12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაეფრემ მცირე (XI საუკუნე)

ეფრემ მცირე (XI საუკუნე)

ეფრემ მცირეეფრემ მცირე იყო შესანიშნავი მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და ამავე დროს, მთარგმნელი. მან ქართულ მწერლობაში შექმნა მთელი ეპოქა, რომელმაც დიდებულად დააგვირგვინა ექვთიმესა და გიორგი მთაწმინდელის სამოღვაწეო ღვაწლი. ეფრემის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება, მაგრამ რამდენადმე მაინც შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეპატები.

გიორგი პირველისა და ბასილ კეისრის ბრძოლა “ზემო ქუეყანათა”, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო ბაგრატ IV-ის დროს გაგრძელდა. ამის გამო, 1027 წელს ტაოელი აზნაურები საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდნენ, მათ შორის იყვნენ ვაჩე კარიჭიძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეფრემი, რომლის გვარიც კარიჭიძე გახლდათ ამ ვაჩე კარიჭიძის შვილია.

ეფრემს კონსტანტინოპოლში მიუღია განათლება და ზედმიწევნით შეუსწავლია ბერძნული, შემდეგ შავ მთაზე წასულა და იქ დაუწყია მოღვაწეობა. საკითხავია რატომ წავიდა კონსტანტინოპოლში გაზრდილი ეფრემი შავ მთაზე და არა მახლობლად ივერიის მონასტერში ათონზე? ამის მიზეზი იყო ალბათ, ის გამწვავებული ურთიერთობა ბერძნებსა და ქართველებს (ბერებს) შორის, რომელიც დამყარდა ათონზე. შავ მთაზე კი, ამ პერიოდში დაახლოებით 60-მდე ქართველი იყო და შედარებით მყუდროდ ცხოვრობდნენ.

XI ს-ის 60-იანი წლების დამდეგს ეფრემი დაემკვიდრა შავ მთაზე, სადაც მან დაიწო მწერლობა და ლიტერატურულ-მეცნიერული კავშირი დაამყარა ფილოსოფოსებთან და მიტროპოლიტთან, ასევე ანტიოქიის პატრიარქთან, რომლის ნებართვითაც ის სარგებლობდა სვიმეონწმიდის უდიდესი და უმდიდრესი წიგნსაცავით. შავი მთის ქართულ კოლონიაში ამ დროს საკმაოდ განვითარებული ყოფილა სალიტერატურო ინტერესები. აქ შემდგარა მთელი წრე, რომელიც განსაკუთრებით მწერლობითა და მისი განვითარებისათვის ზრუნვით ყოფილა გატაცებული. ამ წრეს ეკუთვნოდნენ: გიორგი მთაწმინდელი, კვირიკე ბერი, ანტონ ტბელი, ეფრემ დიდი ოშკელი, კირილე ალექსანდრიელი და სხვ. განათლებული ეფრემი მოყოლია ამ წრეში და მისთვის წიგნების თარგმნა დაუვალებიათ.

მთარგმნელობას ეფრემს ასწავლიდნენ საბა თუხარელი და ანტონ ტბელი, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მის სამწერლო მოღვაწეობასა და სხვადასხვაგვარი ტექნიკური რჩევა-დარიგებებით ეხმარებოდნენ მას. პუნქტუაციის წესის შემოღება უკარნახა “საღმთო ფილოსოფოსმა” იოანე ფარნაკელმა, რომელსაც ანტონ კათალიკოსის სიტყვით, ეფრემი თავის მასწავლებლად მიიჩნევდა და რომელიც შემდეგი დროის მკვლევარებმა იოანე პეტრიწად მიიღეს.

შავი მთა ეფრემს სიკვდილამდე არ დაუტოვებია. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ის უნდა გარდაცვლილიყო XI საუკუნის უკანასკნელ წლებში. ყოველ შემთხვევაში, რუის-ურბნისის კრების აქტები მას მიცვალებულთა რიცხვში იხსენიებენ. ამიტომ მიუღებელია ცნობა, თითქოს ის 1114 წლის ახლო ხანებში სამშობლოში დაბრუნდა თეოფილე ხუცეს მონაზონთან, არსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭიძესთან ერთად.

ეფრემი განსაკუთრებით წიგნების თარგმნით გამოირჩეოდა, მან შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართლ მწერლობას. ეფრემი მომხრეა რომ თხზულება დედნიდან ითარგმნებოდეს პირდაპირ, შეუმოკლებლად და შეუმატებლად. ის თარგმნისას დედნის სიტყვებს მარტივად გადმოსცემდა, მაგრამ აზრის ნათელსაყოფად ის განმარტებებსა და სქოლიოებსაც ურთავდა. დედნის აზრის გასაგებად შემოიღო საკუთარი სისტემა პუნქტუაციისა – ერთწერტილი, ორწერტილი, სამწერტილი და ექვსწერტილი, რომელიც ქართულ მწერლობაში დაკანონდა კიდეც.

თუ გაიგებდა ეფრემი რომ თხზულება ქართულად უკვე თარგმნილი იყო, ჯერ კარგად გაეცნობოდა თარგმანს და მერე იღებდა კალამს ხელში. მაგ., მან განიზრახა ბასილი დიდის “ასკეტიკონის” გადმოთარგმნა, მაგრამ შეიტყო, რომ ეს წიგნი პროკოპი მღვდელმა თარგმნა. ეფრემი 12 წელი ელოდებოდა ამ წიგნის მიღებას და ვინაიდან, ამას ვერ ეღირსა, გადაუთარგმნია კიდეც ის.

ეჭვს გარეშეა, ეფრემი როგორც ფილოსოფიურად მომზადებული და განათლებული კაცი, რომელიმე ფილოსოფიური სკოლის მიმდევარი იყო. მისი შრომები ამჟღავნებს სიმპათიას არისტოტელიზმისადმი. ეს ჩანს იქიდან, რომ ის თარგმნის იოანე დამასკელის გარდამოცემას. რათა მის მიერ “წინააღუდგებოდნენ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განგურემდნენ მათ.” მას ასევე აინტერესებს ნეოპლატონიზმიც, რომელიც იმ დროს დიდ ნაბიჯს დგამდა განათლებულ ქართულ წრეებში. ამას ადასტურებს მისი ნათარგმნი დიონისე არეოპაგელის თხზულებანი. მას იზიდავს პრაქრისტიანული კულტურაც. ზოგიერთი სასულიერო და საერო პირი ეჭვის თვალით უყურებდა ეფრემის მოღვაწეობას. არ მოსწონდათ, ჯერ ერთი, მისი ფილოსოფიური სულისკვეთება, რომელიც გამოიხატა ქართულ მწერლობაში პლატონური იდეების შემოტანა-პოპულარიზაციაში. მეორე ის გარემოება, რომ ეფრემი ძველ ტექსტებს ასწორებდა, ექვთიმესა და გიორგი მთაწმინდელისასაც კი. ზოგიერთ მათ მიერ ნათარგმნ წიგნს ხელმეორედ თარგმნიდა, რასაც მას მეტიჩრობაში ართმევდნენ და მის მართლმადიდებლობაშიც შეჰქონდათ ეჭვი. ამაზე კი ეფრემი იძულებული იყო განეცხადებინა, რომ ის ქედს იხრის ექვთიმესა და გიორგი მთაწმინდელის წინაშე, რომელთაც ის თავის მასწავლებლად მიიჩნევს, მაგრამ თუ მათ ნაშრომში მას კორექტივი შეჰქონდა, ამის მიზეზი თვით იმდროინდელ ქართველთა სულიერსა და გონებრივ მდგოამრეობაში იყო მოსაძიებელი. ის ამბობდა, მზად ვარ პასუხი გავცე ყველას და შევაჩვენებ ყოველგვარ მწვალებლობასა და წმიდა მამათა და მართლმადიდებელ კრებათა წინააღმდგომთაო.

გარდა ფილოსოფიური ხასიათისა და მიმართულების მწერლობისა, ეფრემმა წინ წამოსწია ჩვენში ე.წ. მეტაფრასული აგიოგრაფია, რომელიც ბიზანტიაში X საუკუნის გასულს დამყარდა და რომელსაც პირველად ექვთიმე ათონელმა გაუკაფა ჩვენკენ კვალი.

XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. ეფრემმა კი მეცნიერულად დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.

ეკლესიის, ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები