დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად.
დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან.
ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “დიდგორობა ქართლში, დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან 7/20 მაისს იმართებოდა. აქ მლოცველი დიღმის, თბილისის, ქართლის სხვადასხვა სოფლიდან და კახეთიდან მიდიოდა. დღეობაზე ვაჭრებს და ხელოსნებს სხვადასხვა სახის ნაწარმი მიჰქონდათ და იმართებოდა ბაზრობა. დიდგორის მთის ძირში, რომელსაც “მოსალოცავს” ეძახდნენ, ლოცულობდნენ, კლავდნენ შესაწირს, მართავდნენ რიტუალებს, ბოლოს იმარათებოდა პურობა და ჯირითი. ვისაც წინასწარ შეთქმული ჰქონდა, დიდგორის მთის წვერზე ადიოდა, სადაც წმ. გიორგია ეკლესია ყოფილა.”
