მთავარიკულტურა"მთაწმინდამ" ორი საგანძური შეჰმატა ქართველ მკითხველს

“მთაწმინდამ” ორი საგანძური შეჰმატა ქართველ მკითხველს

ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანისა18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლითეკის საგამოფენო დარბაზში, გამომცემლობა “მთაწმინდის” წიგნების არქიმანდრიტ პიროსის (ოქროპირიძე) “ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანისა” და კრებულ “მამული, ენა, სარწმუნოება” პრეზენტაცია გაიმართა.

არქიმანდრიტ პიროსის “ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი” პირველად 1901 წელს გამოიცა, თუმცა მხოლოდ ცალკეულ ნაწილებად. ახალი გამოცემა კი იმით არის გამორჩეული, რომ ის აერთიანებს სამ ნაშრომს: “განმარტება სახარებისა, სახარება მათესაგან”, “განმარტება სახარებისა, სახარება მარკოზისაგან” და “განმარტება წმინდა პავლე მოციქულის სამწყსო ეპისტოლეთა”. წიგნი სრულიად ახალი რედაქციით გამოიცა და ადვილად საკითხავია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

მამული, ენა, სარწმუნოებაპუბლიცისტური წერილების კრებული “მამული, ენა, სარწმუნოება” კი გამოსაცემად ზურაბ კალანდაძემ და ელგუჯა გიუნაშვილმა მოამზადეს.

“ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი” ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი წიგნია და საინტერესოა როგორც დამწყებთათვის სასწავლებლად, ასევე მეცნიერთათვისაც. წიგნში “მამული, ენა, სარწმუნეობა” კი შესულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და იაკობ გოგობაშვილის თემატურად შერჩეული წერილები.

“რადგან გამომცემლობა მთაწმინდის გამოცემები მაღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩევა, წიგნების ფასი პოლიგრაფიასთან შედარებით არ არის მაღალი. არქიმანდრიტ პიროსის წიგნის ფასი საშუალოდ 15 ლარია, პუბლიცისტური წერილების კრებულის ღირებულება კი 22 ლარიდან იწყება. ახალი გამოცემების შეძენა შესაძლებელია როგორც ბიბლუსის ქსელში, ასევე სხვადასხვა წიგნის მაღაზიებში” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას გამომცემლობა მთაწმინდის დირექტორმა გიორგი კალანდაძემ.

წიგნების პრეზენტაციას ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრეც (კვარაცხელია) ესწრებოდნენ. ისინი შეეცადნენ საზოგადოებისათვის იმ წიგნთა გამოცემის მნიშვნელობა შეეხსენებინათ, რომელიც თითოეული ქართველისთვისაა განკუთვნილი.

მამა თეოდორეს თქმით, “ორივე წიგნი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. ისტორია კი საოცარი ფენომენია. ადამიანის ისტორია ეს არის ის რეალობა, სადაც ღმერთი საკუთარ თავს ავლენს. ამიტომ მისი გაცნობა, სიღრმისეული ანალიზი აუცილებელია, რათა ჩვენ უფლის ხელი დავინახოთ… ხშირად არასწორად წერენ, ჯერ ენას, მამულს და შემდეგ სარწმუნოებას, ეს კი აზრობრივად არასწორია. ილია მართალმა კარგად იცოდა, რატომ უნდა დაეწერა ჯერ მამული, შემდეგ ენა, სულიერი სიღრმე ჩვენი ერისა და ბოლოს უმთავრესი საფუძველი სარწმუნოებისა. წიგნში “მამული, ენა, სარწმუნოება” ოთხი დიდებული სულმნათი ავტორი გვმოძღვრავს და პუბლიკაციების საშუალებებით გვახსენებენ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. “ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანში” მარტივად, მაგრამ სიღრმისეულად, ძალიან გასაგებად, მაგრამ აუცილებლად წასაკითხად გადმოცემულია ამბავი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა” – აღნიშნა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, რომელმაც რამდენიმე ციტატაც კი მოიხმო წიგნებიდან, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ დღეს იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომელიც არც ახალია და არც უკანასკნელ 20 წელიწადშია დაგროვილი, რომ ეს საკითხები აქტუალური იყო ჩვენი წინაპრების დროსაც და დღემდე მოუგვარებელია, რადგან ის ადამიანები ჩვენ თითქოს “მოვიძულეთ და მოვკალით”.

გამომცემლობა “მთაწმინდა” 1989 წელს დაარსდა და 1994 წლამდე იარსება. ამ პერიოდში 50-მდე წიგნი გამოსცა. 2008 წელს კი გამომცემლობამ განაახლა ფუნქციონირება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე გამოფენილ იქნა ასევე გამომცემლობის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნები, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის “საღმრთო ისტორია” და “ბიბლიის ლექსიკონი”, რომლის ორი ტირაჟი უკვე გაიყიდა.

თეონა ნოზაძე

3 COMMENTS

  1. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რამდენი წიგნის რეკლამაც არ წავიკითხე ჟურნალში თუ ინტერნეტში, ვერც ერთს ვერ ვპოულობ მაღაზიებში :( იქნებ მაღაზიებში რომ დადებენ, მერე გვითხრათ ხოლმე :)

  2. წიგნების ,,ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი” და ,,მამული, ენა, სარწმუნოება’’ პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა და უკვე გაყიდვაშია. შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსში, წიგნის სახლში, კონტინენტალში და სხვა მაღაზიებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები