მთავარიქრისტიანობადიდმოწამე კონსტანტი კახი

დიდმოწამე კონსტანტი კახი

ახალი სტილით 23 ნოემბერი, ქართველთა მთავრის, წმიდა დიდმოწამე კონსტანტი-კახის ხსნების დღეა.

არაბთა წინააღმდეგ აჯანყება ამიერკავკასიაში აჯანყებას მოსდევდა. კონსტანტი კახი 852 წელს ხალიფა მუთავაქილმა აჯანყებით ცეცხლმოდებულ ამიერკავკასიაში 30 000-იანი არმია გამოგზავნა. სარკინოზთა არმიას ამჯერად ბუღა, “თურქი მონა” მეთაურობდა, რომელიც გამოირჩეოდა სასტიკი და კაცთმოძულე მხედართმთავრობით.

853 წელს ბუღამ თავისი უზარმაზარი მხედრობა საქართველოს შემოუსია. ბაღდადელმა სარდალმა თბილისელი ამირას წინააღმდეგ დახმარება ტაო-კლარჯეთის მეფეს, ბაგრატ I -ს სთხოვა. საპასუხოდ საჰაკ ისმაელის ძემ (თბილისში მჯდარი ამირა) აფხაზეთის მეფე თეოდოსი მეორესთან გააბა კავშირი.

არაბები თბილისს მტკვრის მარცხენა მხრიდან მოადგნენ. ბუღამ ჯარები აარჩია, თავის ერთ სარდალს, ზირაქს ჩააბარა და ქალაქზე საიერიშოდ გაგზავნა. არაბები ქალაქში შეიჭრნენ. ამირა საჰაკ ისმაელის ძე შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოკვეთეს. თბილისი მთლიანად გადაწვეს სარკინოზებმა. დაიღუპა უამრავი თბილისელი. ეს უმძიმესი ტრაგედია 853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს მოხდა.

აფხაზთა მეფე თეოდოსის შეაგვიანდა, თბილისს მიშველებოდა. ისევ ზირაქი გაგზავნა ბუღა თურქმა თეოდოსის შესახვედრად. ბაგრატ კურაპალატიც დამხმარე ძალად გაჰყვა ზირაქს. ლიახვის პირზე სასტიკი ბრძოლა გაიმართა. თეოდოსი დამარცხდა და უკუიქცა. თბილისისკენ შემობრუნებულ ზირაქის ჯარებს წინ გარდაბნელ კახთა ჯარი გადაუდგა და დაამარცხა. გამძვინვარებული ბუღა თურქი კახეთს შეესია. გაძარცვა და გააპარტახა სოფლები, გამოირეკა ტყვეები. ტყვეთა შორის იყო ერისთავი კონსტანტი კახი, სახელგანთქმული მამულიშვილი, უკვე 85 წლის მოხუცი. კონსტანტისთან ერთად შეპყრობილ იყო მისი ძე თარხუჯ. ორივენი ხალიფას გაუგზავნა ბუღა თურქმა ბაღდადს. ხალიფა მუთავაქილმა ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადის სჯულის აღიარება უბრძანა კონსტანტის. მოხუცმა ქართველმა უარი განაცხადა. ხალიფა დაემუქრა: “უკუეთუ არ ისმინო ჩემი, სიკუდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისათა, და ხორცნი შენნი მივსცნე საჭმელად ფრინველთა ცისათა, და ვინ არს, რომელმან განარინოს შენ ხელთაგან ჩემთა!”

შენს ხელთ მხოლოდ ჩემი სხეული არისო და არა – სული, – უპასუხა ურყევი ხმით ქართველმა, – ამიტომ მე არ მეშინია შენი მახვილის და როგორც გენებოს, ისე მომექეციო.

განრისხებულმა მუთავაქილმა კონსტანტი კახი საპყრობილეში ჩააგდო და ორი გამაჰმადიანებული სომეხი მიუჩინა, რათა მათ მოხუცი ქართველი სარწმუნოების შეცვლაზე დაეყოლიებინათ. მაგრამ ვერც ისინი გახდნენ ვერაფერს. ვერც ცემამ, ვერც წამებამ გაჭრა. კონსტანტი კახი ქრისტიანობასა და ქართველობას არ ღალატობდა.

853 წლის 10 ნოემბერს, პარასკევ დღეს, ხალიფას ბრძანებით, კონსტანტი ქართველს ვაჟთან ერთად თავი გააგდებინეს. წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.

კონსტანტი (კოსტანტი) კახის წამება აღწერილია “კოსტანტი კახის მარტვილობაში”. IX საუკუნის ქართული ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება შეთხზულია ბიზანტიის დედოფლის თეოდორას (გ. 856) მეფობის დროს. ავტორი თანამედროვეა, მაგრამ ის არ უნდა იყოს კოსტანტი კახთან დაახლოებული პირი ან მისი მარტვილობის თვითმხილველი. მან წამებულის ბიოგრაფია არ იცის კარგად და ამბავს უფრო ზოგადად, სხვისი გადმოცემით ყვება. მიუხედავად ამისა, თხზულება მნიშვნელოვანი წყაროა IX საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გასათვალისწინებლად. “კოსტანტი კახის მარტვილობის” ხელნაწერები XVIII საუკუნიდან გვხვდება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

2 COMMENTS

  1. aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaauuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuurrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaammmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmmaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaagggggggggggggggggggggggggggggggggaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები