20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაემიგრანტების "ნოსტალგია"

ემიგრანტების “ნოსტალგია”

გზამ ირლანდიიდან თბილისამდე საკმაოდ დაჰქანცა. ერთი სული ჰქონდა, უსასრულო ფრენა დასრულებულიყო და თავის სანატრელ, 15 წლის უნახავ, მონატრებულ თბილისს შეხვედროდა.

სიყვარულით შეჰყურებდა ღამის თბილისს. ქალაქი შეცვლილი, გალამაზებული და დამშვენებული იყო. ჰაერიც თითქოს სულ სხვანაირი ეჩვენა, ხარბად სუნთქავდა და ცდილობდა, ერთბაშად აენაზღაურებინა ის დანაკლისი, რაც შორს ყოფნისას განსაკუთრებით აკლდა.

სამშობლოს მონატრებამ ემიგრანტი ქალბატონი, გიული ჩქარეული საყვარელ თბილისში დააბრუნა, თუმცა დროებით. სურვილი, რომ ბელგიაში ლიტერატურული სალონი ,,ნოსტალგია’’ ჩამოეყალიბებინა, სამწუხაროდ, მხოლოდ სურვილად დარჩა. მისი თქმით, ყველა ემიგრანტი მხოლოდ ფიზიკურად თავის გადარჩენაზე ფიქრობს, გონებრივზე კი – ცოტა თუ დარდობს. ,,ნოსტალგია’’ კი ემიგრანტების სულის ამოძახილი, მათი მონატრების გამომხატველი იქნებოდა. საქართველოში ჩამოსულმა ქალბატონმა გადაწყვიტა ეს ოცნება საკუთარ ბინაში განეხორციელებინა. სალონმა ,,ნოსტალგიამ’’ მუშაობა 4 თვის წინ დაიწყო, სადაც გაერთიანებულები არიან პოეტები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები, მომღერლები, ექიმები, – ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი არაა ჩვენი ახალგაზრდობის სულიერი და გონებრივი ჩამოყალიბება.

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა გიულიმ ირლანდიაში, შვეიცარიასა და საქართველოში დროდადრო ჩამოსვლებისას იმდენი ლექსი, ნოველა თუ ჩანახატი დაწერა, რომ უკვე მეორე კრებულის გამოსაშვებად ემზადება. ის უკვე ავტორია ლექსების კრებულისა ,,ნოსტალგია’’, რომელიც მის ფიქრებსა და განცდებს გადმოსცემს. თუ რა გზა განვლო მან თბილისიდან ირლანდიამდე, რამდენად მძიმე იყო მისთვის ემიგრანტის გზა, ,,ამბიონს’’ ის თავად ესაუბრა.

გიული ჩქარეული: ,,90-იანი წლებია, რომ იტყვიან, ძაღლი პატრონს არა სცნობს. გაჭირვება ყელში ისე უჭერს ადამიანებს, რომ ბევრს საცხოვრებელი და სარჩო-საბადებელი კი არა, ადამიანობაც დააკარგვინა.

ეს ის დროა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი რომ დამარცხდა და ქვეყანა აირია. ვინ ვის მტრობდა და ვინ ვისი მოყვარე იყო, ვერავინ გებულობდა. ვინაიდან ჩემი ოჯახი თბილისიდან ჩამოსულ სახალხო ფრონტელებს დახმარებას უწევდა, ახლა, გამოცოცხლებული კომუნისტების ნაშიერები და ძველი თანამდებობის პირები იერიშზე გადმოვიდნენ და ყველას, ვისაც კი მეტ-ნაკლები წვლილი მიუძღოდა მათ ჩამოგდება-გადაყენებაში, მწარედ აზღვევინებდნენ. სწორედ მათი მსხვერპლი გახდა ჩემი ოჯახი. ერთ საშინელ დღეს თბილისიდან ჩამოსულებს სახლის მაგივრად ნასახლარი დაგვხვდა. წლებით შექმნილი დოვლათისა და ნაშრომ-ნაოფლარის მაგივრად ნამწვავებით სავსე ეზო-ყურე შემომყურებდა. სიმწრისგან გონება დავკარგე… ცხოვრებისაკენ შვილების შიშითა და სასოწარკვეთილებით სავსე თვალებმა შემომაბრუნეს. მივხვდი, ცხოვრება ჩიხში შევიდა და საჭირო იყო რაღაც გამოსავლის პოვნა, რომ შვილები და ოჯახი როგორმე ფეხზე დამეყენებინა. რადგან სახლთან და მომავლის იმედთან ერთად ყველაფერი ჩაიწვა და წინ საცხოვრებლად არანაირი პირობები აღარ გაგვაჩნდა, გადავწყვიტე რამდენიმე წლით საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ, რასაც ვიზა და სამგზავრო თანხა სჭირდებოდა. თუკი ვინმე ძველი მეგობარი, ახლობელი და ან ნათესავი მეგულებოდა, რომელთაც ნამდვილად არ უჭირდათ იმ პერიოდისთვის, ფულის სათხოვნელად მივადექი. ახლოს არავინ გამიკარა. დავკარგე სიმწრით ნაშოვნი ფული და პასპორტიც. ვალს ვალი ემატებოდა, თავი ნათესავის ბინას შევაფარე. ისევ ნასესხები ფულით სრულიად უცხო სააგენტოს მივადექი. შემპირდნენ, ერთ კვირაში ,,შენგენის’’ ვიზას გამიკეთებდნენ და საზღვარგარეთ გამიშვებდნენ. გონებაში ორი აზრი ებრძოდა ერთმანეთს. პირველი დამცინოდა, რომ რაღაც არარეალურს ვეჭიდებოდი. მეორე თითქოს ნუგეშს მაძლევდა და მამშვიდებდა. სააგენტოდან მე-7 დღეს მაცნობეს, რომ ვიზა გამოვიდა. სამგზავრო თანხა მეორადი ტანსაცმლების მაღაზიაში ჩაბარებული ჩემივე სამოსის წყალობით შევაგროვე.

საზღვარგარეთ მიმავალი ავტობუსი მოვიდა. დიდი ხვევნა-კოცნისა და ცრემლების ღვრის შემდეგ წამსვლელ-დამრჩენნი გავიყავით. ავტობუსიდან ვუყურებდი ჩემი შვილების ცრემლიან თვალებს და გულში უფალს მათ მფარველობას ვთხოვდი. ვევედრებოდი, ჩემთვის ხელი იმ ჩანაფიქრის შესრულებაში მოემართა, რამაც საქართველოდან წასვლა გადამაწყვეტინა.

მგზავრებით დატვირთული ავტობუსი მძიმედ გავიდა თბილისიდან. თან გაიყოლა ჩემი შვილების ცრემლიანი თვალები, რომლებიც მთელი ამდენი წლების მანძილზე თან დამყვებოდნენ და სიცოცხლის, უკან დაბრუნების იმედს არ მიკარგავდნენ. ტანჯვით, წვალებით, შიმშილითა და ცრემლით დასიებული, დაბეჩავებული ჩავედი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, სადაც 2 წელი გავატარე. აქ ყოფნისას მოვახერხე პროცენტიანი ვალის ნაწილობრივ გადახდა. 2 წლის შემდეგ გადმოვედი ბელგიაში, სადაც უკვე იმ დროისთვის ცხოვრობდა ქალიშვილი თავისი ოჯახით. დალხინებული და იოლი ცხოვრება არც იქ გვქონია. ძნელია უცხოობაში თავის რჩენაც და სულიერი გადარჩენაც. არაა ისე, როგორც ზოგიერთს აქ, საქართველოში წარმოუდგენია. წახვალ უცხოეთში, იშოვი ფულს, გამდიდრდები და ჩამოხვალ ფულით სავსე ჯიბეებით. ბელგიიდან ირლანდიაში გადასვლა გადავწყვიტე, რადგან აქ სამსახურს ვერ ვიშოვიდი. მოსაყოლად თითქოს ადვილია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა, მაგრამ ამას ბევრი ნერვიულობა, უძილო ღამე და ცრემლიანი გზა უძღვის წინ.

ირლანდიაში გადასულს არც მიფიქრია მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად დარჩენაზე. შვეიცარიაში თუ გერმანული ენის სწავლება დამჭირდა, აქ ინგლისური ენის ბარიერის გადალახვა იყო საჭირო, რომ როგორმე სამუშაო მეშოვნა. 5 წლის განმავლობაში დღე და ღამე გასწორებული მქონდა. დილის 7 საათიდან საღამოს 4 საათამდე ვმუშაობდი. 2 საათი ვისვენებდი და 6 საათიდან ღამის 2 საათამდე მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. ასე გრძელდებოდა წლები. მარტოხელა ქალმა ვალიც გავისტუმრე, შვილიც დავაქორწინე, ბინაც ვუყიდე და ჩემთვისაც საკუთარი ბინა შევიძინე. ამდენმა შრომამ ჯანმრთელობა შემირყია. ექიმები კატეგორიულად მიკრძალავდნენ მუშაობას. დამისვეს სიმსიმნის დიაგნოზი. სწორედ მაშინ, გამწარებულ და შიშით გაზაფრულ განწყობაზე დავწერე ლექსი ,,სიკვდილო’’. დამიზიანდა მენჯ-ბარძაყის ძვლები იმდენად, რომ მოძრაობა მიჭირდა. ექიმები ოპერაციის დროულად გაკეთებას მირჩევდნენ, რისი სასტიკი წინააღმდეგიც გახლდით, რადგან შვილი და რძალი მთხოვდნენ, ჩემთან ჩამომეყვანა, ამას კი დიდი თანხა სჭირდებოდა. იძულებული ვიყავი ისევ მთელი დატვირთვით მემუშავა. დიდი წვალების შემდეგ პერიოდულად მათი ჩამოყვანაც მოვახერხე.

მე ერთი მჯერა. სადაც არ უნდა იყო, წესიერი და პატიოსანი ცხოვრებით თუ იცხოვრებ, იმ ქვეყნის კანონებს თუ პატივს სცემ და დაანახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილი ხარ, ადამიანობა და ღირსება არ გაქვს დაკარგული, ისინი აუცილებლად დაგაფასებენ, მიგიღებენ და შეგიყვარებენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. 5 წლის შემდეგ მომცეს მოქალაქეობა და საშუალება, რომ მეცხოვრა საკუთარ სახლში ჩემს ოჯახთან ერთად. დამიფასდა ტანჯვა-წვალება. ბავშვები სკოლაში დადიან და უნდა ითქვას, რომ სანიმუშო მოსწავლეებად ითვლებიან.

ცხოვრება გრძელდება. ამდენმა ფიზიკურმა დატვირთვამ თავი იჩინა და იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი ექიმების დაჟინებულ მოთხოვნას ოპერაციის შესახებ. სამწუხაროდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე კი ამ დროით ვერ ვისარგებლე.ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა. მაგრამ, მერწმუნეთ, სულაც არ ვნანობ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს ხელში ჯოხი მიჭირავს და ისე დავდივარ. ჩემი შვილების ფეხზე დასაყენებლად კიდევ რომ დამჭირდეს იმავე გზის გავლა, არ დავფიქრდები. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. სულ ჩემ გვერდითაა. ის მაძლევდა ძალას მარტოობაში მყოფს და მინერგავდა სულის სიძლიერესა და ბრძოლის უნარს.

არ იფიქროთ, რომ ამ ხნის მანძილზე არ მახსოვდა ჩემი სამშობლო, ხალხი, ენა და სამშობლოს კუთხე კუნჭული. არ ყოფილა არც ერთი დღე, არ მელოცა ჩვენს სათაყვანებელ პატრიარქსა და საქართველოზე. ჩემს ამ მონატრებას, ჩუმ ცრემლსა და გულში ჩამარხულ დიდ ტკივილს მხოლოდ ქაღალდის ფურცლებს ვუზიარებდი. მრავალი ღამე გატეხილა უძილოდ, ბევრი ცრემლი დაღვრილა და დილით ერთი ახალი ლექსი, ნოველლა თუ ჩანახატი დაბადებულა, რომელშიც მხოლოდ საქართველო და მისდამი ნოსტალგია იყო ჩაქსოვილი. პატრიარიქის მოწოდებას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენც უნდა გამოვეხმაუროთ და გავითავისოთ, თორემ სულ მალე ბავშვებს კი არა, დიდებსაც დაავიწყდებათ მშობლიური ენა.

სალონი ,,ნოსტალგია’’ კი მხოლოდ ლიტერატურული საღამოების გამართვით არ შემოიფარგლება. ვატარებთ ჰუმანიტარულ აქციებს სხვადასხვა სოფლებში. ვეხმარებით ადამიანებს წიგნებით, პროდუქტით, წამლებით… ვაპირებთ ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისა და მათი შვილებისათვის. გვინდა, ცოტათი მაინც შევძლოთ მათი სულიერი და გონებრივი შიმშილის დაკმაყოფილება ჩვენი და მრავალი გამოჩენილი ადამიანების შემოქმედების გაცნობით.’’

დასასრულს მკითხველს ქალბატონი გიულის ლექსს გთავაზობთ:

ჩვენი თბილისის სადღეგრძელოს ვსვამთ,
თასი გვიჭირავს ლოცვებით სავსე,
ყველა ტკივილი და მონატრება
თასში ვერ ჩავსვით, ვერ მოვათავსეთ.

მონატრება ხომ ჩვენში მეტია,
საქართველოდან ვინაც შორს ვსახლობთ,
თეთრი შურით გვშურს ყველა იმათი,
ვინაც თბილისთან მეგობრობს ახლოს.

როცა სამშობლოს დარდით ვტოვებდით,
თბილად დაგვლოცა დედა თბილისმა,
სადაც არ უნდა ვიყოთ ქართველნი,
ეს ლოცვა დაგვაქვს ყველგან თილისმად.

სადღეგრძელოში ვამბობთ: ნეტავი,
სისხლი სადამდე უნდა ყიოდეს,
შინ დაბრუნების მწარე ტკივილით,
გული სადამდე უნდა გვტკიოდეს.

ღვინით ბოლომდე ავავსეთ თასი,
ვფიცავთ, თბილისი ჩვენი ღმერთია,
ჩვენი სამშობლო თუ არ გვექნება,
ვინ სად მოვკვდებით, ეს სულ ერთია.

ჩვენი თხოვნაა ამ სადღეგრძელოს,
შემოუერთდით ყველა ქართველი,
ემიგრანტების დასაბრუნებლად
მანდაც აანთეთ თითო სანთელი.…

სადღეგრძელოში არ გვავიწყდება,
სალოცავები და ყველა წმიდა,
უწმიდესი და უნეტარესი,
თბილისთან ერთად დავლოცოთ გვინდა.

უნეტარესო, ხშირად დაგვლოცე,
და მოგვიშუშე გულის იარა,
ერთად დაგვლოცე ჩვენ და სამშობლო,
ერთად დავცალოთ დარდის ფიალა.…

გიული ჩქარეული
ირლანდია. ქ.ტრალე

თეონა ნოზაძე

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com

მსგავსი სტატიები

5 COMMENTS

  1. ნეტავ, ღვთის შეწევნით ყველანი დაბრუნდებოდნენ!

  2. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ამ კეთილშობილ ადამიანს,ღმერთმა მისცეს,ძალა და ენერგია იმ საქმის საკეთებლად რაც ასე ძალიან სურს.უფალი ფარავდეს მას და ყველა ემიგრაციაში მყოფ ქართველს.

  3. გაიხარეტ, ძალიან დიდი მხარდაჭერაა ტქვენი ყოველი ტბილი სიტყვა ემიგრანტისტვის! მალე დაგვაბრუნებს უფალი სამშობლოში, მტავარია, შვილებს არ დავავიცყოტ მშობლიური ენა და სამშობლოს სიყვარული!

  4. ქალბატონმა გიულიმ ამ ლექსით იმ ქართველების გულისტკივილი გამოხატა ,,ვისაც ძილშიც არ სძინავს თავისი ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსა” ვუსურვებ ამ კთილშობილ ადამიანს თავისი ჩანაფიქრის უფლის შეწევნით განხორციელებას. საქართველოს დასაკარგი შვილი არა ჰყავს, თითოელს გაფრთხილება, დაფასება და მოფერება სჭირდება.

  5. აფერუმ , ქალბატონო გიული თქვენს ვაჟკაცობას.
    ღმერთმა გაგაძლიეროთ.
    მეც თქვენსავით,ერთი ემიგრანტი ვარ.
    დანატრებული სამშობლოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები