ებოლას ვირუსი-ვირუსული ინფექცია, რომელსაც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში უკვე 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ებოლას ვირუსის არსებობის 50-წლიან
ისტორიაში წელს დაავადების გამოვლენის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობის ყველაზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.
ებოლას ვირუსით, რომელიც ძირითადად მღრღნელებით ვრცელდება, უკვე 1200-მდე ადამიანია ინფიცირებული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 73 ადამიანია შემოსული მაღალი რისკის ქვეყნებიდან, უმეტესად ნიგერიიდან. 46 მოქალაქის დაკვირვება მოხსნილია, რადგან ინკუბაციური პერიოდი გავიდა. მინისტრის თქმით, დაავადების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.
აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).
როგორ ავადდება ადამიანი?
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად.
ჯანმო არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებაში, ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვისას. ამ დროს ვირუსის გადაცემა, ძირითადად, ხდება მგლოვიარე ადამიანის უშუალო შეხებით გარდაცვლილი პირის გვამთან.
რა ნიშნები და სიმპტომებია დამახასიათებელი ინფექციისთვის?
ებოლას ვირუსული დაავადების ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.
სიმპტომები ინფიცირებიდან 2–დან 21 დღემდე ვითარდება.
ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.
როგორ ხდება მკურნალობა?
მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.
ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.
უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა ეპიდემიის დროს?
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურები ყოველთვის უნდა უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას, ინფექციის რისკი მათთვის ძალიან დაბალია, რადგან ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება დაავადებული ადამიანის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიური სითხეებით და გამონაყოფებით.
ჯანმოს რჩევები მგზავრობასთან დაკავშირებით
• მგზავრებმა თავი უნდა აარიდონ დაავადებულ პირთან კონტაქტს;
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც მგზავრობს ეპიდაფეთქების ტერიტორიებზე, ზუსტად უნდა მიჰყვნენ ჯანმოს მიერ გაცემულ ინფექციის კონტროლის რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს;
• ადამიანები, ვინც იმ ადგილებში იმყოფება, სადაც დაფიქსირდა ებოლას ვირუსის გავრცელების შემთხვევები, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დაავადების სიმპტომების და მათი გამოვლენისას სამედიცინო ყურადღების საჭიროების შესახებ;
• თუ ეპიდაფეთქების ადგილიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადების იდენტური სიმპტომები, ექიმებმა დიაგნოზის დასმისას აუცილებლად უნდა განიხილონ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადებაც.
შეგახსენებთ, ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩნდა 1976 წელს წელს ორი ეპიდაფეთქების სახით კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში.

waikitxet yvelam, sainteresoa;
:D D
dzalian sainteresoa