მთავარი » ქრისტიანობა

საეკლესიო სასჯელის – ეპიტიმიის ცნება და მისი არსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2017 | 1,735 ნახვა

წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის კანონიკური სამართლის ინსტიტუტის წევრი – ბერდიაკონი სტეფანე (ნატროშვილი):

ბერდიაკონი სტეფანე (ნატროშვილი) “წმინდა წერილში ნათქვამია, რომ როდესაც ჩვენმა პირველქმინლმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ დაარღვიეს ღვთის მცნება, შედეგად მათ დაკარგეს შესაძლებლობა ეცხოვრათ სამოთხეში, დამტკბარიყვნენ ედემში არსებული სიკეთეებით და ჰქონოდათ ცოცხალი ურთიერთობა სამყაროს შემოქმედთან… სწორედ ამ მომენტიდან ხდება ცოდვის შემოსვლა ადამიანში. უდიდესი ტრაგედიაა ის ფაქტი, რომ უფლის ხატება და მსგავსება, საკუთარი არჩევანის შედეგად გახდა ცოდვის ტყვე, რითიც საკუთარი თავი დაუქვემდებარა სულიერ სიკვდილს.თუმცა მაცხოვრის განკაცების, ჯვარცმის,აღდგომის და ზეცად ამაღლების შემდეგ კვლავ გაიღო დახშული სამოთხის კარი და შესაძლებელი გახდა აღდგენილიყო დაკარგული მადლისმიერი კავშირი ღმერთთან.

ყოველი ნათელღებული ქრისტიანი პოტენციური სამოთხის მკვიდრია, რადგან გამოხსნილია ცოდვის ტყვეობისაგან იესო ქრისტეს ჯვარზე დაღვრილი სისხლით. თითოეული ჩვენგანი დაზიანებული ადამიანური ბუნების გამო ნებსით თუ უნებლიედ, ყოველდღიურად ცოდავს სიტყვით, საქმით თუ გულისთქმებით…. სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს, „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი” (იოანე, 8,34). წმინდა მართლმადიდებელი ეკლსია თავისი არსით არის სულიერი საავადმყოფო, რომლის უმთავრეს მისიასაც წარმოადგენს დაეხმაროს ადამიანებს ცოდვისგან გათავისუფლებასა და სწორ გზაზე სიარულში. მისი კარი ყოველი მონანულისათვის ღიაა. ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც აღიარებს საკუთარ შეცოდებებს და სურს მათი გამოსწორება, ეკლესია უწესებს საღვთო მზრუნველობას, უტარებს ერთგვარ თერაპიას და აძლევს სულიერ წამალს-ეპიტიმიას, რომელიც დაცემულის სწრაფად ფეხზე დადგომას უწყობს ხელს. მისი მიზანია,სიკეთისკენ მიმართოს სწორი გზიდან შემთხვევით გადაცდენილი ქრისტიანი. ეკლესია, როცა იძულებით ზომას იყენებს თავისი კანონდამრღვევი წევრის მიმართ, ამით მას სურს აღძრას იგი გამოსასწორებლად და დაკარგული მადლის ახლიდან მოსახვეჭად, რაც მცოდველს მხოლოდ ეკლესიასთან ერთობასა და თანაზიარებაში შეუძლია. შესაბამისად, ეპიტამიას აქვს არა სადამსჯელო, არამედ უფრო პედაგოგიურ-აღმზრდელობითი ხასიათი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეპიტიმიის დადების უფლება აქვს მღვდელმთავარს და მოძღვარს. მე-6 მსოფლიო კრების 102-ე კანონი ამბობს ,,ვისაც ღვთის მიერ მიეცა შეკვრისა და გახსნის უფლება, მას ჰმართებს,რომ განიხილოს ცოდვის ხარისხი, ცოდვილი კაცის შემობრუნებისკენ ლტოლვა შეიგრძნოს და ამგვარად სენის შესაბამისი წამალი მოუმზადოს“. თავისი შინაარსისა და ობიექტის მიხედვით ცოდვების შემდეგნაირ კლასიფიკაციას გვთავაზობს საეკლესიო სამართალი: -1) ცოდვები ღვთის წინააღმდეგ; 2) ცოდვები მოყვასის წინააღმდეგ; 3) ცოდვები საკუთარი თავის წინააღმდეგ; 4) ცოდვები სახმართა წინააღმდეგ; რომელიმე მათგანის ჩადენის დროს, სხვადასხვაგვარი კანონი ეძლევა მორწმუნეს…
ესენი შეიძლება იყოს: დამატებითი ლოცვითი კანონის დადება, მარხვის დადგენა, მეტანიები ანუ დიდი მუხლმოდრეკები, ზიარებისგან დროებითი განყენება…სასულიერო პირის შემთხვევაში სასჯელის სახედ შეიძლება გამოყენებული იქნეს მღვდელმოქმედების დროებითი აკრძალვა ან სასულიერო ხარისხიდან განკვეთა….განსაკუთრებით მძიმე შეცოდების დროს, მაგალითად როგორიცაა მწვალებლობა, ასევე სიმონია- ანუ ფულით სამღვდელო ხარისხის ყიდვა, გადასცემენ ანათემას….

თუმცა დაუშვებელია ერთი შეცოდებისთვის ორმაგი სასჯელის დადება… წმინდა წერილის საფუძველზე მოციქულთა კანონების 25-ე მუხლი განაწესებს: „არა შური იძიო ერთბამად ორგზის“. ძველად არსებობდა წესი, როდესაც ეპიტიმიის ქვეშ მყოფ პირებს, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდით აკრძალული ჰქონდათ წმინდა ზიარებასთან მიახლება, უწესდებოდა საეპისკოპოსო მზრუნველობა, რათა სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვენილიყვნენ. კვირის განმავლობაში ხვდებოდა მათ ადგილობრივი მღვდელმთავარი და წმინდა წერილიდან, ასევე მამათა ნაშრომებიდან შედგენილ ქადაგებას წარმოთქვამდა, რითიც ანუგეშებდა და განამტკიცებდა დაცემულ სამწყსოს.

სასჯელის ვადა მონანულის სულიერი განწყობის შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს მოძღვრის შეხედულებისამებრ. როგორც წმიდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი აღნიშნავს, ღვთის ყველა სიტყვა და მის მიერ ხელდასხმული მწყემსის უფლება მოაქცევს გზას აცდენილ ცხვარს და გველის ნაკბენ წყლულს განკურნავს…არ ტოვებს ორმოში ჩავარდნილს სასოწარკვეთილს და არც აღვირს მიუშვებს თავაშვებულად ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ეკლესია აკრიბიისა და იკონომიის პრინციპით, წესთა უცდომელობასაც იცავს და სჯულის ჩვეულებებსაც ამავე დროს ხელს არ ჰკრავს ცოდვით დაცემულ ადამიანს და ყველა ღონეს ხმარობს მის ფეხზე დასაყენებლად.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი