მთავარი » ქრისტიანობა

დიდი მარხვის კვირადღეები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2022 | 2,647 ნახვა

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვის ყოველ კვირადღეს ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ყოველი მათგანი იმ რიტმში შედის, რომლითაც მარხვის სულიერი „დიალექტიკა“ ვლინდება. მეორე მხრივ, ეკლესიის ისტორიული განვითარების პროცესმი დიდი მარხვის თითქმის ყოველმა კვირადღემ კიდევ მეორე მნიშვნელობაც მიიღო. ასე მაგალითად, პირველ კვირადღეს აღინიშნება კრება მართლმადიდებლობისა (მართლმადიდებლობის ზეიმი), რითაც მოიხსენიება ხატმბრძოლობაზე გამარჯვება და ხატთაყვანისცემის აღდგენა 843 წელს კონსტანტინეპოლში. ამ დღესასწაულის დიდ მარხვასთან კავშირი მხოლოდ ისტორიულია: მართლმადიდებლობის პირველი ზეიმი სწორედ ამ კვირადღეს აღნიშნეს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ დიდი მარხვის მეორე კვირადღე წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას ეძღვნება. მისი მტრების გაკიცხვა და მისი მოძღვრების გამართლება ეკლესიამ XIV საუკუნეში მართლმადიდებლობის მეორე ზეიმად აღიარა და ამიტომაც ამ მოვლენის აღნიშვნა დიდი მარხვის მეორე კვირადღეს დაწესდა. თუმცა ორივე ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მაინც არ უკავშირდებიან დიდ მარხვას, როგორც ასეთს, და ამიტომაც მათ ცალკე არ განვიხილავთ. წმინდა იოანე სინელის (კლემაქსის) ხსენებას მარხვის მეოთხე კვირას და წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენებას მეხუთე კვირას გაცილებით უფრო მჭიდრო და არსებითი კავშირი აქვს დიდ მარხვასთან. ორივე წმინდანში ეკლესია არა მხოლოდ ასკეტიზმის მატარებელს ხედავს, არამედ მის ყველაზე სრულყოფილ ნიმუშსაც. წმინდა იოანე სინელი თავისი ნაწერებით, წმინდა მარიამ ეგვიპტელი კი თავისი ცხოვრებით წარმოგვიდგენს ამ მაგალითს. ამ წმინდანთა ხსენებამ მარხვის მეორე ნახევარში უნდა გაამხნევოს და ანუგეშოს მორწმუნენი მათ სულიერ ბრძოლაში დიდი მარხვის მთელი მოსაგრეობის მანძილზე. და რადგანაც ასკეტიზმის მხოლოდ მოხსენიება კი არა, მისი ცხოვრებაში განუწყვეტელი გამოყენებაა საჭირო, ამ ორი წმინდანის ხსოვნა კი ჩვენს პირად სამარხვო მოსაგრეობას უახლოვდება, ჩვენ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ წიგნის ბოლო თავში.

დიდი მარხვის კვირადღეთა პირველი და უმთავრესი მნიშვნეღობა სამოციქულოსა და სახარების საკითხავებში ვლინდება. ეს წესი და მიმდევრობა რომ შევიმეცნოთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი მარხვის პირვანდელი კავშირი ნათლისღებასთან, ანუ მარხვის, როგორც ნათლისღებისთვის მომზადების, საზრისი. ხსენებული საკითხავები ნამდვილად ადრეული ქრისტიანული კათაკმევლობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ. ეს საკითხავები ხსნიან და გარკვეულად აჯამებენ კათაკმეველთა მომზადებას ნათლისღების საპასექო საიდუმლოსათვის. ნათლისღება (ნათლობა) ახალი ცხოვრების კარია. რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა. ეს ახალი ცხოვრება ჯერ მხოლოდ განცხადებულია და აღთქმულია კათაკმევლისათვის და იგი იღებს და რწმენით ელოდება მას. კათაკმეველი ძველი აღთქმის ადამიანების მსგავსად აღთქმულის რწმენით ცოცხლობს, თუმც მისი აღსრულება ჯერ არ უნახავს.

ესაა პირველი კვირადღის მნიშვნელობა. წმინდა მოციქული პავლე ძველი აღთქმის ყველა მართალს ჩამოთვლის და ასე ასრულებს: „და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ“ (ებრაელთა 11,39-40).

რას ნიშნავს ეს? პასუხი პირველი კვირადღის სახარების საკითხავში მოიპოვება: „უფროჲსი ამათსა იხილო… ამინ, ამინ გეტყჳთ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (ი. 1,43-51).

ეს ნიშნავს: თქვენ, კათაკმეელები, რომლებმაც ქრისტეს მიერ ნათლისღება განიზრახეთ და აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებით, იხილავთ ახალი დროის დადგომას, ყველა აღთქმის შესრულებას, ზეციური სასუფევლის განცხადებას. მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ იხილავთ, თუ ირწმუნებთ და მოინანიებთ, თუ ცხოვრების ხედვას გამოიცვლით, თუ მოისურვებთ და საკუთარ თავზე აიღებთ მოსაგრეობას.

ამას მოგვაგონებს მეორე კვირის სამოციქულოს საკითხავი: „ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ… ვითარმედ ჩუენ განვერნეთ (სამართლიან საზღაურს), უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხოვრებაჲ რომელმან-იგი დასაბამი მიიღო სიტყუად უფლისა მიერ?“ (ებრაელთა 1,10-2,3).

მეორე კვირის სახარების საკითხავი (მკ. 2,1-12) ამ ძალისხმევისა და სურვილის სახედ განრღვეულს (დამბლადაცემულს) წარმოგვიდგენს, რომელსაც ქრისტეს ფერხთით სახლის სახურავიდან ჩაუშვებენ: „და იხილა იესო სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“.

მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა იწყება და სახარების საკითხავშიც ვისმენთ (მკ. 8,34-9,1): „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვაღად სულისა თვსისა?“.

ამ კვირადღიდან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას იხსნება ქრისტეს მიერ შეწირული მსხვერპლის საზრისი – იმ მსხვერპლისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფევლის საფარველს მიღმა, ესე იგი, წმიდათა-წმიდამი შესასვლელ კარს უღებს (იხ. მესამე კვირა – ებრაელთა 4,14-5,6; მეოთხე კვირა – ებრაელთა 6,13-20; მეხუთე კვირა – ებრაელთა 9,11-14), მაშინ როცა მარკოზის სახარებაში მოცემულია ქრისტეს ნებაყოფლობით ვნებათა უწყება: „ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი“. ასევე მკვდრეთით აღდგომაც ცხადდება მეხუთე კვირას: „მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,32-45).

უდიდესი საიდუმლოსათვის მომზადება, კათაკმევლობა მთავრდება და ახლოვდება ის გადამწყვეტი ჟამი, როცა ადამიანი შევა და მიუერთდება ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას.

ჩვენს დროში დიდი მარხვა უკვე აღარაა კათკმეველთა ნათლისღებისთვის მომზდების პერიოდი, მაგრამ ჩვენ, თუმც ნათელღებულნი და მირონცხებულნი, განა გარკვეული აზრით კათაკმეველნი არა ვართ? განა არ უნდა დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას წელიწადში ერთხელ? განა კვლავაც არ ვშორდებით ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც გვაზიარეს? განა საჭირო არაა ქრისტიანული სარწმუნოების ფესვებთან ეს ყოველწლიური დაბრუნება ჩვენი ცხოვრებისთვის, რომელიც, არსებითად, მხოლოდ ქრისტესა და მის სასუფეველს ერთი მთლიანი განშორებაა?

ჩვენს დროში დიდი მარხვა უკვე აღარაა კათკმეველთა ნათლისღებისთვის მომზდების პერიოდი, მაგრამ ჩვენ, თუმც ნათელღებულნი და მირონცხებულნი, განა გარკვეული აზრით კათაკმეველნი არა ვართ? განა არ უნდა დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას წელიწადში ერთხელ? განა კვლავაც არ ვშორდებით ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც გვაზიარეს? განა საჭირო არაა ქრისტიანული სარწმუნოების ფესვებთან ეს ყოველწლიური დაბრუნება ჩვენი ცხოვრებისთვის, რომელიც, არსებითად, მხოლოდ ქრისტესა და მის სასუფეველს ერთი მთლიანი განშორებაა?

წყარო: www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი