მთავარი » ქრისტიანობა

დედობრივი გამძლეობა – მამა პაისი მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.08.2016 | 4,902 ნახვა

დედა-შვილი – წმიდაო მამაო, წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ეგინელი მონაზვნებისადმი გაგზავნილ თავის ერთ-ერთ წერილში მოუწოდებს მათ, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი ქალები არიან და მიბაძონ ღირს დედებს და არა – ღირს მამებს. რატომ ამბობს ამას წმიდა მღვდელმთავარი? იქნებ იმიტომ, რომ ქალებს გამძლეობა აკლიათ?

– ვის? ეს ქალებს აკლიათ გამძლეობა?! მე ხომ პირდაპირ განცვიფრებული ვარ მათი გამძლეობით! მათ ხომ პირდაპირ შვიდი სიცოცხლე აქვთ! ქალის სხეული შესაძლოა, გაცილებით სუსტი იყოს, ვიდრე – მამაკაცისა, მაგრამ მას უფრო ძლიერი გული აქვს. და როდესაც მისი საშუალებით მოქმედებს, იმდენად გამძლეა, რომ მამაკაცის ძალას აჭარბებს. დიახ, მამაკაცს ხორციელი ძალა აქვს. მაგრამ გული, რომელსაც ქალები ფლობენ, მას არ გააჩნია. ერთხელ ერთ კატას ვაკვირდებოდი, რომელიც ჩემთან სენაკში თავის კნუტებთან ერთად მოვიდა: გამხდარი-უგამხდრესი – პირდაპირ ნეკნებს დაუთვლიდი! ერთხელ ჩემს ეზოში დიდი მონადირე ძაღლი შემოვარდა. კურდმა – ასე ეძახდნენ ხვად კატას, – მაშინათვე მოკურცხლა, ეს ძუ კატა კი საომრად მოემზადა. წელი შეზნიქა, საბრძოლო პოზა მიიღო და უკვე მზად იყო, რომ ძაღლს თავს დასხმოდა. პირდაპირ გაკვირვებამ მომიცვა: საიდან აღმოაჩნდა მას ამდენი სიმამაცე?! ხედავ: ის თავის კნუტებს იცავდა!

დედა იტანჯება, ძალებისაგან იცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ტკივილსა და ვერც დაღლილობას ამ დროს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს შრომას აიძულებს, მაგრამ რადგანაც უყვარს შვილები, რადგანაც უყვარს თავისი ოჯახი, ყოველივე ამას სიხარულით აკეთებს. ადამიანი, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში მხართეძოზეა წამოწოლილი, გაცილებით მეტად იღლება, ვიდრე – იგი. მახსოვს, როდესაც პატარები ვიყავით, დედაჩვენი იძულებული იყო, რომ წყალი შორიდან ეზიდა. გარდა ამისა, მას საჭმელი უნდა მოემზადებინა, ღუმელი აენთო, ტანსაცმელი გაერეცხა, და მინდორშიც ემუშავა. ყოველივე ამას ვემატებოდით ჩვენ – შვილები და მოსვენებას არ ვაძლევდით მას. როდესაც ერთმანეთში ვჩხუბობდით, მის მრავალრიცხოვან საქმეებს მოსამართლის მოვალეობაც ემატებოდა. მაგრამ ის მაინც ამბობდა: „ეს ჩემი მოვალეობაა. ეს ყველაფერი უდრტვინველად უნდა ვაკეთო“. ის ამ სიტყვებში კეთილ აზრს ატანდა მას უყვარდა ოჯახი, უყვარდა თავისი შვილები და ამიტომ საქმე და საზრუნავი ძალას არ აცლიდა. ის ყველაფერს გულით, სიხარულით აკეთებდა.

და რაც უფრო მეტი წელი გადის, დედას მით უფრო მეტად უყვარს ოჯახი. ის უკვე ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, ადრე რომ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამუდმებით მეტი და მეტი თავგანწირვით იღებს საკუთარ თავს მსხვერპლად, რათა შვილიშვილების გაზრდაც შეძლოს. მას სულ უფრო და უფრო მცირე ძალები შერჩა, მაგრამ თავის ყველა მოვალეობას გულით ასრულებს. და მისი ძალა თვით მისი ქმრის ძალას აღემატება და იმ ძალასაც – ახალგაზრდობაში რომ ჰქონდა.

– იცით, წმიდაო მამაო, ქალები ავადმყოფობაშიც გაცილებით ცივსისხლიანები არიან, ვიდრე – მამაკაცები.

– იცი საქმე რაშია?! დედა ძალიან ხშირად მდგარა საკუთარი შვილის ავადმყოფობის პირისპირ. ამიტომ მან იცის, თუ რა არის ავადმყოფობა – ზოგადად. მას ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს. მას ახსოვს, რამდენჯერ აუწია სიცხემ მის პატარას და რამდენჯერ დაუვარდა. მას უამრავი სხვადასხვა სცენა აქვს ნანახი: მაგალითად, ბავშვი, რომელიც იხრჩობოდა, ან – გონებას კარგავდა, როგორ მოვიდა გონს – მისი ხელის შემორტყმით ლოყაზე. მამაკაცს ეს ყოველივე არ უნახავს და ამიტომ მას ასეთი გამოცდილება არ აქვს. ამიტომ, როდესაც გაიგებს, რომ ბავშვს სიცხემ აუწია, ან – ფერი დაკარგა, მამაკაცი პანიკაში ვარდება და იწყებს ყვირილს: „ბავშვი იღუპება! ახლა რაღა უნდა ვქნათ, რა გვეშველება?! აბა, სასწრაფოდ ექიმს დავურეკოთ“!

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი