12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაერიდე ფუფუნებას!

ერიდე ფუფუნებას!

“ჩვენ ვცოდავთ მაშინ, როდესაც ვიძენთ ნივთებს ფუფუნების მიზნით. მაგალითად, გვაქვს ერთი ხელი კარგი ტანისამოსი, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით ამით, ვიძენთ მეორეს, მესამეს და ასე ვაგროვებთ არა საჭირო, არამედ ფუფუნების საგნებს,”არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი.

ფული ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ის ამქვეყნიურ ცხოვრებას მიგვაჯაჭვებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოდ გვამოქმედებს. “რაც უფრო შორდებიან ადამიანები ბუნებრივ, უბრალო ცხოვრებას და ფუფუნებას აღწევენ, მით უფრო იზრდება მათი სულიერი შფოთი,” – მამა პაისი მთაწმინდელი.

წმ. ტიხონ ზადონელის თქმით, ფუფუნებას მომაკვდინებელი სენივით უნდა ვერიდოთ, რადგან “ის ძლიერ ასუსტებს ქრისტიანის სულს; გვასწავლის სხვისი საკუთრების მიტაცებას, ხალხის დაჩაგვრას და მოწყალების გაცემისგან (რაც ქრისტიანს ევალება) თავის შეკავებას. ფუფუნება, როგორც გაუმაძღარი სტომაქი, როგორც უფსკრული, მთელ დოვლათს ნთქავს, მას ყველაფერი ეცოტავება და უფრო მეტი უნდა. ცუდი სახლი მაქვს, თითქოს ახალი უნდა ავაშენო; უვარგისი ტანსაცმელი მაქვს, უკეთესი უნდა შევიკერო; მრცხვენია უბრალო ეტლით სიარული, ინგლისური კარეტა უნდა შევიძინო; ამის ჭამა მომბეზრდა, უკეთესი უნდა მოვხარშო; უბრალო ღვინის სმა არ შემიძლია, ძვირფასი არაყი უნდა ვიყიდო; არ შემეფერება, ჩემი მსახურები ასეთ კაბებში რომ არიან გამოწყობილნი, უკეთსად უნდა ჩავაცვა და ა.შ. ასე შთანთქავს ფუფუნება ყველაფერს და აუძლურებს გონებას. უფრთხილდი მას. ბუნება მცირედით კმაყოფილდება, გულისთქმა და ფუფუნება კი ბევრს ითხოვენ.

სხეულს თანასწორი სამოსით ნუ შეიმკობ ზოგიერთივით, არამედ შენი წოდების შესაფერისად შეიმოსე. ქრისტიანული სამოსი სულიერი სამოსია, მან სული უნდა შეამკოს და არა – სხეული. სულის სილამაზე ღვთის ხატებაა, როგორადაც ვართ შექმნილი; ასეთი სილამაზისკენ ისწრაფე და მასზე იზრუნე.”

წმ. იოანე ოქროპირი ამხელს ფუფუნების მოყვარულ ცოლებსაც და ამბობს: „სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ სწრაფვა ეჭვიანობის, სიმრუშის თავი და თავია. ნაცვლად იმისა, რომ ცოლები უსიტყვოდ მიუხვდნენ ქმრებს გულისწადილს და ააცილონ ისინი მეძავებთან და მრუშებთან ურთიერთობას, შთაუნერგონ ზიზღი და სიძულვილი სიძვისადმი, ზოგჯერ ვერ იჩენენ სათანადო კეთილგონიერებას და სუსტი ქმრებიც საოცრად მალე ებმებიან ხოლმე მახეში. ზიზილ-პიპილებით მორთვა და პრანჭვა მეძავთა და მემრუშეთა საქმეა, სათნოება და ქველმოქმედება – კეთილგონიერ ცოლთა. ამიტომ ეცადე, ქმარს სიამოვნება მიანიჭო იმ სამკაულით, რომელსაც მეძავებში ვერ იპოვის. მაშინ ქმარი იქნება მშვიდად და ღმერთიც არ მოაკლებს ასეთ ოჯახებს წყალობას და მადლს.
სიმდიდრე და ფუფუნება მსწრაფლწარმავალია, სულიერი სიმდიდრე კი – წარუვალი და სულის სიმშვენიერე ოქროზე მეტად ბრწყინავს და ფასობს.“

მიტროპოლიტი ფილარეტი: “ყველამ უნდა მოიცილოს ყოველგვარი მშვენიერება და შეიმოსოს ძონძებით? არა, არავინ ამას არ ითხოვს, ღვთაებრივი მასწავლებელი ამხელს მხოლოდ ზედმეტ, უაზრო და ვნებიან საზრუნავებს, ცნობილია, რომ თავადაც ატარებდა ძვირფას უკერველ პერანგს, რომლის გაყოფაც კი დაენანათ მათ, ვინც ინაწილებდნენ მის სამოსს,” – სამოსელშიც უნდა იგრძნობოდეს ზრდილობიანობა, მაგრამ საზიანოა დაუსრულებელი საზრუნავები, უზომო ფუფუნება, უმიზნო ფლანგვა, სამოსელის ყოველდღიური ცვლა, ჩაცმა-დახურვის მონება, – აი, რას ამბობს მაცხოვარი.”

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. დიდი მადლობა! საინტერესო სტატია იყო ძალიან!

  2. საპატრიარქოში თუ აქვთ ნეტა ეს სტატია წაკითხული? O.o

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები