მთავარიკულტურადავით კაკაბაძე და ანდრე დერენი

დავით კაკაბაძე და ანდრე დერენი

დავით კაკაბაძე დაიბადა 1889 წელს. იგი გახლდათ ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

დავით კაკაბაძეკაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი სურათები, დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა, გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებთ მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; მხატვრული ღირსებითაა შემკული ადრინდელ პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.

მის ფუნჯს ეკუთვნის ნახატი სახელწოდებით “ბრეტანი,” რომელიც ქაღალდზე აკვარელით არის შესრულებული. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილი რამდენიმე იალქნიანი გემი და მათ ქვეშ მუქი ლურჯი ფერის საღებავით აღნიშნული ლაქა, რომელიც წყლის ასოციაციას ქმნის, მნახველის აღქმაში საკმაოდ ღრმად რჩება. ერთი შეხედვით სადა კომპოზიცია ძალიან ეფექტურია.. განსაკუთრებით კი – წყლის ფერი, რომელიც ისეთი ლურჯია და ღრმა, რომ გატყვევებს და თითქოს შიგნით გითრევს. როცა ნახატს უყურებ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ეს ფრაგმენტი ზღვიდან ამოუღიათ, თუმცაღა წყალი იღვენთება და ჩაედინება ისევ თავის საწყისში. კომპოზიციურად გაწონასწორებულია, რადგან სასურათო სიბრტყის ცენტრში თითქოს ყველა მხრიდან ერთი და იგივე მანძილით არის დაშორებული. მხატვარს სურდა გადმოეცა ის წამიერი სილამაზე და ფრაგმენტი, რაც თვითონ დაინახა და აღიქვა. მისი სახელწოდებაც სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეარჩია, რათა ის ემოცია ამით უფრო გაეცოცხლებინა მნახველში.

სანთელიანდრე დერენი XIX საუკუნის მხატვარი გახლდათ, რომელიც 1880 წელს დაიბადა. იგი გახლდათ ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და კერამიკოსი.

ანდრეი დერენის ეს ნამუშევარი ზეთშია შესრულებული. მასზე გამოსახულია სანაპირო იალქნიანი ნავებითა და ადამიანებით. საკმაოდ ფერწერული ტილოა. წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ლურჯი და ლიმონისფერი ის ფერებია, რომლებიც მხატვარს საკმაოდ ინტენსიურად აქვს გამოყენებული. კაკაბაძის ნახატისგან განსხვავებით აქ სასურათო სიბრტყე შევსებულია და მთლიანად დაფარული ზეთის საღებავით, ნავებიც აქა-იქ მიმოფანტულია, ზოგი სანაპიროზეა, ზოგიც – წყალში, სიღმისკენ. ფერმწერს ეს ნამუშევარი შექმნილი აქვს ფუნჯის წყვეტილი მონასმებით, რაც იმდენად ინტენსიურია, რომ ერთ მთლიანობად აღიქმება. საინტერესოა მხატვრის დამოკიდებულება სამყაროსადმი. მისთვის ცა მწვანე და ყვითელი ფერის მონასმების ერთობლიობაა; წყალიც აქა-იქ მწვანეა, სიღრმისკენ უფრო ლურჯდება, სანაპირო კი მჭექი წითელი ფერით აქვს გამოსახული, სადაც ვხედავთ ადამიანის ფიგურულ გამოსახულებას, რომელიც ზოგადია, ხაზგასმული არაა და დაწვრილმანებული, უბრალოდ, სხვადასხვა ფერის ლაქებით ჰყავს აღნიშნული.

დავით კაკაბაძისა და ანდრე დერენის ამ ნამუშევრებზე გამოსახულია მარინისტული პეიზაჟი. სტილური მრავალფეროვნებით, შესრულების მაღალი ოსტატობისა და მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, მარინისტულ პეიზაჟს გამორჩეული ადგილი უჭირავს. მარინა – პეიზაჟური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა შთაგონებას ზღვების, ტბების, მდინარეების შესართავების ხედებიდან იღებს.

თათია დელიბაშვილი

1 COMMENT

  1. “ბრეტანი” არ არის ერთი ნახატი,ეს არის სერიის სახელწოდება,რომელშიც 46 ნახატი შედის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები