ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “გერისთობა 27 აგვისტოს (ახალი სტილით) სამი კვირის განმავლობაში აღინიშნებოდა. პირველ კვირას თავგერისთობა ეწოდებოდა, მეორეს-დიდი ან შუა გერისთობა და მესამეს – ბოლო გერისთობა.
სოფელ გერის წმინდა გიორგის სალოცავი ქართლში, ლიახვის ხეობაში, სოფელ გერში მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესი სალოცავია საქართველოში. ამ დღეობაზე მრავალრიცხოვანი ხალხი იყრიდა თავს.
გერის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაზე ხალხში ასეთი თქმულებაა დაცული: ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) ცოლად აფხაზეთის მთავრის ქალიშვილი ხვარამზე შეურთავს, რომელსაც თან ვაჟიშვილი, სახელად ვარამადსადი მოჰყოლია. დედოფალს მზითვში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილიანი ხატი მოჰყოლია. მეფე უშვილო ყოფილა და ეს ნაწილიანი ხატი თავისი გერისთვის უჩუქებია. როდესაც ქვეყანას სპარსელები შემოსევიან, ფარსმანს გერი და ხატი მთაში გაუხიზნავს, მთის წვერზე ეკლესია აუშენებია და ხატიც შიგ დაუსვენებია. ხალხსაც ამიტომ დაურქმევია სალოცავისთვის გერი. მეორე გადმოცემის მიხედვით წმ. გიორგი რომ უწამებიათ, მისი დანაწევრებული სხეულიდან მკლავი და თავი გერში დაუმარხავთ, რის გამოც ამ ადგილს თავგერი ჰქვიაო.
მლოცველი გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღამისთევით მიდიოდა. ვისაც შეთქმული ჰქონდა, ეკლესიას ჩოქვით, ცეკვა-თამაშით ან კისერზე დადებული ე.წ. “დადიანურით” (დიდი ჯაჭვი), სამჯერ უვლიდა. სალოცავს სწირავდნენ: სანთლისგან დამზადებულ, თეთრებში გამოწყობილ ადამიანის გამოსახულებას, ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, მიჰყავდათ დიდძალი საკლავი. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი “მხვეწარნი” (მლოცველი, ვინც ხატს რაიმეს განსაკუთრებულს ეხვეწებოდა) საღამოს, ანთებული სანთლებით ლოცულობდნენ, ხატის მონები ქადაგობდნენ. ისინი რომელიმე სალოცავისათვის იყვნენ შეწირულები და ერთგვარად წინასწარმეტყველებდნენ. ხალხის რწმენით მათ სალოცავი, ღვთაება ალაპარაკებდათ. მესამე კვირას, ბოლო გერისთობას მლოცველები სოფელ არბოს სალოცავში მიდიოდნენ, სადაც იგივე წესები სრულდებოდა. არბო გერის წმ. გიორგის ბარის საბრძანებელად მიიჩნევა.
იმის გარდა, რომ გერის წმ. გიორგის ოჯახთან ერთად საქონლის მფარველობას და მგლებისგან მისი დაცვას შესთხოვდნენ, ამ სალოცავს განსაკუთრებული ფუნქციაც ჰქონდა. აქ მიჰყავდათ სულით ავადმყოფები, ეპილეფსიანები, მუნჯები და სხვა. გერის წმინდა გიორგის სალოცავში ქართველებთან ერთად ოსებიც ლოცულობდნენ.”

ყველას გფარავდეთ გერის წმინდა გიორგი. გერისთობის დილას ღრუბლებში სიარული შეგვძლებოდეს მალე.
ნეტავ ის ტაძრის კარი სად არის, ჩუქურთმიანი? რამდენი წელია აღარ ვყოფილვარ.