მთავარი » კულტურა

ელენე ახვლედიანის უცნობი თეატრალური ესკიზები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.06.2011 | 4,372 ნახვა

ელენე ახვლედიანის აქამდე უცნობი 17 თეატრალური ესკიზი დღეს გალერეა “ბაიაში” გამოიფინა. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი.

ელენე ახვლედიანიელენე ახვლედიანი თბილისში,ძირითადად, კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლებისთვის ქმნიდა ესკიზებს, მაგრამ დღეს გამოფენილი ნამუშევრები მხატვარმა რუსული მოზარდმაყურებელთა თეატრისათვის შექმნა 1929-1930 წლებში. “ბიძია თომას ქოხი” (რეჟისორი მ.ვახნიანსკი) და “ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი” (რეჟისორი ნ.მარშაკი) – ეს ის ორი სპექტაკლია, რომლისთვისაც ელენე ახვლედიანმა რუსულ თეატრში იმუშავა. წარმოდგენილი 17 ესკიზიდან ერთი უცნობი სპექტაკლისაა.

მიხეილ ანთაძე (თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის დირექტორი) : “თეატრში ასეთი წესია, რომ მხატვრების მიერ შექმნილი ესკიზები 80 წლის განმავლობაში ინახება თეატრის არქივში.ელენე ახვლედიანი ჩვენს თეატრს, რომელიც ათი წლის წინ ქართული და რუსული მოზარდმაყურებელთა თეატრების გაერთიანებით შეიქმნა, აქვს ძალიან მდიდარი არქივი, სადაც ვიპოვეთ ელენე ახვლედიანის საქაღალდე. ჩვენს თეატრში გამოდის ჟურნალი “მოზ-არტ”, რომელშიც ხშირად ვაქვეყნებთ ხოლმე არქივიდან საინტერესო მასალებს. ეს ნამუშევრები იმდენად საინტერესოდ მოგვეჩვენა, რომ გადავწყვიტეთ გამოგვეფინა კიდეც, რადგან ელენე ახვლედიანის პროფესიონალიზმი და ნიჭიერება ნამდვილად იმსახურებს, საზოგადოებამ ნახოს მისი ყველა ნამუშევარი. მოგეხსენებათ, ის უმეტესად მარჯანიშვილის თეატრისათვის მუშაობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბავშვებისთვისაც მოიცალა და არაჩვეულებრივი ესკიზები შექმნა.”

ელენე ახვლედიანისაქართველოს სახალხო მხატვარმა და რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ელენე ახვლედიანმა თეატრის მხატვრობაში მუშაობა 1928 წლიდან კოტე მარჯანიშვილთან დაიწყო. ერთობლივი ნამუშევრებით მათ ახალი სიტყვა თქვეს ქართულ თეატრალურ-დეკორაციულ ხელოვნებაში. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა. მხატვარი დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებებისათვის ქმნიდა როგორც დეკორაციებს, ისე – კოსტიუმებსაც. მან იმუშავა მოსკოვის, კიევის, ლენინგრადისა და ხარკოვის თეატრებშიც. გამოჩენილი ქართველი მსახიობები მადლიერებით იხსენებდნენ ელენე ახვლედიანთან მუშაობის პერიოდს და აღნიშნავდნენ, რომ მხატვარი მათ დიდად უწყობდა ხელს მხატვრული სახის შექმნაში.

ელენე ახვლედიანი1942 წელს ელენე ახვლედიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა “აბესალომ და ეთერის” გასაფორმებლად მოიწვიეს. მას მოჰყვა ოფენ ბახის ოპერა “ჰოფმანის ზღაპრები” (1943-44). 1945 წელს მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდიაში გააფორმა პუჩინის “ბოჰემა”. 1955-56 წლებში კი კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ვერდის ოპერა “ბალ-მასკარადზე” იმუშავა.

ელენე ახვლედიანმა თეატრალურ ესკიზებზე მუშაობა სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა და დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარებაში.

გალერეა “ბაიაში” მხატვრის უცნობი ესკიზები 12 ივნისის ჩათვლით იქნება გამოფენილი.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი