25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობაგანკითხვა და მისი ფესვები - მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

განკითხვა და მისი ფესვები – მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

როგორია ადამიანი სინამდვილეში, ღვთის გარდა, არავინ უწყის. უფრო სწორედ, ადამიანს მერყევი, პლასტიკური ბუნება აქვს და ჩვენ კი, სხვისი შეფასებისას ჩვენივე წარმოდგენაში, ხშირად შემთხვევითი ნიშნის მიხედვით, წარმოსახვით, სქემატურ სახედ ვქმნით და შემდეგ კი ან აღფთოვანებულნი შევცქერით, ანდა ვკიცხავთ და განვიკითხავთ.

უარი უნდა ვთქვათ იმგვარ თვალსაზრისზე, თითქოს კაცობრიობა დაყოფილი იყოს ორ მტრულ ბანაკად და მარტოოდენ მართალნიდა ცოდვილნი არსებობდნენ. ეს ასე არ არის.

ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ცოდვა ყველა ადამიანშია შემოსული და ყოველი ჩვენთაგანისათვის ევნო უფალი. უფლისთვისაც თვითოეული ჩვენთაგანი ძვირფასია და ამიტომ საბოლოო განსჯაც მას ეკუთვნის. აი, რატომ მოსდევს სახარებაში სიყვარულის შესახებ სიტყვებს მოწოდება – „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7, 1).

ნუ განიკითხავთ და მაშინ თქვენთვის უფრო ადვილი გახდება შეიყვაროთ მოყვასი, ნუ განიკითხავთ და მტრები არ გეყოლებათ. მტრებს შეხედეთ, როგორც საერთო სენით დაავადებულ ავადმყოფებს, დაივიწყეთ პირადი ანგარიშსწორება დ ა გახსოვდეთ ღვთის სამართალი ქვეყანაზე…

მთელი ჩვენი ცხოვრება განკითხვის სულითაა აღვსილი. არ ვზოგავთ არავის. ხშირად ქარაფშუტულად, უბოროტოდ, ანგარიშმიუცემლად, უკვე ჩვევისამებრ განვიკითავთ და ცილს ვწამებთ. ისევე როგორც შემოდგომის ფოთლები შრიალებენ, ეცემიან, ლპებიან და წამლავენ ჰაერს, განკითხვაც ასევე ანგრევს ყველა ჩვენს საქმეს, ქმნის უნდობლობისა და გაბოროტების ატმოსფეროს, ღუპავს ჩვენს სულებს.

უმართებულო განსჯის, განკითხვის ნიშანია – მრისხანება, გაბოროტება, უსიყვარულობა, სინანულის არქონა, საკუთარი პიროვნებისადმი შემწყნარებლური, სხვების მიმართ კი მკაცრი, მომთხოვნი დამოკიდებულება.

განკითხვა ქრება, თუკი უფლის წინაშე ჩვენს მუდმივ ვალში ყოფნას ვიხსენებთ. სხვათა შეუწყნარებლობა, გულცივობა, სისასტიკე კი უფლის უსაზღვრო შემწყნარებლობას განგვაშორებს და ღმერთთან გვაცილებს.

ცხოვრებისეული, მათ შორის, ქრისტიანული სიბრძნეა – არ იყო მომთხოვნი კაცთა მიმართ.

ადამიანებთან ურთიერთობის ზოგადი სქემა ხშირად ამგვარია: ადამიანი ძალიან მოგწონს, მისით გულწრფელად ხარ აღფრთოვანებული და მასში ცუდს ვერაფერს ამჩნევ.

უცებ, რაღაცაში თავს გამოავლენს – მოიტყუებს, იტრაბახებს თუ მხდალ ბუნებას გამოაჩენს… და ჩვენ ვიწყებთ მის გადაფასებას – ყოველივე კარგს, რასაც ადრე მასში ვხედავდით (და რაც ცხადია, კვლავ მასში რჩება), ხაზს გადავუსვამთ და ჩვენი გულიდან მოვიკვეთთ. ეს ადამიანებისადმი არასწორი, ცოდვილი დამოკიდებულებაა.

ამის საფუძველში დევს ორი გაუცნობიერებელი აზრი:

  1. მე – უცოდველი ვარ და
  2. ადამიანი, რომელიც შევიყვარე, ასევე უცოდველია.

სხვაგვარად, როგორღა ავხსნათ სხვების მკვეთრი განკითხვა და ჩვენი გაოცება მაშინ, როცა კარგი, სათნო და კეთილმორწმუნე ადამიანი შესცოდავს!

და ეს მაშინ, როდესაც მოყვასისადმი ქრისტიანის დამოკიდებულების ნორმაა – შეუნდო მუდამ, დაუსრულებლად, რადგან თავადვე ვსაჭიროებთ მუდმივ შენდობას. მთავარია – და დაივიწყო, რომ ის სათნოებები, რასაც სხვაში ვაფასებდით – კვლავ მასში რჩება, თუმცა ცოდვაც ასევე იყო მასში, მაგრამ მას ვერ ვამჩნევდით.

ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს – ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/elchaninovi_gankitkhva.htm

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები