24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიკულტურარატომ იწუნებენ გოდერძი ჩოხელის სცენარს კინოცენტრში?

რატომ იწუნებენ გოდერძი ჩოხელის სცენარს კინოცენტრში?

ქალაქში პირველი ჩამოსვლისას ყველამ ვაჟა-ფშაველას შეადარა, მაგრამ მალევე შეძლო, რომ გოდერძი ჩოხელის სახელი ცნობოდათ, როგორც განსაკუთრებულად ფაქიზი, სრულიად გამორჩეული ბუნების შემოქმედისა. ჩოხიდან კინოს სიყვარულმა ჩამოიყვანა. გოდერძი ჩოხელი კინოს საშუალებით საბოლოოდ ასხამდა ხორცს თავისივე ნაწარმოებებს და ერთ მთლიანობად აყალიბებდა. 2007 წლის 16 ნოემბერს გოდერძი ჩოხელმა “სულეთის ქვეყანაში” გადაინაცვლა, მისი შემოქმედება კი დღესაც შესწავლის საგანია… გოდერძი ჩოხელის შემოქმედების შესწავლითა და პოპულარიზაციით ქართველებზე არანაკლებ ინტერესდებიან უცხოელები, რაც საერთაშორისო კონფერენციამ “გოდერძი ჩოხელი – შემოქმედება საზღვრებს გარეშე” კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ამბიონმა” გოდერძი ჩოხელი მის მეუღლესთან, ნინო მელაშვილი-ჩოხელთან ერთად გაიხსენა.

ამბობენ, შემოქმედს მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო აფასებენო. რამდენად მოხდა ასე გოდერძი ჩოხელის შემთხვევაში? კონფერენციაზე, ალბათ, ბევრი ახალიც ითქვა მის შემოქმედებაზე…

მე თვითონაც, როგორც მკითხველმა, მართლა სხვანაირად შევხედე მის შემოქმედებას. ის თემები, რაც მთავარი იყო გოდერძის შემოქმედებაში, სხვანაირ დატვირთვას იძენს და თითქოს შორიდან ვუყურებ მათ. კონფერენციის ჩატარების იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი სათქმელი დაგროვდა. მეცნიერებმა და ლიტერატორებმა, ძირითადად, სამ თემაზე წაიკითხეს მოხსენებები: მგელი და მგლობა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და თარგმანები. მთავარი პრობლემა თარგმანებია. შემოქმედი თუ არ გადაითარგნა, ისე შეუძლებელია, რომ მსოფლიომ გაიცნოს. რამდენიმე მთარგმნელმა საკუთარი ინიციატივით თარგმნა გოდერძის ნაწარმოებები იაპონიაში, იტალიაში, ამერიკაში, ავსტრიაში. მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოვახერხეთ მათი ჩამოყვანა. ასევე სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კინომცოდნე პიტერ ვოლბერგი, რომელმაც თქვა, რომ გოდერძი ისევე უნდა შეისწავლოს მსოფლიომ, როგორც სწავლობენ, მაგალითად, ფიროსმანს, რადგან ეს არის ცალკე ფენომენიო. ის შეგვპირდა, რომ ეცდება თანხების მოძიებას, რათა კინოფირები დაიბეჭდოს და ამერიკაში სპეციალისტებს ჩაუტანოს გასაცნობად.

როგორც ვიცით, დეპრესია 2000 წლიდან დაეწყო, ამ პერიოდში რამდენიმე ფილმი გადაიღო. მაინც რამ გამოიწვია დეპრესია?

მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში შეჩერებული იყო კინო გადაღეებები, გოდერძიმ მაინც შეძლო 1997-98-99 წლებში სამი ფილმის გადაღება: “მიჯაჭვული რაინდები”, “ლუკას სახარება” და “სამოთხის გვრიტები”. მაგრამ დიდხანს ვერ გამოსცემდა წიგნს. ამ სამი ფილმის შემდეგ გადაღებებიც შეჩერდა და დარჩა უმოქმედოდ. ბევრი კინომცოდნე და ჟურნალისტი ამბობდა, რომ გოდერძის ჰქონდა შემოქმედებითი კრიზისი, რაც ნამდვილად არაა მართალი. პირიქით, მეუფე დანიელი ხშირად ეუბნებოდა ხოლმე: რაც აქამდე შექმენი, ეს მხოლოდ საფუძველია და მერე უკვე ძეგლს დაადგამო. გოდერძი ხშირად ამბობდა, რომ კინოს გარეშე არ შეეძლო წერა, რადგან კინოთი ავსებდა თავის შემოქმედებას და ხორცს ასხამდა. ყველაზე მეტს იმ დროს წერდა, როცა ფილმს იღებდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა და ამბობდა ხოლმე, რომ ქართული კინო მოკვდა და მანამ აღარ იქნება, ვიდრე სახელმწიფო დონეზე არ გადაწყდება ეს საკითხიო.

გოდერძის აუხდენელ ოცნებად დარჩა “ვარდისფერი კაცის” გადაღება, რომელიც ჩაუშვეს წარმოებაში, მაგრამ ვერ მოხერხდა დაფინანსება და ასე გაიყინა. ეს სცენარი ბოლო პერიოდში ორჯერ წარადგინეს კინოცენტრში და არც ერთხელ არ მიიღეს. ვფიქრობ, იმიტომ, რომ არ არის სოციალურ თემაზე, ყოველდღიურ გაჭირვებაზე და ა.შ მაგრამ “ვარდისფერ კაცში” არის მარადიული თემები, რომელიც არ არის რაღაც დროით შემოსაზღვრული. მე არ ვიცი, ვინ შედის კინოცენტრის ჟიურიში, მაგრამ, ვფიქრობ, ის ადამიანები რომ ყოფილიყვნენ 80-90-იან წლებშიც, მაშინაც არ მიიღებდნენ გოდერძის ნაწარმოებებს.

კონკრეტულად რა იყო გოდერძი ჩოხელის ავადმყოფობის დიაგნოზი და რატომ ვერ მოხერხდა სათანადო მკურნალობა?

გოდერძი ჩოხელი ჯერ იყო ეს დეპრესია, რომელმაც მოგვიანებით უკან დაიხია. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ როცა დეპრესია დაიხევს უკან, მერე ფიზიკურად რაც აწუხებს, ის გამწვავდებაო. 2003 წელს გადატანილი ინფარქტის გამო გულის პრობლემები გამწვავდა და დიაგნოზი გულის უკმარისობა იყო. თვითონვე ამბობდა, რომ თუ ცუდად ვიქნები, აღარც მინდა სიცოცხლეო. ძალიან მწყინს, როცა ახალგაზრდებისგან მესმის, თავი მოიკლაო. ის მცდელობა, რატომღაც, ასე დაამახსოვრდათ, მაგრამ ბოლო ერთი წელი უკვე ძალიან უნდოდა სიცოცხლე და სულ შესთხოვდა ღმერთს, რომ გამოკეთებულიყო.

ამერიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოგვეხმაურნენ და გვითხრეს, რომ ოპერაციას გაუკეთებდნენ. სამი ოპერაცია 120 000 დოლარი ჯდებოდა. მართალია, ძალიან სარისკო იყო, მაგრამ სიცოცხლეც რისკის ქვეშ გახლდათ და მაინც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მაგრამ ვერ მოხერხდა თანხის მოძიება. მეგობრები სთხოვდნენ ბიზნესმენებს, ბანკებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, პარლამენტშიც მგონი ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა.

გამორჩეული შემოქმედი, ალბათ, ყოველდღიურ ცხორებაშიც გამოირჩეოდა და არაერთი საინტერესო ისტორია იქნება გასახსენებელი…

არის ერთი ისტორია, რომელსაც თვითონაც ხშირად იხსენებდა. ზღვაზე ვისვენებდი ძმასთან და რძალთან ერთად. ამ დროს ჩოხში გოდერძის თიბვაში ეხმარებოდნენ ომარ გვასალია და ბუბა ხოტივარი. ღამით სიცხე ჰქონია და სიზმარში უნახავს, თითქოს ვეძახდი. მეორე დღეს ადგა, დატოვა თავისი პედაგოგები და შალის ჯემპრით ჩამოვიდა გაგრაში. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მერე ცოლად გავყევი.

ერთხელ მთიდან იმდენი ყვავილი ჩამომიტანა, რომ მთელი სახლი გაივსო. მე ბავშვები მყავდა პატარები და ვერ მივდიოდი. ასე შემიქმნა მთის განწყობა.

თბილისში ვერ ძლებდა და თუ ეცალა, თითქმის ყოველდღე ჩაგვსვამდა მანქანაში და თბილისის ახლო-მახლო ადგილებში მივდიოდით, განსაკუთრებით უყვარდა სამთავრო, ჯვარიც იქ დავიწერეთ, ლუკაც იქ მოვნათლეთ და საბოლოოდ, თვითონაც იქ მივიდა.

სალომე ლილუაშვილი

/strong

მსგავსი სტატიები

9 COMMENTS

  1. გოდერძი ჩოხელს რომ სცენარს და ნაწარმოებს დაუწუნებენ “შენ” რისი იმედი უნდა გქონდეს :(

  2. goderdzi choxelis shemoqmedeba ert erti mnishvnelovani gandzia saqartvelostvis, is xom msofliom agiara xolo qartvelebma agiares sicocxlis shemdeg :(:(:(

  3. გოდერძი ჩოხელი სულ მალე სათანადოდ დაფასდება . ის არაჩვეულებრივი ადამიანი და შემოქმედი იყო.

  4. მან თავის მოკვლა სცადა ერთერთ მონასტერში, ეს რომ გავიგე ტელევიზიით, მეწყინა ძალიან,მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე ტაძარში რომ დაკრძალეს? რა თქმა უნდა გამორჩეული ადამიანი იყო მაგრამ?

  5. ეჰ…ჩოხელს ვიღაცის დაწუნებით არაფერი დააკლდება…ჩოხელია და იმიტომ!

  6. გოდერძი იყო ძალიან დიდი პატრიოტი ადამიანი, გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ, გული დამწყვიტა ასევე იმ ფაქტმა რომ არ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დააფინანსებდნენ მის მკურნალობას. მე ერთხელ მოვხვდი მასთან სუფრაზე, ის იჯდა ჩემს მოპირდაპირე მხარეს და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დროის განმავლობაში სანამ ჩვენ თანამეინახენი ვიყავით. თვალებში შევციცინებდი მას, მინდოდა ბევრი ესაუბრა და ბევრი ახალი და საინტერესო გამეგო მისგან. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ბევრმა არც იცის თუ როგორი ბუმბერაზი ადამიანი დავკარგეთ, დასანანია.

  7. რას ლაპარაკობ გოგონაააა შენ თვიტონაც არ იცი რას იძახი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები