21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურა"დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა" ფოტოალბომის სახით გამოიცა

“დიმიტრი ყიფიანი – ცხოვრება და მოღვაწეობა” ფოტოალბომის სახით გამოიცა

დიმიტრი ყიფიანიXIX საუკუნის დიდი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, არქივებში დაცული მასალებით, ფოტოალბომის სახით გამოიცა.

ალბომის “დიმიტრი ყიფიანი – ცხოვრება და მოღვაწეობა” პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, კომპანია “რედიქსისა” და საქველმოქმედო ფონდ “ცისკრის” ხელშეწყობით გაიმართა.

ფოტოალბომი ლიტერატორისა და პუბლიცისტის, სამშობლოსათვის წამებული და აწ უკვე წმინდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანის აღსრულებიდან 120-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

თამარ მიქაძე (ყიფიანების შთამომავალი, პროექტის ავტორი და შემდგენელი): “დიმიტრი ყიფიანის სახით ჩვენმა ოჯახმა მფარველი და მლოცველი შეიძინა უფლის წინაშე, რისთვისაც დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა წმინდა სინოდის, საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ. ჩვენს ხელთ არსებული არქივი შეიცავს მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერას სხვადასხვა ენაზე, ფოტოსურათებს, ოფიციალურ საბუთებს… ალბათ უფლის ნება იყო ვყოფილიყავი ბედნიერი შთამომავალი და მოვსწრებოდი ამ დღეს, რომელსაც სამწუხაროდ წინაპართა ხუთი თაობა ვერ მოესწრო”.

წმინდა დიმიტრი“სასიხარულოა, რომ შევძელით საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებული მდიდარი ფოტომასალის მოძიება და თავმოყრა, ასევე საოჯახო მასალის დამუშავება. ერის ღირსების დაცვისათვის დიმიტრი ყიფიანს რუსეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მოწამეობრივი აღსასრულისთვის იგი წმინდანად შეირაცხა. ამ ფოტომატიანის გამოცემით კი ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეროვნულ საქმეში” – აღნიშნა კომპანია “რედიქსის” გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა.

ფოტოალბომის პრეზენტაციას კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრო, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დიდი ქართველის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, რადგან მას დიმიტრი ყიფიანის მსგავსი მრავალი დიდებული ადამიანი ჰყავს.

დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა

“ქართველი ადამიანი თავის განსაკუთრებული გრძნობით ხვდებოდა და ხვდება სიკვდილს, თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასლის ანდერძს – ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსაო და სწორედ დიმიტრი ყიფიანი იყო ის, რომელიც ქრისტესათვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს” – აღნიშნა უწმინდესმა, რომლმაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მამადავითზე ქართველი მოღვაწის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავები აკურთხა.

შეგახსენებთ, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, პროფესიული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება, ქართული თეატრის შექმნა, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნება, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ხელმძღვანელობა – ესაა არასრული ჩამონათვალი, რაც დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. დიმიტირი ყიფიანზე მინდა თუ რატომ მიუძგვნა აკაკი წერეთელმა ლექსი განთიადი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები