25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობა"დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება"

“დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება”

“ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: “ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, – არამედ ქმარი; პატრიარქი არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი – არამედ ცოლი” (I კორინთ.7.4), – გვასწავლის მოციქული და დასძენს:

“ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თასნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის” (ეფ. 5.24-25).

ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;

ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.

როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.

ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური “მეს”-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.

დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.

“რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, – წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს…, ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად”.

ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ “მეს” და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.

როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.

ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად  “მცირე ეკლესიად” იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია,”- ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში (2015წ.).

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. გამარჯობათ შეიძლება თუ არა რომ ჩემი დის ქმრის დეიდაშვილს რომ ცოლად გავყვე?

    • არ შეიძლება. დები ვერ გახდებიან ბიძაშვილ-დეიდაშვილების მეუღლეები.

  2. მაინტერესებს ძალიან მკაცრად იკრძალება ერთი ბავშვის ნათლიების ქორწინება? ვიცი რომ მსგავსი რამის წინაშე ბევრი წყვილი დგას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები