მთავარისაზოგადოებაგახდება თუ არა ფასიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

გახდება თუ არა ფასიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) – დან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს) გადაკეთდა. სასწრაფო ბევრისთვის უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, ზუსტად რა მიზნებს ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) გარდაქმნა ბიზნეს სტრუქტურად. არსებული ვარაუდების მიხედვით, გამორიცხული არ არის სასწრაფო დახმარების სამსახურის პრივატიზება და,ასევე, მისი მომსახურეობის გაძვირება.

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას თქმით, გარდა იმისა, რომ სსიპ გადადის შპს-დ, დანარჩენი არაფერი არ იცვლება: “შესაძლოა სასწრაფო დახმარების სამსახურის დაფინანსების ფორმა შეიცვალოს, მაგრამ თბილისელები კვლავ მიიღებენ უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თბილისის სასწრაფო დახმარება უფასოა 2005 წლის ივნისიდან, სერვისის საფასურს დაზღვეულებისთვის სადაზღვევო კომპანიები იხდიან, სხვა პირთა მომსახურების საფასური კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან იფარება”.

თბილისის მერიის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის მომსახურების საფასური 40 ლარით განისაზღვრა. თუმცა ამ თანხას მერია და სადაზღვევო კომპანიები ფარავდნენ. არსებული ცვლილებების გამო გაძვირდება თუ არა მომსახურება, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მერიის წინასწარი დაპირებების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოსახლეობისთვის ფასიანი არ იქნება.

რა ცვლილებებს გამოიწვევს თბილისის მოსახლეობისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შპს – დ გარდაქმნა? ამ და სხვა თემებზე “ამბიონს” სასწრაფო სამედიცინო ცენტრის უფროსის მოადგილე რუსუდან ბერიაშვილი ესაუბრება:

“სასწრაფო სამედიცინო ცენტრი შპს-დ ოფიციალურად 16 ოქტომბერს დარეგისტრირდა. შპს – დ თბილისის მერიამ გადააკეთა, სსიპ-ის დროსაც და ახლაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სრულად ეკუთვნის მერიას და მისგანვე ფინანსდება. ეს ცვლილება უარყოფითად არანაირად არ აისახება საზოგადოებაზე, რადგან არასდროს ყოფილა საუბარო, სასწრაფო რომ ფასიანი გამხდარიყო და არც იგეგმება ამგვარი რამ, ყოველ შემთხვევაში – ახლა, არც მის პრივატიზაციაზე უსაუბრია ვინმეს.

რეალურად მხოლოდ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა. ამასთანავე, ჩვენი ცენტრი წლების მანძილზე ფუნქციონირებდა შპს-ს ფორმით. მხოლოდ ბოლო ორი წელია, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებობს, რაც განაპირობა საგანგებო სიტუაციების სამსახურთან, სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან შეერთებამ და მას შემდეგ, რაც შარშან კვლავ გამოეყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ჩვენ ლოგიკურად ისევ დავუბრუნდით ძველ სტატუსს და შპს-ს ფორმით ვაგრძელებთ ფუნქციონირებას”.

დღეს სასწრაფოში დარეკვა ღირს 20 თეთრი, რა მიზეზით გახდა ზარი ფასიანი?

20 თეთრი სასწრაფოში დარეკვა არ ღირს. ივნისის თვიდან სასწრაფოსთან დაკავშირება პირდაპირ აღარ ხდება, 20 თეთრი 112 -ზე დარეკვის საფასურია, რაც სხვა სუბიექტია და ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რა სერვისს სთავაზობთ ამჟამად თბილისელებს, რა შედის სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობაში?

ამჟამად თბილისის მოსახლეობას ემსახურება 75 სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პირველი ნოემბრიდან გვეყოლება 80 ბრიგადა, ყველა იმ მედიკამენტითა და აპარატურით აღჭურვილი, რაც საჭიროა პირველადი სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობისთვის. სასწრაფო თითოეულ ჩვენს ბრიგადას გააჩნია ელექტრო კარდიოგრაფის აპარატი, ასპირატორი, დეფიბრილატორი, სამობილიზაციო საყელო და სხვა აუცილებელი აღჭურვილობა. გვაქვს ბევრი გამოძახება და ვცდილობთ, ყველა შემთხვევაში რეაგირება იყოს მყისიერი და ეფექტური.

საშუალოდ რამდენი გამოძახებაა თბილისში ერთ დღე-ღამეში?

ძნელი სათქმელია, თუმცა ზაფხულის პერიოდში დაახლოებით 1000 – 1100 გამოძახებაა დღე-ღამეში, შემოდგომით მატულობს. მაგალითად, ახლა უკვე ასულები ვართ 1300 გამოძახებაზე და ზამთარში ეს ციფრები საგრძნობლად იზრდება. ასევე, ეს დამოკიდებულია სეზონურ დაავადებებზე. გაზაფხულზე, როდესაც სეზონური გრიპებია, 2000 გამოძახებაზეც კი ავსულვართ.

ამასთანავე, 1-ლი სექტემბრიდან მოიმატა გამოძახებებმა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვმა, რასაც ჩვენ ვუკავშირებთ დაზღვევების ამოქმედებას. ადამიანები ადრე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საავადმყოფოში გადაყვანაზე. ახლა დაზღვევის იმედად უფრო ხშირად თანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაზე.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ მომსახურეობის გაუმჯობესების კუთხით?

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა და პრიორიტეტი დასახული, რაც, პირველ რიგში, შეეხება ავტოპარკის გამოცვლას. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ეტაპობრივად მოხდება, იგივე შეიძლება ვთქვათ აპარატურის გამოცვლა-გადახალისება-შეკეთებასა და მუდმივად ფორმაში ყოფნაზე. ჩვენ ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვეცდებით, შევთავაზოთ მოსახლეობას უკეთესი მომსახურეობა და ყოველთვის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვიდგეთ თბილისელების სამსახურში.

ფაქტია, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემაში და მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას ადასტურებს ჯანდაცვის ახალი მინისტრის დავით სერგეენკოს ახალი ინიციატივაც: “სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა კვლავ სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, თუმცა გამოძახებებზე გარკვეული ლიმიტი დაწესდება. ამ დრომდე სასწრაფოს გამოძახება 20 თეთრი ღირდა, ეს თანხა დარეკვისას და სასწრაფოს გამოძახებისას მოქალაქეს იმ ტელეფონიდან, რომლიდანაც ზარი ხორციელდებოდა, ავტომატურად ეჭრებოდა.

სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა უფასო არასოდეს ყოფილა. ამ მომსახურების ხარჯებს ფარავდა სახელმწიფო და ასეც გაგრძელდება, თუმცა გარკვეული ლიმიტი უნდა შემოიღონ. ხალხი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალოდ, თავის ტკივილისა და კაეშანის დროს, წნევის გასაზომად იძახებს, რამდენი სასწრაფოს ბრიგადაც არ უნდა დავამატოთ, მსგავს გამოძახებებს ვერ აუვა. სასწრაფოს გამოძახება ისევ დარჩება უფასო, თუმცა თითოეული ადამიანისთვის კონკრეტული ლიმიტირებული თანხა გამოიყოფა და არ მოხდება სასწრაფოს გამოძახება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. სასწრაფოსთვის პრიორიტეტული იქნება ის შემთხვევები, რომელიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს”.

თუნდაც ეს განცხადება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა რამდენად სარგებლიანი იქნება ეს ცვლილებები ხალხისთვის, ამას დრო გვიჩვენებს.

დავით დანელია

1 COMMENT

  1. მივესალმები მოსალოდნელ ცვლილებებს სასწრაფოთი მომსახურების საქმეში, თუმცა მოსახლეობის ნაწილი შეეცდება ბოლომდე აითვისოს ლიმიტირებული თანხა თვის განმავლობაში, ასე რომ გამოძახებების რიცხვი შემცირდება თუ არა დრო გვიჩვენებს, მიუხედავად ყველაფრისა უდავოდ მისასალმებელია ხელისუფლების მცდელობა მდგომარეობა გამოასწოროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები