20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოება"გარეჯის სასაზღვრო პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს"

“გარეჯის სასაზღვრო პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს”

6 მაისის შემდეგ დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. გარეჯი ჰქონდათ თუ არა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ამ ქმედების განხორციელების უფლება, როგორ შეიძლება სასაზღვრო პრობლემის მოგვარება? “ამბიონს” გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა:

“სამწუხაროდ, თითქმის 1924 წლიდან ადგილი, სადაც დავით გარეჯის გამოქვაბულები თავისი უნიკალური ქართული ფრესკებით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. იყო გარკვეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც არც ერთ სტუმარს მისი მოლოცვის პრობლემა 6 მაისამდე არ ექმნებოდა. საწყენია, რომ დღეს იქ მისულმა როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ტურისტებმა ამ ადგილის მონახულება ვეღარ შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ არის ბუფერული ზონა, სადაც ორმხრივი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს, სამხედრო პოსტი არ უნდა იყოს. თუ აქ დღეს მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებენ, მომავალში რა მოხდება, არ ვიცით.

ჰქონდათ თუ არა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უფლება, ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ, ეს ერთი თემაა, მაგრამ ფაქტია, მსგავსი რამ 6 მაისამდე არ ხდებოდა. რატომ დაემთხვა ამ კონკრეტულ თარიღს და დიდ დღესასწაულს, გიორგობას ეს ფაქტი, არ ვიცი.

საზღვრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში არსებული ტერიტორია დავის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ცხადია, აზერბაიჯანი ამ ადგილს ასე ადვილად არ გვაჩუქებს, მაგრამ ის რაც 6 მაისის შემდეგ ხდება, გასაკვირია. შეზღუდვები რომ 1924 წლიდან, ან თუნდაც 1991 წლიდან დაწესებულიყო, ეს სხვა საკითხი იქნებოდა.

გარეჯის რუკა

ეს ტერიტორია 2002 წელს მომხდარი 5 ბალიანი მიწისძვრის მეორე დღეს მოვინახულე, ჩამონგრეულია გარკვეული ადგილები, ისედაც ქარი, წვიმა ანგრევს მას და თუ აქ საერთოდ ვეღარ შევედით, რთული სიტუაცია შეიქმნება.

საგულისხმოა, რომ იმდენად რთული რელიეფია, აზერბაიჯანის მხრიდან, ვერც ტურისტი მოვა, ვერც სამხედრო გააკონტროლებს, რადგან მათი პოსტი შორს არის. ჩვენიდან კი უფრო კარგი მისადგომი აქვს.

საბედნიეროდ, დოდოს რქა, ნათლისმცემლის ლავრა საზღვრიდან შიგნით იმყოფება და იქ მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ბერთუბანი უნიკალური თამარ მეფის ფრესკით და სხვა გამოქვაბულები თითქმის ერთი საუკუნეა დავკარგეთ, ბოლო 3 წელია ჩიჩხიტურში ასვლაც პრობლემას წარმოადგენს და იმედია, გარეჯის ლავრის უდაბნოს გამოქვაბულებიც მათ ბედს არ გაიზიარებს. ამასთან, უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია დავით გარეჯის ლავრაზე და არა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომლის მოლოცვაც თითოეულ ადამიანს შეუძლია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს დავით გარეჯის თემით მილიონობით ქართველია დაინტერესებული. სამწუხაროდ, მხოლოდ სასულიერო პირები, ისტორიკოსები, გეოგრაფები თუ აქტივისტები ამ საკითხის გადაჭრას ვერ შეძლებენ. პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. ეს რომ არასასაზღვრო თემას ეხებოდეს, შეიძლებოდა კერძო პირის კომპეტენტური აზრის გამოთქმა. ვფიქრობ, ეს მოგვარებადი საკითხია. მაგრამ მეც და ჩემ გვერდით მდგომ უამრავ ადამიანს გვიჩნდება კითხვა: რა მოხდა? რატომ ვერ უნდა მოვილოცოთ დავით გარეჯის ლავრაში?

სამწუხაროდ, დღეს იურისდიქცია ვერ ვრცელდება აფხაზეთში და მიუხედავად დიდი სურვილისა, იქ შესვლაზე ნაკლებად ვფიქრობთ, იმედია, ამ ლავრაში წასვლაზეც თავის შეკავება არ მოგვიწევს.”

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები