მთავარი » ქრისტიანობა

დიდი მარხვის სულიერი მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.03.2016 | 5,675 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “მარხვის გარეგნული მხარე ყველასათვის გასაგებია, თუმცა მისი მხოლოდ გარეგნულად აღსრულება ყოველგვარ სულიერ შედეგს იქნება მოკლებული.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვეობაში ადამიანები მარხვას ხშირად გაუცნობიერებლად ინახავენ, ანუ გარკვეული საკვების მიღებისაგან თავს იზღუდავენ, მაგრამ ეკლესიაში არ დადიან, ღვთისმსახურებებს არ ესწრებიან და ლოცვებს არ აღასრულებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს წმინდა მამათა რჩევა, რომ მარხვა სულის გაწმენდის საშუალებაა და არა მიზანი. ტაძარი ამიტომ მარხვის შენახვისას ყველამ უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული სწავლება და მასთან მიმართებაში მართებული მიდგომა უნდა ჩამოვაყალიბოთ. ახლა მარხვის, როგორც საშუალების, სხვადასხვა სულიერი სარგებელი წარმოვაჩინოთ.

პირველი სულიერი სარგებელი: როგორც მარხვის შესახებ მოკლე ისტორიამ გვიჩვენა, ის ყველა რელიგიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათგან მხოლოდ ქრისტიანობაში გააჩნია განწმედის სახე. მაგალითად: ზოგიერთ აღმოსავლურ რელიგიაში, რეინკარნაციის მოძღვრების მიხედვით, ცოცხალი არსებები საკვებად არ გამოიყენება, რადგან მათში შეიძლება რომელიმე დიდებული პიროვნების სული იყოს ჩასახლებული. მათი მონაზვნები, თუკი შემთხვევით მწერს გასრესენ, დიდ სინანულს განიცდიან.

რაც შეეხება იუდეურ და ისლამისტურ მოძღვრებას, მათი მიხედვით ცხოველები წმინდად და უწმინდურად იყოფიან. თუმცა ძველი აღთქმის ეს თავდაპირველი ღვთაებრივი დადგენილება აღმზრდელობითი ხასიათისაა, რადგან პირუტყვთა გაღმერთების საშიშროება არსებობდა.

რაც შეეხება ქრისტიანობას, სადაც არც სულის მრავალგზის მოვლინებას აღიარებენ და არც ღმერთისაგან დაბადებულის უწმინდურებას, მარხვის დაწესებას რეინკარნირებული სულის შეურაცხყოფისა და შებილწვის შიშის გამო როდი ითხოვენ. ქრისტიანისთვის მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატება და მსგავსება, ხოლო სხვა ცოცხალ არსებათაგან არაფერია უწმინდური. შესაბამისად, ქრისტიანი უნებური შიშით როდი მარხულობს, არამედ ნებაყოფლობითი თავშეკავებითა და მოთმინებით, რაც კარგად გამოჩნდა ძველ აღთქმაში: მოსე სინას მთაზე ასვლის წინ, ნინეველები უსჯულოებაში დაფლვის შემდგომ და იუდეველები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, მარხვით ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენას ცდილობენ. ეს არის ღმერთთან შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც ღმერთს კი არ სჭირდება, არამედ მის სიწმინდესთან მიახლოების მოლოდინით აღვსავსე ადამიანს. ახალ აღთქმაში ამგვარ შემზადებას ,ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობის გასამყარებლად, ლოცვაც დაერთვის. ასე რომ მარხვის პირველი სარგებელი სიწმინდესთან მიახლებისთვის შემზადება, წარსული უსჯულოების უარყოფა და მუდმივი ლოცვითი განწყობილების შექმნის ხელშეწყობაა.

მარხვის მეორე სარგებელი: თუკი ქრისტეს შემდგომი პერიოდის მარხვის შესახებ ისტორიას დავეყრდნობით, კარგად ჩანს, რომ პირველი ქრისტიანები ხანგრძლივ მარხვას კათაკმეველთა თანაგრძნობითა და მათდამი ერთსულოვნების სურვილის გამოხატვით ინახავენ, რასაც ამოწმებს წმ. იუსტინე ფილოსოფოსი: ,,ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ”. თითქოს აღნიშნული გარემოება მარხვის სულიერ სარგებელზე არ მიუთითებს და უფრო მეტად მოყვასის მოფრთხილებითა და სარგებლობით არის გამოწვეული. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეკლესიაში ამ საყოველთაო მარხვის დადგინებამ მორწმუნეები უფრო მეტად შეაკავშირა და ერთსულოვნებაში განამტკიცა, რაც ინდივიდუალური სურვილით აღსრულებული მარხვისას ვერაფრით მოხერხდებოდა. ამიტომ, დიდი მარხვის საყოველთაობამ სულთა ერთიანობა განაპირობა.

მარხვის მესამე სარგებელი: უმთავრესი მიზანი და მიზეზი ღმერთისაგან მარხვის დადგინებისა სწორედ სხეულის შეზღუდვის ხარჯზე სულისთვის გაძლიერებული მსახურების აღსრულებაა. ამ დროს სული უფრო მეტი წარმატებით ახერხებს გულისთქმათაგან, მავნე ჩვეულებათა და მანკიერებათაგან თავდაცვას. მარხვის აღნიშნულ სარგებელზე ძალიან მდიდარი შემოქმედება გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში მხოლოდ წმიდა ბასილი დიდის მოკლე რჩევით შემოვიფარგლოთ: ,,რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს”.
ამრიგად, დიდი მარხვის დადგინების მოკლე ისტორიულმა ცნობებმა და ანალიზმა სულისთვის სათნო სამი განსხვავებული სარგებელი წარმოაჩინა: ღმერთთან შეხვედრის მოლოდინის გამო წარსული უსჯულო ცხოვრების უარყოფა და ლოცვითი განწყობილებით შემოსვა; კათაკმეველთათვის მარხვაში თანაგრძნობის შედეგად განპირობებული ქრისტიანების ერთსულოვანი მსახურება; და უმთავრესი მიზანი – სხეულის შეზღუდვის ფონზე, სულისადმი გაძლიერებული მსახურება.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი