მთავარი » ქრისტიანობა

“დავითგარეჯის საქმე ემოციურადაც და სახელმწიფოებრივადაც მძიმეა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2020 | 715 ნახვა

„დავითგარეჯის საქმე ემოციურადაც და სახელმწიფოებრივადაც მძიმეა. საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს ბედს და ასევე ადამიანებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან. სახელმწიფოებრივად მძიმე იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავართვათ თავი ორ ამოცანას: ქვეყანა დავიცვათ სამართლებრივად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვისაგან და ეს გავაკეთოთ არა უმართებულო პატრიოტული ემოციებით, არამედ სახელმწიფოებრივი აკადემიურობით, გონიერებით, პრინციპულობით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მეზობლებთან მეზობლებად დავრჩეთ“.

დავითგარეჯის მიმდებარე სასაზღვრო ტერიტორიის საკითხი კვლავ აქტუალური და გადასაჭრელია. აღნიშნული თემის შესახებ გარეჯის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) For.ge-ს ესაუბრა.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

„გარეჯს გვართმევენ!“ – ეს განცხადება 2012 წლის 14 ოქტომბერს გააკეთეთ, როდესაც აზებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს თხემი დაიკავეს. მამა კირიონ, დღესაც იმავე შეფასებას მისცმედით იმ მოვლენებს?

დიახ! ეს არ იყო ემოციური განცხადება, არამედ 5-წლიანი დაკვირვების და ანალიზის შედეგად ნათქვამი სიტყვები. ისე, ამ შინაარსის განცხადება, პირველად იმავე წლის 12 მაისს გავაკეთე ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში. 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი დაიკავეს და მომლოცველებს და ტურისტებს მონასტერში მისასველი ბილიკები გადაუკეტეს. ექვსი დღე მივმართავდით შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებს და პასუხი რიგ შემთხვევებში სტანდარტული იყო – აუცილებლად გავარკვევთ, ხოლო ზოგი უწყებისგან უტყვი დუმილი იყო.

საუბრის დაწყებისას 5 წელი გიხსენეთ. ეს იმ 5 წელზეა საუბარი, როდესაც 2007 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩიჩხიტურის მონასტერი დაიკავეს და ჩვენი მხრიდან ასვლაზე სრული აკრძალვა დააწესეს. ეკლესიის რეაქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ ეს გაუგებრობის შედეგი იყო. აზერბაიჯანის მხარეს სასაზღვრო სექტორის უფროსი შეიცვალა, ასევე შეიცვალა შემადგენლობაც და მათ ეს შეუთანხმებლად და უცოდინარობით ჩაიდინესო. თან გვარწმუნებდნენ, რომ რესპუბლიკათა გამყოფი საზღვარი ქედზე გადის, ჩიჩხიტურის კოშკის ერთი კუთხე და კელიები მათ მხარეს ხვდება და იურიდიულად ამის უფლება აქვთო. ითხოვდნენ დრო მიგვეცა და სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთო. ასევე გვარწმუნებდნენ, რომ ჩიჩხიტურის მონასტერს საფრთხე არ შეექმნებოდა და ის დავითგარეჯის კომპლექსის მთლიანობაში დარჩებოდა. იყო საეჭვო და გაუგებარი გარემოებები.

ვერაფრით ვერ ვეთანხმდებოდი იმ ლოგიკას, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა – კოშკის ერთი კუთხე აზერბაიჯანის მხარეს ხვდება და ამიტომ უფლება აქვთ დადგნენო. ეს პოზიცია სრულიად მოკლებულია სიჯანსაღეს. მაშინ იურიდიულ და კარტოგრაფიულ მასალებს არ ვიცნობდი, მაგრამ საკითხი მარტივი იყო. პირველი – თუ, იმ ყალბი პოზიციით, რომლის სიცრუეც მოგვიანებით გავარკვიე, ჩიჩხიტურის კოშკის ერთი კუთხე მართლაც ხვდებოდა აზერბაიჯანის მხარეს, სამი კუთხე ხომ ჩვენს მხარეს რჩებოდა და მეორე – ასეც, რომ ყოფილიყო, რატომ დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტერი და საქართველოს მხრიდან ასვლა რატომ აგვიკრძალეს? და, თუ მაინცდამაინც, დღეს უკვე გამოაშკარავებულ ამ ყალბ არგუმენტს გავყვებით, კი ბატონო, დამდაგარიყვნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, მაგრამ ჩვენც ავსულვიყავით, რატომ მხოლოდ ისინი?

აი, ამ დავაში ვიყავით. მერე მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი და ამ საკითხმა, შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო, უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა შიგადაშიგ იყო შეხვედრები, დაძაბული საუბრებიც და შეპირება, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად. იცით, ძალიან ძნელია ესეთ საკითხებში შენს ხელისუფლებას არ ენდო. არ დაგიმალავთ, წლები გადიოდა და არაფერი სასიკეთოდ რომ არ იცვლებოდა, ეჭვი და უნდობლობა გამიჩნდა, მაგრამ ამის დაჯერების უფლებას თავს არ ვაძლევდი. ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესს არ იცავს და მეზობელ ქვეყანასთან ტერიტორიალურ საკითხებს არასამართლებრივად და არასახელმწიფოებრივად აგვარებს.

აი, ასე იყო 2012 წლის 6 მაისამდე. მაგრამ, როდესაც ამ დღეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს უწმინდესი მონასტერიც დაიკავეს და იგივე, ნაცნობი პოზიცია დაგვიფიქსირეს, რაც 2007 წელს ჩიჩხიტურზე, მივხვდი, რომ მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში, ხელისუფლების ყოველი დაპირება: „ვმუშაობთ“, „ძალ-ღონეს არ ვიშურებთ“ და „ყველაფერი გამოსწორდება“, სრული ფარსი და სიცრუე იყო. აი, ამიტომ გითხარით, რომ ჩემი იმდროინდელი შეფასება – „გარეჯს გვართმევენ“ არ იყო ემოციური შეფასება, არამედ ხუთი წლის განმავლობაში დანახულსა და ნაფიქრს ეფუძნებოდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ მიერ ნათქვამში – „გარეჯს გვართმევენ“ არ მოიაზრებოდა აზერბაიჯანული მხარე, არამედ ჩვენი, სარწმუნოებრივ ხედვას თავი რომ დავანებოთ და ამ დიდებულ ძეგლებს კულტურის მხრიდან რომ შევხედოთ, რომელ ქვეყანას არ მოუნდებოდა? მაგრამ რას აკეთებს ამ დროს ამ სულიერი და კულტურული შედევრების შემოქმედი ერის ხელისუფლება? აი, ეს არის უმთავრესი საკითხი და არა ის, თუ ვის მოუნდება ჩვენი დიდებული გარეჯის რომელიმე შემადგენელი ნაწილი! ყოველივე აქედან გამომდინარე და იმ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტაციის შემდეგ გახდა ცნობილი, ჩემი იმჟამინდელი შეფასება არათუ იცვლება, არამედ უფრო არგუმენტირებული და უფრო მკაცრია.

კარტოგრაფი თედო გორგოძე აცხადებს, „რომ არ ყოფილიყო 2006 წლის შეთანხმება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თხემზე ვერ დადგებოდნენ, ეს არის კომისიის ყოფილი წევრების ყველაზე დიდი შეცდომა ან დანაშაული“. კომისიის ორი წევრი დაკავებულია. მამა კირიონ, თქვენ რა ნაწილში ხედავთ ბრალდებულების დანაშაულს?

გასაგებია. ამ კითხვაში სამი საკითხია გაერთიანებული და მოდით, თითოეულს ცალ-ცალკე გავყვეთ.

პირველი საკითხი ეხება 2006 წლის შეთანხმების აქტებს, რომლებსაც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ გავეცანი, მანამდე მათ შესახებ მხოლოდ სიტყვიერად ვიცოდი. ბატონი თედო მართალს ბრძანებს, რომ არა ეს შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფისა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მთის ქედზე ვერ დადგებოდნენ. დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ზოგი პარტიული და პოლიტიკური მიკერძოების, ხოლო ზოგიც უმეცრების გამო უარყოფენ ამ საქმეში არასახელმწიფოებრივ ქმედებების და დანაშაულის ნიშნებს. არ იციან, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი, რომელიც ხუთ იურიდიულ პროცესიალურ ქმედებას მოიცავს, ექსპერტთა ჯგუფის შეთანხმებით იწყება და, რომ ამ სპეციფიურ საქმეში, პროცესუალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი აქ დგება. აგიხსნით რატომ, პირველი – თავდაპირველად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის დასაწყებად ქვეყნების ხელისუფალნი, პოლიტკურ დონეზე თანხმდებიან რომელიმე კონკრეტულ კარტოგრაფიულ დოკუმენტზე – რუკაზე, რომლის მიხედვითაც შემდგომში მუშაობას იწყებენ დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის წევრები.

ვინაიდან სახელმწიფოთა ნომერ პირველი ამოცანა სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების გახსნაა, ჯერ მას ათანხმებენ და მერე იწყება მთელ პერიმეტრზე მუშაობა. ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია მალე დადგინდეს საზღვრის ხაზი, რომ სახელმწიფოებმა მესაზღვრეები განალაგონ და ამით აღკვეთონ დანაშაულებრივი ქმედებები, მაგალითად, კონტრაბანდა და არალეგალური მიგრაცია. აი, ამ საზღვრის ხაზს ადგენს დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი.

დაუკვირდით, ვამბობ საზღვრის ხაზს, ვინაიდან პროცესის დასრულებამდე მას საზღვრის ხაზი ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია აქ ის, რომ სწორედ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეთანხმებული საზღვრის ხაზი, შემდგომში, პროცესუალური ნორმების დასრულებისას, ხდება სახელმწიფო საზღვარი. ანუ, უკვე მგონი, გასაგებია თუ რა ძირეული მნიშვნელობა აქვს ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეთანხმებულ ამ საზღვრის ხაზს. მხოლოდ მათ მიერ ხელმოწერილი ოქმების შემდგომ აქვს სახელმწიფოებს უფლება, რომ შეთანხმებულ ტერიტორიებზე ააშენონ სასაზღვრო სექტორები და განალაგონ სასაზღვრო პოლიციის ძალების წარმომადგენელნი.

ახლა მინდა თქვენი ყურადღება ექსპერტთა ჯგუფის სახელმწიფოებრივად საკვანძო საკითხს შევახო. ექსპერტთა ჯგუფი და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კარტოგრაფიული დოკუმენტის – რუკის უზუსტესად შესწავლა-დამუშავებაზე და დაოქმებული სასაზღვრო ხაზის და კოორდინატების უცთომელობაზე. კარტოგრაფია ძალზედ სპეციფიური სამეცნიერო დისციპლინაა, ამის ცოდნა პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისთვის შეუძლებელია და ამიტომ სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცესში, კარტოგრაფიულად ზუსტად ამის დადგენა დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს ევალება. დანარჩენი პროცესუალური ნორმების გავლისას პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ექსპერტთა ჯგუფის მოწოდებულ მასალებს ეყრდნობიან და ამტკიცებენ.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესუალური სქემა ასეთია:

პირველი – დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის მიერ კარტოგრაფიული დოკუმენტის – რუკის შესწავლის და საველე სამუშაოებზე, მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინატთა შეთანხმების და დადგენის შემდეგ, კეთდება შესაბამისი კარტოგრაფიული ალბომი და დგება ოქმი, რომელსაც ხელს ორივე ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები აწერენ.

მეორე – ამ დაოქმებულ დოკუმენტს შემდგომში ხელს აწერს, დელიმიტაციის და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პროტოკოლით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მესამე – როდესაც მეზობელ ქვეყანასთან, საზღვრის სრულ პერიმეტრზე მოხდება შეთანხმებები ექსპერტთა ჯგუფის მიერ და მას კომისიის ხელმძღვანელი დაამოწმებს, მთელი ეს ფრაგმენტული შეთანხმებები შეიკვრება ერთიან დოკუმენტაციად და გადაეცემა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამ ყოველივეს მთავრობის მეთაურს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამ დოკუმენტაციას უგზავნის პრეზიდენტს და პრეზიდენტი აწერს ხელს.

მეოთხე – პრეზიდენტი კონტრასიგნაციით უბრუნებს პრემიერს და პრემიერი აწერს ხელს. მეხუთე – პრემიერ-მინისტრი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ამ დოკუმენტს წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტის მიერ დადებითად კენჭისყრის შემდეგომ, სახელმწიფო საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან დადგენილია. ბოდიშს გიხდით თუკი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მინდა საზოგადოებას და თანამემამულეებს ყველაფერი დაწვრილებით ავუხსნა, რადგან ყველაზე დიდი ძალა ცოდნაა.

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოების სწორად და სიღრმისეულად ინფორმირებულობაა. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ეს პროცედურული ნორმები იმიტომ აღგიწერეთ, რომ მინდა მკაფიოდ დაგანახოთ თუ როგორი მთავარი საკვანძო როლი აქვს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საქმეში დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს და ამ ჯგუფის წევრებს. მთელი შემდგომი რგოლები, ამ სპეციფიური სამეცნიერო დისციპლინის მცოდნე სპეციალისტების დასკვნებს ეფუძნება, რომელსაც დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი ჰქვია.

ახლა ყველაფერი ეს ერთიანად რომ გავაანალიზოთ, დავინახავთ თუ როგორ საკვანძო და პროცესის წარმართველი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ განხილულ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს და მის წევრებს. მათი გადაწყვეტილებებით – ოქმებით დგინდება საზღვრის ხაზი, რომელიც შემდგომ სახელმწიფო საზღვრად მტკიცდება. მათი გადაწყვეტილებებით – მიღებული ოქმებით ხდება მეზობელი ქვეყნის მიერ საზღვრის ხაზთან სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. ასეთი ორი აშენდა გარეჯთან. მათი გადაწყვეტილებებით – მიღებული ოქმების საფუძველზე დგებიან მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო პოლიციური ძალები გეოგრაფიულ რელიეფზე, და მათი გადაწყვეტილი –მიღებული ოქმების საფუძველზე, ქვეყნის ხელისუფლება ადგენს სახელმწიფო საზღვარს.

ახლა გეკითხებით, ვისი როლია წარმმართველი სახელმწიფო საზღვრის დადგენაში: დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის? რომელიც დილომატია, თუ პერეზიდენტის? ან პრემიერ-მინისტრის, თუ პარლამენტის? რა თქმა უნდა, ყველა სახელისუფლებო რგოლის როლი მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო, მაგრამ პროცესი აქ დუღს, აქ ყალიბდება, რომელსაც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია და კონკრეტულად ექსპერტთა ჯგუფი ჰქვია.

აქედან გამომდინარე, კითხვის პირველ ნაწილზე პასუხი ნათელია. რომ არა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის და ამ ჯგუფის წევრების შეთანხმება, 2006 წელს აზერბაიჯანელები უდაბნოს მთის თხემზე და ჩიჩხიტურის მონასტერში ვერ დადგებოდნენ. ახლა რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ბატონი თედო ამბობს: „შეთანხმება-ოქმი, რომელიც 2006 წელს, აზერბაიჯანულ მხარესთან დადო საქართველოს წარმომადგენელმა – დელიმიტაციის კომისიის ექსპერთა ჯგუფმა და რომლითაც აზერბაიჯანის სასაზღვრო საპოლიციო ძალებმა ჩიჩხიტურის მონასტერი დაიკავეს, არის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული“, – ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ბატონი თედოს შეფასებას ჩემეული მოსაზრებით შევასწორებ. შეუძლებელია, კარტოგრაფიაში, მე ბატონ თედოს, ბატონ ნოდარს, ბატონ თენგიზს, ქალბატონ დალი ნიკოლაიშვილს და სხვა სახელოვან კარტოგრაფებს რაიმე შევუსწორო და ჩემეული მოსაზრებები წამოვაყენო, მაგრამ ვინაიდან აქ საქმე მომხდარი ამბის შეფასებით ნაწილს ეხება, თავს უფლებას მივცემ, რომ შესწორება შევიტანო ექსპერტთა ჯგუფის და დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მათავარი შეცდომა და დანაშაული ის კი არ არის, რომ მათ 2006 წელს შედგენილი და ხელმოწერილი ოქმის საშუალებით აზერბაიჯანის სასაზღვრო საპოლიციო ძალებს უდაბნოს მთის თხემზე ამოსვლის უფლება მისცეს და ჩიჩხიტურის მონასტერი რომ დააკავებინეს, არამედ ის, რომ მათ დელიმიტაციისას არ გამოიყენეს და სრულიად უკუაგდეს უმთავრესი კარტოგრაფიული დოკუმენტი, უპირველესი ლეგიტიმაციის მქონე – 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამ დანაშაულებრივმა ქმედებამ გარდაუვალი დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი 3.500 ჰა ტერიტორია და პლუს კიდევ 3000 ჰა. ტერიტორიასაც იგივე ბედი ელოდა.

აქედან გამომდინარე, მთავარი შეცდომა და დანაშაული ექსპერტთა ჯგუფისა და, კერძოდ, მელაშვილი-ილიჩოვასი, 1937-38 წწ. გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის უარყოფა იყო, რომლის გამოც საქართველო მისი კუთვნილი 6.500 ჰა. ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგა და რომელშიც მოქცეული იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი და კულტურული საგანძური – ჩიჩხიტური და უდაბნო.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მესამე ნაწილს, რაში ვხედავ ბრალდებულების დანაშაულს? სწორედ ამაში, რაც ზევით მოგახსენეთ, რომ მათ საზღვრის დელიმიტაციის პროცესიდან სრულიად უარყვეს და გადამალვის გზით უკუაგდეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და კარტოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი 1:200 000 მასშტაბის რუკა. საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, ამ დარგის წამყვანი მეცნიერები ბრძანებენ, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა არის ყველაზე უპირატესი კარტოგრაფიული დოკუმენტი 1938 წლის სასაზღვრო მდგომარეობის დასადგენად, და ბოდიში, ამას ირონიით არ ვამბობ, ორი მიწათმომწყობი, ამ უმნიშვნელოვანესი საქმისათვის პროფესიული უნარების არმქონე პირი გვეუბნება, რომ მათ ეს რუკა დაიწუნეს.

ხდება მიზანმიმართული ქაოსის შექმნა, რომ ამ საქმეში პროფესიონალთა აკადემიური დასკვნები საზოგადოებისთვის საინფორმაციო ველიდან გაირიყოს და მოსახლეობას, როგორც სარწმუნო, პირადი ინტერესებიდან და ვიწრო საზოგადოებრივი სივრცის კონიუქტურიდან გამომდინარე, ყალბი შეფასებები მიაწოდოს. ეს ძალზედ საშიში პროცესია! ამგვარი უზენაესი – ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხებში ასეთი მიკერძოებული ინტერესებით მოქმედება, ნაციონალური – სახელმწიფოებრივი იდეის დამანგრეველია. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, გაჩერდით!

თქვენი აზრით, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, როდესაც მათ სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცესიდან 1:200 000 მასშტაბის, 1937-38 წწ. გამოცემული რუკა სრულიად უარყვეს და თქვენ მათ არსებობას გიმალავდნენ?

ანალოგიური ტიპის კითხვა პროკურატურაშიც დამისვეს, როდესაც ამ საქმეზე ძიების ფარგლებში დამიბარეს. პროკურორი ახალგაზრდა კაცი იყო და ამ საქმით გაკვირვებული თითქოს ჩემთან ეძებდა პასუხს. მაშინ მე მას მივუგე: „რა გითხრათ, სავარაუდოდ, ან ფინანსური, ან პოლიტიკური, ბუნებაში თუ მესამეც არსებობს მითხარით-მეთქი“. ამასვე გეტყვით თქვენც. თუმც, ჩემი შინაგანი განწყობა, რომ გითხრათ, ფინანსური ინტერესი არა მგონია.
მიმაჩნია, რომ ზედმეტია და არც ვაპირებ იმ სიმწარეთა გადმოცემას, რაც წლების განმავლობაში ამ საქმისგან განვიცადე, მაგრამ პირადი ინტერესებისგან განყენებული ხედვით რომ შევხედოთ, საკვირველი ამბავია. ადამიანები გვიმალავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ დოკუმენტს, 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას და, როდესაც, ამ რუკის მოძიებით ფაქტის წინაშე დავაყენეთ, შემდეგ მის უვარგისობაზე დაიწყეს საუბარი.

ტუილია და მზაკვრობაა, როდესაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამბობენ, რომ თითქოს ეს რუკა ცნობილი იყო კომისიის წევრებისთვის. სიცრუეა, რადგან ვიდრე ჩვენ არ მოვიძიეთ ეს რუკა 2015 წელს, მანამდე ამ რუკას დღის სინათლეზე არ აჩენდნენ. ასევე ამბობენ, რომ თითქოს 1996-97 წლებში, დელიმიტაციის კომისიის საწყის პერიოდში, ივერი მელაშვილმა ამ რუკის უზუსტობა და გამოუსადეგარობა განიხილა კომისიის წევრებთან და ამის შემდეგ გაიწია ეს რუკა პროცესიდან. სიყალბეა! გვანახონ შესაბამისი განხილვის ოქმი.

დელიმიტაციის კომისიაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა რეგლამენტით ყოველთვის ოქმის სახით დგება. როგორ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რუკა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ 6.500 ჰა. ტერიტორიას გვაკუთნებდა, დაიწუნეს და ამის ოქმი არ შედგა?! ტყუილია! ეს საქმე მოღალატეობრივად ყარს! გამოდიან ადამიანები და ჩემზე იძახიან: „პროვოკატორი“, „გრუ-ს აგენტი“ – თქვენ ხომ ხართ ჭეშმარიტი ქართველები და რუსეთის შემმუსვრელები, მაშინ მითხარით, რატომ იმაზე მაინც არ იღებთ ხმას, როდესაც ივერი მელაშვილმა და ექსპერტთა ჯგუფმა თუშეთში, დიკლოს მთა და მისი მიდამოები, 42 კვ.კმ გამიჯნულ და უდავო სივრცეში რუსეთს გადასცა?!

ამას ჩემით არ გეუბნებით, ამას დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრი, კარტოგრაფია-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, კარტოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი, აწ გარდაცვლილი ბატონი ჯანსუღ კეკელია ამბობდა. აწ გარდაცვლილმა პროფესორმა ქვეყნისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო, დელიმიტაციის კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.

რა ინტერესი ჰქონდათ მელაშვილს და ილიჩოვას ფინანსური, თუ პოლიტიკური, ეს გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს და დაადგინოს. მე და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებამ ვიცით და ჩვენი მთელი გამოცდილება გვკარნახობს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა უმდაბლესი – დასანახი და შესახები დონეა ამ დანაშაულებრივ ქმედებაში, უკან, ჩრდილში ამ საქმის ნამდვილი ფიგურები დგანან. ამ დანაშაულის ტიპს შინაარსობრივად კარგად გამოხატავს ბერტოლტ ბრეხტის სიტყვები: „ბანკის ძარცვა დილეტანტების საქმეა, ჭეშმარიტი პროფესიონალი ყაჩაღები ბანკს აარსებენ“.

მამა კირიონ, თქვენი ჩვენებიდან და საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკის მნიშვნელობაზე ყოფილ პრემიერს და დღეს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, 2014 წელს უამბეთ. პროცესი დაიძრა, გავიდა 6 წელი და 2020 წლამდე მოვედით, რატომ? ეს ტოვებს ეჭვებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში…

გასაგებია თქვენი კითხვის აზრი, ოღონდ მცირე შესწორებებს შევიტან. მე, ასე ვთქვათ, პირადი აუდიენციით არ მივსულვარ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და არც რუკა მქონდა, რომ მიმეტანა. ეს ისტორია სხვანაირად იყო. ჩვენებაშიც და ყველა განცხადებაშიც სადაც ამ ისტორიას ვყვები, ნათქვამი მაქვს – პირველად, ჩემს მეგობართან, ბატონ ირაკლი ალასანიასთან მივედი. ის, იმ პეროდში თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო. მის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარებოდა, მთავარი იყო ჩემ მიერ მოძიებულ მცირე მასალებში არსებული ბუნდოვანება დაენახა.

მადლობა ღმერთს, ასეც მოხდა. მან მის უწყებაში არსებულ ტოპოგრაფიის სამმართველოს დაავალა მათი კომპენტეციის ფარგლებში შეესწავლათ საკითხი და გაერღმავებინათ მოკვლევა. მაშინ გავიცანი ბატონი ნოდარ ხორბალაძე – ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი და ბატონი თედო გორგოძე. ჩვენ მაშინ დაახლოებით 9-თვიანი სამუშაო გავწიეთ. მოვიძიეთ და გავაანალიზეთ საკმაოდ დიდი მოცულობის კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაცია. ყველა გზა 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკასთან და კერძოდ ამ რუკის XXII ნომენკლატურასთან მიდიოდა.

ვერც ერთ არქივში, საუბარია შვიდ არქივზე, ვერ ვნახეთ საჭირო მასალა და ერთში, სადაც ვნახეთ საზღვარი ამოჩხაპნილი იყო. ასევე, შევხვდით ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, რომლებმაც ამ რუკის ფლობა უარყვეს. ეს ფაქტი მაშინ ძალიან კი გაუკვირდათ ბ-ნ ნოდარს და ბ-ნ თედოს, მაგრამ, ვინაიდან ჯერ ჩვენ გარეჯთან მიმართებაში საზღვრის დანაშაულებრივად გამრუდების შესახებ ტოპოგრაფიულ მასალას არ ვფლობდით და ასევე დელიმიტაციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ოქმებს გაცნობილი არ ვიყავით, ძალზედ საეჭვო ფაქტები მტკიცებით ფორმაში ვერ გადაგვყავდა.

ამდენმა საეჭვო და ბუნდოვანმა გარემოებებმა ირაკლი ალასანია დაარწმუნა იმაში, რომ საჭირო იყო პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩაეყენებინა. განსჯის და განხილვის დონეზე ეჭვები ფაქტებად ჩანდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი გვაკლდა. ბატონი ირაკლი ალასანიასა და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილს შორის შედგა კომუნიკაცია და ჩაინიშა ამ საკითხის განხილვის დღეც. განხილვა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატში მოხდა. სხდომა ირაკლი ალასანიას მოხსენებით დაიწყო, მან პრემიერ-მინისტრს და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს გააცნო გაწეული საქმიანობისა და კვლევის შესახებ, ხოლო ბატონებმა ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ, სპეციალურ მონიტორზე, კარტოგრაფიული და იურიდიული მასალები გააცნეს.

არ დამავიწყდება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. ბატონებო, ჩემგან ყველაფერზე სრული მზაობაა, რა არის საჭირო“. ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ ეს ქვეყნისთვის გამარჯვების სიტყვები იყო. ირაკლი ალასანიამ აუწყა, რომ საჭირო იყო მეტი სახელმწიფოებრივი რესურსების ჩართვა, რათა ამ საკითხის კვლევას უეჭველ მტკიცებულებამდე მივეყვანეთ და დასძინა, რომ მოსაძიებელი იყო 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც საეჭვოდ არც ერთ არქივში არ იძებნებოდა, გარდა ერთისა და იქაც გარეჯის და საზღვრის ხაზი განზრახ დაზიანებული იყო.

პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხის ძირეული გამოძიება ბატონ მინდია ჯანელიძეს და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სამსახურს დაავალა და ხაზგასმით უთხრა, რომ მისთვის ყველა ეტაპზე ინფორმაცია მიეწოდებინათ. 2015 წელს მინდია ჯანელიძემ და მისმა სამსახურმა 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული მასშტაბის XXII ნომენკლატურა მოიძია.

მართალია, ეს ნომენკლატურა არ იყო დედანთან დამადასტურებელი ბეჭდებით აღჭურვილი, რომელსაც აზერბაიჯანის მხარესთან დელიმიტაციის კომისიების სხდომაზე, როგორც მყარ იურიდიულ დოკუმენტს წარადგენდა, მაგრამ იყო უნიკალური რუკა, რომელიც მდ. მტკვრისა და ხრამის შესართავიდან თითქმის მდ. მტკვრისა და იორის შესართავამდე ყველაფერს დეტალურად გვანახებდა, მათ შორის ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონაკვეთსაც. ყველანაირი ეჭვები გაიფანტა, სურათი უცხადესი იყო.

რომ არა 1937–38 წლებში დაბეჭდილი 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც უალტერნატივო ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტია ქვეყანა 6.500 ჰა ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალზე მაღალი დონის განკარგულება გასცა. ამის თქმისგან თავს შევიკავებ. საქმე უმაღლესი კვლევის ობიექტი გახდა. ამ პროცესის დაწყებიდან ოთხ თვეში 2015 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრობიდან წავიდა. შემდეგ იყო გიორგი კვირიკაშვილი.

რა ხდება კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში?

მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ყველაფერი გაჩერდა. მოვახერხე მასთან შეხვედრები, მაგრამ არაფერი პოზიტიური შედეგი. ამ საქმეში ეს იყო სრული უძრაობის პერიოდი, მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდებით, ეს ვითომდაც უძრაობა ნეგატიური მოვლენა იყო დროის დინამიურ მსვლელობაში. ასე გაგრძელდა 2018 წლის ზაფხულამდე. არავის პიროვნულ ღირსებას არ ვეხები, მე ვალდებული ვარ, რაც დავინახე და განვიცადე, ის ვთქვა.
შემდგომი პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე იყო. 2019 წელს მასთანაც შევძელი რამდენიმე, მგონი სამჯერ შეხვედრა. მან სახელმწიფო მოხელისთვის, მთავრობის მეთაურისთვის სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა. მოქმედებდა სახელმწიფოებრივი პოზიციიდან, რომლის შედეგიც იყო დელიმიტაციის ახალი კომისიის შექმნა. მოხდა კომისიის განახლება და კომისიიდან დათხოვნილი იქნენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ამ საქმემ სიცოცხლე დაიბრუნა. ბატონმა მამუკა ბახტაძემ ცალსახად დადებითი ქმედებები განახორციელა ამ საქმეში. იყო კიდევ მცირე დეტალები მისგან პრინციპული და პატიოსანი ქმედებისა, რომელზედაც ამ ეტაპზე უმჯობესია დავდუმდე.
მოვედით გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობასთან, მაგრამ მისი როლი ამ საქმეში, როგორც ცენტრალური 2019 წლის მაისიდან იწყება, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში მისვლის უფლება აგვიკრძალეს. 4-5-დღიანი აკრძალვის შემდეგ მონასტერი გაიხსნა, მაგრამ სამ თვეში და დღევანდელ დღემდე მონასტერი უდაბნო დაიკეტა. იყო შეხვედრაც, იყო ცხარე კამათი, იმედის მომცემი დაპირებები… მოკლედ, იცით ჩემი დამოკიდებულება და არ მინდა ამაზე მუდმივი პედალირება. მოქმედი პრემიერია და ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებას. ჯვარი მწერია, არანაირი კერძო ინტერესები არ მაქვს, ხალხს მათი საქმეებით ვაფასებ!
2019 წლის, მგონი გაზაფხულზე, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბრუნდება. ვნახულობ და დახმარებას ვთხოვ. ამის მერე მალევე თავდაცვის მინისტრად ინიშნება. მე საუბრისას ავუხსენი შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ვკითხე ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: მისი პრემიერობის პერიოდში ჰქონდა თუ არა მას ნასაუბრები საზღვრისა და გარეჯის საკითხის შესახებ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ირაკლიმ მითხრა, რომ არა.
მე ვერ ვიგებდი ამ ერთი პარტიის მმართველობის დროს არსებულ დიქომეტრიას – საკითხისადმი ცვალებადობას და ამიტომ ვთხოვე, რომ მას საზღვრისა და გარეჯის საკითხი, გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტები ბატონი ბიძინასთვის, როგორც პარტიის დამფუძნებლისა და თავმჯდომარისთვის მოეხსენებინა. ვიცოდი, რომ მძიმე საქმეს ვთხოვდი, მას საკმაოდ რთულ, პარტიულად, კონიუნქტურულ ზღვარზე უნდა გაევლო.
ასევე ავუხსენი, რომ ეკლესია ასე დაუსრულებლად, ბუნდოვან მდგომარეობაში ვერ იქნებოდა. ეკლესია ბოლომდე აცნობიერებდა თავის პასუხისმგებლობას – დავიწყებდით რა ამაზე ხმამაღალ და კრიტიკულ საუბარს, საკითხი პოლიტიკური ნიშნით და საზოგადოებრივი სიმშვიდის კუთხით დენთის კასრივით იყო და ეს ეკლესიას არ სურდა, მაგრამ ასევე ვაცნობიერებდით ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე ჩვენს ვალს და ამაზე ფატალური დუმილი დაუშვებელი იყო. ფაქტია, მადლობა ღმერთს, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად გაართვა თავი მის რთულ მისიას და ბატონ ბიძინასთან საკითხი ადამიანურად და სახელმწიფოებრივად სწორად მიიტანა.

როგორი იყო ივანიშვილის რექცია?

ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მკაცრად პრიციპული იყო – „რაც საქართველოს სამართლებრივად ეკუთვნის, ერთი მტკაველიც კი არ უნდა მოაკლდეს მას! იმოქმედეთ ძიების შესაბამისად, მე რაც შემეძლება თქვენს გვერდზე მიგულეთ“. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ეს პასუხი გავიგე. მადლობა ბატონ ბიძინას ასეთი პოზიციისთვის. თითქოს იტყვის კაცი, რა არის აქ სამადლობელი, ეს ხომ ყველა ქართველის ვალიაო. კი, დიახ, ასეა, მაგრამ ვაი, რომ დღეს ჩვენს ცხოვრებაში ასე არ ხდება. დღეს, ჩვენი ქვეყნის რეალობა გვაჩვენებს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში, იდეოლოგიური კუთხით ჭეშმარიტი პატრიოტიზმის შინაგანი იმპულსი დაკნინებულია.
დარღვეულია ედეათა იერარქიული კიბე – პირადი ინტერესი და სარგებელი ქვეყნის ინტერესებზე და მიზნებზე უპირატესი გახდა. ხელისუფლებაში არიან სუსტი კაცები, რომლებიც ქვეყნისთვის მავნე იდეებსა და ქმედებებს წინ ვერ უდგებიან. შეიძლება ნორმალური ვუწოდოთ იმ ფაქტს, როდესაც 3 500 წლოვანი ეროვნული არსენალიდან ვერ მოიძიო პასუხი – ქმედება, რომელიც პარაზიტულ იდეებსა და ქმედებებს მძლავრ პასუხს გასცემს?! ხდება ახალგაზრდების – უმწიკვლო სულების, ჩემი სიყვარული მათ, დეზორიენტაცია და სწორად გამართული ხალხის აქტივობის დაჩლუნგება – ქვეყნის შუაგულიდან გაყვანა. ბოდიში ამ გადახვევისთვის, რა ვქნა, ტკივილი მალაპარაკებს.

2019 წლის ბოლოს მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკების დროს საჭიროა დედანთან დამოწმებული ბეჭედის მქონე 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნით, ბატონმა მინდია ჯანელიძემ მრავალ მცდელობას მიმართა და მოიძია ამ რუკის XXII ნომენკლატურა, მაგრამ მას დედანთან დამოწმებულობის ბეჭედი არ ჰქონდა.

როგორც მე ვიცი, ამ გამოუვალ მდგომარეობაში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მიდის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაზე უყვება. ბატონ ბიძინას ახსოვს თავისი პირობა და ის დახმარებისთვის უკავშირდება დავით ხიდაშელს, უხსნის შექმილ ვითარებას და ქვეყნისთვის საშურ საქმეში დახმარებას თხოვს. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც საქართველოს ფასდაუდებელი საქმე გაუკეთა. მან მოიკვლია აღნიშნული რუკა და რისკების მიუხედავად აღნიშნული ტოპოგრაფიული მასალა, დამტკიცებული ყველა იურიდიული ნორმით, ქვეყანას გადმოგვცა. ეს მოხდა ორ ეტაპად. პირველი – 2020 წლის აპრილის ბოლოს და მეორე – მგონი ივნისის ბოლოსკენ ჩამოვიდა. როგორც იქნა, მოვედი თქვენი დასმული კითხვის ბოლო ნაწილზე – გავიდა 6 წელი და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს, რატომ 2020 წელს ეს ყველაფერი? ღმერთისა და ერის წინაშე გეუბნებით, აი, ეს არის საქმის ისტორიის ხაზი.

ამის მერე იწყება ამ იურიდიულად დამტკიცებულ რუკებზე, განახლებული კვლება, რომ ტერიტორიალური ძიების მასალებს, ეს ახლადმოპოვებული რუკები დადებოდა საფუძვლად. აზერბაიჯანის მხარესთან წარსადგენად და გადასაცემად დოკუმენტაცია, იურიდიული კუთხით, აბსოლუტურად გამართული უნდა ყოფილიყო. საბოლოო კვლევის შემდეგ, რომელიც ამ იურიდიულად დამტკიცებულ ტოპოგრაფიულ დოკუმენტზე დაყრდნობით მოხდა, გადაწყდა საქმე პროკურატურას გადასცემოდა. ეს უკვე მე არ მეხება, ამის მერე ყველამ ყველაფერი თანაბრად ვიცით.

თქვენ დეტალურად ისაუბრეთ დავითგარეჯის საქმეზე, მაგრამ საინტერესოა თქვენი ზოგადი შეფასება ამ საქმის მიმართ, როგორც რეზიუმე. ფაქტია, რომ ეს არის უმძიმესი საქმე, რომელსაც თან ახლავს ემოციები და ახლა მნიშვნელოვანია რამდენად ჩააბარებს გამოცდას პროკურატურა, სახელმწიფო…

ეს საქმე ემოციურადაც მძიმეა და სახელმწიფოებრივადაც. ემოციურად იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს ბედს და ასევე ადამიანებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან. სახელმწიფოებრივად მძიმე კი იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავართვათ თავი ორ ამოცანას. პირველი – ქვეყანა დავიცვათ იურდიულად – სამართლებრივად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვისაგან და მეორე – ეს გავაკეთოთ არა უმართებულო პატრიოტული ემოციებით, არამედ სახელმწიფოებრივი აკადემიურობით, გონიერებით, პრინციპულობით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მეზობლებთან მეზობლებად დავრჩეთ. დამეთანხმებით, მთელი ეს საქმე, მძიმე და რთული მოცემულობაა.

გადაცემა „პოლიტმეტრეში“ მე მკითხეს: მამა კირიონ, რას უსურვებდით პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას? რაზეც მე ვუპასუხე, რომ ვუსურვებდი სინანულს, რომელიც ღმრთის დიდი ნიჭია. ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად, ადამიანობა, შინაგანი სიჯანსაღე დაუბრუნონ. კანონი რას მომისჯის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია ჩემი მდგომარეობა ღმერთთან და ამ შემთხვევაში ერთანაც.

საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მცნებებია. არ შეიძლება საზოგადოებამ, ერმა, სახელმწიფომ ასეთ დანაშაულს შეფასება არ მისცეს. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ერის, მთელი მეტაფიზიკური სხეულის კავშირები რღვევას დაიწყებს. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა გადავიქცეთ ბრბოდ, როცა ადამიანების დასჯა ჩვენში სიხარულისა და ბედნიერების განცდას იწვევს.

თუ მოსამართლე იმით ხარობს, რომ მან დასაჯა ადამიანი, ის შინაგან უკეთურობაშია ჩავარდნილი. გონიერი მოსამართლის ვალია, რომ მან განაჩენი გამოუტანოს დანაშაულს და ვინაიდან დანაშაული არ არსებობს დამნაშვის გარეშე, ამიტომ სასჯელი კონკრეტულ დანაშაულის ჩამდენ პირზე აღესრულება. ასე რომ, მერწმუნეთ, არავის პატიმრობაში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ ისიც მკაფიოდ ვუწყი, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს რომელიც ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მიმართ ხორციელდებოდა, პასუხი უნდა გაეცეს. ამის გარეშე, ჩვენ, ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყანა ეროვნულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით.

დაბოლოს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის და დავით გარეჯის კომპლექსის ორი უწმინდესი მონასტრის – ჩიჩხიტურის და უდაბნოს საკითხის არსი შემდეგია: ძიების თანახმად, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმნეტაციით მტკიცდება, რომ არსებულ გეოგრაფიულ სივრცეში, ვიდრე ეს დღემდე იყო, დამატებით 6.500 ჰა. ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. სახელმწიფოს გვაქვს ამის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია!

ამასვე გვიმტკიცებს მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ავტორიტეტული საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელსაც ასეთ საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს და საკვირველია იმ ადამიანების საქციელი, რომელნიც საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობენ. ასეთ გაუგებარ პოზიციას, რომელიც ცდილობს გააქარვოს ეს სიმართლე, არათუ სხვა ერის წარმომადგენელნი, არამედ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელებიც კი, ალბათ გაკვირვებულები უყურებენ.

https://for.ge/view/199609/melaSvili-da-iliCova-dasanaxi-da-Sesaxebi-donea-am-danaSaulebriv-qmedebaSi-ukan-CrdilSi-am-saqmis-namdvili-figurebi-dganan.html?fbclid=IwAR0T-vZvAZ8wy_OlGMm5bwJJC5YCTCQxjyjlVT7REwQSxPCz142KVOqkqr4


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი