მთავარი » ქრისტიანობა

დიდ დღესასწაულებზე მუხლმოდრეკის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2013 | 4,968 ნახვა

მუხლდრეკის მნიშვნელობისა და სადღესასწაულო დღეებში მუხლმოდრეკის შესრულების შესახებ “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:

“მუხლმოდრეკა ლოცვის ფიზკური და სულიერი გამომხატველი ნაწილია. იგი თაყვანისცემასა და მოკრძალებას ასახავს. ბერძნული სიტყვა μετανοια მონანიებას ნიშნავს. ანუ მუხლთმოდრეკა ვედრების მძაფრი გამოხატულებაა, რომელსაც თან სინანული სდევს. ამ მდგომარეობით მლოცველი სათხოვარის აუცილებლობას ხაზს უსვამს. მუხლდრეკა და მიუგო იესომ, კვლავ იგავებით უთხრა მათ და თქვა: ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც გაუმართა ქორწილი თავის ძეს. და გაგზავნა თავისი მონები, რათა მოეწვიათ ქორწილში წვეულნი,… უთხრა: უთხარით წვეულებს: აჰა, სადილი ჩემი მზად არის, ზვარაკები ჩემი და ნასუქი საქონელი დაკლულია, და ყველაფერი მზად არის; მოდით ქორწილში…. წადით გზათა გასაყარებზე, და რამდენსაც იპოვით, მოიწვიეთ ქორწილში. და გავიდნენ ის მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, რამდენიც იპოვეს, ბოროტი და კეთილი; და გაივსო ქორწილი მეინახეებით. ხოლო როცა შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად, იხილა იქ კაცი, რომელსაც არ ემოსა საქორწილო სამოსი; და უთხრა მას: მოყვასო, როგორ შემოხვედი აქ, რადგან არ გაქვს საქორწილო სამოსი? ხოლო იგი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარით მაგას ფეხები და ხელები და გააგდეთ იგი ბნელ გარესკნელში; იქ ინება ტირილი და კბილთა ღრჭენა. რადგან მრავალი არის მოწვეული, და ცოტა – რჩეული” (მათ. 1–14).

ეს იგავი ღვთისშვილთა, კაცობრიობის ცათა სასუფეველში მოწვევაზეა. ავსებს ათი ქალწულის იგავის თხრობას. თითოეული ადამიანი მზად უნდა იყოს ქრისტეს შესახვედრად. საქორწინე სამოსი სულის გაწმენდილი მოზეიმე მდგომარეობაა. ძველ აღმოსავლეთში სადღესასწაულო დღეებში მრავალფერი სახის ქსოვილი ეცვათ. შავი ან თეთრი გლოვის სიმბოლო იყო. საუფლო დღეებშიც მის შესაფერისად საზეიმო ფორმით უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილნი. მონანული ან განდევნილი მორწმუნე იმოსებოდა შავ–თეთრით. მაცხოვრის იგავის თხრობაში: ქორწილში მიწვეულნი საღმრთო მადლით მოსყიდულნი, შეწყალებული კაცობრიობაა. სათანადოდ ამ მდგომარეობით ყველა ხარობს და მწუხარება უადგილო და შეუფერებელია. ქრისტეს ღვაწლის დაუფასებლობა–უარყოფაა. მექორწინე–მეფე (იგულისხმება მაცხოვარი) უმადურს საერთო სიხარულიდან გააგდებს.

შევაჯამოთ იგავის აზრი. საღმრთო საზეიმო ვითარებაში სინანულით მიდგომა მიუღებელია. შებღალავს მესიოლოგიურ მსახურებას. ამიტომ საუფლო დღესასწაულებში ლოცვის დროს მუხლმოდრეკას ეკლესია არ აღასრულებს. კვირა ანუ ერთშაბათი საუფლო დღეა. ყოველი კვირა სახეა აღდგომისა. შესაბამისად, საკვირაო მწუხრ–ცისკრის (შაბათს საღამოს აღსრულებული მსახურება) და ლიტურგიის საკითხავ–საგალობლები აღდგომის შინაარსითაა გაჯერებული. მოკლედ შევეხები აღდგომის მნიშვნელობას. ქრისტემ შემცოდე კაცობრიობა თვითინიციატივით საკუთარი სისხლით გამოისყიდა. თავად უცოდველი ჩვენი ცოდვებისთვის ღმერთს მსხვერპლად შეეწირა. განტევების ვაცის სახე მასში განცხადდა. ადამიანში დარღვეული საღმრთო ხატი აღადგინა და პირველყოფაზე უზენაეს დააყენა. შეიმოსა ადამიანი და მით ღმრთეება შეგვმოსა. მუხლმოდრეკა დაცემულობას გამოხატავს, ფეხზე დგომა ქრისტეს მიერ აღდგინებას. საუფლო დღესასწაულებზე სახელობისდა შესაბამისად ავღნიშნავთ–ვზეიმობთ გამომსყიდველი მსახურების დაწყებას. ამიტომ ამ დღეებში სიხარული გმართებს და არა სინანული–μετανοια.”

თუმცა გარკვეულ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურებისას მუხლდრეკას მაინც ვხვდებით…

ცალკეულ ტაძარებში აღსრულებული საკვირაო და საუფლო მსახურების დროს მუხლმოდრეკას ვაფიქსირებთ საგალობლებზე: “მამაო ჩვენო”, “ღირს არსი”, “დიდება მაღალიანი” და ა. შ. რაც მეტად არასწორია და მექანიკურად შეესატყვისება მოტანილი იგავის თხრობას.

ცალკეულ მღვდელმსახურთა დაჯგუფება თუ ავტორიტეტი ვერ გაუტოლდება ქრისტეს სწავლებას და მასზე დაფუძნებულ ეკლესიოლოგიას. ეკლესიის ისტორია სავსეა ცნობებით: საქმით ან იდეურად დაპირისპირების შემთხვევაში დიდი ავტორიტეტებიც კი ეკლესიიდან მოიკვეთებოდა! დიდი სჯული კანონი მთლიანად სახარებაზე დაფუძნებული და შედგენილია ქრისტეს მოციქულთა, სრულიად ეკლესიის კრებათა, დიდი ავტორიტეტის მქონე მამათა მიერ. დიდი სჯულის კანონში ამ საკითხს მე–7 ნაწილი მთლიანად ეთმობა. არა ერთი მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კანონი მსჯელობს მასზე. როდესაც რაიმე საკითხზე საეკლესიო კრება ასე ჯეროვნად რამდენჯერმე ამახვილებს ყურადღებას, მოვლენის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. დიდი სჯულის კანონი ჰიპერკრიტიკულად სავალდებულო სახელმძღვანელოა ქრისტიანთათვის. ვიმეორებ: მისი დამრღვევი იერარქიული მდგომარეობის მიუხედავად პასუხს აგებს ქრისტესა და ეკლესიური ერთიანობის წინაშე.

მამაო, გვიამბეთ დიდი სჯულის კანონიდან სწავლება მუხლდრეკის შესახებ…

ნაწილი 7, თავი 4: “კვირა დღეს არ შეიძლება …. მუხლმოდრეკა, არც სულიწმიდის მოფენის დღეებში…”
თავი 5: “რა არის მუხლმოდრეკის მიზეზი, რატომ არ შეიძლება ეს კვირა დღეს და სულიწმიდის მოფენის დღეებში,…”

ნიკეის 1 მსოფლო კრების დადგენილება. მუხლი 20: “ზოგიერთები კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში(მთელ მსოფლიოში), როგორც წმ კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.”

მეექვსე მსოფლიო კრება. მუხლი 66: “ქრისტეს აღდგომის წმიდა დღეებიდან ახალკვირამდე მთელ იმ შვიდ დღეს მორწმუნეები წმიდა ეკლესიაში უნდა იყვნენ ფსალმუნებით და გალობით და სულიერი ქებით გამხიარულებულნი ქრისტეს მიერ და ასე დრესასწაულობდნენ. იკითხონ საღმრთო წერილი და შვებას მიეცნენ უხრწნელი საიდუმლოს ზიარებით, რომ ქრისტეს მიერ აღმდგარნი და ამაღლებულნი იყვნენ….”

იგივე კრება. მუხლი 90: “ქრისტეს აღდგომის პატივისათვის მუხლმოდრეკის გარეშე ლოცვა წმიდა კვირას ჩვენი ღმერთშემოსილი მამებისგან კანონებრივი განწესებით მოვიტანეთ. ჩვენთვის ეს ნათელია და მორწმუნეებს განვუცხადებთ: შაბათის სამწუხრო ლოცვისას მღვდლების საკურთხეველში შესვლის შემდეგ თავდაპირველი წესისამებრ აღარავინ ჰყოფდეს მუხლმოდრეკას კვირის სამწუხრო ლოცვამდე. კვირის მწუხრის ლოცვის შემდეგ მღვდლები რომ შევლენ, ისევ მუხლმოდრეკით შევწირავთ ლოცვას ჩვენს უფალს, რადგან ჩვენი მაცხოვრის აღდგომის წინამორბედად შაბათის შემდეგი ღამე ვუწყით და მის შემდეგ ვიწყებთ სულიერი გალობის დიდებისმეტყველებას ბნელიდან დღესასწაულობის წარმგზავნელნი, რათა ამ დროიდან ღამისა და დღის განმავლობაში ქებისმეტყველებით ვდღესასწაულობთ აღდგომას.”

პეტრე ალექსანდრიელის სიტყვა 15: “….. ხოლო კვირა დღეს ვიხდით(ავღნიშნავთ. ავტ.) როგორც სულიერი სიხარულის დღეს მკვდრეთით აღმდგარი უფლისათვის. ამ დღეს არც მუხლდრეკა არ შეიძლება.”

წმიდა თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონები: “ჩვეულებაცა და სამართალიც თხოულობს ჩვენგან ყოველი კვირა დღის პატივისცემასა და მის დღესასწაულობას, ვინაიდან ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ამ დღეს მოგვმადლა ჩვენი მკვდრეთით აღდგომა”….

ბასილი დიდი წიგნი ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ: “ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული…. თუ დაუწერელი კანონების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით ჩვენ თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება…. სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირა დღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ არ ვიცით: ლოცვების დროს სწორად დგომით არა მხოლოდ როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მეძიებელნი აღდგომის დღეს ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ თავს, არამედ ამით ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად…. ამის გამო ეკლესია ასწავლის თავის აღზრდილებს , რომ ფეხზე გამართულად მდგომარეებმა შესწირონ ლოცვა…. საეკლესიო წესი გვასწავლის კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცვას. და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილნი”…

მოხმობილი სწავლება–კანონები საკმაოდ ნათლად და დაწვრილებით განმარტავს საქმის ვითარებას. ამგვარად, ჩვენ, უპირველესად ქრისტეს სწავლების პატივისცემა გვმართებს. ნებისმიერი მღვდელმსახური ვალდებულია უცვლელად გადმოსცეს საღმრთო და არა თავისი ვარაუდები. საპირისპირო გამამართლებელი მოსაზრების არსებობის შემთხვევა აუცილებლად აისახებოდა დიდი სჯულის კანონში და განმარტება მიეცემოდა. ჩვენც ვადიდოთ უფალი და მადლიერება ფეხზე მდგომარე ლოცვით გამოვხატოთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი