მთავარი » ქრისტიანობა

დიდმარხვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2016 | 7,488 ნახვა

“დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა, არის ჟამი მომატებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა”…

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

„კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; მომლოცველი ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი,“ – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

14 მარტს დიდმარხვა– ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ერთ-ერთი და ყველაზე ხანგრძლივი მარხვა იწყება. მართლმადიდებელი მრევლი 40 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.

დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. მარხვის პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით ინახავენ მძიმე მარხვას.

თუ როგორ ემზადებოდნენ საქართველოში ძველად დიდმარხვისთვის, გვესაუბრება ქალბატონი ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

“დიდი მარხვა იესო ქრისტეს უდაბნოში ორმოცდღიან მარხვასა და მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო კვირას ეძღვნება.

ამ მარხვას საქართველოს მთასა და ბარში განსაკუთრებულად ინახავდნენ. სხვა მარხვა რომ არ დაეცვათ, ამას მაინც შეინახავდნენ. მთაში დიდმარხვაში პატარა ბავშვებს რძესაც კი არ ასმევდნენ.

სვანეთში ნაკურთხ წყალზე 7 ცალ ბლითს ზელდნენ, აცვამდნენ ძაფზე და ჰკიდებდნენ. ამ ბლითებს კირკადოლს უწოდებდნენ. დიდმარხვაში, ყოველ კვირა დილით ოჯახის უფროსი ხსნიდა თითო ბლითს, სამჯერ აგდებდა კერის ბრტყელ ქვაზე და თან ამბობდა: „ასე დაეცეს დიდი მარხვა“. შემდეგ ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით ანაწევრებდა ბლითს და ყველას აძლევდა. კირკადოლი მარცხენა ხელში ეჭირათ, გადმოიტარებდნენ თავზე და მარჯვენა მხრიდან ჭამდნენ. მეშვიდე ბლითს მიაბამდნენ იმ გოდორს, რომლითაც თესლი მიჰქონდათ მინდორში დასათესად. თესვის დროს კირკადოლს აქუცმაცებდნენ და ურევდნენ მარცვალში თესლის განწმენდისა და გასუფთავების მიზნით.

ქართლში მიაჩნდათ, რომ ვინც ამ მარხვას გატეხდა, ის ოჯახი უბარაქო იქნებოდა. მარხვის წინ, მთელ საქართველოში, ჭურჭელს ყველა გულდასმით რეცხავდა, რომ ცხიმი არ შეყოლოდა. აკეთებდნენ ნაცრის პარკს (კახეთში, ზოგან ქართლში ნაცრის პარკის მაგივრობას ხახვი წევდა). ურჭობდნენ 7 ბუმბულს და ჰკიდებდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მას მარხვას ეძახდნენ, სამცხე-ჯავახეთში – ბობოლას. თითო კვირა რომ გავიდოდა, თითო ბუმბულს გამოაცლიდნენ. თუ ბავშვი სახსნილო საჭმელს მოინდომებდა, მარხვას შეარხევდნენ და მას ასე აშინებდნენ.”

მორწმუნენი ცდილობენ, დიდმარხვის პერიოდი მარხვას, ლოცვასა და გულწრფელ სინანულში გაატარონ.

დიდმარხვა წელს 14 მარტს იწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

თეონა ნოზაძე

იხილეთ:

მარხვის არსი

დიდმარხვის შაბათების მნიშვნელობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი