
2014 წლის 22 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ზაირა ნადირაშვილის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით “ტყე”.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ასახავს ჰარმონიის ძიებაში დანახულ სურათებს, მათ წვრილმან ყოფით დეტალებს, ნიშნებს და შტრიხებს, რომლებიც ჩვენი არსებობის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი ნაწილია. ყოველივე ეს სუნთქავს, მოძრაობს და ცოცხლობს. გამოფენა სერიულ ხასიათს ატარებს.
ავტორი თავისუფლად იყენებს სივრცეს – ნახატები წარმოდგენილია მაკროზომებიდან დიდი მასშტაბების ჩათვლით. ზაირა ნადირაშვილი ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. მათ შორის იყო სხვადასხვა თემატური გამოფენებიც. მაგალითად: “დამიკვეთეთ შემოდგომა წინასწარ”, “სინთეზური საღამო”, პერსონალური გამოფენა “თი-ბი-სი” ბანკში ლ. გუდიაშვილის სახელობის გალერეაში ბათუმში და ა. შ. ახლო მომავალში ის გეგმავს ერთობლივ გამოფენაში მონაწილეობას, ჰააგაში, დიპლომატიურ კლუბში. მონაწილეობდა ფოტოკონკურსებში “ქოლგა”, “თავისუფლების ფოტოები”, “თბილისი”. მისი ნამუშევები ინახება კერძო კოლექციებში ვარშავაში, კიევში, ნიუ-იორკში, თბილისში, ბათუმში.
გამოფენა 2014 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.
