მამაოსთან მინდა მისვლა და დალაპარაკება, რადგან ცოდვები მაწუხებს. ამჟამად გათხოვილი ვარ, შვილს ველოდები და ჩემი მოუნანიებელი ცოდვების გამო მგონია, რომ ბედნიერებას არ ვიმსახურებ, სულ ცუდზე ვფიქრობ. დახმარება მინდა თქვენი, იქნებ მირჩიოთ რამე. ხანდახან მგონია, რომ ამ ყველაფერს ვერ გავუძლებ.]
აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძალა მოძღვართან მისასვლელად და გულწრფელად ჩააბაროთ აღსარება. გარწმუნებთ, მოძღვარი არ გაგიბრაზდებათ, არ შეგრისხავთ, პირიქით, რჩევა-დარიგებას მოგცემთ და გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. უსასოობაში ყოფნა არის ისეთივე ცოდვა, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, ამიტომ უნდა დამშვიდდეთ, დაწყნარდეთ და განეწყოთ რწმენით, რომ უფალს ყველაფრის მიტევება შეუძლია, რასაც გულწრფელად მოინანიებ. საერთოდ, გულწრფელობა არის ძალიან კარგი თვისება, როცა ადამიანს ასეთი ბრძოლები აწუხებს და ეს ეხმარება მას, რომ მოძღვართან გაიხსნას, თავისუფლად ისაუბროს და პრობლემები მოაგვაროს. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 8. აღსარება არ ჩამიბარებია არასდროს. მინდა მოვინანიო ცოდვები და უნდა დავწერო ყველაფერი, რაც ბავშვობის ასაკიდან მახსენდება? მიძნელდება და იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რომელი წიგნიდან ვიხელმძღვანელო?]
არსებობს აღსარების მოსამზადებლად გამოსული სპეციალური წიგნები, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი აღსარებისთვის. იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა არის საჭირო აღსარების დროს. არ არის აუცილებელი მრავალმეტყველება და ამბის მოყოლა, რომ აი, ეს მოხდა ამა და ამ წელს, თვეს და ა.შ. თუ სასაუბროა, ძალიან მოკლე ფორმით უნდა დაიწეროს, ან ჩაწეროთ თვითონ ცოდვის რაობა, მაგ.: ავაზაკობით, ავთვალობით და ა.შ., რაც წერია ლოცვების წიგნში. არსებობს ჩამონათვალი იმ ცოდვებისა, რომლებიც ადამიანს ემართება და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი ემზადება აღსარებისთვის და წერს თავის ცოდვებს ფურცელზე, თუნდაც ერთი სიტყვით, მასში აუცილებლად უნდა იყოს სინანული. უფალმა ყოველივე იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენგან ელოდება სინანულს. სინანული შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვითაც. არ არის საჭირო ამაზე ვისაუბროთ ძალიან ბევრი, მაგრამ თუ საჭიროა, მოძღვარს ეუბნებით, რომ ეს ცოდვა ძალიან გაწუხებთ და თუ შეიძლება, ვრცლად ესაუბრებით. რა თქმა უნდა, მოძღვარი გაგესაუბრებათ ამ ცოდვის შესახებ და აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 9. მერვე წელია საბერძნეთში ვცხოვრობ. ვინახავ ყველა მარხვას, ვლოცულობ, მაგრამ ვერ დავდივარ ეკლესიაში, არ მყავს მამაო და არ ჩამიბარებია აღსარება. ძალიან მინდა, ახლა მაინც მარხვაზე კურთხევა და აღსარების ჩაბარება. იქნებ როგორმე დამეხმაროთ.]
უნდა მიხვიდეთ მართლმადიდებლურ ტაძარში, ნახოთ ვინმე სულიერი მოძღვარი და აიღოთ ლოცვა-კურთხევა, დაიცვათ წესები: მარხვა, ლოცვა და ა.შ. და ჩააბაროთ აღსარება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]