გიორგობა დიდმოწამე გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. წმიდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა.
მოგვიანებით წმიდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმიდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმიდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “მართლმადიდებელი სამყარო წმ. გიორგის 23(6.05) აპრილს მოიხსენიებს. ჩვენში ხსენებულ თარიღს 10/23 ნოემბერიც ემატება, წმიდანის საგვემელ ბორბალზე წამების დღე, რაც გაცილებით პოპულარულია საქართველოში, ვიდრე 23(6.05) აპრილი.
წმ. გიორგი, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, საქართველოს მფარველ წმიდანად მიაჩნიათ და ხალხი მას განსაკუთრებულად ეთაყვანება და პატივს სცემს. ამბობენ, საქართველოში წმიდა გიორგის სახელზე 363 (ბატონიშვილი თეიმურაზის თქმით 366) წმიდა გიორგის ეკლესიააო. რა თქმა უნდა, საქართველოში მის სახელზე გაცილებით მეტი ეკლესიაა აგებული, მაგრამ ამით ისაა ნათქვამი, რომ ყოველი დღე საქართველოში მისდამი იყო მიძღვნილი. მართლაც, არაა საქართველოში კუთხე, სადაც ან მისი სახელობის სალოცავი არ იყოს, ანდა მისდამი ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონდეს.
ქართულმა საისტორიო წყარომ შემოგვინახა ცნობა, რომლის მიხედვით წმ. გიორგი დიდგორის ბრძოლაში ხილულად იბრძოდა ქართველების მხარეს. გადმოცემები წმიდანის შემწეობის შესახებ ჩვენში მრავლადაა შემონახული. 1659წ. ბახტრიონის ბრძოლაში წმ. გიორგი ხილულად მიუძღოდა ქართველთა ჯარს. 1795წ., როდესაც აღა-მაჰმად ხანი თბილისს შემოესია, ქალაქიდან 30კმ-ზე მდებარე მთაზე სპარსელების ჩასაფრებულ რაზმს თავს შავნაბდიანი მხედარი დაესხა. ქართველმა მეომრებმა ნაბდიან მხედარში წმ. გიორგი შეიცნეს. იმ მთას, სადაც წმ. გიორგი მტერს მუსრავდა, ხალხმა შავნაბადა შეარქვა და წმ. გიორგის სახელობის ტაძარიც ააშენა. დღეს აქ 1992 წლიდან წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერია. შავნაბადას ტაძარი XVIIIს-შია აშენებული. შავნაბადობა ყოველი ოქტომბრის მეორე შაბათს აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად წმ. გიორგის დღესასწაული თავად წმიდა ნინოს დაუარსებია. საქართველოში წმ. გიორგის მრავალი ცნობილი სალოცავია, რომლებიც გამოირჩევიან სიძლიერით. ასეთებია მაგალითად: ქაშვეთის წმ. გიორგი (თბილისი), მრავალძალის წმ. გიორგი (რაჭა), ილორის წმ. გიორგი, ალერტის წმ. გიორგი (აფხაზეთი, სამეგრელო), გერი – არბოს წმ. გიორგი (ქართლი), აწყურის თეთრი გიორგი, ალავერდი, რომელიც თვდაპირველად წმ. გიორგის სახელობის იყო (კახეთი), ლომისის წმ. გიორგი (მთიულეთი), ჩოხის წმ. გიორგი (გუდამაყარი), გუდანისა და ხახმატის წმ. გიორგი (ხევსურეთი), ლაშარის წმ. გიორგი (ფშავი), ქურმუხის წმ. გიორგი (ჰერეთი) და სხვა.”
როგორ აღინიშნებოდა გიორგობა რაჭა-ლეჩხუმში?
რაჭაში გაზაფხულის გიორგობა უქმე იყო. დილით ადრე ოჯახში ყველიან ან ქონიან რიტუალურ პურს, განატეხს, აცხობდნენ, ორ სანთელს ჩამოქნიდნენ. კაცი იღებდა განატეხს, ერთ ბოთლ ღვინის ზედაშეს, სანთელს და ეკლესიაში მიდიოდა. ეკლესიაში წმ. გიორგის მშვიდობიან და მოსავლიან წელიწადს სთხოვდნენ. სანთლებს ეკლესიაში ანთებდნენ, განატეხს ეზოში ჭამდნენ და ღვინოსაც აყოლებდნენ. ამ წესის შესრულება ყველა ოჯახს ევალებოდა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმიდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული. გაზაფხულის გიორგობა რაჭაში უფრო დიდ უქმედ იყო. შემოდგომის გიორგობას მხოლოდ ხვნა და თესვა იკრძალებოდა. ქალებს ეკრძალებოდათ ქსოვა, შეეძლოთ კერვა, რეცხვა და სხვა.
უნდა ითქვას, რომ რაჭაში მთელ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმული სალოცავი მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიაა. აქ სასწაულმოქმედი ოქროს ჯვარი ყოფილა დაცული, რომლისთვისაც გადმოცემის მიხედვით, შაჰაბას I ხმალი შეუწირავს.
მლოცველი მარიამობას 15/28 აგვისტოს და ნოემბრის გიორგობას ღამისთევით მიდიოდა ეკლესიაში. შესაწირად მიჰყავდათ: ძირითადად ხარი ან მოზვერი, მოგვიანებით კი ცხვარი.
მრავალძალის ეკლესიაზე ორი ხარის თავია გამოკვეთილი. ისინი ცნობილ ლეგენდასთან არიან დაკავშირებულები. ლეგენდის მიხედვით რაჭაში, ერთ-ერთ მთაზე ორი გარეული ხარი ბალახობდა ხოლმე. მათ ვერავინ ეკარებოდა. ერთხელაც რაჭას ოსმალები შეესივნენ. რაჭველებმა წმ. გიორგის შესთხოვეს: გაგვამარჯვებინე და გარეულ ხარებს მთის კალთაზე მოგიყვანთ და ეკლესიას აგიშენებთო. ხეობაში ნისლი ჩამოწვა. მტერმა გზა ვერ გაიკვლია. ზოგი გადაიჩეხა, ვინც გადარჩა, რაჭველებმა ნაწილი გაანადგურეს და ნაწილიც გარეკეს. მეორე დღეს რაჭველებმა დღევანდელი მრავალძალის ეკლესიის ადგილზე ორივე ველური ხარი ნახეს. ისინი მორჩილად იწვნენ დიდ ნათელში. ხარებს არც კი გაუწევიათ წინააღმდეგობა, ისე შეეწირენ წმ. გიორგის. ხალხმა დაკლული ხარების რქები შეინახა და ეკლესიის მშენებლობისას ერთ-ერთ კედელზე გამოსახულ ხარის თავებს ჩამოაცვა. ხალხის თქმით რქები ეკლესიის გაძარცვისას მოუპარავთ.
არსებობს ლეგენდის მეორე ვარიანტი. ბრძოლის დროს, როდესაც ნისლი ჩამოწოლილა, თავად თათრებს უთხოვიათ წმ. გიორგისათვის – გადაგვარჩინე და ორ საუკეთესო ხარს შემოგწირავთო. სასწაულის ძალით ნისლი გაიფანტა და მტერი გადარჩა. გადარჩენილ ოსმალებს (თათრებს) ხარები არ დაუკლავთ-ისედაც გადარჩენილები ვართ და რა საჭიროაო. მაგრამ ხარები თავისი ფეხით ასულან დღევანდელი მრავალძალის ეკლესიის ადგილას და მშვიდად შესწირვიან წმ. გიორგის.
ლეჩხუმში ჩვენამდე შემორჩენილი მასალების მიხედვით გაზაფხულის გიორგობა დიდი უქმე იყო. სადილისათვის ყველა ოჯახი ყველიან ან მარილიან რიტუალურ საგიორგობო ტაბლას აცხობდა. როდესაც დიასახლისი ყველაფერს მოამზადებდა, სუფრასთან დასხდომამდე, ერთი ხელით ტაბლას იღებდა, მეორეთი ღვინიან ჭიქას, ნაკვერჩხალზე სანთელს აკმევდა, კერიასთან ცალ მუხლზე დაიჩოქებდა და დაილოცებოდა: “წმიდა გიორგის ძალა და მადლო, გვიშველე, მოგვეხმარე, უტკივრად გვამყოფე; სანამდის ვიქნეთ ცოცხალი, შენს ბარაზე ტაბლის გამოცხობა არ დაგაკლოთ, შეგეხვეწოთ”. ღვინო დიასახლისს თავად უნდა დაელია, ტაბლის ჭამა ყველას შეეძლო. ამ წესის შესრულების შემდეგ ოჯახის წევრები სადილად სხდებოდნენ. შემოდგომის გიორგობასაც უქმობდნენ. ამ დღეს არ შეიძლებოდა მიწის დამუშავება და კერვა. დანარჩენი წვრილმანი საქმის კეთება არ იკრძალებოდა.

“ქართლის ცხოვრებიდან” კარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა. ნიშანდობლივია, რომ ლომისობის დღესასწაული ემთხვევა ამ დღეს. ქალბატონი ასმათის მოსაზრებით, სწორედ იმიტომ ემთხვევა ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს, რომ მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა, სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო ანუ წმიდა გიორგის პიროვნებაში. თუ დავაკვირდებით, უფრო მეტად მთაშია ამ წმიდანის სალოცავები გავრცელებული და აქ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მას. საქრთველოში ნაქადაგები წმიდა გიორგის ცხოვრება გახდა ძალიან ადვილად მისაღები ქართველი ერისათვის. მისი ვაჟკაცობა, სასწაულმოქმედების უნარი შეისისხლხორცა ქართველმა ერმა და მითუმეტეს, მთის ხალხმა.