მთავარიეკლესია-მონასტრებიგურჯაანის ყველაწმიდა (VIII-IX სს.)

გურჯაანის ყველაწმიდა (VIII-IX სს.)

გურჯანიის ყველაწმიდის ტაძარი თავისი ორი გუმბათით ყველა ქართული ეკლესიისგან გამოირჩევა. იგი VIII-IX საუკუნეებში, ანუ “გარდამავალ ხანაშია” აგებული და ადრეული ხანის ძეგლებთან შედარებით უფრო მეტადაა შემკული და გამშვენებული, პროპორციებიც უფრო აზიდული აქვს. ქართული ხუროთმოძღვრების ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე, კახთუბნის ანუ გურჯაანის ხეობაში მდებარეობს. იგი განმარტოებით მთის კალთაზე დგას. ეკლესია შედარებით კარგადაა შენახული, მნიშვნელოვან დაზიანებათა და გადაკეთებათა გარეშე.

გურჯაანის ყველაწმიდა

ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძარი ნაშენია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები – შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული.

განსაკუთრებით მეტყველია დასავლეთის კედელი ერთიანად დაცხრილული ღია თაღოვანი მალებით. სულ ქვემოთ ერთი თაღია, რომელსაც ნავის თითქმის მთელი სიგანე უჭირავს, ამის ზემოთ კი ორ-ორი ღია თაღი ორ რეგისტრად და კიდევ ერთი, მცირე, სულ ზემოთ. ეს ოთხი თაღი სარკმელი მთავარ სივრცეს აკავშირებს მეორე სართულის დონეზე მოწყობილ გარშემოსავლელთან. ყველაზე უფრო საინტერესო სამხრეთის ფასადია, სადაც შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის გარშემოსავლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ მახვილს ქმნის მის ცენტრში.

გადმოცემით, გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოფილა დაბრძანებული, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. არსებობს გადმოცემაც, რომ ტაძრის კედლიდან რძე გადმოდიოდა, რომელიც რძეგამშრალ დედებს კურნავდა.

გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარს რეაბილიტაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. ტაძარი შაჰ–აბასის შემოსევების შემდეგ პირველად XVII საუკუნეში შეკეთდა. 1845 წელს მონასტერი დაცარიელდა: ბერები ხირსის მონასტერში გადავიდნენ, ხოლო სიწმინდეები ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანეს. 2010 წელს შეკეთდა ტაძრის სახურავი, კამარა და გუმბათები, რომელიც დაზიანებული იყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, დაზიანებული ჭერის გამო, მრევლს ტაძარში წირვაზე დასწრება არ შეეძლო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

2 COMMENTS

  1. ამ ადგილას ბერები ისევ ცხოვრობენ.მიმდინარეობს თუ არ ვცდები მონასტრის მშენებლობა.სამწუხაროდ მე როგორც ვიცი უსახსრობის გამო შეწვეტილია.ამ ტაძარში დიდი სიმშვიდე,სიწმინდე და მადლი სუფევს.წმინდად აღასრულებენ მამები ღვთისმსახურებას მამა რაფაელის წინამძღვრობით.ხშირად ლოცვას მეუფე ექვთიმე ესწრება.გურჯაანში კიდევ მრავალი ტაძარია.ბევრიც შენდება,რამდენიმეახალი ტაძრის მშენებლიბა არის კიდევ დაგეგმილი.უფალს ვთხოვ ეს სალოცავები ეწეოდეს გურჯაანის რაიონებში მცხოვრებ ხალხს.
    ხალხმა დააფასოს და შეიყვაროს სიწმინდეები.მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მათ.ეს ღვტისმშობლის მიძინების ტაძარი ორგუმბათიანია და ერთია საქართველოში.

    • აბსოლუტურად ვეთანხმები თამარს და მოკრძალებით მინდა დავამატო,რომ ამ მონასტერს ჰყავს ლოცვაში მოუღლელი წინამძღვარი მამა რაფაელი და ბერები…ასევე მეუფე ექვთიმე,რომელიც სიყვარულსა და სიმშვიდეს, სიკეთეს და სირბძნეს ასხივებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები