12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოებადარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენები და გლაციალური ღვარცოფები მყინვარზე

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენები და გლაციალური ღვარცოფები მყინვარზე

2014 წლის 17 მაისს დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე მომხდარი კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფისა და მყინვარზე გლაციალური ღვარცოფების შესახებ გვესაუბრება გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი):

„საინფორმაციო საშუალებები ხშირად ავრცელებენ, რომ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური პროცესები მეწყერს წარმოადგენდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს გახლდათ გლაციალური (მყინვარული) ღვარცოფი, რომელიც მყინვარწვერის ფერდობიდან განვითარდა. მეწყერის შემთხვევაში კატასტროფა ამ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა. მყინვარწვერის ფერდობიდან, ამ შემთხვევაში, ჩრდილო–აღმოსავლეთ ექსპოზიციიდან ციცაბო ფერდობზე ჩამოვარდა ყინულის საკმაოდ დიდი მასა, რომელიც დაეცა მყინვარ დევდორაკის ენას. როგორც აღნიშნავენ, ეს იყო 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მქონე საკმად დიდი მასალა, რომელიც ჩამოვიდა მდინარე თერგის ხეობაში და მთლიანი ხეობა ჩაკეტა. შედეგად, მდინარე თერგის კალაპოტში წარმოიქმნა 20–30 მეტრის სიმაღლის ნატანი მასალა. იქ არსებული სამუშაო საქმიანობის წარმოქმნილ ხელოვნურ გვირაბში წავიდა მდინარე თერგი და შესაბამისად, იგი არ დაგუბდა. მისი დაგუბების შემთხვევაში შეიძლება გაცილებით დიდი ზარალი მიყენებოდა როგორც მშენებარე ჰესებს, ასევე – საკონტროლო გამშვებ პუნქტებსა და მიმდებარე ტერიტორიას.

დარიალი ღვარცოფი

მდინარე დევდორაკის ხეობა საქართველოში არსებულ ხეობებს შორის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და რთული სტიქიური ხასიათით გამოირჩევა. საბედნიეროდ, გაგვიმართლა რომ ეს პროცესი არ დაფიქსირდა ზაფხულის პერიოდში ან დღის საათებში, რადგან ტურისტების დიდი რაოდენობით გადაადგილების გამო აქ გაცილებით მძიმედ განვითარდებოდა პროცესები.

გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პროცესები მყინვარწვერზე ხშირად ხდება. აქ 2007 წლის აგვისტოშიც ჩამოწვა დიდი მასა, რამაც მდინარე თერგის ხეობის ჩაკეტვა გამოიწვია და ამ მონაკვეთზე მიმოსვლა დიდი ხნით შეწყდა. თუმცა, რაც ახლა განვითარდა, შეიძლება ითქვას, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ასეთი მასშტაბური გლაციალური ღვარცოფი არ მომხდარა.

არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, სადაც მსგავსი სტიქიური პროცესები ვითარდება მისი შესწავლა და ამ ადგილებში განსაკუთრებული წესებით გადადგილება ხდება. თუმცა, ვერავინ უარყოფს, სამწუხაროდ, საქართველოში სანამ ტრაგედია და სტიქიური მოვლენები არ ხდება, მანამდე ჯეროვნად ყურადღება არ ექცევა და არ ხდება ტერიტორიების შეფასება.

სტიქიურად საშიშ რეგიონებსა და მდინარეებზე ყოველთვის განსაკუთრეული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაფიქსირდეს სტიქიური მოვლენა, მაგრამ დაახლოებით 200 წლის განმავლობაში, მაინც არსებობს რისკი, ამიტომ სხვაგვარად უნდა წარიმართოს რეგიონის ათვისება და დაგეგმარება. ამასთან, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედოს, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე ამგვარი სტიქიური მოვლენები ვითარდება. შესაბამისად, ნაკლები იქნება მსხვერპლი და პანიკაც.

დარიალი ღვარცოფამდე

თამამად შეგვიძლია ვქვათ, რომ პროცესი რაც დარიალის ხეობაში განვითარდა იყო წმინდა ბუნებრივი მოვლენა, მასში ადამიანის როლი, ჩართულობა საერთოდ გამორიცხულია და ამ პროცესებმა შეიძლება გარკვეულწილად დააზიანოს სხვადასხვა ნაგებობა, რომელიც ამ ხეობაში და მდინარის გასწვრივ მდებარეობს.

გლაციალური ღვარცოფები მყინვარზე

მყინვარი დევდორაკი, ფართობი 7.55 კმ2-ია ხეობის ტიპის მყინვარია, იგი იწყება მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და გრძელდება 7 კმ-ის მანძილზე. მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2330 მ-ზე. დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808 და 1817 წწ. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდ. თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქ. ვლადიკავკაზს.

ხშირად იწვევდა წყლის შეგუბებას, კატასტროფულ წყალმოვარდნებს დარიალის ხეობაში, ზიანდებოდა საქართველოს სამხედრო გზა. დევდარაკის ბოლოსა დაბართქორთის ქედზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი ერთ-ერთი მოხერხებული გზა.
მთაში ძალზე დიდ საშიშროებას მყინვარული ზვავები წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრით გამოწვეული მყინვარული ზვავები. ამ დროს მყინვარის ფირნის ფერდობებზე დაკიდებული პატარა მყინვარები მოწყდებიან ფერდობებს, ეცემიან ფერდობების ძირზე ან აქ არსებულ მყინვარის ზედაპირზე და ეს უკანასკნელი მას მოძრაობაში მოჰყავს.

ნაზვავი ყინული და ნაშალი მასალა ერთიანი ნაკადის სახით ძალზე სწრაფად გადაადგილდება ხეობაში, რაც ხეობაში ნგრევას იწვევს, ზოგჯერ თან ახლავს მსხვერპლიც. წინმსწრები ტალღის სიჩქარე 100-150 კმ/სთ-ში შეადგენს. მყინვარწვერი ყინულის ზვავები დამახასიათებელია ყაზბეგი ჯიმარას მასივის მყინვარებისათვის: დევდორაკი (1780–1832 წწ), კოლკა (1902, 1903, 1970, 2002 წწ.). საერთოდ ყინულოვანი ზვავები სეისმოტექნოტიკურად აქტიური რეგიონებისათვის არის დამახასიათებელი.

მყინვარის მასის შემცირებაში დიდი როლი ყინულის ზვავებს ეკუთვნის. მისი წარმოქმნის მიზეზი სხვადასხვაგვარია: მყინვარების წინ წამოწევა, ფსკერზე მკვეთრი შვერილები, ყინულ–ჩანჩქერები, მიწისძვრები, მყინვარების პულსაცია და სხვა. საქართველოში ცნობილია დევდორაკის ყინულის ზვავები; XVIII-XIX საუკენეებში მყინვარი დევდორაკის ყინულის ზვავები, რომლებიც თერგის ხეობაში გამოდიოდნენ, თერგს გადაკეტავდნენ და დროებით წყალსაცავს წარმოქმნიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ წყალი გაანგრევდა ყინულის ჯებირს და ძლიერ საშიშ გლაციალურ ღვარცოფის სახით ვრცელდებოდა მდ. თერგის ხეობაში. ასეთი ყინულის ზვავები აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 1832, 1842, 1845 წლებში.

მყინვარების ენის ასეთი ინტენსიური უკან დახევის ფონზე კავკასიონზე დაფიქსირებულია ცალკეული მყინვარების კატასტროფული წინ წამოწევები. ამ დროს მყინ-ვარის ტანი სწრაფად იწყებს წინ მოძრაობას და დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე კმ-ით გადაადგილდება. ასეთი მოქმედება ლიტერატურაში მყინვარული ზვავებით არის ცნობილი. მყინვარული ზვავებით გამოირჩევა ყაზბეგი ჯიმარას მასივი, განსაკუთრებით მყინვარები: დევდორაკი და კოლკა. XVIII და XIX საუკუნეებში ძლიერი მყინვარული ზვავები აღნიშნულია მყინვარ დევდორაკზე. 1832 წელს მყინვარულმა ზვავმა გადაკეტა მდ. თერგი 100 მეტრის სიმაღლის ჯებირით და მდინარე შეაგუბა 8 საათის განმავლობაში. წარმოიშვა დიდი ტბა და ყინულის ჯებირის განგრევის შემდეგ წარმოიქმნა მძლავრი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც ქალაქი ვლადიკავკაზიც კი დააზიანა.

2002 წლის 21 სექტემბერს მდ. გენალდონის ხეობაში (მდ. თერგის აუზი), ძალზე სწრაფად დაიწყო გადაადგილება მყინვარმა კოლკამ, რამაც დიდი უბედურება გამოიწვია, დაფარა კურორტი კარმადონი, 280 კაცი დაიღუპა. დაანგრია სანატორიუმები, დიდი ზიანი მიაყენა მეცხოველეობას. მყინვარული ზვავის (ყინულიანი ზვავი) სიჩქარე 100-150 კმ. საათში იყო. მდინარე თერგიზვავის წინ მოძრაობდა გრიგალის მსგავსი ჰაერის ტალღა, რომელმაც ზვავზე არა ნაკლები ზიანი მიაყენა ხეობის მოსახლეობას. მყინვარ კოლკას სწრაფი მოძრაობა გამოიწვია მისი აუზის თხემებზე განლაგებული კარული და დაკიდებული ტიპის მყინვარების ჩამოზვავებამ. აღსანიშნავია, რომ მყინვარული ზვავები თავის წარმოშობისა და მოძრაობის მექანიზმით ისეთივეა, როგორც თოლის ზვავები ან მიწისძვრით გამოწვეული კლდე ზვავები.

მყინვარი კოლკა მდებარეობს ხორხის ქედის ჩრდილო ფერდობზე, მყინვარ მაილის დასავლეთით. იგი ხეობაში ღრმად არის ჩამჯდარი და იკვებება თოვლის და ყინულის ზვავებით. კოლკა პულსირებულ მყინ¬ვარადაა ცნობილი. მსგავსი მოვლენები მოხდა 1902 წ. და 1969 წ., მაგრამ მათ შორის მოძრაობის ხასიათშია განსხვავება. 1902 წლის 3 ივლისს საღამოს 6 საათზე კოლკიდან წარმოუდგენელი ხმაურით წამოვიდა გრიგალი, რომელიც წინ უძღოდა ზვავს. ქარი ძალიან ძლიერი იყო და ყველაფერს ხვეტავდა ადგილიდან, იგი 2-8 წუთი გრძელდებოდა, ჩამოწვა 53,2 მილიონი მ3 ყინულის მასა. ყინულის ზვავმა გაანადგურა დასახლებული პუნქტი ტემნიკაუ. აქ ზაფხულში კარმადონის მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ ხალხი ამოდიოდა. მყინვარული ზვავის შედეგად 32 კაცი დაიღუპა, 79 ცხენი, 150 მსხვილფეხა საქონელი და 1500 ცხვარი გაანადგურა. სახლებისაგან კვალიც კი არ დარჩა იუწყებოდა გაზეთი ,,კავკაზი”. მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა, თავის მოსაზრება მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით.

1969 წლის 28 სექტემბერს მყინვარმა კოლკამ აქტიური მოძრაობა დაიწყო. 4 ოქტომბრიდან 20-23 ოქტომბრამდე ძალზე ჩქარა მოძრაობდა (200 მ/დღე–ღამეში). შემდეგ კი მის მოძრაობას პულსაციური ხასიათი ჰქონდა. ასეთი გადაადგილება შეუმჩნეველი არ დარჩათ და დაიწყო მასზე დაკვირვება, ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა. კოლკას გადაადგილება 1970 წლის 10 იანვარს დამთავრდა. მყინვარმა პულსაციის შედეგად წინ წამოიწია 4 კმ-ით. 1969 წლის სექტემბრის ბოლოს მისი ენა 2760 მ. სიმაღლეზე მთავრდებოდა, ხოლო 1970 წლის 10 იანვარს 1975 მ. სიმაღლეზე, ე. ი. დაბლა ჩამოვიდა 785 მეტრით.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები