მთავარი » ქრისტიანობა

დედობრივი სიყვარული – მამა პაისი მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2016 | 7,104 ნახვა

– წმიდაო მამაო, ერთხელ თქვენ გვითხარით, რომ სიყვარული ზრდის და ამწიფებს ადამიანს.

დედა-შვილი– ის, რომ უბრალოდ გიყვარდეთ ვინმე, ძალიან ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვაროთ. დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარს შვილები. იმისათვის, რომ შვილები გამოკვებოს, ის მშიერიც კი დარჩება. მაგრამ ამ დროს განცდილი სიხარული იმ სიხარულზე მეტია, მისი შვილები რომ გრძნობენ. ბავშვი ხორციელად იკვებება, დედა კი – სულიერად. ის საკვების გემოს მხოლოდ ხორციელად შეიგრძნობს, მაშინ, როდესაც დედა სულიერად ხარობს.

ზოგიერთ გოგონას შეუძლია, დილის ათ საათამდე იძინოს და ამასთან იმის იმედიც ჰქონდეს, რომ საუზმისთვის დედა გაუცხელებს რძეს. რამენაირი საქმის გაკეთება ამ გოგონას ძალიან ეზარება. მას უნდა, რომ ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს და ისე იცხოვროს. უნდა, რომ ყველა მას ემსახურებოდეს. დედასთან პრეტენზიები აქვს, მამასთან პრეტენზიები აქვს, თვითონ კი უსაქმურობით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ მის ქალურ ბუნებაში იფარება სიყვარული, ეს სიყვარული არ ვითარდება, იმიტომ, რომ ის გამუდმებით იღებს შეწევნასა და კურთხევას, დედის, მამის, დებისა და ძმებისაგან. მაგრამ, როგორც კი დედა ხდება, თანდათანობით იგი იმ თვითდამტენ მოწყობილობას ემსგავსება, რომელიც რაც მეტს მუშაობს, მით მეტად იტვირთება ძალებით, რადგანაც მასში უკვე გაუჩერებლად მუშაობს სიყვარული. ადრე, როდესაც რაიმე ჭუჭყიანთან უხდებოდა შეხება, ზიზღს გრძნობდა და საათობით იბანდა ხელებს სურნელოვანი საპნით. ახლა კი, როდესაც მისი პატარა შარვალში ჩაისვრის და მისი გამოცვლა უწევს, ისეთ გრძნობას განიცდის, თითქოს ხელში მარმელადის კანფეტს იღებდეს! ზიზღს უკვე აღარ გრძნობს. ადრე, როდესაც აღვიძებდნენ, ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას. ახლა, როდესაც მისი ბავშვი ტირის მთელი ღამის განმავლობაში არ იძინებს და ეს სულაც არ უჭირს. ის ზრუნავს თავის ჩვილზე და ხარობს. რატომ? იმიტომ, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და იმიტომ, რომ მასში თავგანწირვა და სიყვარული გაჩნდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ დედა უმეტეს თავგანწირვასა და სიყვარულს აღწევს, ვიდრე – მამა. იმიტომ, რომ მამას არ ეძლევა იმდენი ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს, რამდენიც – დედას. დედა მეტად იტანჯება შვილებთან ერთად, მათთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე – მამა. მაგრამ იმით, რომ მთელ თავის არსებას შვილებს აძლევს, ის მეტად „იტვირთება“ კიდეც შვილებისაგან. მამას კი იმდენი წვალებაც არა აქვს შვილებისაგან, რამდენიც დედას და არც მათგან „იტვირთება“, ამიტომ მისი სიყვარული ნაკლებად ძლიერია, ვიდრე – დედის სიყვარული.

რამდენი ატირებული დედა მოდის ჩემთან და მთხოვს: „მამაო, ილოცე ჩემი შვილისათვის“! იცით, როგორ იტანჯებიან ისინი?! მხოლოდ ძალიან ცოტა მამაკაცისაგან მოისმენთ: „ილოცე, ჩემი შვილი გზას ასცდა“. აი, დღესაც მოვიდა ერთი ქალი, – თავის რვა შვილთან ერთად. როგორი კანკალით უბიძგებდა ეს საბრალო წინ თავის პატარებს, რათა ისინი რიგრიგობით მოსულიყვნენ და კურთხევა მიეღოთ. ამგვარად მოსული მამის ნახვა დიდი იშვიათობაა. თვით რუსეთიც დედებმა გადაარჩინეს. მამის ალერსი, თუკი მასში ღვთის მადლი არ ურევია, მშრალია, ხოლო დედის ალერსს, – თვით ღვთის გარეშეც – თავისი სიტკბო აქვს. ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას. მაგრამ თვით ეს სიყვარულიც მამისადმი დედობრივი სიყვარულისა და სინაზის ძალით ყალიბდება.

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი