12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკონკურსიგოჩა ნეფარიძე-"ჩემი სკოლა"- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევის საჯარო სკოლა

გოჩა ნეფარიძე-“ჩემი სკოლა”- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევის საჯარო სკოლა

(ჩანახატი)

თოვს… თოვლმა დაფარა მიწა. ჩამოათეთრა შიშველი ხეები, მთები, გორაკები. თოვს… მოფარფატებენ ფარფატა ფიფქები, ნაზად ეშვებიან. რა სილამაზეა!.. მივუყვები თოვლიან აღმართს… ყველაფერი გარინდებულა, მხოლოდ თოვლის ჭრაჭუნი არღვევს სიჩუმეს. გოჩა ნეფარიძე ვჩერდები და ჩემს გაჩერებასთან ერთად ყველაფერი იტრუნება… თოვლით დაბარდნილა რკინის ჭიშკარიც. თოვლმა ყველაფერი გაალამაზა, მხოლოდ სკოლის შენობის შეულესავი მუქი კედლები კიდევ უფრო გამუქებულა ამ სითეთრეში. ეზოში თოვლქვეშ მოქცეული სამშენებლო მასალები ბორცვებად მოჩანს.

სკოლაშიც სიჩუმეა. დღეს ადრე მოვედი. რამდენიმე საფეხურის არბენის შემდეგ პატარა ღია აივნიდან სკოლაში შევდივარ. დერეფანში, შესასვლელთან მარჯვენა მხარეს, ხატების კუთხეა მოწყობილი, სასანთლედ აბედა სოკოა კედელზე მიმაგრებული. აქვე სამშოლოსათვის თავდადებულ გმირთა სურათებია. დერეფნის მეორე მხარეს ჩვენი ნახატების გამოფენაა. მოშორებით დგას ჩოგბურთის მაგიდა.

დერეფნის ფანჯრებიდან ჩემი უბანი მოჩანს. დავყურებ დაბლობზე გამწკრივებული სახლების დათოვლილ სახურავებს. მხოლოდ რამოდენიმე სახლიდან ამოდის კვამლი. თოვლქვეშ განაბულა “ტბელაურიც” – სოფლის სახნავი მიწა. ამ ადგილიდან იწყება ჩემი სკოლის ისტორია.

ველევის დაწყებითი სკოლა 1873 წელს დაარსდა. სოფლის აზნაურს ქრისტეფორე კვიტაშვილს სახნავი მიწა “ტბელაური” უჩუქნია სოფლისთვის და იქ აუგიათ ხის დათლილი მორებისგან შენობა, რომელსაც ჯარგვალა სკოლას ეძახდნენ. შემდეგ ეს შენობა დაუშლიათ და დღევანდელი სკოლის ადგილას, 1923-25 წლებში, აუგიათ ქვითკირის შენობა. აგებიდან მცირე ხანში სკოლა დაიწვა, თუმცა სასწრაფოდ აღადგინეს. მალე თოვლმა ჩაანგრია სახურავი, დაზიანდა კედლებიც. კომუნისტებმა სოფლის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიას თუნუქის სახურავი მოხადეს და აღდგენილ სკოლას დაახურეს, ხოლო სახურავის ცაცხვის ხის მასალისგან მერხები გააკეთეს. 1970 წელს ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა. სკოლა ისევ აღადგინეს. ამჯერად დერეფანში ხის სვეტზე ჩამოკიდებული სამების ეკლესიის ზარი უხმობდა ბავშვებს სკოლისკენ წლების განმავლობაში, 1991წლის 28 აპრილამდე. ამ დღეს ზარის ენა გატყდა. მეორე დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და სკოლა ნანგრევებად იქცა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საწაულებრივად გამოაღწიეს სამშვიდობოს ისე, რომ არავინ დაშავებულა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევის საჯარო სკოლა

სადაც ჩვენი სკოლა დგას, იმ ადგილს სასახლეს ეძახდნენ. გადმოცემით, ეს ადგილი კვიტაშვილს მაჩაბელზე გათხოვილი ქალიშვილისთვის მიუცია მზითვად. აქ მდგარა სასახლე და სასახლეს კარის ეკლესიაც ჰქონია. 1991 წელს, როცა ახალი შენობის ასაგებად მიწა მოასწორეს, მართლაც გამოჩნდა ნანგრევები, მარნის ნაშთი და ეკლესიის ქვები… შეიძლება თავიდანვე ეკლესიის ნანგრევებზე იდგა ჩვენი სკოლა, იქნებ ამიტომ განვლო ასეთი რთული გზა!.. სულ ვფიქრობ ამაზე.

მიწისძვრისაგან დანგრეული სკოლის ადგილას ახალი შენობა ააგეს, მაგრამ მშენებლობის დამთავრება და გარემონტება ვეღარ მოასწრეს, 1992 წლიდან კი რთული პერიოდი დაუდგა ქვეყანას და ჩვენი სკოლისთვის არავის ეცალა. წელს დაიწყო სარემონტო სამუშაოები, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისევ შეჩერდა და დაგვრჩა ეზოში დაყრილი ქვიშა, ხრეში, აგური მე და ჩემს მეგობრებს, აი ისინიც: ლია, სალომე, ვანო, ელენე, ლუკა, მარიამი, დათო. ჩვენ ვართ მთელი სკოლა – ერთმანეთის ძმები, დები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი სკოლა და მასწავლებლები! ვართ ბეჯითნი, მხიარულნი, აქტიურები. რას არ ვაკეთებთ! წარმატებით ვმონაწილეობთ სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა კონკურსებში. ვაგროვებთ ჩვენი სოფლის ფოლკლორულ მასალას, ვიკვლევთ ჩვენი თემის რელიგიური ძეგლების ისტორიას, გვაქვს ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გამოფენილია ჩვენ მიერ სოფელში მოძიებული ძველი ყოფის ამსახველი ნივთები, ვწერთ მოთხრობებს, ლექსებს, გვიყვარს ხატვა, სიმღერა…გაზაფხულობით ვამწვანებთ ეზოს, ვრგავთ ნარგავებს… მეამაყება,რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი პატარა სკოლა 4000 ლარიანი გრანტით დაჯილდოვდა…

გარეთ თოვს. ცივა. ყველანი აგუზგუზებულ ღუმელს ვეფიცხებით. პატარები ვერ ისვენებენ, მარიამი და დათო კისკისით დასდევენ ერთმანეთს. დღეს დასვენებებზე ეზოში ვეღარ ვითამაშებთ. ნეტავ ამ გაზაფხულზე სკოლის ქვედა სართულიც დაასრულონ და გაარემონტონ, იქ იმხელა ფართობია, რომ სპორტული დარბაზიც გამოვა და დარბაზიც კინოჩვენებისა და სხვა ღონისძიებებისთვის…

ზარი ირეკება. ყველანი ჩვენი ოთახებისკენ მივეშურებით. მარტო ვარ აი იმ, ხრიოკ გორაზე ამოსული ერთადერთი ნაძვივით, ფანჯარაში რომ იმზირება. ნეტავ ერთი კლასელი მაინც მყავდეს! მაშინ სულ სხვა ფერი იქნებოდა ყველაფერი, ნეტავ ჩემი პატარა სკოლა ბავშვებს ვერ იტევდეს! შეუძლებელიც არაფერია, ვინ იცის, იქნებ ჩემი ოჯახივით სხვებიც დაბრუნდნენ სოფელში!..

თოვამ გადაიღო. მზემ გამოაჭყიტა. გავა დღეები, მოვა გაზაფხული, მოვლენ მშენებლებიც და მომავალი ზამთრის თოვლიან დღეებში ჩემი სკოლის მუქი კედლები იქნება თოვლივით თეთრი, ან ვარდისფერი, ან სულაც მზისფერი.

გოჩა ნეფარიძე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის
VIII კლასის მოსწავლე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები