21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურაგიორგი აფრიამაშვილის გზა დირიჟორობისკენ...

გიორგი აფრიამაშვილის გზა დირიჟორობისკენ…

კამერული ორკესტრის „Camerata Georgia“ სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა, გიორგი აფრიამაშვილმა შემოქმედებითი გზის გაკვლევა მრავალმხრივი მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ დაიწყო. გიორგი აფრიამაშვილი როგორ დაინტერესდა ახალგაზრდა დირიჟორი მუსიკით და რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად? „ამბიონს“ საკუთარი შემოქმედების შესახებ თავად გიორგი აფრიამაშვილი ესაუბრა, რომელიც ამავდროულად ნ. სულხანიშვილის სახ. ეროვნულ კაპელის გუნდის მომღერალი და მენეჯერთა საბჭოს წევრი, მე-14 საჯარო სკოლის საგალობლებისა და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელიცაა.

გიორგი აფრიამაშვილი: „მუსიკით ბავშვობიდანვე დავინტერესდი და 5 წლის ასაკში მშობლებმა ქართული ხალხური ინსტრუმენტების სტუდიაში შემიყვანეს, რომელსაც გენიალური მუსიკოსი ომარ კელაპტრიშვილი ხელმძღვანელობდა. თამაზ ჭიკაძემ შემასწავლა სალამურსა და ფანდურზე დაკვრა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვუკრავდი ქართულ-ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრში „ოროველა“, რომელსაც დათო ქავთარაძე ხელმძღვანელობდა. ხალხური საკრავების სტუდიის დასრულების შემდეგ, შევედი მუსიკალურ სკოლაში, ვიოლინჩელოს კლასში, ლალი კვერცხიშვილის ხელმძღვანელობით. ეს პერიოდი დაემთხვა 90-იან წლებს… გადავედი ფორტეპიანოზე…

მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მ. ბალანჩივაძის სახ. მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი, ჩემი მაესტრო დირიჟორი გივი ბოლაშვილი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი, როგორც დირიჟორის ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით 2000 წელს ჯერ მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, შემდგომ კი თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. სწავლა საოპერო-სიმფონიურ დირიჟორობის სპეციალობით მაგისტრატურაში, შავლეგ შილაკაძის ხელმძღვანელობით განვაგრძე.

სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო შემოთავაზებები, რეპეტიციები, კონცერტები… სწორედ ეს ზრდის მუსიკოსს პროფესიონალად, სძენს გამოცდილებას, ოსტატობასა და დამოუკიდებლობას.

2010 წელს დავაფუძნე კამერული ორკესტრი „Camerata Georgia“. მართალია, რთულია ენთუზიაზმზე მუშაობა, თუმცა ამის მიუხედავად, შევასრულეთ ბაროკოს მუსიკა, (ბახის, ვივალდისა და ჯულიანის ნაწარმოებები). შემდეგ იყო შემოთავაზება მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსისგან“, გიორგი აფრიამაშვილი სადაც ბენდთან და ჩემს ორკესტრთან ერთად გავაკეთეთ ტრიო „სიმის“ და თამთა ცხვიტავას ცოცხალი კონცერტი და მუსიკალური ალბომების პრეზენტაცია.“

რა როლს ასრულებს დირიჟორი ორკესტრის მიერ მუსიკალური ნაწარმოების წარმატებით შესრულებაში?

დირიჟორი ორკესტრისა და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი ქმნის ნაწარმოების მხატვრულ სახეს, ძერწავს მუსიკას თავისი „ხელებით“ და მუსიკოსების საშუალებით გადასცემს მსმენელს.

დირიჟორი დიდი შემადგენლობისთვის დაწერილი მუსიკალური ნაწარმოების კოლექტიური შესრულების ხელმძღვანელია, რომელიც ხელმძღვანელობს პარტიტურით და საგანგებო ჟესტებით მეშვეობით შემსრულებლებს არამხოლოდ ნაწარმოების ტემპს, დინამიკას, შესრულების ნიუანსებს, საკრავთა ჯგუფების ან სოლისტების შესვლას „აკონტროლებს“, არამედ წარმოადგენს შემსრულებელთა მაორგანიზებელ ძალას და ქმნის ნაწარმოების დრამატურგიას.

დირიჟორობის სახეობები საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. მე-15 საუკუნეში დირიჟორს ეჭირა დიდი ჟოხი, რომელსაც იატაკზე აბრახუნებდა, რითიც ტემპს აძლევდა მუსიკოსებს. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი, ოღონდ სახეცვლილი ფორმით. სამხედრო ორკესტრს წინ მიუძღვის დირიჟორი, რომელიც მაღლა წევს სპეციალურ ჯოხს, რითაც შემსრულებლებს ანიშნებს ტემპს.

შემდეგ, როცა საჭირო გახდა ე.წ. „ჩუმი“ დირიჟორობა, შემოღებულ იქნა „ხელებით“ დირიჟორობა, მანუალურად გადაცემა მინიშნებებისა, რაც ეხმარება მუსიკოსებს ნაწარმოების შესრულებაში. გიორგი აფრიამაშვილი მრავალ შემთხვევაში კომპოზიტორი თავად იყო დირიჟორი, რომელიც იკავებდა კლავესინისტის ადგილს, ანუ უკრავდა ჩემბალოზე (კლავიშებიან ინსტრუმენტზე) და ისე ხელმძღვანელობდა ორკესტრს. ზოგჯერ დირიჟორის ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა წამყვან ინსტრუმენტალისტს, ის მიანიშნებდა ხოლმე მუსიკოსებს ნაწარმოების დაწყებასა და დამთავრებას. ზოგადად, დირიჟორობა გაცილებით მეტ ნიუანსს მოიცავს თავის თავში, ვიდრე ერთად დაწყების ტემპის ჩვენება, აჩქარება ან შენელებაა. ხშირად ორკესტრში 70-80 მუსიკოსია და თითეული მათგანი ემორჩილება დირიჟორს, ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს დირიჟორის მიერ ნაჩვენებ ნიუანსებს.

დროთა განმავლობაში დირიჟორობა დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოყალიბდა.

საიდან იღებს სათავეს ჯოხის საშუალებით შემსრულებლებისთვის გარკვეული მითითებების მიცემა?

სადირიჟორი ჯოხი ხშირად მოყვარული მუსიკოსების მიერ ასოცირდება „ჯადოსნურ ჯოხთან“, რომელიც „დირიჟორობს“, თუმცა დირიჟორობაში მთავარია არა ჯოხი, არამედ – ხელი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს ჯოხი, რომელიც პრაქტიკულია ჩვენებისთვის და მისი თეთრი ფერიც შორიდან ადვილად დასანახია. სადირიჟორო ჯოხი (Wind – ინგ. Bacchetta – იტ.) იგივე „ბატონი“, „ბატუტა“ – მე-19 საუკუნის დასაწყისში იქნა შემოღებული. ადრე დირიჟორი იდგა არა მუსიკოსებისკენ, არამედ – პირიქით, სახით მსმენელისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ართულებდა ორკესტრის ხელმძღვანელობას. შემდეგ უკვე ეს წესი შეიცვალა და მიიღო ის ფორმა, როგორც დღეს არის – ზურგით პუბლიკისკენ.

დღეს რამდენად ხშირად ეწყობა კონცერტები, ფესტივალები და როგორ შეაფასებთ ქართველ მსმენელს?

სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებულნი საინტერესო კლასიკური მუსიკის საღამოებით. თითქოსდა ყოველდღიურმა რთულმა ყოფამ გააუფერულა თავად ხელოვნება. ხშირად მომისმენია უფროსი თაობისგან, რომ გარდა იმ დადგმებისა თუ სხვადასხვა კონცერტებისა, რაც რეგულარულად ტარდებოდა, ყოველი კვირის ორშაბათი დღე ოპერაში სიმფონიური კონცერტის დღე იყო. კონცერტებით ჩამოდიოდნენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და შემსრულებლები. დღეს ამ ყოველივეს მოკლებული ვართ.

თუმცა წელს ორ ძალიან კარგ იდეას ჩაეყარა საფუძველი. პირველი – 2013 წლის 8 მარტს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა ერთდღიანი ფესტივალი „ქალი და მუსიკა“, ეკა ჭაბაშვილისა და მაკა ვირსალაძის ორგანიზებით. გიორგი აფრიამაშვილი ფესტივალი სამი კონცერტისგან შედგებოდა, სადაც შესრულდა სხვადასხვა თაობის ქართველ ქალ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ფესტივალზე პირველად შევასრულეთ მაკა ვირსალაძის “perpetuo” (ახალი რედაქცია).

და მეორე, სულ ახლახან, 20-22 მაისს ჩატარდა XXI საუკუნის მუსიკის ბათუმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი დაარსდა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის და უშუალოდ ქ-ნ ხათუნა მანაგაძის თაოსნობით. ფესტივალის იდეაა შესრულდეს ბოლო წლებში შექმნილი ნაწარმოებები. შესრულებულ იქნა სოსო ბარდანაშვილის, ნათელა სვანიძის, ზურაბ ნადარეიშვილის, რეზო კიკნაძის, მარინა ადამიას, ეკა ჭაბაშვილის, მაკა ვისრალაძის, იგორ ვორობიევის, ალექს ვოიტენკოს, აზიზა სადიკოვას და სხვათა ნაწარმოებები. ფესტივალის დახურვის დღეს, ბათუმის კამერულ ორკესტრთან და ბათუმელ სოლისტებთან შევასრულე ეკა ჭაბაშვილის „ლუდის კანტატა“, რომელიც ბახის „ყავის კანტატის“ გარკვეული „გამოძახილია“; თუ ბახის კანტატაში მამა უშლის შვილს ყავის მირთმევას – აქ უკვე შვილი უშლის მამას ლუდის სმას.

ორივე ფესტივალი ძალიან კარგი წამოწყებაა და იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგრძელდება, კიდევ არაერთ ლამაზ და საინტერესო საღამოს გვაჩუქებს თბილისი, ბათუმი და თავად – მუსიკა.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე წარმატებული დირიჟორი?

წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომისა და სწავლის გარდა, საჭიროა ის, რაც უნდა ჰქონდეს ყველა დირიჟორს – ორკესტრის მართვის, მისი ფლობისა და მუსიკალური ნაწარმოების მხატვრული სახის, დრამატურგიის გადმოცემის უნარი; მხოლოდ გარკვეული ჟესტების ჩვენება ხომ არ არის დირიჟორობა?! მთავარია ორკესტრისა და გუნდის ერთ ინსტრუმენტად ქცევა და მსმენელისთვის მუსიკით სიამოვნების მინიჭება.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები