მთავარი » ქრისტიანობა

ერთგულების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2017 | 4,502 ნახვა

ერთგულების შესახებ გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მალხაზ ყიფიანი:

“უპირველეს ყოვლისა, სანამ ერთგულების შესახებ საუბარს შეუდგებოდეთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს თავის თავში სრულჰყოს და განამტკიცოს ღვთივსულიერი ნიჭები, რაც ყოველ ადამიანში დაბადებიდანვე არის მოცემული, samsjavro აუცილებლად უნდა დაადგეს ეკლესიური ცხოვრების გზას, რაც გულისხმობს უფლის მცნებების დაცვას, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობას. აქედან უპირველესი არის, რომ ადამიანი არ დარჩეს ნათლობის გარეშე. ეს საიდუმლოება ადამიანის სულსა და ხორცს ამზადებს სულიერი სიმდიდრის, ანუ სხვადასხვა სათნოებების შესაძენად, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს -მარადიულ თანაცხოვრებას ღმერთთან, სულის ცხონებას ანუ სასუფეველში დამკვიდრებას.

წმინდა წერილის ტექსტებს თუ გულისყურით გადავხედავთ, დავინახავთ რომ ადამიანის მთავარი დანიშნულება გულის სიწმინდე და სისპეტაკე და სულის სიწრფელე ყოფილა. გულის კულტურა განაპირობებს ადამიანის ცხოვრებისეულ არჩევანს – იცხოვროს სიკეთისა და სიყვარულის გზით და უერთგულოს ღმერთს, თუ იცხოვროს უსიყვარულოდ და იაროს ბოროტების გზით.

სიკეთე და ბოროტება,ერთგულება თუ ორგულობა, ადამიანის გულიდან იწყებს მოქმედებას და თუ მას ადრეულ ასაკიდანვე სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, როგორც შესაძლებელია, რომ ადამიანი განმტკიცდეს ღვთისა და მოყვასის ერთგულებაში, ასევე ადვილი შესაძლებელია პიროვნება გაორდეს და გაორგულდეს. ერთგულებისა და ორგულობის პირველ მაგალითს ადამიანი პირველად საკუთარ ოჯახურ წრეში ხედავს, შემდეგ იმ საზოგადოებაში, სადაც სისტემატიურად ტრიალებს და საკუთარი თავის რეალიზებას ახდენს. ერთგულ ადამიანს უყვარს სხვისი აზრის მოსმენა, სიმშვიდითა და მოთმინებით არჩევანის გაკეთება.

პავლე მოციქული გვაუწყებს, რომ ადამიანმა ოღონდ სასასარგებლო საქმე ერთგულად აკეთოს და რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, მაინც ისე ჩაეთვლება, როგორც ღვთისთვის გაკეთებული.

ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როცა ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა ღვთის მცნების შესაბამისად რომელიმე სასარგებლო სასიკეთეო საქმეს აღვასრულებთ. არამედ მაშინაც, როდესაც მცირე ქვეყნიურ თუ საზოგადო საქმესაც პატიოსნად და ერთგულად ვასრულებთ.

ადამიანთა თვისებაა, რომ საკუთარ სახლში ყოველგვარი ქონება და სიმდიდრე დააგროვოს და ასევე უფალი ღმერთიც თავის ამ სამკვიდრებელში – ადამიანის სულსა და გულში (თუ რა თქმა უნდა ადამიანი მისი მცნებების თანახმად ცხოვრობს), ვითარცა ნოყიერ მიწაში მთესველი თესლს თესავს – სულიწმინდის მადლს დასთესავს, რომელიც ადამიანს ანიჭებს ბევრ სხვა სათნოებათა შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს – ერთგულების სათნოებას. ერთგულება ადამიანისა განაპირობებს მასში თავდადებისა და უანგარობის სურვილს, ასეთი ადამიანი ემსგავსება ქრისტეს, რამეთუ მანაც დასდო სული თვისი ჩვენთვის, ე.ი. ერთგული ადამიანები იმ უპირველეს მცნებას აღასრულებენ, რაც უფალმა სამყაროსა და ადამიანებს მცნებად დაუდო, რაც სახარებაშია გაცხადებული შემდეგი სიტყვებით: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს დედამიწაზე, როდესაც ადამიანი მოყვასის სიყვარულისთვის თავს გასწირავს.“ ერთგულების თვისებებით ადამიანები ემსგავსებიან მოციქულებს, რომლებმაც უერთგულეს უფალს მიწიერი ცხოვრების ჟამს. თუმცა თავიანთი მოძღვრის ჯვარცმის დროს შეორგულდნენ და შიშის გამო ჯვარზე გაკრული მაცხოვარი მიატოვეს. აღდგომის შემდეგ უფალი მათ ეუბნება: “რაისათვის შეორგულდით მცირედ მორწმუნენო?“ ყოველი ადამიანისათვის განსაცდელის ჟამს დამახასიათებელია მოციქულების მსგავსი შიში და ადამიანური უძლურება, სამაგიეროდ ეს შიში დაძლიეს თითქოსდა სუსტი ბუნების მქონე მენელსაცხელებლე დედებმა, რომელთაც ჯვარცმის დროს ბოლომდე უერთგულეს თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს. ზუსტად ამ გამორჩეული თვისების – ერთგულების გამო გამოარჩია მენელსაცხელებლე დედები ეკლესიამ და მათთვის განსაკუთრებული ხსენების დღე აღდგომიდან მე-3 კვირა დააწესა. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვებაძოთ მათ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: იმ დროს, როდესაც მოციქულები სისხლის დათხევის ფასადაც კი უფალს ერთგულებას ეფიცებოდნენ, მათ მიატოვეს ჯვარზე გაკრული მოძღვარი და მენელსაცხებლე დედებმა როგორღა შეძლეს ესოდენი მხნეობისა და გამბედაობის გამოჩენა, რომ არაფრისა არ შეეშინდათ? ამაზე პასუხს გვცემს იმერეთის დიდი მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც მენელსაცხელებლე დედათა კვირიაკეს არის წარმოთქმული: “ერთმა მხოლოდ მათმა კეთილმა ხასიათმა, ერთგულებამ, დედობრივმა სიყვარულმა და პატივისცემამ და არა სასჯელის მოლოდინმა განაპირობა ის, რომ კეთილი საქმისათვის ადამიანი უნდა იყოს ერთგული და თავგადადებული”.

ერთ-ერთი სულიერი მოძღვარი თავის ჩანაწერებში იმასაც აღნიშნავს, რომ უფლის გული მოიგება ადამიანებისადმი ერთგულებით და ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაწყნარებით, უკეთური საგნებისაგან თვალის არიდებით, ცუდი აზრების უკუგდებით, საკუთარი თავის ძალდატანებით. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ მოიკვეთონ ცოდვები. ისინი სხვების რჩევებს არ ითვალისწინებენ, ლაპარაკობენ უსირცხვილოდ, განსჯიან და აბუჩად იგდებენ სხვებს და ამით ღვთის მადლს განიშორებენ. სხვისი დაცინვა ნაყოფია მოყვასისადმი მტრობისა და სიძულვილისა, რასაც საღვთო წერილი კაცის კვლასაც კი ადარებს. ბრძენი ისუ ზირაქი ბიბლიაში ბრძანებს, “წყეულიმც იყოს, დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ცუდმა ენამ ბევრი მშვიდობიანი ადამიანი დაღუპა….. მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო….. მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უფრო უმრავლესნი ენისაგან”. ადამიანი სხვისი აბუჩად ამგდები საკუთარ თავს არ ეკუთვნის, რადგან იგი ბოროტი სულის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ვერსად წარმატებას ვერ აღწევს ღვთის მადლისაგან განშორების გამო. საჭიროა გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს ეშმაკს, არ სძინავს და ყოველი მხრიდან ცდილობს ადამიანთა ცდუნებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ეკლესიურ საიდუმლოებებში არ მონაწილეობს, ბოროტს აძლევს უფლებას მასზე იმოქმედოს, არადა ქრისტემ ეშმაკს ბოროტების აღსრულება აუკრძალა. ბოროტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებს ადამიანის ცდუნებას, თუ ადამიანი მისცემს მას ამის ნებას. ადამიანიც თავისი არასულიერებით, ულოცველობით, უნანებლობით, უაღსარებლობით, უზიარებლობით ფართოდ უღებს გულის კარს ბოროტ სულს, როცა სულიერად და ეკლესიურად მცხოვრებნი, როგორც ღირსი მამა იოსებ ისიხასტი ბრძანებს : “ცდილობენ, რათა სულიერ მტერს არ განუხსნან არც კარი, არც ფანჯარა, ჭუჭრუტანაც კი”.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ უფლისა და მოყვასის ერთგულების მაგალითებით არის სავსე მთელი ქრისტიანული სამყარო. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ტაძრის წმინდანის დემეტრე თავდადებულის მაგალითის გახსენებაც საკმარისი იქნებოდა ამის დასტურად. მოგეხსენებათ, დემეტრე თავდადებულის ისტორიიდან, რომ სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა მას უფალი. ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში მონღოლებმა მას უსათნოესი დედა გვანცა დედოფალი მოუკლეს, შემდეგ 10 წლისას მამა დავით-ულუ გარდაეცვალა, 12 წლის პატარა უფლისწული ქართველმა დიდებულებმა მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა მეფობის დასტური უბოძა მას და მცხეთას ჩამობრძანებული აკურთხეს კიდევაც მეფედ. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ჭაბუკი დემეტრე გონივრულად და ერთგულებით განაგებდა ქვეყანას, თუმცა იმდროინდელი პოლიტიკურად გამწვავებული ურთიერთობები საქართველოსა და მონღოლებს შორის საკმაოდ დიდ მსხვერპლს მოითხოვდა ღვთივკურთხეული ქვეყნისაგან, მსხვერპლს რჩეული ვაჟკაცებისა, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისათვის მონღოლთა მხარეს იბრძოდნენ სხვადასხვა ბრძოლებში და ამ ბრძოლებს ეწირებოდნენ კიდეც.

დადგა ჟამი, როდესაც 29 წლის დემეტრე მეფე ისეთი ისტორიული რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომ იგი ან უნდა წასულიყო ყაენის მოთხოვნის საფუძველზე ურდოში, სადაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, ან არადა მისი ქვეყანა მონღოლთა ურდოების საჯიჯგნი უნდა გამხდარიყო. მაშინ მისი გადაწყვეტილება იყო, ურყევი და უპირობო, რასაც ამტკიცებს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სამეფო დარბაზის წინაშე, რომელიც ისტორიამ მეფური ერთგულების ნიშნად მომავალ თაობებს შემოუნახა, სადაც მეფე დემეტრე შეუვალი პირდაპირობით ბრძანებს: “აწ განრისხებულ არს ყაენი და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა, ვგონებ ბოროტის ყოფისა ჩემთვის და თუ არ წარვალ, მაშინ ყაენი ურიცხვი ჯარით სამშობლოს ამიოხრებს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანი სიკვდილსა მიეცემისა და ტყვე იქმნების, ეკლესიები მოოხრდებიან და შეიგინებიან, კაცნი და ჯვარნი შეიმუსვრიან….. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან. მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი…… აწ მნებავს რათა წარვიდე ყაენის წინაშე და მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისა ჩემისათვს და არა დავიშლი ურდოს წასვლას. იყოს ნება ღვთისა. უკეთუ მომკლან, ვგონებ, რომ ქვეყანა ჩემი უვნებელად გადარჩეს…”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი