ეკლესიური გადმოცემის მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „დესიატინის“ ხატი დაწერა წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ.
მრავალი საუკუნის განმავლობაში ხატი ბიზანტიაში იმყოფებოდა. ათას წელზე მეტი ხნის წინ, მისი ასლი კორსუნიდან (ხერსონესი) თავის სამშობლოში ჩამოიტანა წმინდა მოციქულთასწორმა მთავარმა ვლადიმირმა და დაასვენა X საუკუნეში აშენებულ დესიატინის ეკლესიაში. ხატი ხუთასი წლის განმავლობაში ინახებოდა კიევში, ამ ეკლესიაში.
1240 წელს, თათარ-მონღოლთა შემოსევის დროს, კიევი განადგურდა. ამ მძიმე პერიოდში ხატი გადაურჩა განადგურებას. სავარაუდოდ, კიევის მორწმუნეებმა იგი საიმედოდ დამალეს. 1482 წელს კიევი კიდევ ერთხელ დაარბიეს თათრებმა. არსებობს ვერსია, რომ მაშინ ერთ-ერთმა დამპყრობელმა ხატიდან მოაშორა ძვირფასი საფარველი და თავად ხატი დნეპრის წყალში ჩააგდო.
თუმცა, ღვთისმშობლის ხატი კვლავ გადაურჩა განადგურებას და 1500 წლის 13 აგვისტოს მინსკში, მდინარე სვისლოჩზე, სასწაულებრივად გამოცხადდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ის უჩვეულო ნათების წყალობით შენიშნეს, მდინარიდან ამოიყვანეს და როჟდესტვო-ბოგოროდიცის ციხის ტაძარში დაასვენეს, სადაც ის 116 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
დღევანდელ დროში, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტმა ფილარეტმა ბრძანა ამ სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლის შექმნა, რომელიც ორიგინალთან ერთად დალოცა და აღდგენილ კიევის დესიატინის ტაძარში მიაბრძანა. კიევში ახლად დაარსებული ღვთისმშობლის შობის დესიატინის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გედეონის თქმით, ამ ხატთან მრავალი სასწაული ხდება. ფაქტობრივად, ყოველდღე მონასტერში მადლიერების პარაკლისები აღევლინება იმ მორწმუნეთა თხოვნით, რომელთაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეწევნა და მფარველობა უწყალობა.
წყარო: pravicon.com
