21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისაზოგადოებაეკონომიკური ვითარება საქართველოში

ეკონომიკური ვითარება საქართველოში

რა ვითარებაა საქართველოს ეკონომიკაში? როგორია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი? რა პრობლემები არსებობს კერძო საწარმოებთან დაკავშირებით და რამდენად დაცულია კერძო საკუთრება?

პაატა შეშელიძე (ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი):

“არსებობს დავა, რომელიც წარმოიშვა წინა ხელისუფლების დროს და მის გადასაწყვეტად საჭიროა სამართლებრივი მექანიზმი. ეკონომიკა ბევრი საეჭვო საკითხი ახალი ხელისუფლების პირობებშიც აღმოცენდა და ეხება ქონებრივი დავის გარჩევას არაფორმალურად, ზოგიერთი ნდობით აღჭურვილი პირის მონაწილეობით, რომელიც სხვადასხვა თანამდებობასაც იკავებდა. საჭიროა მეტი სიცხადე, რა ხდებოდა სინამდვილეში?

სახელმწიფო პროგრამების გაფართოებამ, მაგალითად, ჯანდაცვის დაზღვევა, სახელმძღვანელოების ბეჭდვა და ა.შ., მკვეთრად შეზღუდა კერძო საწარმოების საქმიანობის სფეროები და დარღვია მათი უფლებები და კონტრაქტები. შესაბამისად, შესაძლოა საწარმოს არ წაართვა წილი, მაგრამ წაართვა საქმე, რომელიც ამ საწარმომ უნდა გააკეთოს. ეს არანაკლები, თუ მეტი ბოროტებაა.

ეს ეხებოდა ყველას მაშინ, როდესაც ფირმის წილს ართმევდნენ ზოგიერთს.

გაზრდილი რეგულირებები, ასევე, ზღუდავს კერძო საკუთრებების გამოყენების ასპარეზს და შრომითი კოდექსის შემთხვევაში პირდაპირ ზღუდავს მესაკუთრის თავისუფლებას, საკუთარი ინტერესებიდან განკარგოს მისი საკუთრება და პირდაპირი მოლაპარაკებებით დაგაწყვიტოს, ვინ და რა პირობებით უნდა იმუშაოს იქ.

არ გამარტივებულა ქონების რეგისტრირების პროცედურები. ხშირად ქონება ჯერ კიდევ არ არის ფაქტობრივი მფლობელის იურიდიული საკუთრება.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები არ შეესაბამება განვითარების ლოგიკას. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც 2012-2013 წლებში განხორციელდა, აფართოებდა სახელმწიფოს ჩარევას და ზღუდავდა კერძო ინიციატივას. წამოწყებული პროექტები ქმნის აქტივობის ილუზიას და არა მომხმარებელზე ორიენტირებულ ნაწარმს. სამუშაო ადგილები იქმნება არა იქ, სადაც არის საბაზრო მოთხოვნა, არამედ იქ, სადაც შესაძლებელია მიიღონ სახელმწიფო სუბსიდიები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ პროგნოზები გამართლდეს, სტატისტიკის ფალსიფიცირებაა…

იმპორტისა და ექსპორტის მოცულობების ცვლილება ასევე ღრმად დაფიქრებას მოითხოვს: 2013 წელს საქართველოს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი საგარეო გრანტები და დახმარებები, რამაც ბუნებრივად შექმნა სიტუაცია, როდესაც იმპორტის წილი შემცირდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ხელოვნურად იზღუდებოდა იმპორტი: კვერცხი, ხორბალი, ხილი, ბოსტენეული და ა.შ. ამასთან, განხორციელდა მასობრივი სუბსიდირება გარკვეული დარგებისა: მევენახეობა, მეციტრუსეობა და ა.შ. რამაც გადასახადების გადამხდელებისა და ერთ-ერთი კერძო ფონდის ხარჯზე ხელოვნურად გაზარდა წარმოება გარკვეულ დარგებში და შესაბამისად, შესაძლებელი გახადა ნაწარმის ექპორტის გაზრდა. თუმცა, ხელოვნური სტიმულირების პროგრამებმა შეაფერხა ზოგადი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ წელი მხოლოდ 3.1%-იანი ზრდით დასრულდა, ამის პირდაპირი დადასტურებაა.

ეკონომიკური ზრდა იყო დაბალი და ამის მიზეზებია წინ წამოსაწევი. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, ეს გამოიწვია სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის საქმის დიდი ნაწილის საკუთარ თავზე აღებამ, ახალი რეგულირებების შემოღებამ და ეკონომიკური თავისუფლების გაფართოებაზე აღებული კურსის შეჩერებამ. გასული წლის არასახარბიელო შედეგებზე და სამომავლოდ ჩადებული ნაღმების სიმრავლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პოლიტიკას ატარებდა ან მხარს უჭერდა, მიუხედავად იმისა, იყო უმრავლესობაში თუ არა. პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერი ამომრჩევლის გარეშე ვერ შეძლებენ ვერავითარი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, ხელისუფლება მხოლოდ პრობლემის ხილული ნაწილია.

ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური განფენა არ ტოვებს უახლოეს მომავალში ცვლილებების მოლოდინს. ვერ ვხედავ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებების პოტენციალს.

ყველას ვურჩევ, რომ გადახედონ ფასეულობებს და ახლოს გაეცნონ ეკონომიკური თავისუფლების მიდგომებს. ისტორიული გაკვეთილი გვეუბნება, რომ სადაც მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა, იქ მეტი კეთილდღეობაა. შეუძლებელია გადაანაწილო ის, რაც არ გაქვს. ამიტომ ჯობს აქცენტი გაკეთდეს შექმნაზე და არა გადანაწილებაზე. ვინც ამას არ იზიარებს, ჩემი აზრით, არ განსხვავდება ქურდებისგან, რომელნიც ასევე მიიჩნევენ, რომ უფრო სამართლიანად ანაწილებენ სხვის ქონებას! ძარცვას კი, თუნდაც დაკანონებულს, არ უნდა შევეგუოთ!”

როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, რამდენად ვითარდება და ეკონომიკის წარმატება რაზეა დამოკიდებული?

ზურაბ ჯაფარიძე (საპარლამენტო უმცირესობის წევრი):

“საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს შენელდა, რაც მეტწილად გამოწვეული იყო ხელისუფლების ზედმეტი აქტიურობით ეკონომიკაში ჩარევის კუთხით. ინიციატივების უმეტესობა, რაც კი გაჟღერდა მთავრობისა თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეკონომიკისთვის საზიანო იყო. წელს, ისევე, როგორც მომავალში, ეკონომიკის განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალი დარჩება ის, ან უკეთეს შემთხვევაში, კიდევ უფრო გათავისუფლდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი, გააზრებული ხედვა ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში.:

თქვენი აზრით, რამდენად კარგად ასრულებს ეკონომიკის სამინისტრო თავის როლს? როგორია თქვენი შეფასება მიღებული მარეგულირებელი ნორმების შესახებ?

ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა 2013 წელს ყველაზე ნაკლებად საზიანო იყო ქართული ეკონომიკისთვის ორი მიზეზის გამო: 1. წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ეკონიმიკის სამინისტროს არ გააჩნია ბევრი ბერკეტი, რომ შეცვალოს ეკონომიკური გარემო; 2. ამჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს გააჩნია ყველაზე სწორი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა მოქმედ მინისტრთა კაბინეტში. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა, რაც არ იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი. მაგალითად, ე.წ. სტარტაპების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, რაზეც 2014 წლის ბიუჯეტში 22 მილიონია ჩადებული. ეს ფული უბრალოდ წყალში გადაიყრება. ასევე, გარკვეული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება, რაც, ერთი მხრივ, ფასებს გაზრდის ამ პროდუქციაზე, ხოლო მეორე მხრივ, გააუარესებს საქართველოს პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, სადაც ეკონომიკურ თავისუფლებას აფასებენ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4.1 და 8.1 პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%–ით განისაზღვრება. „აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, წლიური ეკონომიკური ზრდა 3,1% იქნება, მაგრამ მარტში დაზუსტდება სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი, რაც, სავარაუდოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5-3,6%-ის დონეზე დაფიქსირდეს. ასევე, ხადურის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოში 6.3 %–იან ზრდას ვარაუდობს. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა ექსპორტი, შემცირდა უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი 500 მილიონი დოლარით. რას ფიქრობთ ამ მოსაზრების შესახებ?

ბოლო კვარტალში ეკონომიკის ასეთ ზრდას რაც შეეხება, ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია ე.წ. base effect-ით – 2012 წლის ბოლო კვარტალში მნიშვნელოვანი ვარდნა იყო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მთავრობის მხრიდან ამ კვარტალში გახარჯული დიდი რაოდენობით თანხაა – წლის განმავლობაში მთავრობას ეშინოდა, არ დაკლებოდა ფინანსები სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე, ამიტომ ხაზინაში ხდებოდა თანხების დაგროვება. ბოლო კვარტალში მოხდა ამ თანხების დიდი ნაწილის გამოშვება, რამაც გავლენა იქონია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. და მესამე – მეოთხე კვარტალი ზოგადად გამოირჩევა მეტი აქტიურობით, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდი.

ექსპორტის 20%-იან ზრდაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩვენ გვქონია გაცილებით მაღალი ზრდაც ბოლო წლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდის დიდი ნაწილი მოდის ავტომობილების რეექსპორტზე, რაც წინა წლებში გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია.

საგადამხდელო ბალანსის შემცირებაზე საუბარი უაზრობაა. თავისთავად საგადამხდელო ბალანსი, როგორც ინდიკატორი, არაფრის მთქმელია. თუმცა, რომც ჩავთვალოთ, რომ ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, მისი შემცირება გამოიწვია იმპორტის შემცირებამ, ანუ იმან, რომ 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შემცირდა და ამაში სატრაბახო ნამდვილად არაფერია.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის პროგნოზს 2014 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, 2013 წელთან მიმართებაშიც მსოფლიო ბანკი 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2013 წლის მეორე კვარტლიდან უცხოურ ინვესტიციებში გამოცოცხლება დაფიქსირდა. მისი თქმით, მე-3 კვარტალში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარის, ზუსტად კი 697 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც თითქმის 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორია თქვენი შეფასება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ნამდვილად ასეა. 2012 წლის მესამე კვარტალში იყო ვარდნა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. შესაბამისად, 2013 წლის 9 თვის მაჩვენებელი უკეთესია.

რამდენად დაცულია კერძო საკუთრება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ?

კერძო საკუთრება არ არის სათანადოდ დაცული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკუთრების დაცვის მრავალწლიანი ტრადიცია. ეს პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროს და პრობლემად რჩება დღესაც. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს – საჭიროა კერძო საკუთრების დაცვის მეტი გარანტიების უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე, დაწყებული საქართველოს კონსტიტუციიდან.

როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში ?

საქართველოში არის საკმაოდ კარგი ბიზნეს გარემო და იმედი მაქვს, არ მოხდება ამ გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესება.

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ბიუჯეტის რღვევა და ლარის კურსის გაუფასურება?

ბიუჯეტის გარღვევა არ არის ფინანსთა სამინისტროს ბრალი. ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ იმაზეა პასუხისმგებელი, რომ 2013 წლის ივლისამდე (ნახევარი წელი) უარყოფდა ეკონომიკაში და შესაბამისად, ბიუჯეტში არსებულ პრობლემებს და უადგილო ინდიკატორებზე (ამორტყმული სალაროს ქვითრების რაოდენობა) აპელირებით ცდილობდა მოსახლეობის მოტყუებას. ხოლო აგვისტოდან მოყოლებული, როდესაც პრობლემების დამალვა უკვე შეუძლებელი გახდა, დაიწყო ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება სრულიად უსაფუძვლო და უსუსური არგუმენტებით.
საბიუჯეტო პრობლემები გამოიწვია ეკონომიკის შენელებამ, რაშიც ყველაზე ნეგატიური როლი ითამაშა, ერთი მხრივ, პრემიერმა ივანიშვილმა საკუთარი გაუაზრებელი განცხადებებითა და წინა წლების წარმატებების ნიველირების პერმანენტული მცდელობებით, ხოლო, მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობამ გაუაზრებელი ინიციატივების კასკადით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკონომიკისთვის დამანგრეველ ხასიათს ატარებდა.
რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურებას, ძირითადად სამი მიზეზით მოხდა: 1) ესაა ფულის მასის ზრდა იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. როგორც ჩანს, ეს იყო ხელისუფლების გააზრებული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პოლიტიკა, რომ მონეტარული სტიმულირება მომხდარიყო. ცხადია, ეს არ იმუშავებდა; 2) ხელისუფლების მხრიდან მეოთხე კვარტალში დიდი რაოდენობით თანხების გახარჯვა, რამაც გამოიწვია მოკლევადიანი დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის; 3) პანიკის ეფექტი, რომელიც მოჰყვა ლარის გაუფასურების პირველ ტალღას.

საბოლოო ჯამში ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონაცემები ამაზე მიუთითებს.რა ნიშნულზე დარჩება კურსი, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებაზე. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე დატოვება მომგებიანია ხელისუფლებისთვის, რადგან აღებული სოციალური ვალდებულებების შესრულება უფრო იაფი დაუჯდებათ. მაგალითად, თუ დღევანდელ კურსს შევადარებთ 2013 წლის 1-ელ იანვრის კურსს, ვნახავთ, რომ თითოეული პენსიონერი თვეში კარგავს დაახლოებით 20 ლარამდე, ხოლო წელიწადში – 200 ლარზე მეტს.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები