მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2016 | 2,773 ნახვა

ეკის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს შუა სამეგრელოში, ამჟამინდელი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ეკის ტერიტორიაზე, ეკის მთის ფერდობის დავაკებულ ადგილზე, ქ. სენაკიდან 15 კილომეტრზე.

“ეკი” მეგრულად ამაღლებულ ადგილს, აღმართს ნიშნავს. ეკში მცხოვრებლები ადგილს, სადაც იოანე ნათლისმცემლის ტაძარია აგებული “ნათლისცემს”, “ნაცმერს”, ნაცმერიშ სუკუს”, ნაციცმელუს” უწოდებენ.

ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი კომპლექსია, რომელშიც შედის ეკლესია, სამრეკლო, სასახლე და სხვა ნაგებობები, რომლებსაც ირგვლივ შემოვლებული აქვს ქვითკირის მაღალი გალავანი.

კომპლექსის ცენტრში დგას დარბაზული ერთნავიანი უგუმბათო ქვის ეკლესია. მკვლევრები ტაძრის აგების დროდ IX-X საუკუნეებს მიიჩნევენ.

ეკლესიის დარბაზის შიდა სივრცე ერთმანეთზე მიშენებული ორი ნაწილისაგან შედგება: დასავლეთი ნაწილი უძველესია, აღმოსავლეთი კი – გვიან აგებული. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა. დღეს შემორჩენილია მხატვრობის კვალი.

ეკის მონასტერი

მონასტრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ეკლესიიდან დაახლოებით 15 მეტრზე დგას ორსართულიანი ქვის სამრეკლო. სამრეკლოს XIII-XIV საუკუნეებში აგებულად თვლიან. აქ შემორჩენილია ძველი ქართული წარწერები.

ილია ადამია აღნიშნავდა, რომ სამრეკლოს ჩრდილოეთ მხარეს, გალავნის გარეთ, მიშენებულია ქვითკირის დილეგი.

სამრეკლოს აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი სასახლის ნაშთი, რომელსაც ამჟამად აღადგენენ. ილია ადამია აქ მარნის არსებობას ვარაუდობდა.

მონასტრის ვრცელი ეზო შემოზღუდულია უჩვეულოდ მაღალი ქვითკირის გალავნით, რომლის ზოგიერთი ადგილი ჩამოშლილია. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია შესასვლელი.
ეკის სამონასტრო კომპლექსში დღემდე შემორჩენილია ქვაზე ამოკვეთილი მრავალფეროვანი ორნამენტები და განუმეორებელი სიფაქიზით შესრულებული წნულები.

მონასტრის გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, დგას რამდენიმე წლის წინ შეძენილი ბერების საცხოვრებელი ოდა სახლი.

ეკის სამონასტრო კომპლექსი ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა, აქ სამეგრელოს მთავარ დადიანების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო ეკლესიით, სასახლით და სხვა ნაგებობებით.

ისტორიკოსმა აბესალომ ტუღუშმა 1988 წელს გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა და სამრეკლოს წარწერები.

ტაძრის კედელში ჩატანებული ქვაზე შესრულებული კარიბჭის სააღმშენებლო ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის ილია ადამიას მიერ გადაღებული ფოტოს მიხედვით ტექსტის ა. ტუღუშისეული წაკითხვა ასეთია:

ქ. აღიშენა კ(ა)რ(ი)ბჭე ესე (ე)ლითა ივ(ა)ნე ქოროჯანის ძის(ა)თა შ(ეუნდევე)ნ ღ(მერთმან) ა(მი)ნ.

ტაძრის კარიბჭის აღმშენებელი ივანე ქოროჯანიძე XIV საუკუნის ოსტატი უნდა იყოს.

1847-1848 წლებში საქართველოში სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა გამოჩენილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. ის 1848 წლის აპრილში იყო სამეგრელოშიც და აღწერა აქაური სიძველეები.

მარი ბროსემ მის მიერ მოპოვებული მასალები 1851 წ. ფრანგულ ენაზე გამოსცა სანკტ-პეტერბურგში. მან გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამრეკლოს წარწერა. ფრანგი მეცნიერი ამაზე წერდა: “ხსენებული ადგილიდან (შხეფი) რამდენიმე ვერსზე არის ეკის მონასტერი. ბატონმა ნოროვმა (არქიტექტორი ა.ს.) გადაწერა სამრეკლოს თაღზე არსებული წარწერა, რომელიც სამწუხაროდ შელახულია.

ბროსეს ცნობით, ბატონი ნოროვი აღნიშნავს, რომ ეკის ეკლესიის მთავარ ფასადზე, მაღლა, მოთავსებულია კირით დაფარული წარწერა, რომელიც კიბისა და წინასწარი გასუფთავების გარეშე ძნელია წასაკითხად. (წარწერას მიაკვლია და გამოაქვეყნა ილია ადამიამ).

ეკის სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, მღვდლის სახლი 2014-2016 წლებში აღადგინა ოსტატთა ჯგუფმა დიმიტრი კატაშვილის ხელმძღვანელობით.
კომპლექსის აღდგენა-მშენებლობის პროცესს მეთვალყურეობდა მურთაზ ურიდია.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში წირვებს ატარებს მღვდელი ალექსი (რეკვავა).
ათასწლეულების განმავლობაში დადუმებული ეკის უძველესი სამონასტრო კომპლექსი ისევ ქრისტიანული სულიერების სავანე ხდება.

წყარო: “ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი”, ტექსტის ავტორი – ანზორ სიჭინავა. წიგნი დაბეჭდილია სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით. თბილისი, 2016.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი