მთავარი » კულტურა

დავით კენჭიაშვილი: “ჩემთვის უფალი არის პირველი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.03.2012 | 6,235 ნახვა

დათო კენჭიაშვილიდავით კენჭიაშვილი ბავშვობიდან მღერის, “თუ ასე ტურფა იყავი” – ამ სიმღერამ ფოლკლორი შეაყვარა.

რამ გამოიწვია მისი ფოლკლორით დაინტერესება, რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა და ცხოვრობს თუ არა ქრისტიანული წესების დაცვით? “ამბიონს” თავად მომღერალი დავით კენჭიაშვილი ესაუბრა.

ფოლკლორული ჟანრის სიმღერებს მღერით. რამდენად იქონია ამაზე გავლენა ოჯახმა? თუ იყვნენ თქვენი მშობლები ტრადიციების დამცველნი?

ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე. ჩემი მშობლები და ბებო ტრადიციულები არიან. თუმცა ოჯახის წევრებს ფოლკლორთან საფუძვლიანი შეხება არ ჰქონიათ. მარტო მე გახლავართ ამ ჟანრით დაინტერესებული. ისინი მხოლოდ მოყვარულები არიან და აქვთ უნიკალური სმენა.

რამ გამოიწვია ეს?

ტრადიციული ოჯახი, საქმე ძალიან დიდ როლს თამაშობს პიროვნების ცხოვრებაში. ტრადიციაში ვფიქრობ, რომ სარწმუნოებაც შედის, მართლმადიდებლობა, რაც ჩემთვის ბედნიერებაა . ვამაყობ, რომ მართლმადიდებელი ვარ. ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და მოხდა ისე, რომ ტრადიციული სიმღერით დავინტერესდი. ყველაზე დიდი როლი ბაბუამ ითამაშა, ის, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ძალიან ნიჭიერი იყო. უსახსრობისა და მატერიალური სისუსტის გამო ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა. შესაძლებელია, ის ჩემზე ძლიერი ყოფილიყო.

შემდეგ მე მოვკიდე ხელი ამ საქმეს. 24 საათი გონაშვილის სიმღერებს ვუსმენდი, სხვა კასეტა არც მქონდა.
ბავშვობიდან ვმღერი. როგორც კი ჭკუაში ჩავვარდი იმ დღიდან მოვკიდე ხელი ფოლკლორს.
“თუ ასე ტურფა იყავი” ბატონ ანზორ ერქომაიშვილის დაწერილია და ამ სიმღერამ შემაყვარა ყველაფერი.

რამდენადაა დღეს საქართველოში განვითარებული ფოლკლორული ჟანრი?

ვფიქრობ, რომ უკვე დიდი დოზით მოედო საქართველოს, რაც ადრე არ იყო. ჩემი და სხვა შემსრულებლების ნამუშევრებითა და კომპოზიციებით ხალხმა ფოლკლორი აიტაცა, რაც ძალიან სასიხარულოა.

რა მნიშვნელობა აქვს ამ დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საქმით შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს, გახდე კეთილი, რადგან ამის ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს: იყო ერთი თავზეხელაღებული პიროვნება. როდესაც ჩემი სიმღერა მოისმინა, რადიკალურად შეიცვალა და პატიოსანი ცხოვრება დაიწყო. უსიყვარულო ადამიანს სიყვარული ეწვია, დღეს ლამაზი ოჯახი აქვს, მასთან ძალიან ვახლობლობ და სურს, მისი ნათესავი გავხდე.

თქვენ ვანო ფიფიასთან ერთად მღეროდით „ნიჭიერის“ ფინალში, თუ აგრძელებთ მასთან მუშაობას?

მასთან მუშაობას ვაგრძელებ, გვაქვს რეპეტიციები, ვამზადებ სიმღერებში, როგორც შემიძლია, ვეხმარები. ჯერ პატარაა და დასახვეწი. ძალიან ბევრი რამ სჭირდება. კარგი მონაცემები გააჩნია, მაგრამ ხომ იცით, მაჭარი სანამ დაღვინდება. ზუსტად ამ ასაკშია პატარა ვანო.

რას ურჩევდით მათ, ვინც ნიჭიერია და ახლა დგამს სცენაზე პირველ ნაბიჯებს?

ძალინ ბევრ შრომას, ნებისყოფასა და ხელის არ ჩაქნევას ვურჩევ. იმედი მაქვს, ეს ასე იქნება. მთელი გულით მინდა, ვინმე ისეთი აღმოჩნდეს, პირადად მეც რომ ვიამაყებ.

თეონა ქუმსიაშვილთან ჩაწერეთ ორი დუეტი, როგორ ჩაეყარა საფუძველი პირველ დუეტს?

თეონა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჩვენ ერთმანეთი მარჯანიშვილზე “არტოს ბაღში” გავიცანით. იქ სამუსიკო სასწავლებელია, სადაც იზრდებიან და გაზრდილა ძალიან ბევრი სახელოვანი მომღერალი.

სიმღერაზე არ მივლია, ქართულ საკრავებზე დავდიოდი. კერძოდ, ვუკრავდი სალამურზე. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ დამეკრა. თუმცა ერთ დღეს, როდესაც ჩემი მასწავლებლები იყვნენ იმ ოთახში, სადაც ვმეცადინეობდი, შემოვიდა ანსამბლ “მართვეს” რეპეტიტორი, ლოტბარი, უნიჭიერესი ადამიანი – ვალერ კუტიძე.

ხშირად მახასიათებდა ღიღინი. იმ დროს სრულიად შემთხვევით წავიმღერე ვალერიმ მოატრიალა თავი და წამომყევიო მითხრა. გავყევი და იმ დღის შემდეგ ვმღერი.

ვალერისთან ანსამბლში ბანი ვიყავი (მესამე ხმა). ერთ-ერთ სიმღერაზე რომელიღაც ბავშვს მეორე ხმა ვუთხარი, ვალერის ძალიან მოეწონა და მითხრა, შენ დუეტი უნდა გამღეროო. რა თქმა უნდა, გამიხარდა და ამას ვერც წარმოვიდგენდი, რადგან სიტყვა “დუეტიც” კი არ ვიცოდი, რა იყო. საოცრება რა იყო იცით? „დილაო ავდრიანაო“ იყო თეონას ბოლო და ჩემი პირველი სიმღერა მასთან ერთად, “ნუ გიყვარს, ქალაუ” კი ახლა ჩემს დასთან ერთად ჩავწერე.

“ინათებს” – ამ სიმღერასაც ხომ თეონასთან ერთად ასრულებთ?

“ინათებს” გელა დაიაურის (თეონა ქუმსიაშვილის მეუღლე) თხოვნით ვიმღერე. გელასთან ვმეგობრობ და მთხოვა, ეს სიმღერა ჩამეწერა. თეონას ხმა ჩანაწერია და ისე არის გაკეთებული.

“დილაო ავდრიანაო”, “ნუ გიყვარს ქალაუ”- თეონა ქუმსიაშვილთან ერთად ჩავწერე, “დღე დამიღამე” – დიანა ღურწკაიასთან.

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში რწმენას, ქრისტიანულ ცხოვრებას?

მართლმადიდებლობის გარეშე ადამიანი არ არსებობს. არ მეგულება პიროვნება, ვინც ამის გარეშე იარსებებს. თუმცა, სამწუხაროდ, არის სექტები და სხვადასხვა დაწესებულებები.

უფალი, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება და სულიერი მამა ჩემთვის პირველია და მერე – სხვა დანარჩენი.

თუ გყავთ მოძღვარი და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

რა თქმა უნდა. ჩემი სულიერი მოძღვარი არის მამა იობი. ეკლესიურად ყოველთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ხომ არის ადამიანი, რომელიც რაღაცეებს ვერ ემორჩილება, უნდა, მაგრამ არ ყოფნის ნებისყოფა. სუსტი არსება ვიყავი და მამა იობის წყალობით მეტ-ნაკლებად ძლიერი გავხდი.

პირველ რიგში, უფლისა და ჩემი სულიერი მოძღვრის დახმარებით, შემდეგ კი საკუთარი სურვილით დავდექი იმ გზაზე, რაც მართებულია.

მამა იობთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ნაბიჯს არ ვდგამ ისე, რომ არ შევეკითხო. ახლა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს და საავადმყოფოში წევს.

თუ ყოფილხარ წმიდა ადგილების მოსალოცად?

უკრაინაში ვიყავი „პეშენსკაია ლავრაში“, მიწისქვეშა ჩასასვლელია, სადაც ბერების, მეუფეების უხრწნელი გვამები ასვენია, ძალიან შთამბეჭდავია. სიტყვებით ვერც გადმოვცემ. დიდი სურვილი მაქვს, რომ წავიდე იერუსალიმში.

სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ…

დავაარსე საბავშვო სტუდია, სადაც ისწავლება ქართული სიმღერა, ქართული საკრავები, ქართული გალობა, რაც ყველაზე კარგი და მთავარია. გარდა ამისა, ვაპირებ ახალი დუეტის ჩაწერას ისევ დიანა ღურწკაიასთან და ერთ ცნობილ ადამიანთან, რომლის სახელი და გვარიც ჯერ საიდუმლოა.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გაიხარე დზალიან მიხარია ტქვენნაირი ახალგაზრდები რომ გვკავს ქართულ ფოლკლორს რა სჯობს დიდი სიამოვნეებაა ამის მოსმენა. გამრავლოტ უფალმა მიკვარხართ დზალიან გეაცვალეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი