დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპსა და გაციებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:
რას ნიშნავს ზემო რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექცია და რა არის გაცივება?
განმარტება: გაცივება – ხშირად ცნობილია, როგორც ზემო რესპირატორული ტრაქტის ვირუსული ინფექცია, საკმაოდ ხშირია და აქვს შებრუნებითი ხასიათი.
მთელი წლის განმავლობაში სკოლამდელი და დამწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებმა შესაძლოა 3-12-ჯერ გადაიტანონ გაციება, მაშინ როდესაც მოზარდებსა და ზრდასრულებში, წლის განმავლობაში, მხოლოდ 2-4ჯერ გვხვდება. გაციება ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. იგი ექიმთან ვიზიტების, სკოლისა და სამსახურის გაცდენის წამყვანი მიზეზია.
რა იწვევს გაციებას და რა იწვევს გრიპს?
განმარტება: ცნობილია 200-ზე მეტი სახეობის ვირუსი, რომლებიც იწვევენ გაციებას, მაშინ როდესაც გრიპის გამომწვევი 3 სახის ვირუსი არსებობს: A, B და C.
A და B ტიპის ვირუსები იწვევენ გრიპის ეპიდემიებს, ასევე ისინი ცირკულირებენ მოსახლეობაში ეპიდემიებს შორის პერიოდში, როგორც სეზონური გრიპის გამომწვევები. ეპიდემიის ან სეზონური გავრცელების დროს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება ხველა, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. A ტიპის გრიპის ვირუსი ყოველ 20-50 წელიწადში ერთხელ იწვევს პანდემიებს. C ტიპის ვირუსი, ასევე იწვევს გრიპს, თუმცა C ტიპით გამოწვეული გრიპის სიმპტომები ნაკლებად მძიმეა.
რომელი დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ადამიანისთვის?
განმარტება: ადამიანების უმეტესობას ეშლება გაციება და გრიპი ერთმანეთში.
გაციებისგან განსხვავებით, გრიპი გამოწვეულია გრიპის ვირუსით. მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლოა სიმპტომები მსგავსი იყოს, გაციება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ვიდრე გრიპი.
შეუძლიათ თუ არა ანტიბიოტიკებს დაამარცხონ გრიპი და გაციება?
განმარტება: გრიპი და გაციება, ორივე რესპირატორული ტრაქტის კონტაგიოზური ვირუსული ინფექციებია. გაციება აზიანიებს ზედა რესპირატორულ ტრაქტს (სინუსებს, ნაზალურ არხებს, ხორხს და ყელს), ხოლო გრიპი აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ტრაქეა, ბრონქები და ფილტვები). ცნობილია 200-ზე მეტი სახეობის გაციების გამომწვევი ვირუსები და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩნდება ახალი ვირუსული შტამები. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე დაავადება ვირუსულია, მათზე არ მოქმედებენ ანტიბიოტიკები. გახსოვდეთ: ანტიბიოტიკები ზემოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებზე. მცირე რაოდენობით ანტივირუსული პრეპარატების მიღება საკმარისია გრიპის სამკურნალოდ, მაგრამ არ არსებობს სპეციფიური პრეპარატები, რომლებიც დაამარცხებენ გაციებას. ანტიბიოტიკების დახმარება შესაძლოა საჭირო გახდეს თუ ადგილი ექნება მეორად ბაქტერიულ ინფექციას.
რითი გავს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან გრიპი და გაციება?
განმარტება: ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ცემინება დამახასიათებელია გაციებისთვის. გრიპს და გაციებას, ორივეს ახასიათებს ხველა, თავის ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში. გრიპისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურა რამოდენიმე დღის განმავლობაში, თავისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე და დაღლილობა. გართულებები გაციების დროს, ჩვეულებრივ, მსუბუქად მომდინარეობს, თუმცა, გრიპიცა და გაციებაც შესაძლოა გართულდეს ისეთი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით, როგორიცაა პევმონია.
დაკავშირებულია თუ არა გაციება და გრიპი ცივ ამინდთან?
განმარტება: გაციება და გრიპი ხშირად გვხვდება შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე. ცივი ამინდი თავისთავად არ იწვევს გაცივებას. ზამთრის ცივ ამინდში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში და აქვთ ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტი, ეს ყველაფერი უფრო აადვილებს ვირუსის გავრცელებას. სწორედ ამ მიზეზით, ბავშვები სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში ინფიცირდებიან და `ცვლიან~ ვირუსებსა და სხვა გამომწვევებს.
რას ახასიათებს ცხვირის გაჭედვა და ყურის ტკივილი?
განმარტება: ისეთი გართულებები, როგორიც არის ცხვირის გაჭედვა და ყურის ტკივილი ძირითადად დამახასიათებელია გაციებისთვის.
რას ახასიათებს თავის ტკივილი?
განმარტება: გრიპის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავის, ყელისა და კუნთების ტკივილს, შემცივნებასა და ოფლიანობას, ტემპერატურის ცვალებადობის გამო, იშვიათად ჩნდება ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი; მოსალოდნელია დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება, გადატანის შემდგომ 2-3 კვირის განმავლობაში. თავის ტკივილი ნაკლებადაა დამახასიატებელი გაციებისთვის.
200-ზე მეტი გაციების გამომწვევი ვირუსისგან რომელია ყველაზე გავრცელებული?
განმარტება: გაციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია რინოვირუსები. ისინი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ადრეულ შემოდგომაზე, გაზაფხულსა და ზაფხულში. დღეისთვის 110-ზე მეტი სახეობის რინოვირუსია იდენტიფიცირებული. მათი გამრავლებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა ადამიანის ცხვირის ღრუში. რინოვირუსების უმეტესობა იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებას. გაციების გამომწვევი სხვა ვირუსები, ისეთი როგორიცაა პარაგრიპი და RSV მოზრდილებში იწვევენ მსუბუქ ინფექციას, მაგრამ ბავშვებში მათ შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები.
რა ეწოდება გრიპის სამკურნალო პრეპარატებს?
განმარტება: წამლებს, რომლებიც განსაზღვრულია გრიპის სამკურნალოდ, ეწოდება ანტვირუსული პრეპარატები. ტერმინი “ანტივირუსული” მიუთითებს, რომ იგი კლავს ვირუსს ან თრგუნავს მათი გაზრდისა და გამრავლების უნარს. ტამიფლუ (ოსელტამივირი) და რელენზა (ზანამივირი) ყველაზე ხშირად გამოიყენება გრიპის სამკურნალოდ და ყველაზე ეფექტურია თუ მათი მიღება მოხდება დაავადების დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
რა იგულისხმება დაბალი ცხელების ქვეშ?
განმარტება: ცხელება არის ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი თვისება. მაღალი ცხელება ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38ჩო-ზე ზევითაა. ნებისმიერ ტემპერატურას ნორმაზე ზევით და 38ჩო-ზე ქვევით ეწოდება დაბალი ცხელება. ბაქტერიებსა და ვირუსებს არ აქვთ მაღალ ტემპერატურაზე სიცოცხლის უნარი. სწორედ ამიტომ დაბალი ცხელების დროს არ არის სასურველი მკურნალობა, თუ ადგილი არ აქვს გართულებას.
არის თუ არა გრიპისა და გაციებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ჰიგიენა?
განმარტება: გაციებისა და გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ხელების ჰიგიენა, ხოლო გრიპის ვირუსისგან გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის ყველაზე ეფექტური პრევენცია – ყოველწლიური ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინა (გრიპის ვაქცინა დამზადებულია ინაქტივირებული ან ატენუირებული ვირუსისგან) რეკომენდებულია მათთვის, ვინც არიან გრიპის ინფექციის სერიოზული გართულების განვითარების რისკის ქვეშ. აღნიშნულ რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება ორსულები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადების მქონე ნებისმიერი პირი, მოხუცები და ბავშვები.
რომელი დაავადება იწვევს 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის დაღლილობასა და სისუსტეს?
განმარტება: მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა და სისუსტე ვითარდება გაციების დროს, აღნიშნული სიმპტომები უფრო მკვეთრადაა გამოხატული გრიპის დროს. გრიპის დროს დაღლილობა და სისუსტე შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირა.
არსებობს თუ არა გაციების სამკურნალო საშუალებები?
განმარტება: არ არსებობს სპეციფიური პრეპარატები გაციების შემაწუხებელი სიმპტომების სამკურნალოდ. არსებობს წამლები ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიც არის ცხვირის გაჭედვა და ხველა. თუ გტკივათ ყელი და გაწუხებთ მაღალი ტემპერატურა, გაციების ნიშნების გარეშე, მიმართეთ ექიმს. ეს მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს, ბაქტერიული ინფექციით და საჭიროებდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობას.
რა დისტანციაზე ვრცელდება გაციების და გრიპის წვეთები?
განმარტება: გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება დახველების ან დაცემინების დროს წვეთების გამოფრქვევით. (ამას ეწოდება “წვეთით გავრცელება”). ეს ხდება, როდესაც დაავადებული ადამიანის დახველების ან დაცემინების შედეგად წვეთები გამოიფრქვევა ჰაერში და მოხვდება 1 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანის პირის ღრუში ან ცხვირში. ვირუსები ასევე ვრცელდება, როდესაც ადამიანი შეეხება ვირუსის შემცველი წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ, ხელების დაბანამდე, საკუთარ პირს ან ცხვირს.
http://ncdc.ge/

გაციების დროს ფილტვების ტკივილი რას ნიშნავს?
გაციების დროს სითბოს მოთხოვნილება რატომ ჩნდება? ან თუ შეგცივდა გაციებულს, ვირუსი მეტად
აქტიურდება?
გამარჯობა … მაინტერესებს და იქნებ მიპასუხოთ .. გრიპის ვირუსსის სამიზნე თუ სასუნთქი გზის ეპითელიური უჯრედებია და თუ მხოლოდ ამ კონკრეტულ უჯრედებს ეხება რატომ ვგრძნობთ თავს ცუდად ?