18 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვაგიორგი ნახუცრიშვილი - "მისაბაძი ადამიანი"

გიორგი ნახუცრიშვილი – “მისაბაძი ადამიანი”

ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს თავისი იდეალი, რომლის მიბაძვითაც წარმართავს ცხოვრებას და ეცდება, დაემსგავსოს მას. თუმცა, მთავარია ვის მიბაძავ და რაში მიბაძავ. მთავარია, შენი მიბაძვის საგანი კარგი პიროვნება იყოს. ჩემთვის ასეთი პიროვნებაა პაპა, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მან დამიტოვა საუკეთესო მოგონებები, რითაც ცოცხლობს ჩემში.
მე-5 კლასიდან მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს სიღარიბის გამო და ღორში მწყემსად გაგზავნეს,იმის შემდეგ შრომაში გაატარა თავისი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მას საშუალო განათლება არ ჰქონდა მიღებული, ზეპირად იცოდა პოემები: ,,ბახტრიონი“, ,,სტუმარ-მასპინძელი“, ,,კაკო ყაჩაღი“ და ,,გამზრდელი“, ასევე ბევრი ლექსი. განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველა. ხშირად მეუბნებოდა ზეპირად მისი უკვდავი პოემებიდან ადგილებს ვაჟკაცობაზე, ერთმანეთის გატანაზე. გულში ჩამიდო ,,მთის არწივის“ სიყვარული მასზე მოყოლილი საინტერესო ამბებით.

გაჭირვებაში გაზრდილმა ძალიან კარგად იცოდა შრომის ფასი. მშობლებისგან დარჩა ერთი ოთახი და 5 რიგი ვენახი, მაგრამ საკუთარი მარჯვენით, დაუღალავი შრომით შეძლო და მიაღწია იმას, რომ სოფელში ერთ-ერთი შეძლებული ოჯახი შექმნა. 50 წელი იმუშავა მანქანაზე მძღოლად და 35 წელი კომბაინზე. მიღებული ჰქონდა მედლები და პატარა გარდამავალი დროშა, როგორც რესპუბლიკის საუკეთესო კომბაინერს. ვაზის სიყვარული, როგორც ყველა კახელ გლეხს, სისხლსა და ხორცში ჰქონდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა შემოდგომაზე ვაზებს შესცქეროდა და რაც, ყველაზე მთავარია ქართველი ვაჟკაცისათვის, უყვარდა სტუმარი, ქეიფი და დროსტარება. იყო კარგი თამადა, ბოლო დროს ბევრ რამეზე სტკიოდა გული, რასაც მეც მიზიარებდა. მისი გულისტკივილი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა და ასევე აცოფებდა ისიც, რომ უცხოელები ქართულ მიწებს ყიდულობდნენ.

ერთხელ გაკვეთილს ვსწავლობდი, ილია ჭავჭავაძის ,,რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ ხმამაღლა მიყვარს კითხვა. თურმე პაპაჩემი ყურს მიგდებდა. იმ ადგილზე რომ მივედი სადაც დიდი ილია წერს: ,,ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალნი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიან მტერს გავუძელით, გადავრჩით… ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო-რა, შრომითა და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობსდა ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ დავახვედრეთ“- პაპაჩემმა მითხრა, ხედავ შვილო, ახლაც იგივე საშიშროების წინაშე ვდგევართ ქართველები, აბა, შენ იცი, კარგად ისწავლე, არავის არ მისცე ნება, წაგართვას მამული. სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ კარგად მომევლო ჩემი მიწა-წყლისთვის და არავითარ შემთხვევაში არ გამეყიდა მისი დანატოვარი. მე ვცდილობ, ვიყო სასახელო შთამომავალი და მისი იმედები გავამართლო.

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს
საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
გიორგი ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები