მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – დეკანოზი არჩილ ავანაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.04.2015 | 4,046 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი:

მკითხველის კითხვა:

რამდენად ეკლესიურია ე.წ “წმ.მატრონას პურის” გაკეთება? ახლობელმა მომიტანა ცომი, რომელსაც თან ახლავს ინსტრუქცია, როგორ უნდა გავაკეთო. სიონი თან მითხრეს, იერუსალიმიდანაა ჩამოტანილიო. რას მირჩევთ, გადავაგდო, თუ შევასრულო ინსტრუქცია?

პასუხი:

წმიდა მატრონა ყველასათვის სათაყვანებელი წმიდანია და უნდა მივმართოთ დახმარებისათვის, მაგრამ რაც შეეხება “წმ. მატრონას პურს“, მე ზედმეტად მიმაჩნია. ეს არაქრისტიანული რიტუალია. ჩვენ გვაქვს სეფისკვერი და ტარიგი ღვთისა, რომელსაც ვიღებთ საკურნებლად სულისა და ხორცისა.

მკითხველის კითხვა:

გთხოვთ მითხრათ, მამაოებსაც ჰყავთ მოძღვარი? როგორ ხდება მათი აღსარება და ზიარება?

პასუხი:

რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავს მოძღვარი. მამები აღსარებას ვაბარებთ ერთმანეთს, შენდობის ლოცვას ვუკითხავთ და ვეზიარებით. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ამ მიწიერ ცხოვრებაში გვიხდება ურთიერთობა ერთან, ეკლესიის მრევლთან, არამართლმადიდებლებთან, ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც არც კი გვსიამოვნებს, მაგრამ გვიწევს ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ყოველ ნაბიჯზე ჩვენც შეიძლება ვცოდოთ ნებსით თუ უნებლიედ. ამას ვაღიარებთ ერთმანეთში და ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ.

მკითხველის კითხვა:

დამლოცეთ, მამაო. 12 წლის წინ მყავდა შეყვარებული. ერთხელ ერთ-ერთ ეკლესიაში ვიყავით და მითხრა, მამაოს ვთხოვ, რომ დაგვლოცოსო და მართლაც, დაგვლოცა, რაღაც ლოცვა წაიკითხა (რაც არ მახსოვს) და ჩვენი სახელებიც ახსენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საუბრისას ჩემმა შეყვარებულმა ხუმრობით მითხრა: ჩვენ ხომ მაშინ ჯვარი დავიწერეთო. მე ამ ხუმრობაზე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა რატომღაც დამაფიქრა ამ ფაქტმა. როგორც გაირკვა, ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემამდე 4-ჯერ იყო ქორწინებაში. ჩვენ დავშორდით 12 წლის წინ. დაახლოებით სამი წელია, რაც გავიგე, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა. ამიტომ ვეღარ გავარკვევ, მან ჯვრისწერასთან დაკავშირებით იხუმრა, თუ ჩემი ნებართვის გარეშე შეუთანხმდა მოძღვარს. მაინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ეს ჯვრისწერა, თუ მოძღვარს ამ დალოცვის პროცესში ჩემთვის არაფერი უკითხავს, არც მოწმეები გვყოლია და არც ბეჭდები გაგვიცვლია…

პასუხი:

შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ეს ჯვრისწერა არ არის. ჯვრისწერისას ორი სიყვარულით აღსავსე ადამიანი თავის სარწმუნოებას, თავის გულს, სიყვარულს, მომავალს ერთმანეთს უკავშირებს, რაც ეკლესიურად გარკვეული რიტუალით ტარდება. ქორწინება, რა თქმა უნდა, ღვთისგან კურთხეულია. ასე რომ, შეიძლება დაგლოცათ, მაგრამ არავითარი ჯვრისწერა არ ჩაუტარებია.

მკითხველის კითხვა:

გავიგე, ღვთისმშობლის სარტყლის ასლები იყიდება საეკლესიო მაღაზიაში, თან მოჰყვება ლოცვებიც. თუ შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა იყიდოს და ატაროს მოძღვრის კურთხევის გარეშე?

პასუხი:

მე ზედმეტად მიმაჩნია, რადგან რწმენა და უფლის სიყვარული გულით უნდა ვატაროთ. როცა სამებაში ვმსახურობდი, მახსოვს, მამა ილიამ კვიპროსიდან ჩამოაბრძანა კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ასლი თავისი სარტყლით. ის მართლაც არის უშვილოებისათვის და პირადად მე, მქონდა კურთხევა, ლოცვები წამეკითხა. სარტყელს ვუკეთებდით უშვილო ქალბატონებს, მეუღლეები საეკლესიო წესს აღასრულებდნენ და ბევრი შემთხვევაც იყო, რომ შვილი ეყოლათ. რა რწმენითაც მიიღებ, იმით მოგეცემა. შეიძლება არც გაიკეთო სარტყელი, მიხვიდე ხატთან, სანთელი აანთო და შეევედრო, რადგან: “დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, რა შეიძლება ვაჩუქო მონაზონს? მინდა, რომ ჩემი სიყვარული რაიმე საჩუქრით გამოვხატო… რა ვაჩუქო რაიმე ისეთი მცირე, რომელზეც უარს არ მეტყვის?

პასუხი:

მე დიდ პატივს ვცემ მონაზვნურ ინსტიტუტს და ძალიან მიყვარს ეს ადამიანები, რომლებმაც თავისი მიწიერი ცხოვრება უკუაგდეს, რათა უფლისთვის შეეწირათ დარჩნეილი სიცოცხლე. ისინი ძალიან მოსიყვარულე ადამიანები არიან. ვფიქრობ, ჩვენი საჩუქარი მათთვის დიდ რამეს არ უნდა წარმოადგენდეს. მათი სიხარული არის ის, რომ ტაძარში მივალთ, ვილოცებთ მათთან ერთად და ლოცვებში მოვიხსენიებთ. რაც შეეხება საჩუქარს, შეიძლება წიგნი აჩუქო, თუნდაც ლოცვების, ლამაზად შესრულებული, სანთელიც, ან სამოსი, რაც კარგი იქნება.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, მხატვრული ლიტერატურა თუ უნდა ვიკითხოთ სასულიეროსთან ერთად და რა კრიტერიუმით უნდა ავარჩიოთ, თუ რა წავიკითხოთ? მაგ.: ისტორიული რომანების წაკითხვა შეიძლება? მე არ მსურს და არც მაინტერესებს რომანები. მშობელი მაძალებს, სირცხვილია, ეს რომ არ გექნება წაკითხულიო… მირჩიეთ, რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:

ადამიანისათვის, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მართლმადიდებელია, საეკლესიო ლიტერატურის წაკითხვა აუცილებელია. ასევე, საჭიროა მხატვრული ლიტერატურის კითხვა თუნდაც იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ კომპიუტერიზაციას, რაშიც უქმად კარგავენ დროს ახალგაზრდები. ჩემს მრევლს სულ ვარიგებ ამის შესახებ. საკვებიდან ის უნდა მივიღოთ, რაც გენებში გვაქვს, რასაც ახლა ვიღებთ, ჩვენს გენებში არ გახლავთ, ამიტომ არის ამდენი ავადმყოფი. ჯერ ჩვენი უნდა შევისწავლოთ და შევიყვაროთ, თუნდაც რომანები. სიყვარული ღვთის სიყვარულიდან მოდის. თუ ადამიანს უფალი არ უყვარს, ვერც ვერავის შეიყვარებს და თუ ვინმე გიყვარს, ღვთის მადლია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • mari says:

    გამარჯობათ… იცით ძალიან მაწუხებს სიზმრები. ერთადერთი როცა მარხვაზე ვარ, მაშინ არ ვხედავ, ან ძალიან იშვიათად. სანამ ტაძარში დავიწყებდი სიარულს, ხშირად მესიზმრებოდა ივერიის ღვთისმშბელი და ძილში ადევნებული სიძვის დემონებისგან თუ ეშმაკის სახის მქონე საზიზღარი არსებებისგან მიცავდა. ძემდეგ მინელდა ჩემი სიზმრები, მაგრამ ყოველთვის ვხედავ ღვთისმშობლის ან მაცხოვრის ხატს როცა ძალიან ვშფოთავ ან რაიმე ცუდი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. მთრგუნავს ჩემი სიზმრები, რა ვქნა აღარ ვიცი. როგორ დავაღწიო თავი მათ??? მადლობა წინასწარ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი