მთავარიქრისტიანობა"მუდმივად გართობის სურვილი უპასუხისმგებლობაა..."

“მუდმივად გართობის სურვილი უპასუხისმგებლობაა…”

უცოდველი მხიარულება შრომის შემდეგ დასასვენებლად აუცილებელია. თუმცა ხშირად ადამიანებს გვიჩნდება სწრაფვა, მუდმივად ვიყოთ გართობა-სანახაობის მონაწილენი. გართობა რა მდგომარეობამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამგვარმა მიდრეკილებამ და რა სახის გართობა-სანახაობაში მონაწილეობა ითვლება ცოდვად? “ამბიონს” ამ საკითხის შესახებ წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:

„უზრუნველობა-უშრომელობა საკმაოდ დამახასიათებელი თვისებაა კაცობრიობისთვის. მიზეზი მრავალია. პირველ რიგში, ბუნებრივად, საჭიროა განტვირთვა, რაც მნიშვნელოვნად იძლევა რეაბილიტაციას შემდგომი სარბიელისთვის. ხშირ შემთხვევაში, განტვირთვის პროცესი შემეცნებითი სახით ხასიათდება, იძლევა ახალ ემოციურ განწყობას, იწვევს ენთუზიაზმს, ბადებს ახალ იდეას. ფიზიკურ-სულიერი მზაობა პროდუქციულობისთვის აუცილებელია. მეორე მხრივ, სურვილი მუდმივად გართობისა დაუფიქრებლობა და უპასუხისმგებლობაა.

პიროვნებას უწევს სხვის ხარჯზე ცხოვრება-მუქთახორობა. ან უნდა იპაროს, ან უტიფრად სხვას დაუმძიმოს ტვირთი პირადი სიამოვნების ხარჯზე, ან იმათხოვროს. ამდენად, სახარბიელოდ არც ერთი გამოიყურება. სწრაფვა მუდმივად გართობისა სიზარმაცის მანკიდან მომდინარეობს.

ზოგადად, განტვირთვის პროცესი ადამიანურ არსს არ უნდა ლახავდეს. გადამეტებული ჭამა-სმა, ლოთობა, სხვადასხვა საშუალებებით ცნობიერების დაბინდვა, თრობა, უპასუხისმგებლო წინდაუხედავი ქმედებანი, ღრიანცელი, უკონტროლო ქცევა-მეტყველება, უხამსობა და სხვა მრავალი, ანგრევს პიროვნებას, როგორც ადამიანს. ეს უკონტროლო ქმედებანი პირუტყვის დონემდე დასცემს. „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“(ფსლ.48,20.). საოცარია, რომ უძველესი დროიდან დღემდე უმსგავსო ქმედების დანახვისას ეპითეტად სწორედ ცხოველთა სახეობებს სახელდებენ. ვინაიდან მათი ქმედებანი სწორედ მორალს, პასუხისმგებლობასაა მოკლებული და ზიზღს იწვევს მნახველის თვალში. თვით პირუტყვთა სხვადასხვა სახეობებს გააჩნიათ თავიანთი მორალური კრიტერიუმები, რომელთაც მკაცრად იცავენ და ღირსებასაც იფერებენ. ადამიანი ყველა ასპექტით აღემატება სხვა არსებებს. რამდენადაც გავრცელებულია გამონათქვამი “21-ე საუკუნის ადამიანი”, მით უფრო მართებს, დაფიქრდეს, შეეფერება თუ არა იმ სახის გართობა. ასევე, უნდა განსაჯოს, რა მიანიჭა ამა თუ იმ ფორმით განტვირთვამ, რა შეიძინა? ხომ არ დაექვემდებარა რაიმე ვნებას? – სიხარბეს, გემოთმოყვარეობას, თავაშვებულებას, ნაყროვანებას, მრავალმეტყველებას (რომლის დროსაც უამრავ შეცდომებს უშვებენ, რაზეც შემდგომ ერთობ გული წყდებათ), დამცირება-დაცინვას (რაც ძალიან შორსაა გამახალისებელი ხუმრობისგან), ბილწმეტყველებას, არაპროგნოზირებულად სიძვით დაცემას (აღარას ვამბობ მიზანმიმართულზე) და სხვა მრავალი, რომლებიც სიცარიელეს გვიტოვებენ (უფრო მართებულად, ყოველივე ადამიანურობისგან გვაცარიელებენ) და საკუთარ თავში განმარტოებისას გულში სიმძიმეს განვიცდით. ამიტომ უნდა განვსაზღვროთ, რითი ვერთობით, რა შევიძინეთ? სულის სიღრმეში შვება მოგვცა თუ ქვეცნობიერად ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას? რაიმე სულიერად ღირებულის შეძენა მეტად სასარგებლოა.

გადავხედოთ დასავლურ სამყაროს. შესაძლებლობა განტვირთვისა ძალიან დიდია, მით უმეტეს, ეკონომიკურად ძლიერი ფენისთვის, მაგრამ ხშირად ვხვდებით ერთ საინტერესო ფენომენს, განსაკუთრებით შემოქმედებითად ხელოვან საზოგადოებაში, რომელთა ცხოვრება მეტად მრავლფეროვანი და საინტერესოა. ესაა დეპრესია, რაც არალოგიკური უნდა იყოს მათი ყოფისთვის. მისგან თავის დასაღწევად მიმართავენ არასასურველ მეთოდებს, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება. ლოთობა, ნარკომანია, დამახასიათებელია მრავალჯერ ქორწინება და უკანონო-უჯერო სქესობრივი კავშირები. ხსენებული ქმედებანი გამოწვეულია სულიერი უკმარისობით. ამ ფორმით ცდილობენ, თავი დააღწიონ მას და რაიმეთი შეავსონ. ცხადია, ამით შვებას ვერ ღებულობენ და განიცდიან მწვავე კრიზისს. მათი ყოფისთვის გარდაუვალი გახდა პირადი ფსიქოლოგი, რომელზეც თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებულნი. და მაინც, სავალალო შედეგამდე მიდიან. რითაც ხაზს ვუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ რა შეიძინა გარკვეული ქმედებით ადამიანმა.

მორწმუნე, მით უფრო, უნდა მოერიდოს მისი არსის, ღირსების, რწმენისა და სიწმიდის შემლახავ ქმედებას. ხშირია შემთხვევა, როცა სუბიექტმა არ იცის, რა არის ცუდი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას დაფიქრებაა საჭირო. ბრმად მოქმედებას სერიოზული ზიანი მოაქვს. შინაარსი ყველაფერს აქვს, ამიტომ, უპირველესად, უნდა შევიცნოთ და შემდგომ განვსაზღვროთ. ისმება კითხვა, შეიძლება თუ არა ესა თუ ის მარხვის პერიოდში? თავად განსაზღვრეთ მოქმედების არსი. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მთავარია იმ პროცესის დროს, ან შემდგომ რაიმე მანკიერებას ხომ არ ვექვემდებარებით?! თუ კი ასეა, მარხვის პრინციპი ხომ სწორედ მათგან გათავისუფლებაა?! თვით განტვირთვამ უნდა გაგვამდიდროს და შვება მოგვგვაროს.”

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები