მთავარი » ქრისტიანობა

გაბრიელ ეპისკოპოსი – ილია ჭავჭავაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2013 | 5,579 ნახვა

სიტყვა თქმული გელათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს

არ ვიცი, ამდენს მშვენიერად თქმულ სიტყვებ შემდეგ რა მოგახსენოთ ისეთი, რომ თქვენთვის ახალი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, გაბრიელ ეპისკოპოსი ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდ ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობ თავსა – მისს თვალგაუწვდენელს კიდეებს ერთბაშად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია. ამისთანაა იგი, რომელსაც დღეს დავტირით.

დიაღ, ბატონებო, დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ-ბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწრთვნა და განმტკიცება. „ნეტავი იმასაო, – ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი, – ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო“. აი ჩვენს წინაშე მდებარეა იგი მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც-კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი.

თვითოეული წამი მისის ცხოვრებისა – მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის. ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალ-სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებასა, მადლისა და მოწყალებისა. მე ამაზე ბევრს არას ვიტყვი, რადგანაც ბევრი უკვე ითქვა და ბევრსაც კიდევ იტყვის შთამომავლობა, რომელიც ამ საისტორიე კაცს განიკითხავს თავისის სამართლიანის განკითხვითა.

მე მსურს მხოლოდ აქ აღვნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა, რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, – საერო, თუ სამღვდელო, – რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელიბა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.

ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა-ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულთა-სწრაფვა ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც საცნაურად ორისავ გზით, და მით უფრო, რაც ადამიანი თვალ-ახილულია და გონება-გაღვიძებული. ნება-უნებლიეთ ამ ორს სამფლობელოში დადის მოუსვენრად გონება და გული ადამიანისა. რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთაძვრისაგან და მსოფლიო ღელვისაგან.

ამ ორს სამფლობელოთა შორის შემაერთებელ ხიდსა სწნაეს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთის-სოფელში, რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელმთავარი და რომელიც, ჩემის ფიქრით. სხვა არა არის-რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნვნ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებრი, ერთსა და იმავე დროს ღვთისა და ბუნებისმეტყველნი.

მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრასა რომ აიღოთ, ძნელად იპოვით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება – მეცნიერებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.

იგი ერთს თავის ქადაგებაში სთხოვდა თავისს სამწყსოს, რომელიც ყოველთვის სულ-გაკმენდით უსმენდა ხოლმე, ევედრენით ღმერთს, რომ მომცეს მე ძალა ჯეროვნად ვემსახურო ეკლესიასა, ესე იგი, თქვენს ცხოვრებასაო, რადგან თვითოეული თქვენგანი და ჩვენგანი ერთად შეადგენს იმ კრებულს, რომელსაც ეკლესია ღვთისა ჰქვიანო. ეს, მისთვის ლიტონი სიტყვა არ იყო, საღვთო წერილიდამ ამოკითხული და გაზეპირებული. ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარეთ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი – ღვაწლად, მადლი-მადლად, საქმე – საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თვისი ხანგრძლიეი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, – ამას მარტო ღრმად გამეცნიერებული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს.

რომ მარტო იგი ქება-დიდება შრომისა დაგვრჩენოდა, რომელიც მან გვიღაღადა ერთს თავისს დაუვიწყარ ქადაგებაში, და სხვა არა-რა, ისიც საკმაო იქნებოდა, რომ მისი სახელი ქვეყანას მოჰფენოდა და ჩვენც გვეგრძნო, რა დიდებული და ბრძენი მღვდელმთავარი დავკარგეთ. „მე თვითონ არ მინახავსო, ამბობს იგი, – ხოლო გამიგონია სარწმუნო კაცთაგან, რომელ ერთს ძველად-ძველს ეკლესიაში კედელზედ არის დახატჯელი ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარა და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახაო!“ – ჰნატრულობს ამ საუცხოვო ხატით აღტაცებული მღვდელმთავარი: – „მაშინ მე გავიცნობდიო მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემიო! რა კარგი რამ იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი, ყოვლადწმიდისა, რომ ერთს-კერძო მისსა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულის ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით ხელთ ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა ღვთაებრივსა გამოყვანილი იყოს ის ღვთავბრივი სიწმინდე, სიმშვიდე და სიყვარული, თვალთა შინა მისთა ბრწყინვიდვს ის უფსკრული გონიერებასა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსაო. ესრეთი ხატი იქნებოდა ჭეშარიტი დროშა, ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ყოველის ქალის მთვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისაო!“

ასე ათავებს სიტყვას ზეგარდმო შთაგონებით მღაღადებელი მღვდელმთავარი. განა-ღა შეიძლება ამაზე მეტად გაპატიოსნება, ზე-აღწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრსა გვგონია ვითომც წილად-ხდომილია მარტო მდაბიოსიო.

საკმაოა ეს მოკლე, მაგრამ ღრმად გაბრძნობილი სიტყვა, მღვდელმთავრის ბაგეთაგან წარმოთქმული, რომ კაცმა წარმოიდგინოს მთელი სულიერი ახოვანება და სიბრძნე მისი, რომლის ბაგენი დღეს ჩვენთვის სამუდამოდ დასდუმდნენ ჩვენდა საუბედუროდ. ბევრი რამ არის ნათქვამი შრომისა და გარჯის გაპატიოსნებისათვის, მაგრამ ამისთანა ქებათა-ქება შრომისა შესაძლოა მხოლოდ იმისათვის, რომლის ბაგითაც თითონ ღმერთი მეტყველებს.

დიაღ, ბატონებო, მისის ბაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდის-ღა გვაღირსებს ღმერთი იმისთანა კაცს, რიგორიც დღეს წაგვართვა. რომ მისმა კაცთათვის თავდადებულ მსახურებამ, მისმა საქმეებმა უქმად არ ჩაიარა, რომ წრთვნა მისი, მისი ზნემაღალი მოძღვრება არ დარჩა ხმად მღაღადებლად უდაბნოში, ამას ამტკიცებს გლოვა ამოდენა ერისა, რომელიც დღეს შემოჰხვევია ძვირფასს კუბოს, რომ უკანასკნელად ემთხვიოს იმა ბაგეთა, როლითაც იგი გვლოცავდა და გვწვრთნიდა, იმ მადლიან მარჯვენას, რომლითაც იგი გვაკურთხებდა და რომელიც მუდამ გაწვდილი იყო დავრდომილთა შემწეობისათვის და დაცემულის აღდგენისათვის.

დღეს ერი ცრემლს აფრქვევს მისთვის, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე იმის მსახურებაში იყო, რომ თვით მოსწმინდოს ერს თვალთაგან ცრემლი ნუგეშინის-ცემითა და მადლის ფენითა. რით იყო ასე ძლიერ სახელოვანი ჩვენი მღვდელმთავარი, რომ გამოიწვია ასეთი დიდი გლოვა ერისა? ნუთუ მარტო სიბრძნითა? არა, სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან. ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე. ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულნი სხვა ქვეყნად, ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო, – ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვარით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად.

დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად და სახელის ხსენება მისი ჩვენდა საწვრთნელად. ყოველივე ეს დიდხანს კიდეე ისაქმებს ჩვენში. დიდხანს და დიდხანს ქართველს საბუთი ექნება სთქვას, რაც მარტო დიდ-ბუნებოვან კაცზეა თქმული: მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარიო.

მე რომ მისნი მადლით საჭსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელ და მგონია, რომ თავს წამოსდგომია ახლად შობილს ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი, სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება აწ ბრძენთაგან თქმულს:

„პატარავ, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს“… და აჰა, ჰქმნა ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოება საუკუნოდ, ყველანი მის გარშემო სტირიან. დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია, აჰა, ისწავლეთ გზანი დიდების შოვნისანი! ამისი მართალი გზა და ცხადი მაგალითი მთელი ცხოვრებაა ამ დიდებულ და მადლიან კაცისა. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი: ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას. იგი უდიდ-გვაროდაც დიდიაო, და აჰა: იგი დიდი კაცი, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს კუბოშია ჩვენ-წინ მდებარე.

1896 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი